«მცირე სრბოლა» ანუ «იგივეობის სინდრომი» საქართველოში

«მცირე სრბოლა» ანუ «იგივეობის სინდრომი» საქართველოში

        ალბათ, ბევრს ჰქონია შეგრძნება, რომ ის, რაც ხდება მის გარშემო, ერთხელ უკვე მოხდა. ზუსტად ვერ იტყვით, როდის, მაგრამ ვითომდაც ერთხელ უკვე ხდებოდა იგივე – ასეთივე ნიუანსებითა და შეგრძნებებით. ამგვარი ასოციაცია ჩნდება ღდევანდელ ვითარებაში, რაც საქართველოს სახელისუფლებო-პოლიტიკურ ოლიმპზე შეიქმნა.
        აქვე უნდა შევნიშნო, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს არ ვიქნებით ნორმალური ქვეყანა. ამიტომ შექმნილი ვითარების აღწერამდე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აქამდეც და ყოველთვისაც ვწერ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული მენტალიტეტის ადამიანებისთვის (განურჩევლად, პოლიტიკური შეხედულებებისა), რომლებიც, საბედნიეროდ, საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ და არა პათოლოგებისთვის, ვინც ერთი სამოქალაქო ომი უკვე მოილია» საქართველოში, ახლა კი მეორეს ამზადებს.
        «იგივეობის სინდრომი» იმაშიც გამოიხატება, რომ დღეს საქართველოში (უპირველესად, «პოლიტიკურ თბილისში») შექმნილი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ატმოსფეროს, რომელიც 1990-1991 წლებში შეიქმნა.
        მთავარი ნიშანი ამ სიტუაციისა უდავოდ ის არის, რომ «ტარაკნების» სრბოლაში» ჩაბმულ პოლიტიკანებს და იმ ხალხს, ვინც პოლიტიკას «თვალსასეირო სანახაობად» აღიქვამს, დღესაც არ სურს შეიგნოს, რომ საქართველოს «შიდა პოლიტიკა» სინამდვილეში სულაც არ არის მხოლოდ მისთვის საინტერესო ფენომენი, ხოლო ვითომდაც «გულგრილობა», რომლითაც გარეშე ძალები ეკიდებიან საქართველოში «მცირე სრბოლას», - მოჩვენებითი და ყალბია.
        შეგახსენებთ: ზუსტად ასეთივე ატმოსფერო იყო ქვეყანაში 10 წლის წინათ, ხოლო ბოღმით, ამბიციით, პარტიული ეგოიზმით «ატანილ» პარტიებს და მათ ლიდერებს არაფრის დიდებით არ სურდათ იმის გაგება, რომ რეალურად ხელისუფლებისა და სახელისუფლებო ბალანსის პრობლემა საქართველოში უმჭიდროესად უკავშირდება სახელისუფლებო მდგრადობის საკითხს.
        ამიტომ ეს ბრძოლა შეუძლებელია არ აინტერესებდეთ იმ გარეშე ძალებს, რომელთათვისაც საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობა საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელების პრობლემაა და არა განყენებუბლი, მხოლოდ თეორიულად საინტერესო საკითხი.
        ამიტომ მათი «გულგრილობა» საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა და დაპირისპირებისადმი, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი იყო მაშინაც და მოჩვენებითია დღესაც.
        ისე არავინ გამიგოს, თითქოს ვაპირებდე იმ ბრიყვული თეორიის «რეანიმირებას», რომლის თანახმადაც ათი წლის წინანდელ დაპირისპირებაში რუსეთი მაინცდამაინც ერთ რომელიღაც მხარეს ეხმარებოდა და მის გამარჯვებას უზრუნველყოფდა. სინამდვილეში რუსეთს (თუ მასზე ვისაუბრებთ, არადა, მარტო რუსეთიც არ იყო) აინტერესებდა და ამჟამადაც აინტერესებს არა რომელიმე «ორიენტაციის», რომელიმე კონკრეტული დაჯგუფების, პარტიის თუ პიროვნების გამარჯვება ან დამარცხება საქართველოში, არამედ ის, რომ საქართველო იყოს შიდაკონფლიქტებით მოცული, არაკონსოლიდირებული, მერყევი და არამდგრადი სახელმწიფო სტრუქტურის, არაქმედუნარიანი და უავტორიტეტო ისტებლიშმენტის მქონე ქვეყანა.
        ეს იყო მისი პრიორიტეტი ათი წლის წინათ და იგივე პრიორიტეტი აქვს დღესაც. ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ რუსეთი ბოროტია და ამგვარი დამოკიდებულება მისი ამ «ბოროტი ინსტინქტიდან» გამომდინარეობს, უბრალოდ, მხოლოდ სუსტი, არაკონსოლიდირებული, უავტორიტეტო ისტებლიშმენტისა და მყიფე შინაგანი სტრუქტურის მქონე საქართველო შეესაბამება მის გრძელვადიან ინტერესებს კავკასიაში, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში.
        ეს რეგიონი კი, როგორც არაერთგზის ითქვა, «გეოპოლიტიკური ჭიპია», საიდანაც იგი მთლიანად შეიძლება «გადაიხსნას». აკი დაადასტურა კიდეც დიდმა რუსმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა: «თუ ვინმეს ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხოლო რუსეთი ვერ დაიშლება, ძალიან ცდება – ოჩენ დაჟე მოჟეტ რასპატსია».
        მეორე მხრივ, თუ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი სტაბილურობით, მდგრადობით, ქართული ელიტის «კონსოლიდირებულობით», - ეს იმიტომ კი არა, რომ ამერიკა ასეთი «კეთილშობილია», - სათნოების განსახიერებაა, სამართლიანობის აპოთეოზია და ასე შემდეგ, უბრალოდ, მხოლოდ ერთიანი, სტაბილური და სახელმწიფოებრივად მდგრადი საქართველოს არსებობა შეესაბამება მის ინტერესებს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში, ანუ შავი და კასპიის ზღვების აუზში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკაც ისევე «იმუშავებდა» საქართველოს დასაშლელად, როგორც დღეს შლის იუგოსლავიას ბალკანეთზე და როგორც რუსეთი ცდილობს საქართველოს დასუსტებასა და დაშლას.
        მაგრამ მოტივს ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს – მთავარია, გეოპოლიტიკური გათვლა და შედეგი, ხოლო პოლიტიკა, როგორც ცნობილია, ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრისა.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ «ისტებლიშმენტის» ანუ ქართული «ზეპური საზოგადოების» თვისებრიობაზე საუბრისას სრულიად ფუჭია იმის მტკიცება, რომ იგი «ვერ ამაღლდა დამოუკიდებლობის შეგნებამდე». მართლაც «ვერ ამაღლდა» იმ უბრალო მიზეზით, რომ «დამოუკიდებოლბა»; მისი შინაგანი მოთხოვნილება არ ყოფილა და იცით, რატომ არ ყოფილა? იმიტომ, რომ თვით ერის შინაგანი მოთხოვნილებაც არ იყო!
        აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის.
        «დამოუკიდებლობას» ქართული ცნობიოერება არ აღიქვამდა ისეთივე «ძირითად ეროვნულ ინტერესად», როგორც ვთქვათ, ლიტველი ერი.
        «ძირითად ეროვნულ ინტერესად» საქართველოში შეიძლება ეთნოდემოკრატიული სივრცის ერთიანობა (იმავე საქართველის მთლიანობა) ქცეულიყო და არა «დამოუკიდებლობა» ან, ყოველ შემთხვევაში, პირველი ყოფილიყო (შეგნებულად) მიზანი, ხოლო მეორე – მხოლოდ საშუალება, მაგრამ ეს 80-იანი წლების მიწურულს აგორებულმა «მოძრაობამ» არ გაითვალისწინა და არ გაითვალისწინა სავსებით შეგნებულად, ვინაიდან «მოძრაობა» თავისი არსით დესტრუქციული იყო, ხოლო საქართველოს ჭეშმარიტი «ძირითადი ეროვნული ინტერესის» განხორციელება ან მისი განხორციელებისადმი სწრაფვა გამორიცხავდა რევოლუციას. იგი მოითხოვდა ევოლუციას, ევოლუცია კი მოთმინებასა და დიდსულოვნებას, მაღალ პასუხისმგებლობასა და შეგნებას საჭიროებს.
        აქედან გამომდინარე, «ისტებლიშმენტსი» ან «პოლიტიკური ელიტის» მორალურ კატეგორიებით შეფასება დღეს სრული უაზრობაა. მინდა მივიღო იგი ისეთად, როგორიც არის და ვიმსჯელოთ მხოლოდ «მიზანშეწონილობის» კატეგორიებით. დავაკვირდეთ მოვლენათა და პროცესთა ორ რიგს.

პირველი - «გარეშე» რიგი: გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, უშუალო სამხედრო დახმარება გამოუყოს «სუუამის» ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვით კონგრესი იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და ამით ადასტურებს, რომ ამერიკას აქვს სახელმწიფოებრივი ინტერესები იმ რეგიონში, რომელიც მცირე ხნის წინ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ აღიქმებოდა.
        ასევე, გასულ კვირას, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: «პოლონეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავს ნებას რუსეთს, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია ახალი გაზსადენის მშენებლობისათვი,ს თუ უკრაინა არ იქნება წინააღმდეგი».
        იგულისხმება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის გვერდის ავლით გაიტანოს ევროპაში თავისი ძირითადი საექსპორტო საქონელი – ბუნებრივი აირი.
        ასევე, გასულ კვირას, რაღაც საოცარი დამთხვევით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და პოლონეთმა მოილაპარაკეს, რომ კასპიის აუზიდან, სარკინიგზო ტრანსპორტით ფოთამდე და ფოთიდან – უკრაინამდე, შემდგოშმ – პოლონეთამდე ყოველკვირეულად გადაიტვირთება 20 ათასი ტონა ნავთობი.
        ეს პირველი «ბზარია» რუსეთ-პოლონეთის ენერგეტიკულ მაგისტრალზე. გასულ კვირასვე, ამერიკის მთავარმა მრჩეველმა კასპიის ენერგორესურსების საკითხებში, ჯონ ვულფმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, თითქოს ჯორჯ ბუშის გამარჯვების შემთხვევაში «რესპუბლიკური ადმინისტრაცია» მხარს დაუჭერს ნავთობსადენის გაყვანას სპარსეთის ყურემდე ან იმავე ჯეიჰანამდე, ირანის გავლით, მოკლებულია საფუძველს.
        საინტერესოა ვულფის მთავარი არგუმენტი (მიაქციეთ ყურადღება): «არა მგონია, გონივრული იყოს სტრატეგიული ნავთობსადენის გაყვანა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც თვითონ არის ნავთობის უდიდესი მწარმოებელი. გაცილებით უფრო გონივრულია ნავთობსადენმა იმ ქვეყნებზე გაიაროს, რომლებიც თავად არ არიან ნავთობის «ექსპორტიორები». ძალიან ჭკვიანური და ძლიერი არგუმენტია! ალბათ, ყველაზე ძლიერი, რაც კი «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» მარშრუტის სასარგებლოდ გამოთქმულა.
        გარდა ამისა, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი. მან უარი თქვა აზერბაიჯანში გამგზავრებაზე («მოუცლელობის მომიზეზებით»), მაგრამ თბილისში მაინც ჩამოდის. სულ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების გადამწყვეტი რაუნდი B»ბაზების თაობაზე» და ასე შემდეგ. ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ ვითარება მართლაც კრიტიკულია და ბევრი რამ უახლოეას მომავალში გადაწყდება.
        დავუმატოთ ამას ჩეჩნეთში შექმნილი ვითარება.. პუტინმა და მისმა «გებისტებმა» შეძლეს, ნაწილობრივ «ჩაეხშოთ» რუსული მედიის რეაქცია ჩეჩნეთის სასაკლაოზე, მაგრამ ფაქტია, რომ კვირა ისე არ გავა, რუსულმა არმიამ ჩეჩნეთში 30-50 მებრძოლი არ დაკარგოს.
        ასეთია «პირველი რიგი».

    ამ კრიტიკულ ვითარებაში რა ხდება საქართველოში? ოღონდ იმთავითვე უნდა გამოირიცხოს არგუმენტი, რომ თითქოს ვიღაც, ვიღაცის დავალებით, ცდილობს «ყურადღების გარეთ გადატანას» მაშინ, როდესაც, თურმე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რა უთხრა სააკავშილმა გაჩეჩილაძეს, ან გამყრელიძემ – ბარამიძეს, ვის ინტერესებს «ამსხვრევს» ავტომფლობელთა იძულებითი დაზღვევის გაუქმება და ასე შემდეგ.
        მთავარი აქ ის არის, რომ ისევე, როგორც 10 წლის წინ, ქვეყნის პერსპექტივა კრიტიკულ ვითარებაში ეწირება წვრილმან ამბიციებსა და კერძო (თუნდაც პარტიულ) ინტერესებს.
        ისევე, როგორც 10 წლის წინ, ის ძალები, რომლებიც არ მონაწილეობენ საქართველოს შიდაპოლიტიკურ თამაშებში, უდიდესი ყურადღებითა და დაძაბულობით ადევნებენ თვალს ამ «თამაშის» განვითარებას და, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ, დაპირისპირების გაღვივებას.
        ოღონდ ისე, რომ «სეირით» გართულმა ქართულმა საზოგადოებამ ვერ იგრძნოს საფრთხე (როგორც ვერ იგრძნო ათი წლის წინ) და «სანახაობით» გატაცებულმა კვლავ ჩაათრევინოს თავი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი ახალი სამოქალაქო ომის ჭაობში.
        ეს ალგორითმი რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ, არის აბსოლუტურად შეუქცევადი, თუ მას დროულად არ გავაცნობიოერებთ.
        არადა, ჯერ-ჯერობით, პროცესებს სასიკეთო პირი სულაც არ უჩანს – დაპირისპირება ისტებლიშმენტში ღრმავდება. მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა პოლიტიკური თვითდამკვიდრებისა და ამბიციის დასაკმაყოფილებლად.
        ძალიან სერიოზულ ფაქტორად რჩება სახელისუფლებო ურთიერთქმედების სისტემა, რომელიც კონსტიტუციამ დაამკვიდრა. ეს სისტემა საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ «ელიტას» საკმარისი პასუხისმგებლობა აქვს, ვინაიდან ქმნის «ხისტ» ალტერნატივას: ან მშვიდობიანი თანაარსებობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა, ან სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა. უფრო «რბილი» სისტემის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, სულ ცოტა, ყოველწლიურად ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლებოდა.
        ამ თვალსაზრისით, ღმერთმა ნუ ქნას, ეგრეთ წოდებული, «საპარლამენტო რესპუბლიკა» საქართველოში!
        მაგრამ თუ ელიტა საკმარის პასუხისმგებლობას (უკვე მერამდენედ) არ გამოამჟღავნებს, ხოლო მოსახლოება ისევე უმწეოდ მიჰყვება დინებას, როგორც პირველი სამოქალაქო ომის წინა პერიოდში, მაშინ ტრაგედიის განმეორება გარდაუვალია.
        ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ქვეყანას შანსი კიდევ ჰქონდა, ამჟამად კი საერთოდ აღარ დარჩება.
        აქვე საკითხავია, რა შეუძლიოა მოსახლეობას? საქმეც სწორედ ის არის, რომ ბევრი არაფერი! საკუთარ ისტებლიშმენტთან «ხალხის» ურთიერთობა და მასზე ზემოქმედება (იმავდროულად «მეტისმეტობის» გამორიცხვით) საქართველოს უმთავრეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემად რჩება.
        ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, რომელიც ისტებლიშმენტს აიძულებდა, მეტი სიფრთხილე და თავდაჭერილობა გამოეჩინა თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლისას, რათა ამ პროცესში ქვეყნის ინტერესები არ დაეზარალებინა.
        თუმცა, დავუბრუნდეთ კონკრეტულ ვითარებას: გასულ კვირას «ახალი მოძრაობა» საბოლოოდ გაფორმდა, როგორც ალტერნატიული «მემარჯვენე» ძალა. თუმცა, რამდენიმე კოლეგა-ჟურნალისტმა უკვე შენიშნა, რომ «მოქალაქეთა კავშირს» არ შეიძლება ჰყავდეს მემარჯვენე ალტერნატივა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ, რასაკვირველია, ვსაუბრობთ პერსპექტიულ ატრენატივაზე. ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ «მემარცხენე», ვინაიდან ქართულ ელექტორატს განვლილ დეკადაში საკმაოდ მყარი შეხედულებები ჩამოუყალიბდა და მისი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია.
        აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ «რეფორმატორთა გუნდის» დასუსტებითა და დისკრედიტაციით იმ ტოტს არ ჭრის, რომელზეც თავად ზის და რომ «ვეღარავითარი მემარცხენეები ყურებზე ხახვს ვერ დააჭრიან», ძალიან ცდება.
        მაგრამ სამართლიანობა და ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს, ესეც ითქვას: «რეფორმატორთა გუნდს» მოსდის სერიოზული შეცდომები, რაც შეიძლება, ძვირად დაუჯდეს, თანაც, ძვირად დაუჯდეს არამხოლოდ მას.
        უპირველეს ყოვლისა, ეს გუნდი არღვევს პოლიტიკისა და პოლიტიკური ტექნოლოგიის ისეთ ფუნდამენტურ კანონს, როგორიცაა «პასუხისმგებლობის აუცილებელი გადანაწილება». ეს კანონი და მისი მეთოდიკა, მით უმეტეს, აქტუალურია საქართველოში, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების, პოლიტიკური ტრადიციისა და სახელმწიფოებრივი კულტურის დონის გათვალისწინებით. კონკრეტულად, შეცდომა იმ ფორმით ვლინდება, რომ მმართველი პარტია (უფრო ზუსტად, მისი მმართველი გუნდი) რეგულარულად შედის «ინტერესთა კონფლიქტში» იმ პირობებში, როდესაც პასუხისმგებლობა არ არის გადანაწილებული პოლიტიკური ელიტის სხვა სუბიექტებზე.
        ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება: წყნეთის ინცინდენტი, ეგრეთ წოდებული, რეპრივატიზაცია, მინისტრების დამტკიცება, «ზვიადისტებთან» დამოკიდებულება.
        ყველა შემთხვევაში, «რეფორმატორები» ჯიუტად, დაჟინებით იმეორებდნენ ერთი და იმავე შეცდომას. მათ არ სურდათ და არ სურთ გაითვალისწინონ, რომ საქართველოში (მით უმეტეს, საქართველოში) მთავარი ის კი არ არის, სინამდვილეში რა მოტივი აქვს პოლიტიკურ ქმედებას, არამედ ის, თუ მას რა «დაერქმევა».
        რა «დაერქვა» პიროლიზურ ფისთან დაკავშირებულ ინციდენტს? იქნებ «კეთილშობილი სწრაფვა სამშობლოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად?» არავითარ შემთხვევაში! მას «დაერქვა» ბენზინის იმპორტიორთა ინტერესების ლობირება».
        თუ მმართველი პარტია საპირისპირო პოზიციას დაიკავებდა, მაშინ ამას «დაერქმეოდა» ეკოლოგიური გენოციდის ორგანიზატორთა ლობირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        სად არის შეცდომა? ტექნოლოგიური შეცდომა აქ ის გახლავთ, რომ მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს «ინტერესთა კონფლიქტში», იმ დროს, როდესაც მისი პოლიტიკური ოპონენტი (ამ სიტუაციაში საპარლამენტო ოპოზიცია) თავს არიდებს «ინტერესთა კონფლიქტში» ჩაბმას.
        ნორმალურ ვითარებაში, ყოველთვის პირიქით ხდება: სწორედ პოლიტიკური ოპოზიციაა იძულებული, გამუდმებით შევიდეს ინტერესთა კონფლიქტში გავლენიან ძალებთან, ხოლო მმართველი პარტია დაადანაშაულოს მათ მხარგდაჭერაში. დააკვირდით: ჩვენთან პირიქით არის – მმართველი პარტია ზოგიერთ შემთხვევაში იქცევა უკვე არა როგორც «ოპოზიცია», არამედ უფრო მეტი – როგორც «დისიდენტური ორგანიზაცია».
        ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტექნოლოგია მოითხოვს, რომ, მაგალითად, «პიროლიზურ ფისთან» დაკავშირებით, სწორედ ოპოზიციას აეტეხა განგაში, ის შესულიყო «ინტერესთა კონფლიქტში» და მოეთხოვა მმართველი პარტიისაგან «ზომების მიღება». მაგრამ თანამედროვე პოლიტიკური (საპარლამენტო) ოპოზიცია ამას არ აკეთებს. იგი თავად არ შედის «ინტერესთა კონფლიქტში» (არადა, ასეთი კონფლიქტის დროს დაინტერესებულ ჯგუფებს თავის გასამართლებელი ან «კონტრარგუმენტები» არ დაელევათ), ოღონდ, ბრწყინვალედ სარგებლობს იმ სიტუაციით, როდესაც «მმართველი პარტია» იფუჭებს ურთიერთობას ისტებლიშმენტის გავლენიან წრეებთან.
        თქვენი არ ვიცი, და მე, მაგალითად, არც გამიგია და არც წამიკითხავს, მმართველი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრს დღენიადაგ ლანძღავდეს, ყოველდღიურად უტევდეს, ხოლო ოპოზიცია იმავე მინისტრისადმი კეთილგანწყობილი იყოს – რა თქმა უნდა, ოპონენტის «ჯინაზე».
        ვიმეორებ, ასეთი ვითარება არანორმალურია და ეწინააღმდეგება პოლიტიკური ტექნოლოგიის ელემანტარულ კანონებს: თუ ესა და ეს ფიგურა არ მოგწონს, იგი უნდა მოიშორო ასპარეზიდან. თუ ვერ აშორებ (ვერ აშორებ იმიტომ, რომ მართლა ძლიერი ფიგურაა და მთავარ საქმეს კარგად აკეთებს), მაშინ ის მაინც არ უნდა გააკეთო, რომ შენი პოლიტიკური მტრების ბუნებრივ მოკავშირედ აქციო. განა ეს მართლაც ელემენტარული არ არის?
        საოცარი მაგალითი იყო ის, რაც რამდენიმე თვის წინათ «ზვიადისტ» ბიჭაშვილთან დაკავშირებით მოხდა. როგორც ცნობილია, იგი პოლიციამ დააკავა და, როგორც ჩანს, დააკავა კანონის მოთხოვნათა ფორმალურად ზუსტი დაცვით.
        ამ ფაქტს მმართველი პარტიის საშინელი რეაქცია მოჰყვა. სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა და ეს ყოველივე იმ დროს (რაც უკვე კომიკურ სახეს იძენს), როდესაც თვით პარლამენტში წარმოდგენილი «ზვიადისტები» კრინტს არ სძრავდნენ, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არ სძრავდნენ კრინტს, რაც უფრო მნიშვნელოვანი ნიუანსია.
        იგივე მეორდება «ტყის ჭრასთან» და «რეპრივატიზაციასთან» დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არავითარი «რეპრივატიზაცია» არ ხდება.
        მაგრამ როდესაც შედიხარ «ინტერესთა კონფლიქტში», თანაც ისე და იმ ფორმით, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად შენ კისრულობ, ბუნებრივია, შენი მოწინააღმდეგე ყველაფერს იღონებს თავის დასაცავად.
        მათ შორის, შეეცდება, შენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ინტერესთა თანხვედრა გამოიყენოს და არც «ესენი» ეტყვიან უარს.
        თანაც, ეს ყოველივე სრულიად არაფრის გამო. არც ერთი საკითხი იმად არ ღირს, საკუთარი პოზიციები თავად «შეისუსტო», ვინაიდან ამგვარი «მიზანშეუწონელი» (თუ რბილად ვიტყვით) ტაქტიკა, ჯერ ერთი, იწვევს მერყეობას პარტიის შიგნით და მეორეც – ასუსტებს პარტიის პოზიციებს ისტებლიმშენტში, რაც ძალიან სახიფათოა, ისევ და ისევ საქართველოს თავისებურებებიდან გამომდინარე.
        ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის ძალიან ზუსტი განსაზღვრება იმისა, რამ დაღუპა ზვიად გამსახურდია: «მან გაიფუჭა ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც ქმნიდა ამინდს საქართველოში».
        მართლა ძალიან ზუსტი ფორმულაა, ვინაიდან ამ ქვეყანაში ელიტასა და მოსახლეობას შორის ნორმალური მიმართებები არ არსებობს. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი აქციები, რაც სამართლიანად მიაჩნია «პლებსს», მაგრამ აღიზიანებს «არისტოკრატიას» (ისტებლიშმენტს), პოლიტიკური პარტიისათვის ძალიან საშიშია - თითქმის თვითმკვლელობის ტოლფასია.
        წარმოუდგენელია, ყოველივე არ ესმოდეს ზურაბ ჟვანიას. «უჭკუოაო», მასზე თვით შეურიგებელ მოწინააღმდეგესაც არ უთქვამთ. ამიტომ, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იგი შეგნებულად მიდის რისკზე, შეგნებულად ამწვავებს ვითარებას, რათა მიაღწიოს «მოქალაქეთა კავშირის» კრისტალიზაციას ჭეშმარიტად თანამოაზრეთა პარტიად, რომელსაც ჩამოშორდება სხვა სეგმენტები.
        ამის შემდეგ, «მოქალაქეთა კავშირში» შესაძლებელი გახდება ნორმალური პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, როდესაც პარტიის უმცირესობა ემორჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ხოლო ფრაქცია კენჭისყრისას მოქმედებს სოლიდარულად.
        თუ ასეა, მაშინ, უნდა ითქვას, ჟვანიამ დაიწყო ძალიან რთული პარტია, რომლის საკვანძო მომენტი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ტრანსფორმაცია. ახალ სიტუაციაში «რეფორმატორები» შესაძლოა, უმცირესობადაც კი იქცნენ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ შეიცვლება პარლამენტის თავმჯდომარე, ვინაიდან «ახალი უმრავლესობა» ვერ ჩამოყალიბდება.
        სწორედ ეს ნიუანსია განმსაზღვრელი:
        უმრავლესობის გაქრობა არ ნიშნავს პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 3 წელია - «კრისტალიზებულ» პოლიოტიკურ სიტუაციაში კი უფრო მეტად არის შესაძლებელი პოზიციის გამოკვეთა.
        იქნებ, «ჟვანიას გუნდი» პასუხისმგებლობის «გადანაწილების» ასეთი ფორმით განხორციელებას ცდილობს? ეს ძალიან დიდი რისკია, მაგრამ უაზრობას ამას მაინც ვერ უწოდებ.
        ეს პროცესი «შიდა რიგში» უნდა დამთავრდეს, ვიდრე საქართველოს გარშემო მიმდინარაე სტრატეგიული მნიშვნელობის პროცესები, თავის მხრივ, კულმინაციას მიაღწევენ. ალბათ, საბოლოო ზღვარია მიმდინარე წლის დეკემბერი, როდესაც გაირკვევა საქართველოში რუსეთის ჯარების შემდგომი დისლოცირების (მათი გაყვანის) ვადა და დაიწყება ნავთობსადენის მშენებლობა, ხოლო სავალუტო ფონდი განაახლებს (ან საბოლოოდ გაწყვეტს) ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას.

დილის გაზეთი, 25 სექტემბერი, 2000 წელი