მრისხანე არჩევნების მოახლოება

მრისხანე არჩევნების მოახლოება

        გუშინ, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ძირითადად სამ საკითხს მიეძღვნა: «თბილგაზში» შექმნილი ვითარება, 27 სექტემბრის ტრაგიკული თარიღის აღნიშვნა და ბოლნისის ინციდენტი, სადაც «ნაციონალური მოძრაობისა» და ადგილობრივი ხელისუფლების მომხრეებმა ერთმანეთს მთელი საქართველოს თვალწინ თავპირი დაამტვრიეს.

        რაც შეეხება «თბილგაზს», იგი არ არის ერთადერთი საწარმო, რომლის ფინანსური ბალანსი, ფაქტობრივად, ოფშორულ ზონებში იქმნება, მაგრამ ეს ყოველთვის ხდებოდა და ხდება სახელმწიფოს თანხმობით. მიუხედავად ამის,ა გენერალური პროკურორი მისთვის უჩვეულო კატეგორიულობით გამოირჩეოდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში «თბილგაზის» გენერალური დირექტორი ვახტანგ ცაავა დააპატიმრონ. თვით ვახტანგ ცაავა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ხშირად ჩანდა ქართულ მედიაში და მის გამოსვლებს იმთავითვე არცთუ სახარბიელო ბედისწერის ტვიფარი ედო. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა, როდესაც სახელმწიფო ადმინისტრაცია უკმაყოფილოა ათელუობით მილიონი ლარის გადინებით ბიუჯეტიდან – ბუნებრივი აირის მოხმარების დოტირებისათვის. ბიუროკრატია ყველა ქვეყანაში ერთნაირი ინსტინქტების მატარებელია, ანუ ვახტანგგ ცაავა აქ ერთგვარ «განტევების ვაცად» იქცევა. თუმცა, ძალზე საეჭვოა მას კონკრეტულად იმ თანხებთან ჰქონოდა შეხება, რასაც თბილისის მერია «იტერას» ურიცხავდა. შესალძოა, აქ სხვა ეპიზოდებშია საქმე, რასაც პროკურატურა ჯერ არ აქვეყნებს. ამაზე მეტყველებს, აგრეთვე, საკითხის უშიშროების საბჭოზე განხილვა. მაშასადამე, ამ საქმესთან დაკავშირებით სულ მალე უეჭველად «ამოტივტივდება» რამდენიმე პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის სახელი. იგი წინასაარჩენვო პოლიტიკურ ჟღერადობასაც შეიძენს. ესე იგი, ვახტანგ ცაავა მხოლოდ «ორთქმავალია» მთელი წყების დღის სინათლეზე გამოგორებისათვის. ამ დასკვნის ჭეშმარიტება კი იმ შემთხვევაშიც არ დადგება ეჭვქვეშ, თუ საბოლოოდ მას სასამართლო გაამართლებს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
        მეორე საკითხი, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდზომაზე განიხილებოდა, აფხაზეთის ომის დასრულების 10 წლისთავის აღნიშვნისას ექსცესების გამორიცხვას გულისხმობდა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ არსებობდა სერიოზული ალბათობა, რომ ლტოლვილები შეეცდებოდნენ ამჯერად განსაკუთრებული რადიკალურობით მოეთხოვათ პრობლემის გადაწყვეტის დაჩქარება. შესაძლოა, გამოსვლები ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაზრდილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც მოხდება, რადგან სოხუმის დაცემის 10 წლისთავი დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. აფხაზეთის თემაზე ნებისმიერი დესტაბილიზაცია კი არც ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას არ აძლევს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს ომის განახლებაზე. შესაბამისად, აფხაზური არგუმენტი, უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩენვო ბრალდებათა კაკაფონიაში საკმოად მიყრუებულად ჟღერს. მთავარი საკითხი, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის გააქტიურება გახდა, რომლის ტემპი, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სულ უფრო მოიმატებს და ბოლნისის ინციდენტი მხოლოდ პირველი მერცხალია.
        მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს გააფთრებულ ბრძოლას პროტესტული ელექტორატისათვის. სამაგიეროდ, იგი აფრთხობს კონსტრუქციული მენტალიტეტის ამომრჩევლის ნაწილს, მაგრამ ამომრჩევლის ეს კატეგორია ასეთ შემთხვევაში «ნაციონალთა» მონათესავე და ბუნებრივად მოკავშირე პარტიებში გადანაწილდება. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო პარტიის ამომრჩეველს ამით არაფერი მოემატება.
        ამდენად, თუ გარეგნული ნიშნებით ვიმსჯელებთ, ეროვნული უშიშროების საბჭოზე გადაწყვიტეს ხელისუფლება აქტიურად არ ჩაერიოს ასეთ პროცესებში, ოღონდ, იმიტომ კი არა, თითქოს ხელისუფლებას შესაბამისი ძალისმიერი ბერკეტები აღარ შერჩა, ან ამით ოპოზიციური ელექტორატის გადანაწილებას არ სურს ხელი შეუშალოს. სინამდვილეში, მას საკუთარი ელექტორატი აღელვებს: «:ნაციონალური მოძრაობის» რადიკალური მეთოდები აშინებს ამომრჩევლის მეორე (არაოპოზიციურ) კატეგორიას ად აიძულებს მას, როგორც მინიმუმ, არ იყოს ნეიტრალური მომავალი კენჭისყრისას. ძალზე ნიშანდობლივია, რომ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, წინასაარჩევნო პროცესის «რადიკალიზაციის» კვალობაზე იზრდება ამორჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი ანუ იმ ამომრჩეველთა რიცხვი, ვინც 2 ნოემბერს არ აპირებს შინ დარჩენას. მაშასადამე, თავპირისმტვრევის ამსახველი სატელევიიო კადრები «გულგრილი» ამომრჩევლის «გალღობას» იწვევს და ძალზე საეჭოვა, ისინი უმეტესწილად ოპოზიციის მომხრეები იყვნენ. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ხსენებული «თავპირისმტვრევა» 2 ნოემბერს იმ ობივატელის სახლიდან გამოთრევას ნანაპირობებს, ვისაც უკანასკნელ 5 არჩევნებში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია.

დილის გაზეთი, 27 სექტემბერი, 2003 წელი