«მხედრიონის» პროცესი სახელმწიფო გადატრიალების 6 წლისთავს ემთხვევა

«მხედრიონის» პროცესი სახელმწიფო გადატრიალების 6 წლისთავს ემთხვევა

   

    უზენაეს სასამართლოში დაწყებული პროცესი «ჯაბა იოსელიანისა და სხვათა მიმართ», ყველაფერთან ერთად, იმ თვალსაზრისითაც არის საგულისხმო, რომ დეკემბერში იმართება.
    დაახლოებით ამ დროს, ექვსი წლის წინ, უკვე მზად იყო ყველაფერი ხელისუფლების დამხობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ «მხედრიონელები» მაშინაც ციხეში ისხდნენ, მათ ძალიან დიდი მისია შეასრულეს მოვლენათა შემზადებაში - ჯაბა იოსელიანი პოლიტიკური ფაქტორი იყო იმ ვითარებაშიც, როცა საპყრობილეში ჰყავდათ ჩაკეტილი.
    საქართველოში ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო განწყობის ჩამოსაყალიბებლად «მხედრიონმა» აუცილებელი როლი შეასრულა. არა აქვს მნიშვნელობა იმას, ციხეში იჯდა ჯაბა თუ არა – მისი ფენომენი, ასეც და ისეც, აქტიურად მონაწილეობდა პროვოკაციის განვითარებაში.
    რაც შეეხება გადატრიალებას, დეკემბერ-იანვრის მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ისტორიის ზოგად კანონს. მნიშვნელოვანი ფაქტის შეფასება მხოლოდ გარკვეული დროით დისტანციის შედეგადაა შესაძლებელი და მიზანშეწონილი. 1992 წლის იანვარში ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებოდნენ; თანაც რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია გულუას მკვლელობებზე, ისევე, როგორც «აფხაზეთის გასანთავისუფლებლად» თუ «სამეგრელოს ასაბუნტებლად» მოწყობილ ლაშქრობაზე, სინამდვილეში (რაოდენ საოცრადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს) კიტოვანსაც და იოსელიანსაც სწორედ იმ სახელმწიფო გადატრიალებისათვის სჯიან (რა პირით და სინდისით, ეს სხვა საკითხია).
    ხელისუფლებამ შესანიშნავად უწყის ხალხის განწყობა და ისიც კარგად იცის, რომ ხალხისა და ელიტის ან პოლიტიკურად აქტიური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება-განწყობა ერთი და იგივე არ არის.
    ისტებლიშმენტი აშკარად სიმპათიითაა განწყობილი «მხედრიონის» მიმართ, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დასამხობად საჭირო პირობები შექმნა, მაგრამ ეს სოციალური ჯგუფი მოსახლეობის (ამომრჩეველთა) სულ 5-10 პროცენტია. მომავალი არჩევნების ბედს კი დანარჩენი 90-95 პროცენტი გადაწყვეტს, რომლის თვალში ხელისუფლებას მით უფრო მოემატება წონა და ავტორიტეტი, რაც უფრო მეტი ისტერიკა ატყდება მხედრიონელთა «გალიებში ჩასმის» თაობაზე.
    ამ მომენტს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ითვალისწინებს. ერთადერთი, ვინც საკუთარი პრინციპების ერთგული აღმოჩნდა, არის გელა ნიკოლაიშვილი. იგი ჯაბას «საზოგადოებრივი დამცველია» და რა თქმა უნდა, ესმის, რომ განსხვავებით «სამართლებრივი დაცვისაგან», «საზოგადოებრივი დაცვა» გულისხმობს ზნეობრივ, მორალურ მხარდაჭერასაც.
    1992 წლის იანვრის სახელმწიფო გადატრიალებამ უბედურების, ნგრევის, სისხლისღვრის მეტი საქართველოს არაფერი მოუტანა. ამ მოვლენამ ჩვენი ქვეყანა სათამაშოდ აქცია ძლიერი სახელმწიფოების, უპირველესად რუსეთის ხელში. მისი უშუალო შედეგი იყო აფხაზეთის ომი (გარდაუვალი დამარცხებით) და ის პროცესებიც, რომლებიც დღემდე ვითარდება სხვა რეგიონებში. გადატრიალების შედეგად საქართველოში მოიშალა «ტაბუ» პოლიტიკური პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტაზე და ეს საშინელი პრეცედენტი ადრე თუ გვიან კვლავ იჩენს თავს. ზოგჯერ შეიძლება მადლობაც შევწიროთ ღმერთს, რომ გადატრიალების შედეგები ყველა საზოგადოებრივი ფენისა და დაჯგუფებისათვის საზარელი აღმოჩნდა - იქნებ, ამან მაინც ასწავლოს ჭკუა ყველას: ელექტორატსაც, რომ უპასუხისმგებლო არჩევანი აღარ გააკეთოს და არაკომპეტენტური ხელისუფლება არ მოიყვანოს ქვეყნის სათავეში; ელიტასაც, რათა საკუთარ ხალხს ტყვია აღარ ესროლოს, თავისი ნების მისთვის ძალად თავს მოხვევა არ სცადოს და კრიმინალურ სამყაროსაც, რომ აღარასოდეს ჩაერიოს პოლიტიკაში.
    სასაცილოა მსჯელობა იმაზე, რა სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა ექვსი წლის წინანდელ მოვლენას: იყო ეს «სახელმწიფო გადატრიალება», «დემოკრატიული რევოლუცია», «პუტჩი», «კრიმინალთა ამბოხი» თუ სხვა.
    ყოველი განსაზღვრება შეიძლება პირობითი იყოს. სინამდვილეში კი ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ იმ დროს დამოუკიდებელი არსებობისათვის თავისი შინაგანი მოუმზადებლობა, უმწიფრობა დაადასტურა. როგორც კი შესუსტდა რუსული წნეხი, მაშინვე ერთმანეთს დავერიეთ და სისხლის ტბა დავაყენეთ ქვეყანაში.
    სურთ თუ არა «საუკუნის პროცესის» ორგანიზატორებს, ეს სასამართლო მაინც გასცდება ტერორისტულ აქტთა ფარგლებს და იქცევა მსჯელობად იქცევა მსჯელობად იმ საზარელი ტრაგედიის შესახებ, რაც ექვსი წლის წინ დატრიალდა საქართველოში. ერთია, რამდენად ზნეობრივია აღნიშნული ნაბიჯი დღევანდელი ხელისუფლებისაგან და მეორე - პოლიტიკურად რამდენად ზუსტადაა გათვლილი.
   

მერიდიანი, 3 დეკემბერი, 1997 წ.