მაჟორიტარული ცირკი

მაჟორიტარული ცირკი

Sine ira et studio (რისხვისა და მიკერძოების გარეშე)

 

    საარჩევნო კამპანია ჯერ სრულად არ გაჩაღებულა, თუმცა ძირითადი ტენდენციები უკვე შესაჩნევია. პირველ რიგში, ნათელი გახდა, როგორი დამოკიდებულება აქვს სინამდვილეში (!) ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკურ პარტნიორებთან კოალიციიდან «ქართული ოცნება»: ქუთაისში, ოზურგეთში და მცხეთაში მილიარდერმა უკვე 13 მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა და მათგან მხოლოდ ერთი, – გუბაზ სანიკიძეა კოალიციაში შემავალი «ეროვნული ფორუმის» წარმომადგენელი. თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, «რესპუბლიკელებს», «თავისუფალ დემოკრატებს» და იმავე «ეროვნულ ფორუმს» ნამდვილად ერჩივნათ ერთმანეთთან გაეჩაღებინათ ვაჭრობა–დისკუსია (პოლიტიკაში ხშირად ერთი და იგივეა) მაჟორიტარულ კანდიდატებზე.
    მაგრამ ბიძინამ სხვაგვარად გადაწყვიტა. მან არა თუ პოლიტიკური პარტნიორები შეაჩვია აზრს, რომ მაჟორიტარები «მისია და მხოლოდ მისი», არამედ მომავალ საპრეზიდენტო რბოლაში მთავარ ოპოზიციურ კონკურენტს – ნინო ბურჯანაძესაც, თუ ჟარგონით ვიტყვით «დააწერა» მაჟორიტარები: მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი. ახლა ქალბატონი ნინო ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ძალიან კმაყოფილია და მილიარდერის გადაწყვეტილებას «თანამშრომლობის მაგალითად» ასაღებს.
    არადა, ივანიშვილმა, სინამდვილეში, «სახალხო კრებასთან», ანუ იქ შეკრებილ «ცნობად სახეებთან» დადო გარიგება და არა პარლამენტის ექს–სპიკერთან. ნინო ამას ხვდება, მაგრამ რაკი ბიძინას მაჟორიტარული სიით და მისი მხარდაჭერით (მათ შორის ფინანსური მხარადჭერით) პარლამენტში «გასვლა» მხიარულად დარჩენილ კრებაში პოპულარულია, ბურჯანაძე ამჯობინებს, წაგებული თამაში მოგებულად გაასაღოს და გაბრაზებაც არ შეიმჩნიოს.
    დღეს მისთვის «ჩათრევას» მართლაც «ჩაყოლა» სჯობს.
    . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბევრად უფრო საინტერესო თემაა, რას წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული მაჟორიტარული კანდიდატები. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია მჟღავნდება, რომელსაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიაც უბავს მხარს და ორივე ეს მხარე ქვეყნის დემოკრфტიული ინსტიტუტების განვითარების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: ივანიშვილი არა მხოლოდ ერთგულებისა და ნაცნობობა–ძმაკაცობის ნიშნით არჩევს მაჟორიტარ კანდიდატებს. მის მიერ დასახელებულთაგან არც ერთს არა აქვს პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება. ისინი არ არინ პოლიტიკოსები და არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ადრე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან. თუნდაც მცირე, – ლოკალურ, ადგილობრივ და სახელმწიფოებრივად არც თუ მნიშვნელოვან დონეზე.
    ზემოთ მოგახსენეთ, რომ «რესპუბლიკელები», «თავისუფალი დემოკარტები» და «ეროვნული ფორუმი» აშკარად ნაწყენნი არიან, რომ მაჟორიტარულ სიებში არც კი ახედებენ. არადა, მათ მიერ დასახელებული კანიდატები სწორედაც იმ «კრეატურიდან» იქნებოდნენ, რომელსაც, დიდი პირობითობით, მაგრამ მაინც შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკური მუშაკები, ან პოლიტიკასთან კავშირში მყოფი მოღვაწეები: ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, აქტივისტები ან, თუნდაც, თვით ლიდერები (როგორც გუბაზ სანიკიძის შემთხვევაში) და ა.შ.
    რეალურად კი, მთავარი ოპოზიციური ძალის «მაჟორიტარული კორპუსი» ივსება ბიძინას ძმაკაცებით, ცნობილი სპორტსმენებით, მომღერლებით და მსახიობებით. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ეს თემა მილიარდერისთვის იმდენად პრინციპული იყო, რომ მან ულტიმატუმიც კი წაუყენა თავის პარტნიორებს: თუ პირადად იყრით კენჭს მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ ვეღარ იქნებით სიაში და პირიქით: ვინც იქნება სიაში, ვერ იყრის კენჭს მაჟორიტარად.
    ასეთ რისკზე წასასვლელად კი არც ერთი ლიდერი მზად არ აღმოჩნდა. ჩვენი «პოლიტოკრატიისთვის» ბევრად უფრო კომფორტულია სქემა, რომელიც ათეულობით წელია მოქმედებდს ამ ქვეყანაში: პოლიტიკური ლიდერები ერთდროულად სიაშიც იყვნენ და მაჟორიტარადაც იყრიდნენ კენჭს. იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარულ ოლქს წააგებდნენ, დეპუტატობა გარანტირებული ჰქონდათ, ხოლო თუ მოიგებდნენ, სია «ჩაჩოჩდებოდა» ერთი ადგილით ქვემოთ და მომდევნო ნომრად რიცხული პარტიელი ხდებოდა დეპუტატი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არანაკლებ უყვარს მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები და სპორტსმენები მმართველ პარტიას. ამ მხრივ ისინი «მეოცნებეებს» არ ჩამორჩებიან. ასანიძე და როინიშვილი სწორედ ამ ტექნოლოგიით მოხვდნენ პარლამენტში. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუნასია: მაჟორიტარული კორპუსის «განელებას» ნაციონალური მოძრაობა ტრადიციულად ადგილობრივი ხელმძღვანელებით, მათ შორის გამგებლებით თუ გუბერნატორებითაც ცდილობს ხოლმე. ანუ, იმ ადამიანებით, ვისაც სახელმწიფო ცენზი და ქარიზმა აქვთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, მათი რეიტინგების წინასწარ დატესტვით და რესურსების გათვალისწინებით. ხოლო იქ, სადაც ეს არ გამოსდის, ანუ შესაბამისი «ნომენკლატურული კანდიდატი» არ ჰყავს, იწყებს «ცნობადი სახის» ძიებას. მაგრამ თუ გავითვალსიწინებთ, რომ ამ «სახეების» დიდი უმრავლესობა როსტომის სასახლეს თაფლზე – ფუტკარივით ეხვევა, სულ უფრო უჭირს კანდიდატურების მიგნება
    განსხვავებით ივანიშვილისგან, «ნაციონალურ მოძრაობას» ჯერ მაჟორიტართა კორპუსი ასპარეზზე არ გამოუყვანია. ცნობილია მხოლოდ, რომ ვაკეში (პირადად მიხელ სააკაშვილისათვის ძალიან სენსიტიურ რაიონში) მმართველი პარტიის სიით კენჭს გიორგი კარბელაშვილი იყრის, რომელმაც ქუთაისში ახალი აეროპორტი ააშენა და ქართველი მეზღვაურები სომალელ მეკობრეთა ტყვეობიდან დაიხსნა.
    არ არის გამორიცხული, სააკაშვილ–მერაბიშვილის მომავალი «მაჟორიტარული სია» უკვე ლოილობა დამტკიცებული ცნობადის სახეებისა და რეგიონული ხელმძღვანელების «მიქსი» იყოს, რომელსაც, შიგ და შიგ, კიდევ ბიზენსმენებიც გაერევიან.
    მთელი ეს შეჯიბრი და სპორტსმენ–თეატრალ–კომპოზიტორ–მომღერლების «დოღი» კი არც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და არც, ზოგადად, ქართულ დემოკრატიას სიკეთეს არ უქადის. პოლიტიკა უნდა აკეთონ პროფესიონალებმა! შემდგარ დემოკრატიათა პარლამენტებს თუ გადავხედავთ (ამერიკის კონგრესს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას, საფრანგეთის ეროვნულ ასსამბლეას, გერმანიის ბუნდესტაგს და ა.შ) ასეთ პერსონაჟბს საერთოდ ვერ იპოვით. «წესის დამამტკიცებელი» გამონაკლისია იტალიის პარლამენტში პორნო–ვარსკვლავ ჩიჩოლინას არჩევა.
    ამერიკელ «რესპუბლიკელებს» ან ფრანგ «გოლისტებს» სასაცილოდ არ ეყოფათ წინადადება დეპუტატობის კანდიდატად ტომ კრუზის, სტივენ სპილებრგის, ჟერარ დეპარდიეს, ენტონი ჰოპკინსის ან ოლივერ კანის დასახელების თაობაზე. მათ თავადაც ძალიან გაუკვირდებათ და უეჭველად ხელს აიქნევენ: «ამ სისულელეებისთვის სად გვცალიაო». მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ თუ «ნასაბჭოარ ქვეყნებშია» მიღებული ამგვარი რამ. ისიც არა ყველგან: ბალტიის რესოუბლიკები, მაგალითად, ამ მხრივ უკვე ნამდვილად ევროპაა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ზემოთაღწერილი ტენდენცია პოლიტიკის დეპოლიტიზაციის მცდელობაა. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს სიტყვათშეთანხმება, სწორედ «პოლიტიკის დეპოლიტიზაციას» ცდილობენ ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კანდიდატებს არა ღირებულებების, შესაბამისად პოლიტიკური მრწამსის, არამედ სიტუატიური ლოიალობის მიხედვით არჩევენ.
    ერთის მხრივ ეს ძალიან კომფორტულია, რაკი ნებისმიერ გადაწყვეტილებას «ხელს აუწევენ» პარლამენტშიც და სხვაგანაც, მაგრამ დიდი საფრთხის შემცველიცაა: საკმარისია «ძლიერს» ერთი ფეხი გადაუბრუნდეს და ისევე უგანებენ, როგორც ერთ დროს ძლევამოსილმა «ელიტარულმა ინტელიგენციამ» უგანა გადამწყვეტ მომენტში მის მამა–მარჩენალ შევარდანძეს.
    ჯერ ჯერობით კი, ამ მხრივ, ქართული პოლიტიკა მართლა ცირკს ემსგავსება, ამ ცნების ლათინური გაგებით; ძველ რომში «ცირკი» არა მხოლოდ გლადიატორთა ბრძოლის ადგილი იყო, არამედ წარმოდგენების («სახიობის») და სპორტული შეჯიბრების ასპარეზიც. საკითხავი ისაა, ქვეყანას რამდენად აძლევს ხელს პოლიტიკური პროცესის ერთდროულად ცირკად, თეატრად და სტადიონად ქცევა, რაშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრებიან?!

2012