მისტრალი რუსულ-ფრანგული თამაშისა

მისტრალი რუსულ-ფრანგული თამაშისა

        რამდენიმე დღის წინ რუსულმა სააგენტოებმა დიდი ზარ-ზეიმით გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთმა და საფრანგეთმა, როგორც იქნა, გააფორმეს ხელშეკრულება «მისტრალის» ტიპის ოთხი ავიამზიდის შეძენისა და ერთობლივი მშენებლობის შესახებ. თუმცა, როგორც რუსმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით წინასწარი ხელშეკრულებაა მხოლოდ ვიზირებული, ხოლო საბოლოო, ძირითად კონტრაქტს რამდენიმე თვის შემდეგ მოეწერება ხელი.
        ჰოდა, ჯერ ეს ვიკითხოთ: რას ნიშნავს ვიცე-პრემიერ სეჩინის მიერ ნახსენები «ძირითადი კონტრაქტი»? ნიშნავს სწორედ იმ კონტრაქტს, რომლის ძალითაც ვერტმფრენმზიდები რუსეთს გადაეცემა ან საფრანგეთსა და რუსეთში მათი მშენებლობა დაიწყება. აბა ახლა რას მოეწერა ხელი? მხოლოდ და მხოლოდ მორიგ «განზრახულობათა ოქმს», რომელსაც არავითარი ძალა არა აქვს. მასში არც რაოდენობაა მითითებული, არც თანხა, არც ვადები და, რაც მთავარია, არც საკონტრაქტო საგნის მონაცემები. ესე იგი, რუსეთი ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობით იღებს მისტრალს თუ მხოლოდ გემს, - იარაღისა და უახლესი სისტემების გარეშე?
        არადა, ამ სისტემების გარეშე «მისტრალის» ყიდვას არანაირი აზრი არა აქვს – გემს თვით რუსეთიც დაამზადებდა. ამდენი ჯერ კიდევ შეუძლია.
        ფრანგული «მისტრალი» (სინამდვილეში ეს სამხედრო გემის კლასია და არა კონკრეტული ხომალდის სახეწლოდება) - ეს არის უნივერსალური სადესანტო გემი, შესანიშნავი სამხედრო მახასიათებლებით: ცურვის სიშორე – 32 ათასი კილომეტრი; სისწრაფე – 35 კილომეტრი საათში; 900 კაციანი დესანტის გადაყვანის შეასძლებლობა; უახლესი სანავიგაციო აპარატურა; 16 ვერტმფრენი, რომელთაგან ექვსს შეუძლიათ ერთდროულად აფრინდნენ გემბანიდან; 6 სადესანტო კატარღა. მათ შორის ორი – საჰაერო ბალიშზე ესე იგი ძალზე სწრაფმავალი; და, ბოლოს, 40 ტანკი.
        რუსეთმა ამ სამხედრო აპარატის შეძენაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ძალიან კარგად იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს საქართველოში ან აღმოსავლეთ ევროპაში და სწორედ ის უნდოდა, რომ ნატოში განხეთქილება შეეტანა. მართლაც, «მისტრალის» საკითხი ამერიკასა და საფრანგეთს შორის ლამის ყველაზე სერიოზული უთანხმოების საბაბად იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკის ადმინსიტრაციამ, სენატორებმა და გავლენიანმა ჟურნალისტებმა ნიკოლა სარკოზი ამისთვის მკაცრად გააკრიტიკეს. თუმცა «სარკოს» ძირითადად, ის რამდენიმე მილიარდი ევრო ელანდებოდა, რასაც საფრანგეთი რუსეთისგან მიიღებდა ამ კონტრაქტით.
        დრო გადიოდა, რუსები კონტრაქტის გაფორმებას წელავდნენ და ღია ტენდერებსაც კი აცხადებდნენ სადესანტო გემების მშენებლობაზე, რაც პარიზში აშკარა გაღიზიანებას იწვედა. Bბოლოს ფრანგები მართლა დაეჭვდნენ: ეს რუსები ხომ არ გვატყუებენ და უფრო ლაპარაკი ხომ არ სჭირდებათ მისტრალის ყიდვაზე, ვიდრე მართლა ყიდვაო.
        კაცმა რომ თქვას, რა თავში იხლიან რუსები ამ ავიამზიდს? საქართველოს წინააღმდეგ? მთელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ავიამზიდად არა აქვთ ქცეული? ანუ, მართლაც, უფრო ლაპარაკი სჭირდებოდათ, - დაძაბულობის შექმნა, მოკავშირეებს შორსი განხეთქილების შეტანა და არა რეალურად ყიდვა. მით უმეტეს, რომ ფრანგები ტექნოლოგიის მიყიდვაზე უარს ამბობდნენ და ეს საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი ბოლომდე.
        სეჩინმაც იმიტომ მოაწერა ხელი დოკუმენტს (ვადების, ფასის და ტექნოლოგიების გარეშე), რომ მეტი გაჭიმვა უკვე აღარ გამოდიოდა – ფრანგები სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდნენ: რას გვაპამპულავებთო.
        ერთი ასეთი «სათამაშოს» ღირებულება 700 მილიონი ევროა. თუმცა ფრანგები პირობას უყენებენ: თუ ოთხს იყიდით, დავაკლებთ და თითოს 600 მილიონად მოგყიდითო.
        რუსები კი ორი მათგანის რუსეთში აგებას ითხოვენ: იქ უფრო იოლი იქნება ტექნოლოგიების მოპარვა და ფრანგი ინჟინრების «დავერბოვკება». ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო კონტრაქტი რომც გაფორმდეს, რუსეთი ამ გემს მხოლოდ 2014-2015 წლებში მიიღებს.

2011