მიხეილ სააკაშვილის ფენომენი: „კონსოლიდირებული დემოკრატიის პროექტი“

მიხეილ სააკაშვილის ფენომენი: „კონსოლიდირებული დემოკრატიის პროექტი“

სამწუხაროდ, პროცესები კონფლიქტის ზონაში გასულ კვირას ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა.
            გააფთრებული ბრძოლების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც საკუთარი სისხლით ნაწილობრივ მაინც ჩამობანეს საქართველოს 8 ივლისის (ცხინვალში დაჩოქების) შეურაცხყოფა.
            მას შემდეგ, რაც ქართული მხარე იძულებული გახდა (უპირველესად ვაშინგტონის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად) სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები გამოეყვანა, ვითარება «დაბალი ინტენსივობის» ომსა და «გაყინულ კონფლიქტს» შორის მერყეობს.
            ქართული ქვედანაყოფები, რომლებიც მრავალი დღის განმავლობაში გმირულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმებს (მათ შორის ღამის ხედვის უნიკალური აპარატურით შეიარაღებულ ელიტურ ქვედანაყოფებს), ამჟამად, ტაქტიკური მოსაზრებით, აღარ აკონტროლებენ შემოვლით გზას ქართული სოფლებიდან - საქართველოს შიდა რეგიონებისაკენ.
            არსებობს მოვლენათა შემდგომი ალგორითმის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი. ყველაზე უარესი პროგნოზის შესაბამისად (თუმცა, მისი ალბათობა ასპროცენტიანი არ არის და ამისგან ღმერთმაც დაგვიფაროს-ავტ.), როდესაც «სამხრეთ ოსეთს» ყველა ქართული ქვედანაყოფი დატოვებს ქართული «სამშვიდობო ბატალიონის» გარდა, - ოსურ-რუსული მხარე მოითხოვს «უკანონო პოსტების გაუქმებას» კონფლიქტის ზონაში. მათ შორის იმ პოსტებისა, რომელთა გახსნა გამანადგურებელი კონტრაბანდის შეწყვეტის აუცილებლობამ განაპირობა. თანაც, დაგომისის კაბალური შეთანხმებით, კონფლიქტის ზონა არა თუ ცხინვალის რაიონს, არამედ გორისა და ქარელის რაიონთა დიდ ნაწილს მოიცავს.
            რაკი ქართული მხარე ამას არ დაეთანხმება, მოსკოვი და ცხინვალი ბრალს დაგვდებენ ხელშეკრულების დარღვევაში და ჩაკეტავენ ქართული სოფლებისაკენ მიმავალ გზას ცხინვალის გავლით. «შემოვლითი გზით» კი ქართული მხარე ვეღარ ისარგებლებს. ამავდროულად, ოსებს ჯავიდან-ცხინვალამდე საკუთარი ალტერნატიული გზა აქვთ, რომელიც ქართულ სოფლებზე არ გადის.
            ამრიგად, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს საზარელი ალტერნატივის წინაშე: შეურიგდეს ორივე ხეობის (ესე იგი, მთლიანად, სამაჩაბლოს) დაცლას ქართული მოსახლეობისაგან (თუ ოსები ბავშვებს უკან აღარ შეუშვებენ, ბუნებრივია, მშობლებიც გამოვლენ «ნებაყოფლობით» - ყოველგვარი აშკარა «ეთნიკური წმენდის» გარეშე) ან შეასრულოს მოსკოვის უმთავრესი მოთხოვნა, მისი «პროგრამა მაქსიმუმი», რაც რუსეთთან ეკონომიკური საზღვრის ძველებურ უკონტროლობაში მდგომარეობს.
            ეს აბსოლუტურად ლოგიკურია: მოსკოვში ხომ შესაბამისად უწყიან, რომ საქართველოს ბიუჯეტის ამჟამინდელი ზრდა დიდწილად სწორედ «კონტრაბანდული ჩანჩქერის» შეწყვეტამ განაპირობა. ამრიგად, «გაყინული კონფლიქტის» ვითარებაში დაბრუნება გულისხმობს იდილიურ მშვიდობას, როდესაც კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა (საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში) «საცრით წყლის ზიდვას» დაემსგავსება.
            შესაბამისად, გვიან შემოდგომისათვის კვლავ გამწვავდება საგადასახადო შემოსავლების პრობლემა, აქედან გამომდინარე პოლიტიკური შედეგებით.
            სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი: არ დაუშვას საქართველოს ფეხზე წამოდგომა, მისი მოძლიერება, რათა ქვეყანამ დამოუკიდებელი განავითარების შანსი არ მოიპოვოს - მუდმივად დარჩეს მაჩანჩალა, ღარიბ-ღატაკ, დანაწევრებულ, შიდა წინააღმდეგობით აღსავსე, არაკონსოლიდირებულ, არშემდგარ სახელმწიფოდ.
            მაგრამ ზემოთქმული ყველაზე უარესი, ჰიპოთეტური სცენარია (ალბათ, სჯობს, არარეალურობამდე საშინელი პროგნოზებიც წინასწარ განვიხილოთ) და მისი განვითარების შემთხვევაშიც, საქართველოს, რა თქმა უნდა, ექნება წინააღმდეგობის საშუალება.
            ოპტიმისტური სცენარის შესაბამისად კი, ცხინვალი და მოსკოვი დროებით შეურიგდებიან იმას, რომ საქართველოს ეკონომიკური საზღვარი კონტრაბანდისტებისათვის «გამჭოლი ეზო» აღარ იქნება. ამრიგად, სხვა ტაქტიკას აირჩევენ, რაც ყველა შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისაგან ძალთა და რესურსთა უმაღლეს კონცენტრაციას, სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის უმტკიცეს ხარისხს მოითხოვს.
            ბუნებრივია, «სამხრეთ ოსეთი» მხოლოდ ბრძოლის ერთ-ერთი კერაა. რუსეთი საქართველოს არ მოეშვება, სანამ არ მიიღებს გარანტიას (თუკი შეძლებს), რომ საქართველო დაბრუნდება «წინა კალაპოტში», ანუ აღდგება სტატუს კვო, როდესაც ქვეყანას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა და ამდენად, რუსეთის არავითარ შეშფოთებას არ იწვევდა, რომ ოდესმე, მის მეზობლად შეიძლება ჩამოყალიბდეს სტაბილური, ერთიანი, კონსოლიდირებული, მდიდარი, ევროპული სახელმწიფო.
            მოსკოვში მიაჩნიათ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ ასეთი სახელმწიფო, ობიექტურად, თვით თავისი არსებობითა და ცხოველმოქმედებით, განურჩევლად ხელისუფლების პოლიტიკისა - რუსეთს პრობლემებს შეუქმნის ჩრდილოეთ კავკასიაში.
            აქედან გამომდინარე, უახლოეს წლებში მართლაც უმოწყალო ბრძოლა გველის. თუ, რასაკვირველია, რევოლუციამდელი სტატუს კვოს აღდგენას არ ვეთანხმებით.
            რევოლუცია კი სწორედ იმისთვის მოხდა, რათა, საბოლოო ანგარიშით, ქვეყანას სტრატეგიული პრობლემები გადაეწყვიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეულობით ათასი ადამიანი იმისთვის გამოსულა ქუჩაში, რათა რამდენიმე ჩინოსანი ციხეში ჩაესვა.
            - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
            შინაარსობრივად სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა ჩემი სტატია «ვირტუალური ომი», რომელსაც (როგორც მოსალოდნელი იყო და თავად ვიწინასწარმეტყველე) საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
            «24 საათის» პრეს-ომბუდსმენმა, ბატონმა ნოდარ ლადარიამ ისიც კი მისაყვედურა, თითქოს მე ხელისუფლებას რაღაცას (ლამის ფაშისტური დიქტატურის დამყარებას) «ვურჩევ».
            პატივცემული პრეს-ომბუდსმენის საგულისხმოდ უნდა შევნიშნო, რომ მე არავის არაფერს «ვურჩევ» და არც არაფრისკენ მოვუწოდებ. არამედ მხოლოდ ფაქტებს ვაანალიზებ და ამ ანალიზის საფუძველზე გამომაქვს დასკვნა «ძირითადი ტენდენციის» შესახებ, რაც ქვეყანაში ვითარდება. სწორედ ასე ეწოდება რუბრიკას, რომელიც გაზეთში მიმყავს.
            ჩემი დასკვნა კი შემდეგია: საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის სტრატეგიული პრობლემების გადასაწყვეტად (უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად), ახორციელებს (პირობითად ასე დავარქვათ) «კონსოლიდირებული დემოკრატიის» პროექტს.

            ამ პროექტის კონტურები ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოიკვეთა. ამჟამად იგი უკვე ხორციელდება. რაზეც, ჩემი აზრით, შემდეგი უტყუარი ფაქტები მეტყველებს:
            1) საკონსტიტუციო ცვლილებებით, რის შედეგადაც შესამჩნევად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტმა მიიღო (პირველად 1992 წლიდან) პარლამენტის დათხოვნის უფლება, რაც, საქართველოს პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს მეტ «კონსტრუქციულობას» განაპირობებს. მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილი დაჯგუფებების ლოიალურობის თვალსაზრისითაც. ამიერიდან, მათ გაცილებით ნაკლები საშუალება აქვთ საკუთარი კორპორაციული, კლანური ინტერესების ლობირებისა, განსაკუთრებით საბიუჯეტო პროცესში, რაც ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკის «გულანია» და რასაც ყოველთვის ახერხებდნენ შევარდნაძის «პლურალისტული რეჟიმის» პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ კამარილიის გარეკვის საშუალება კონსტიტუციით არ ჰქონდა.
            2) პრეზიდენტის განცხადება (მაშასადამე მისი პოზიცია) იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ დაუშვებს «ადგილებზე» ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას «დეცენტრალიზაციის» ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ «ლოკალური დემოკრატია» უდავოდ და უეჭველად ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების (უფრო ზუსტად, ამ კონტექსტში, მისი აღდგენის) ინტერესებს მოემსახურება.
            3) ცენტრალური ხელისუფლების კონცენტრაცია აჭარაში; სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ (თავიდანვე) ხელოვნური ავტონომიის ქცევა დეკორაციად (ოღონდ, საერთაშორისო გართულებათა თავიდან აცილების მიზნით, მის სრულ გაუქმებაზე უარის თქმით) და ის გარემოება, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება «ქრონიკულად ოპოზიციურ» ჯგუფებს, აჭარის პარლამენტი ექციათ შევარდნაძისეული პარლამენტის მაგვარ «სადისკუსიო კლუბად». რითაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ისარგებლებდა განკერძოებისა და პარტიკულარიზმისადმი მიდრეკილი რეგიონული («ასლანისტური») ელიტა.
            4) პრეზიდენტის ძალზე ნიშანდობლივი და სიმპტომატური განცხადდება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომელთაც «არასდროს არაფერი კონსტრუქციული არ შეუქმნიათ, რევოლუციის დროს მხოლოდ შევარდნაძის სიძულვილი ამოძრავებდათ, მაგრამ როგორც კი კონსტრუქციული მუშაობა გახდა საჭირო, დაუბრუნდნენ ჩვეულ მდგომარეობას ანუ დესტრუქციულ ქრონიკულ ოპოზიციონერობას».
            თანაც უეჭველია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მხოლოდ პოლიტიკურ დაჯგუფებებს არ გულისხმობდა. არამედ ითვალისწინებდა იმ სოციალურად აქტიურ ჯგუფებსაც, რომელთაც მხოლოდ ანარქიული ქვენაგრძნობა ამოძრავებთ და საქართველოში (!) გარეწარი კომუნისტი-პარტიზანი ჩე გევარას სურათებიანი მაისურებით დარბიან, რაც პირადად მე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფად მიმაჩნია, ვინაიდან ყველა-ყველა და ის მთავარი, რაც მუდამ გვაერთიანებდა, სწორედ ანტიკომუნიზმი იყო. ეს კი «საკონცენტრაციო ბანაკის რომანტიკოს» გევარას თაყვანისცემასთან ნამდვილად შეუთავსებელია.
            5) აშკარა ცვლილებები (უკეთესობისაკენ), რაც დაეტყო ქართულ პრესას (უპირველესად ელექტრონულ მედიას): სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და თვითცენზურის თვისებათა რუდუნებით აღზრდა, რაშიც აშკარად იგრძნობა ხელისუფლების არც თუ გულგრილი მონაწილეობა.
            6) სამართალდამცავ სტრუქტურათა გაძლიერება როგორც ინსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო თვალსაზრისით. სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზრუნველმყოფ მექანიზმთა განმტკიცება, რაც საქართველოს პირობებში უფრო ანტიკორუფციულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე «სასამართლოს დამოუკიდებლობის» პრინციპთა დარღვევად.
            7) ოლიგარქიის დათრგუნვა. ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ უმთავრესი განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის ტაქტიკას შორის, რაც ამ ორი ფენომენის კარდინალურ შეუთავსებლობაზე მეტყველებს და ყოველგვარ საუბარს მათ «მსგავსებაზე» აბსურდად აქცევს: ერთი ამერიკელი მოღვაწე (თუ არ ვცდები, სტივენ სესტანოვიჩი) წერდა, რომ პუტინიც და სააკაშვილიც ებრძვიან ოლიგარქიას და არ აძლევენ მათ «ოლიგოპოლიების» შექმნის საშუალებას, მაგრამ თუ პუტინი თვით ოლიგარქებს ებრძვის ნაცვლად მათ მიერ მოსყიდული ბიუროკრატიისა, სააკაშვილი პირიქით, - კორუმპირებულ ბიუროკრატიას ანადგურებს და ამ გზით ასუსტებს ოლიგარქიის გავლენას.
            8) საკადრო პოლიტიკა: კადრების შერჩევა «გუნდური» პრინციპით - ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადაჭრის კონკრეტული პროექტის არსებობის უპირველესი ნიშანი.
            შევარდნაძის «პლურალისტური რეჟიმის» პირობებში მთავრობა ყოველთვის ეკლექტური იყო, რადგან იმ დროს ხელისუფალს არანაირი პროექტი არ გააჩნდა სტატუს-კვოსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გარდა. აი, ამ «ფსევდოპროექტის» ფარგლებში კი, სავსებით ბუნებრივი იყო ერთ სამთავრობო მაგიდასთან ზურაბ ნოღაიდელისა და ბაკურ გულუას ხილვა. თანაც, ორივე მათგანი კონკრეტული (თავ-თავიანთი) სოციალური ჯგუფების ინტერესებს და მისწრაფებებს გამოხატავდნენ.
            შეგვიძლია «მეორედ მოსვლამდე» ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს პლურალიზმი. ან «ჭეშმარიტი პლურალიზმია» თუ «ყალბი პლურალიზმი» - ამით არსი არ იცვლება. ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ამ დისკურსში «პლურალიზმზე» საუბარი უადგილოა, - მან უბრალოდ არ იცის, რა არის პლურალიზმი.
            ამ რიგის გაგრძელება კვლავაც შეიძლება. თუმცა, საკმარისად მივიჩნიე იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადასაწყვეტად (უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რის გარეშეც ნებისმიერ სხვა სტრატეგიულ პრობლემაზე საუბარი უაზრობაა) - პრეზიდენტი ახორციელებს კონკრეტულ პროექტს, რომელსაც პირობითად შეიძლება «კონსოლიდირებული დემოკრატია» ვუწოდოთ. თანაც, იგი არა თვითმიზანი, არამედ სტრატეგიულ პრობლემათა გადაწყვეტის პირობა და მეთოდია.
            ასეთი გახლავთ, ჩემი აზრით, «ძირითადი ტენდენცია». პატივცემული პრეს-ომბუდსმენი, ბატონი ნოდარ ლადარია კი ძალიან უცნაურად ირჯება: ნაცვლად იმისა, თვით პროექტზე იმსჯელოს (ან მისი არსებობა უარყოს, ოღონდ ასევე, ფაქტებზე დაყრდნობით) - მე მაკრიტიკებს. თითქოს ან პროექტის ავტორი ვიყო, ან მისი განმახორციელებელი.
            როგორც ჩანს, იოლად გასაკრიტიკებელი მოვეჩვენე.
            აქვე დავძენ: თავად ვეთანხმები თუ არა ამ პროექტს - ჩემი პირადი საქმეა და მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია.

 ამრიგად, დავიწყოთ «მედია ომით» და თვალი მივადევნოთ ბატონ ნოდარ ლადარიას მსჯელობას. იგი წერს: «თუ სტატიის ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ავტორი თავიდანვე უპირობოდ ეთანხმება იმას, რომ მედია მხოლოდ პროპაგანდისტული ბრძოლის იარაღია».
        არაფერი მსგავსი მე არ მითქვამს. ვთქვი და კვლავ ვიმეორებ, რომ როდესაც საქმე ეხება ორი სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტს, მედია, დიახაც, ამ ინტერესთა დაცვისა და განხორციელების ინსტრუმენტია.
        პუტინის რეჟიმი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია - რუსი ჟურნალისტების კატეგორიულ უმრავლესობას ანალოგიური პოზიცია ჰქონდა საქართველოს მიმართ ელცინის ეპოქაშიც, რაკი სულაც არ მიაჩნიათ, რომ «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას».
        მე ვწერდი, რომ ამ უმოწყალო ბრძოლის პროცესში, «მედია-ფაქტი» პოლიტიკური არგუმენტის მნიშვნელობას იძენს. თანაც, განურჩევლად იმისა, ეს ფაქტი რეალურია თუ მედია-ტექნოლოგიებითაა შექმნილი. მაინც წარმოიშობა ფაქტი, რომელიც შემდგომ «მაგიდაზე იდება» ვენაში (ეუთო-ში) თუ ნიუ-იორკში (გაერო-ში) დისკუსიის დროს - ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.
        ის, რაც ამ დღეების განმავლობაში «სამხრეთ ოსეთში» ხდებოდა, სწორედ ამგვარი ომის კლასიკური ნიმუშია. ანდრეი კოკოშინის ჩამოსვლაც «მედია-ფაქტის» დაფიქსირებას ისახავდა მიზნად: იგი ჯერ თბილისში ჩამოვიდა, კონფლიქტის ზონაში ჩასვლაზე საქართველოს ხელისუფლების ნებართვა მიიღო, შემდეგ შემოვლით გზაზე რუს ჟურნალისტთა არმიასთან ერთად გაემგზავრა და მთელი მსოფლიოს თვალწინ აღმოჩნდა «ქართული მხარის მიერ გახსნილ ცეცხლქვეშ», რითაც ერთდროულად ორი, რუსეთისათვის სასურველი «მედია-ფაქტი» დააფიქსირა რუსი ჟურნალისტების მეშვეობით (ეს კადრები კი ევრონიუსმაც გადასცა): რომ 1) საქართველოს ხელისუფლება ან ვერ აკონტროლებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, ან 2) მასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, ვინაიდან შეთანხმებებს დაუყოვნებლივ არღვევს.
        აქედან კი ლოგიკურად სურთ გამოიყვანონ დასკვნა: ეუთო-მ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში (სამხრეთ ოსეთში) თავისი მანდატის გაფართოების, მით უმეტეს სამშვიდობო კონტიგენტის შეცვლის შესახებ, რაკი საქართველოს ხელისუფლებას ორიოდე საათის შემდგომაც კი არ შეუძლია დაიცვას მაღალი სტუმარი, - პასუხი აგოს საკუთარ დანაპირებზე და შეთანხმებები შეასრულოს.
        ამიტომაც ვწერდი, რომ მიზანშეწონილი იყო ანდრეი კოკოშინისთვის თავაზიანად გვეთხოვა, კონფლიქტის ზონაში არ გამგზავრებულიყო. თუ მაინც გაემგზავრებოდა - საპასუხო არგუმენტი გვექნებოდა რუსულ «მედეა ფაქტზე».
        აქვე: სრული გაუგებრობაა ბატონ ნოდარ ლადარიას ფრაზა, რომ კოკოშინი ქართველ მეომრებს შემოვლით გზაზე უნდა შეეშვათ, რაკი ქართულ მხარეს იმ პოზიციებზე დასამალი არაფერი ჰქონდა. რას ქვია «დასამალი არაფერი გვქონდა?!» - სამხედრო ტექნიკის განლაგების, სანგრების პერიმეტრის, შეიარაღების ოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით იქ გვქონდა დასამალი თუ გვქონდა, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები იღუპებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იქ არაფერს არავის «დავუმალავდით», მსხვერპლი ათჯერ მეტი იქნებოდა.
        გენერალ ნაბზდოროვს რუსეთი რა თქმა უნდა არ განიხილავს «მედეა პერსონაჟად», მაგრამ მისი სალდაფონურად ბრიყვული განცხადებები საქართველოს სასურველი არგუმენტის დაფიქსირების საშუალებას აძლევდა. სვიატოსლავ ნაბზდოროვი ხომ ჟირინოვსკი არ არის?! - საქართველოს ექნებოდა საშუალება მსოფლიო ფორუმებზე პრობლემის განხილვისას ეთქვა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს (!) ხელმძღვანელობს გენერალი, რომელიც არ მალავს თავის სურვილს საქართველო - რუსეთის ფედერაციის წევრად იხილოს, ანუ ჩვენი ქვეყნის ანექსია განახორციელოს.
        სწორედ ამიტომ უბრძანეს მოსკოვიდან - ენისათვის კბილი დაეჭირა და ბოლო დროსაც აშკარად ცდილობს, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარ სიტყვებს თავისივე პატარა ჭკუა «დაატანოს».
        სამაგიეროდ, ბევრად უფრო ჭკვიანი და ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით, «სამხრეთ ოსეთის» თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოავლინა ცხინვალში.
        საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროს, გივი იუკურიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან (ამ თვალსაზრისით იუკურიძის გამოუცდელობის გამოყენებით) გაიძვერულად მოხერხა იმ «მედეა-ფაქტის» დაფიქსირება, რომ თითქოს ყბადაღებული «მესამე ძალა» საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა და ვითომდაც (რაც მთავარია) გენერალი იუკურიძე ამას დაეთანხმა.
        ეს, რასაკვირველია, აშკარა ტყუილი იყო, მაგრამ ვინც რუსეთის ტელევიზიას ადევნებს თვალს, - სათანადოდ დამონტაჟებული სიუჟეტი ხუთივე რუსულმა არხმა დღეში რამდენჯერმე გადასცა სათანადო კომენტარებით.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ახლა, სანამ უმთავრეს თემაზე გადავიდოდეთ კიდევ ერთი საკითხი: პრეს-ომბუდსმენმა ყურადღების ღირსად ჩათვალა ემილ პაინის (სხვათა შორის, საშუალოზე ბევრად დაბალი დონის რუსი ექსპერტის - რუსულ «ექსპერტულ თანამეგობრობაში» მასზე ბევრად ძლიერი პოლიტოლოგები მრავლად არიან) სიტყვები, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში მოსული ყველა მთავრობა თავის პოლიტიკას დეკლარირებულად ამყარებს დემოკრატიულ ღირებულებებზე. სწორედ ეს იწვევს რუსეთის უკმაყოფილებას.
        ჩვენი პრეს-ომბუდსმენისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ემილ პაინის ეს მოსაზრება (თითქოს რუსეთს დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ხელისუფალთა დეკლარირებული (!) ერთგულება აღიზიანებს), არის მტკნარი სისულელე. სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნისადმი რუსული ისტებლიშმენტის დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველო პოზიციონირებს, როგორც რუსეთის აშკარა (!) მოწინააღმდეგე და «მოპაექრე».
        არც ერთი სხვა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკა» ამას არ აკეთებდა (მათ შორის, არც მოლდოვა და აზერბაიჯანი, რომელთაც მოსკოვისადმი არანაკლები პრეტენზია აქვთ და ზურგს ნატო-ს წევრი რუმინეთი-თურქეთი უმაგრებთ) და არ აკეთებს.
        ოღონდ ამის მიზეზი საქართველოს სამი პრეზიდენტის პიროვნული თვისებები ან მათი პოლიტიკური ხაზი კი არ არის, არამედ მთლიანად, რუსეთთან ურთიერთობის და მისდამი დამოკიდებულების ის პარადიგმა, რაც ჯერ კიდევ «ეროვნულმა მოძრაობამ» ჩამოაყალიბა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან და რომელიც თვისობრივად განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების მიერ თავიდანვე შერჩეული პარადიგმისაგან.
        ბატონი ნოდარ ლადარია შემდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, ჩემი აზრით (ბოდიშს ვიხდი საკუთარი ციტატისთვის), «მედია-ომები აუცილებლად მოითხოვს ცინიზმის გარკვეულ დოზას, მაგრამ სხვაგვარად ამ ომის წარმოება შეუძლებელია. დღეს მსოფლიოს (მათ შორის, უპირველესად დასავლეთს) არა რომანტიკოსები, არამედ უმოწყალო ცინიკოსები მართავენ. სწორედ ამ ყაიდის პოლიტიკოსებმა (კლინტონმა და ბლეერმა თავის დროზე) შეცვალეს რეიგანის და ტეტჩერის «რომანტიულად იდეოლოგიზირებული» გენერაციის წარმომადგენლები».
        პატივცემული ოპონენტი კითხულობს: «მაგრამ, ამ ცინიკოსებს რაიმე მიზანი აქვთ, თუ მათი «ცინიზმი» თვითკმარია? ერთი სიტყვით, რის გულისთვის ცინიკოსობენ?»
        რასაკვირველია, ბატონო ნოდარ. რასაკვირველია, აქვთ ასეთი მიზანი. ეს გახლავთ საკუთარ სახელმწიფოთა ინტერესების დაცვა და განხორციელება! და თუ ამ ინტერესთა განსახორციელებლად, რაიმე დათმობის სანაცვლოდ, რუსეთისათვის საქართველოს «ხურდაში დაბრუნება» იქნება საჭირო - ერთი წუთითაც არ დაფიქრდებიან.

გულწრფელად შემეცოდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც კოლინ პაუელთან საუბრის შემდეგ გულამოსკვნით თქვა, «მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდესო» და ამით შინაარსობრივად გაიმეორა ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები (9 აპრილის შემდეგ): «ჩვენ ობოლი ერი ვართო».
        თუმცა, აქ სენტიმენტების ადგილი არ არის. დავუბრუნდეთ სათქმელს: სტატიაში რეიგანი და ტეტჩერი შემთხვევით არ მიხსენებია. საქმე ის გახლავთ, რომ «ცივი ომის» დასრულების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დასავლური ცივილიზაციის სრული განადგურების საფრთხე აღარ არსებობს, დასავლეთი რუსეთს უფრო პარტნიორად განიხილავს, ვიდრე სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ. ამდენად, მასთან გარიგებაც დასაშვებად მიაჩნია.
        ამიტომ, რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ პუტინი «იუკოსთან» თუ იმავე პრესასთან დაკავშირებული სკანდალების გამო - ტონი ბლეერი და ჯორჯ ბუში მასთან მაინც «მოაწერენ ხელს» იმაზე, რასაც არაფრის დიდებით არ «მოაწერდნენ ხელს» რეიგანი და ტეტჩერი - ბრეჟნევთან ან ანდროპოვთან.
        ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს პიროვნულად ნაკლები ცინიკოსები იყვნენ (ცინიკოსობამდე პრაგმატულობას ვგულისხმობ) არამედ იმის გამო, რომ იმ ეპოქაში, როცა დასავლურ ცივილიზაციას სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდა, თვით პრინციპის (ღირებულებათა) დაცვა იყო უმაღლესი  პრაგმატიზმის გამოვლინება.
        დღეს ეს ვითარება შეიცვალა. რუსეთი ითვლება «ნაკლებგანვითარებულ დემოკრატიად», მაგრამ მაინც დემოკრატიად; დასავლეთი აღიარებს, რომ ისევე, როგორც ამერიკასა და ბრიტანეთს, რუსეთსაც აქვს თავისი «სასიცოცხლო ინტერესთა ზონები» და, ამ ზონებში, გარკვეულ ჩარჩოებამდე, მას თავისუფალი მოქმედების საშუალებასაც აძლევს. რასაკვირველია, სხვა რეგიონებსა და სფეროებში საპასუხო დათმობების ფასად - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, ერაყი, ავღანეთი, ბალკანეთი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა თუ სხვა.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ რუსეთი ენერგოშემცველთა უკიდეგანო რეზერვუარია და სულაც არ გამიკვირდება, თუ დასავლეთისათვის საწვავის რეგულარულად მიწოდების გრძელვადიანი, სტრატეგიული შეთანხმების სანაცვლოდ (ამგვარი ხელშეკრულების შესაძლებლობაზე რამდენი თვის წინ კონდი რაისი საუბრობდა), ერთ-ერთი საპასუხო დათმობის ფასად, ჩვენი საბრალო ქვეყანაც დაუბრუნონ «ხურდად».
        რა თქმა უნდა, ეს საქართველოს სრულ ანექსიაზე თანხმობას არ გულისხმობს, მაგრამ რაც შეეხება კონფლიქტის ზონებს, აქ კრემლის პრიორიტეტის აღიარება (როგორც ისევ და ისევ გასულ კვირას დავრწმუნდით) სრულიად უეჭველია!
        აქვე: სხვათა შორის, ნავთობის ფასმა ბარელზე 50 დოლარს გადააჭარბა. როგორ გგონიათ, კოლინ პაუელსა და კონდი რაისს (ან იმავე რამსფელდს) ეს უფრო აწუხებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ თუ ცხინვალელი და სოხუმელი ლტოლვილების უბედურება?
        და საერთოდ, სანამ ჩვენ გვექნება ილუზია, თითქოს თანამედროვე ამერიკას საქართველოში რაიმე აღელვებს გარდა ნავთობსადენის (როგორც დამხმარე ფასმარეგულირებელი ფაქტორის) სტაბილურობის (ესე იგი, სტატუს-კვოს შენარჩუნებისა) - მანამ ყოველთვის მწარედ დავმარცხდებით.
        არადა, რატომ არ დაეთანხმება ათასობით ბირთვული ქობინის მქონე რუსეთს, თუკი ეს უკანასკნელი პირდება, რომ არ შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას (ესე იგი ნავთობსადენის უსაფრთხოებას), თუ თბილისიც არ შეეხება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს?
        აკი დავრწმუნდით, რომ დაეთანხმა - სახელმწიფო დაპარტამენტის უკანასკნელი განცხადებით, თურმე რუსეთი სამხრეთ ოსეთში «კონსტრუქციულ როლს ასრულებს». და ეს მაშინ, როცა ჩვენი სათაყვანებელი, სულმნათი ბიჭები ყოველ ღამე იხოცებიან რუსული «გრუ»-ს ელიტურ, სპეცდანიშნულების რაზმებთან უთანასწორო ბრძოლაში წვერიახოს ფერდობებზე.
        ვიმეორებ: არსებული სტატუს-კვო კავკასიაში უკლებლივ ყველა «მოთამაშეს» ხელს აძლევს საქართველოს გარდა, ვინაიდან ის, რაც ამერიკისთვის «ნავთობზე ფასმარეგულირებელი დამატებითი ფაქტორის» შენარჩუნება, ხოლო რუსეთისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის ფაქტობრივი (!) წაგლეჯაა, ჩვენთვის ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი რღვევის დაკანონებას ნიშნავს.
        ბატონი ნოდარისათვის (ისევე როგორც ჩემთვის) სამწუხაროდ, ამ დისკუსიაში ღირებულებებისთვის ადგილი მართლაც არ რჩება. მაგალითად, რაღაც არა მგონია, უზბეკეთის პრეზიდენტი დემოკრატიის ღირებულებებისადმი დიდ ერთგულებას ამჟღავნებდეს, ან საერთოდ იცოდეს, რას ნიშნავს ეს ღირებულებები. მიუხედავად ამისა, ამერიკას უზბეკეთში სამი ათასი სამხედრო მოსამსახურე (არა ინსტრუქტორი, არამედ მოქმედი «ჯი-აი») ჰყავს. საქართველო კი უკანასკნელმა ამერიკელმა ინსტრუქტორმა ერთი თვის წინ დატოვა. ხოლო სტამბულის შეთანხმების შესრულებისა და რუსული ბაზების გაყვანის ჩვენეულ მოთხოვნას ვაშინგტონი მხოლოდ ცალყბად ეთანხმება. ისე, რომ რუსეთი მეტისმეტად არ გააღიზიანოს.
        შევადაროთ იმას, რაც დასავლეთში ხდებოდა ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემის გადაწყვეტის დროს - რაკი ეს რეგიონი დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ (თუმცა ანექსირებულ) ნაწილად მიაჩნდათ ყოველთვის.
        აქვე: ძალზე სიმპტომატურია, რომ პატივცემული პრეს-ომბუდსმენი ვერ მიხვდა, რისთვის დამჭირდა სტატიაში «თბილისის გარნიზონზე» საუბარი. იგი წერს, თითქოს ამ გარნიზონის შენარჩუნებისათვის მე «რუსეთს ვლანძღავ». არადა, ამ შემთხვევაში, რუსეთს ნამდვილად არაფერს ვერჩი - რუსეთი ხომ იმის რუსეთია, თავისი ინტერესები დაიცვას. მე მხოლოდ იმაზე მივუთითებდი, თუ რამდენად ტრაგიკომიკურია ვითარება, როდესაც ქვეყანა პრეტენზიას აცხადებდა ნატო-ს წევრობაზე და ამ დროს მის დედაქალაქში დგას რუსეთის სამხედრო გარნიზონი - რუსული კომენდატურით და რუსი კომენდანტით.
        აკი მოგახსენეთ: ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ნატო-ში შესვლის საკითხზე სერიოზული მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ვილნიუსში, რიგასა და ტალინში არავითარი «რუსული გარნიზონები» აღარ იდგა და რუსი კომენდანტები აღარ ჰყავდათ.
        ჩვენებურ «სამხედრო ექსპერტთა» და «გეოპოლიტოლოგთა» უმრავლესობას კი, როგორც ჩანს, დღემდე ჰგონია, რომ ნატო-ში საქართველოს შესვლის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სამხედრო მომსახურეთა ანტივირუსული აცრების სისტემის განუვითარებლობა და საველე სწავლებისას ახალწვეულ ჯარისკაცთა პირადი ჰიგიენის ჩვევათა არასაკმარისი («არაევროატლანტიკური») დონეა.

 ზემოთთქმულის შემდეგ კი, გადავიდეთ იმ თემაზე, რაც უეჭველად პრეს-ომბუდსმენის კრიტიკული გამოხმაურების უმთავრესი მიზეზი გახდა. ეს თემა მისთვის აშკარად «მახლობელია» არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ემოციურადაც.


        «სამხრეთ ოსეთიდან» საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ერთი ნაწილის გამოყვანის შემდეგ, რუსული ტელეარხები შხამად იღვრებიან: «ახალი საქართველოს პირველი დამარცხება!» - ასეთია მათი რეფრენი.
        კიდევ კარგი, რომ ეს ტელეარხები საქართველოში მასობრივად ხელმისაწვდომი აღარ არის, თორემ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მათი ზემოქმედების დამანგრეველი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა.
        არადა, სწორედ ესაა რუსული მედიის მიზანი - საკუთარი ქვეყნის (რუსეთის) ინტერესებიდან გამომდინარე, გააღვივონ ქართულ ცნობიერებაში არასრულფასოვნების, «დამარცხებული, უუნარო და არშემდგარი ერის» შეგრძნება.
        1992-1993 წლებში, როცა ალტერნატივა ჯერ არ არსებობდა, რუსულმა ტელევიზიამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ დამარცხებაში.
        8 ივლისს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები მთელი მსოფლიოს წინაშე დააჩოქეს, აქციის მთავარი მიზანი ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო. მადლობა ქართულ მედია-თანამეგობრობას, რომელიც ამას მიხვდა, უმაღლესი შეგნება გამოამჟღავნა (თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ალბათ, ხელისუფლების «თხოვნაც» გაითვალისწინა) და დღის მეორე ნახევარში ეს გამანადგურებელი კადრები საერთოდ აღარ უჩვენებია, მიუხედავად იმისა რომ ამგვარი მოქმედება (თუ ფორმალური ლოგიკით მივუდგებით), ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა იყო - «თავისუფლად მიეღო ინფორმაცია» ანუ თავისი თვალით ეხილა, როგორ დააჩოქეს ქართველი ჯარისკაცები ცხინვალში.
        მიმდინარეობს უმოწყალო ომი, ომის დროს კი მედია უძლიერესი იარაღია მოწინააღმდეგის დასასუსტებლად, შიდა დაპირისპირების გასაღვივებლად, წინააღმდეგობის უნარისა და ხალისის წასაგლეჯად.
        ამ საკითხებზე თუ არ ვიმსჯელეთ, დამარცხება კვლავ (ისევე, როგორც 11 წლის წინ) გარდაუვალი იქნება.
        ძალიან ვწუხვარ, თუ პრეს-ომბუდსმენს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ამ ტექსტის ავტორი შეიძლება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგი იყოს. არადა, იმ ფენომენს, რომელზეც ვსაუბრობდი, ანუ ხელისუფლების მიზანმიმართულ «დაჩმორებას» (რასაც გორის ეპიზოდში აშკარად პირადი ინტერესები და კოლეგა-ჟურნალისტთან პიროვნული ანგარიშსწორება ედო საფუძვლად), სიტყვის თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს! უფრო მეტიც, პირიქით, ეს შინაარსობრივად ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური მოვლენაა.
        კატეგორიულად ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს საკითხი მხოლოდ «გემოვნების» სფეროში უნდა განვიხილოთ. საზოგადოების «მაღალი გემოვნებისადმი» პატივისცემა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) ანტიდემოკრატიულ ჯგუფებს ვერ შეაჩერებს, რაკი მომხმარებელი არ დაილევა. ერთ-ერთი მაგალითი თავად პრეს-ომბუდსმენმა დაასახელა. ვეთანხმები, რომ ეროვნული კულტურის ბოროტი შეურაცხყოფა მართლაც «ანტიდემოკრატიული დივერსიაა».
        გულნარა უროტაძის ციტატა კი სწორედ იმ მიზნით მოვიტანე, რათა მეჩვენებინა, როგორ ეკიდებიან ამ პრობლემას დასავლეთში. გულნარა უროტაძე ეთნიკურად ქართველი, ამასთანავე, «საზოგადოებრივად» (ანუ ცნობიერად და მენტალურად) «დასავლელი» ადამიანია. ალბათ იმის შედეგადაც, რომ მთელი ცხოვრება დასავლეთში გაატარა. თუ მისი ფრაზის კატეგორიულობას დავაკვირდებით, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ იგი მხოლოდ «გემოვნებას» არ გულისხმობდა და ამით პრობლემისადმი ევროპული საზოგადოების დამოკიდებულებაც გამოხატა. არადა, იმ საზოგადოებას ხომ «გამოუცხადებელი ომის» ვითარებაში არ უწევს ცხოველმოქმედება?!
        აქვე გავიხსენოთ, რას წერდა შევარდნაძისდროინდელი ქართული პრესის შესახებ ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რადიო «თავისუფლების» კორესპონდენტი, ჩეჩნეთის მოვლენათა გაშუქებისათვის კრემლის მიერ დევნილი ანდრეი ბაბიცკი, რომელსაც ამასწინათ ევროკავშირმა სპეციალური ჯილდო მიაკუთვნა «აზრისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის» :
        « . . . საქართველოში პრესა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა (!!!-ავტ.), - შეუძლია გააკეთოს რაც უნდა, თავს დაესხას ვისაც უნდა, მოიქცეს როგორც უნდა . . . . განმკითხავი კი არავინაა».
        იმედია გულნარა უროტაძეს და ანდრეი ბაბიცკის ვერავინ დასწამებს, თითქოს სიტყვის თავისუფლების ყადრი არ იციან. მაგრამ მათ ისიც კარგად უწყიან, რომ სიტყვის თავისუფლება იქ და მაშინ იწყება, როდესაც ჟურნალისტი, სანამ რამეს იტყვის და დაწერს, პირველ რიგში იმას ფიქრობს, შეძლებს თუ არა დაასაბუთოს ნათქვამი.
        ხოლო როდესაც მოქმედებს «პრინციპი»: მე ვიტყვი, დავაბრალებ (ვთქვათ რიტუალურ მკვლელობაში მონაწილეობას, როგორც ვალერი ასათიანის შემთხვევაში-ავტ.), ხოლო იმან თუ საპასუხოდ ხმა ამოიღო ამას «სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად» გამოვაცხადებო – ეს სიტყვის თავისუფლება კი არა, მარაზმია!
        შეგახსენებთ: განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფრონტისპირა რაიონს და საკვანძო პიროვნებებს, რომელთაც პრეზიდენტი ეყრდნობა ქვეყნისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემის გადაწყვეტისათვის ბრძოლაში.
        აქ ჩემთვის საინტერესო ის კი არ იყო, რამდენად აქვს ჟურნალისტს მორალური უფლება, ხელისუფლება აკრიტიკოს, თუკი (!) მან თავისუფლების სანაცვლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა (!!!) აღიარა, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის ძალზე ნიშანდობლივი პოზიცია. მას არ შეეშინდა, აეღო თავზე პასუხისმგებლობა, ანუ გააკეთა ის, რასაც არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა მისი წინამორბედი.
        თანაც, ეს გააკეთა იმ ვითარებაში, როდესაც (დარწმუნებული ვარ), წინასწარ (დაპატიმრებამდე) ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და არც რაიმე ბრძანება გაუცია.
        როდესაც უმაღლეს ხელისუფალს პასუხისმგებლობის და არაპოპულარული გადაწყვეტილებების არ ეშინია, მთლიანად ხელისუფლებაც ბევრად უფრო ქმედითი ხდება. სწორედ ამას ვგულისხმობ «ძლიერ ხელისუფლებაში».
        დარწმუნებული ვარ: მიხეილ სააკაშვილი დასავლური ყაიდის (არ აგერიოთ «პროდასავლურში») პოლიტიკოსია; ამდენად, იგი სავსებით ტოლერანტული, კოლეგიალური და გამჭვირვალე იქნება კრიტიკის, საყვედურის, მსჯელობის, ოპონირების, ესე იგი, მთლიანობაში, პრესის მიმართ.
        მაგრამ თავისი ხელისუფლების (არა მხოლოდ პიროვნულად თავის, არამედ მთლიანად ხელისუფლების და მისი სტრუქტურების) მიზანმიმართულ კამპანიურ, «დაჩმორებას» იგი არ დაუშვებს!
        ეს გახლავთ ფაქტის კონსტატაცია და არა «მოწოდება». არ დაუშვებს. მორჩა და გათავდა!
        როდესაც «დარდუბალაში» პრეზიდენტს «ტიტლიკანა» არბენინებდნენ, ეს კონკრეტული ხელისუფლების შეურაცხყოფა კი არ არის მხოლოდ, (პიროვნულად მასზე ახიც რომ იყოს), არამედ თვით ინსტიტუტის, ანუ «ხელისუფლების, როგორც ასეთის», ესე იგი სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაცია.
        იოტისოდენი ეჭვი არ მეპარება: გარკვეულ ეტაპამდე ედუარდ შევარდნაძეს ამ პროცესების შეჩერება შეეძლო, მაგრამ მან ეს შეგნებულად არ გააკეთა და იცით, რატომ? იმიტომ და იმ მიზნით, რომ მეტისმეტად მაღლა აეწია «თამასა», შეექმნა ფსევდოდემოკრატიულობის ისეთი სტანდარტი, რომელთან შედარებითაც მისი ნებისმიერი ალტერნატივა «ანტიდემოკრატად» წარმოჩნდებოდა საზოგადოების თვალში (თუ თავადაც იგივე სტანდარტს არ დაიცავდა) - შესაბამისი რეაქციითა და შედეგებით!
        აი, ამაში კი შეცდა ბატონი ედუარდი. მას საკუთარ საზოგადოებაზე იმაზე ნაკლები წარმოდგენა აღმოაჩნდა, ვიდრე იგი სინამდვილეში იმსახურებდა.
        «კონსოლიდირებული დემოკრატია» კი უეჭველად გულისხმობს მარგინალური, ანტიდემოკრატიული ჯგუფების დათრგუნვას. «გემოვნებითა» და «სინდისზე შეგდებით» მათ ვერაფერს შეასმენ.
        ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ე.წ. «მამა ბასილთან» დაკავშირებულ ეპიზოდს. სხვათა შორის, «მამა ბასილი» კლასიკური აზრით «მარგინალი» (უმცირესი, უმცირესობა, უმნიშვნელო, გამონაკლისი) სულაც არ ყოფილა. მას და მის ჯგუფს ძალიან მრავალრიცხოვანი და გავლენიანი მომხრეები ჰყავდა როგორც მოსახლეობის ფართო პლასტში, ასევე ინტელიგენციაშია და ეკლესიაში. სწორედ ამიტომ, შევარდნაძის «პლურალისტური რეჟიმის» პირობებში ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელი აღმოჩნდა და არც გადაწყდებოდა კიდევ ასი წელი.
        როდესაც «ბასილის მოწინააღმდეგეს» ამას ეუბნები, იგი ღიზიანდება და გაანჩხლებით გპასუხობს, რომ «ბასილის მომხრეები» არიან «იდიოტები», «ფაშისტები», «გონება დაბნელებული ბრბო», ამიტომ მათი აზრი და შეხედულება სათვალავში ჩასაგდები ან გასათვალისწინებელი არ არის. იმათი აზრით კი პირიქით, ისინი (ანუ «ბასილის მოწინააღმდეგენი») არიან «იეღოველები», «სამშობლოს გამყიდველები» და «სოროსის მონები».
        სოციუმის ორივე სეგმენტს უამრავი წარმომადგენელი და გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს. ამდენად, შევარდნაძის «პლურალისტური რეჟიმის» პირობებში, როდესაც ყველა სტრატეგიული საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე წყდებოდა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაწყვეტილების არმიღება უშუალოდ ხელისუფალს იმაზე მეტ პრობლემას უქმნიდა, ვიდრე მიღება), პრობლემა ვერაფრით გადაიჭრებოდა.
        ამის გადასაწყვეტად ხელისუფლების ნება იყო საჭირო და არა «საზოგადო კონსენსუსი». რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც ეს პრობლემა არც თუ სასიამოვნო, მაგრამ სამართლიანი ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა და ამით დაიცვა დემოკრატიული ღირებულება.
        ისევე, როგორც თვით 23 ნოემბრის დემოკრატიული რევოლუცია იყო არც თუ ბოლომდე რაფინირებულად კანონიერი, უსისხლოდ ძალადობრივი, «ნებელობითი აქტი».
        სამწუხაროდ, ჩვენში უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ ზოგიერთი კატეგორია იმ საზოგადოებაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები თვისებრივი სულაც არ არის, შესაძლოა ამ ღირებულებათა დამკვიდრების (!) შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
        მაგალითად: ვითარება, როდესაც პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დათხოვნის უფლება არა აქვს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო «პლურალისტურია». სამაგიეროდ, როგორც დავრწმუნდით, ნაკლებ პროგრესულიც და განვითარების შემაფერხებელიც - საქართველოს პირობებში!
        მხოლოდ «უნარი» არ კმარა. მთავარია სისტემა. შევარდნაძე არავიზე ნაკლებ ნიჭიერი და უნარიანი პოლიტიკოსი არ ყოფილა. მისი პრობლემა ის გახდა, რომ არა მხოლოდ «კალენდართან», არამედ ქვეყნის სისტემურ მოთხოვნილებებთან შევიდა წინააღმდეგობაში. ამიტომაც დამარცხდა ისტორიულად.
        ახალმა გუნდმა ხელისუფლება კი არ «ჩაანაცვლა», არამედ სისტემური ცვლილების (იგივე საკონსტიტუციო რეფორმის) წინადადებით გამოვიდა. მაშასადამე, საქმე მართლაც სისტემაში იყო და არა პიროვნებაში.
        მესმის, ცნებათ ამგვარი დისკურსი «მენტალურად სახამუშოა», მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი მენტალიტეტი კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა, როდესაც ცნებები მხოლოდ «შავ-თეთრ» რაკურსში განიხილებოდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - -
        ბატონმა ნოდარმა, რასაკვირველია, იცის, რომ სიტყვა-ცნება «დემოკრატია» ხშირად ნაციისა და ქვეყნის აღმნიშვნელად გამოიყენება. ამრიგად, ქართული დემოკრატიის ყოველმხრივი, (მათ შორის ტერიტორიული) კონსოლიდაციის გარეშე, ჩვენს ქვეყანას მომავალი არა აქვს. ეს კი უმძიმესი ბრძოლის გარეშე ვერ მოიპოვება და ამის გარეშე ვერაფრით მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ვეღარავინ (როგორი ძლევამოსილიც არ უნდა იყოს), გაბედავს და მოახერხებს საქართველო ვინმეს «ხურდაში დაუბრუნოს».
        გასული წლის ნოემბერში საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი (უღირსებო) მშვიდობასა და (ღირსეულ) ომს შორის. ამ ომში გამარჯვება, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ კონსოლიდირებულ დემოკრატიას ძალუძს. დამარცხება სამუდამო და საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება. ანუ პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, «უკანასკნელი ქართული პროექტია».

«24 საათი», 23 აგვისტო, 2004 წელი.