რა საცოდავ, რა დაბეჩავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ!

რა საცოდავ, რა დაბეჩავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ!
რა საცოდავ, რა დაბეჩავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ!

გახსოვთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ დიდი აურზაური მოჰყვა ჩემს პოსტს, რომელშივ ვწერდი, რომ ე.წ. „ჟენევის ფორმატი“ ეხმარება სეპარატისტებს საერთაშორისო ლეგიტიმაციაში, ჟარგონით თუ ვიტყვი, „გაპრავებაში“ „გასუბიექტურებაში“(!) და თანდათანობით დასავლური „არხების გაჭრაშიც“.

ამიტომ, ჩემი წინადადება იყო, პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს პრინციპულად დაესვა საკითხი: "არ მივიღებთ მონაწილეობას არანაირ ფორმატში, იქნება ეს ჟენევის, მოსკოვის, პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის....აფხაზეთის და ცხინვალის თემაზე, თუ ერთ ერთი (!-არა ერთადერთი რასაკვირველია) მთავარი თემა არ იქნება ლტოლვილთა ეტაპობრივი და ღირსეული დაბრუნების საკითხი".

როგორც მოგახსენეთ, დღეს ასეთი ვითარებაა: „ჟენევის მოლაპარაკებებისას“, როცა ქართული მხარე ლტოლვილთა დაბრუნებაზე იწყებს ლაპარაკს, რუსები, აფხაზები და ოსები ზიზღნარევად გულგრილი გამომეტყველებით დგებიან მაგიდიდან და პოდიუმზე მამრ მოდელთა „პახოდკით“ ტოვებენ დარბაზს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ დამიკავშირდა ერთი „კომპეტენტური“ პიროვნება, რომელიც კარგად იცნობს საკითხს.

არ დავასახელებ ვინ იყო და საიდან იყო.

ეტყობა ჩემმა პოსტმა „იქაც“ გამოიწვია რეაქცია

საშინელება მომიყვა იმ აშკარად ჭკვიანმა ადამიანმა

მისი თქმით, საქართველოს არ შეუძლია „ჟენევის ფორმატზე“ ლტოლვილთა საკითხის ასე დაყენება, რადგან სეპარატისტები და რუსეთი ამას არასდროს დათანხმდებიან და შედეგად მივიღებთ იმას, რომ „ჟენევის ფორმატი“ საერთოდ ჩაიშლება - აღარ შედგება!

-„მერე?“ - მეთქი - „განა რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს საქართველოსთვის ზიანის გარდა?“, რაც გამოიხატება განსაკუთრებით აფხაზი სეპარატისტების „საერთაშორისო გასუბიექტურობა-გაპრავებაში?!“

- მერე ისო, რომ....ჟენევის ფორმატზე პირდაპირ არის მიბმული ე.წ. „ინციდენტების პრევენციის მექანიზმი“, რაც სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში შეიქმნა.

როდესაც ოსები და რუსები იტაცებენ ხოლმე(ო) ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიიდან საცოდავ გლეხებს, ჩვენ(ო) ამ "მექანიზმის" მეშვეობით ვუკავშირდებით ოსებს, რუსებს, ვეხვეწებით, ვესლუკუნებით, ვთხოვთ, ვემუდარებით გამოუშვან ეს საცოდავი ქართველები და იმას მაინც ვაღწევთ მუდამ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოსები და რუსები მათ ბრალად უყენებენ ადმინისტრაციულ დარღვევას და არ ღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით, რაც მათი ე.წ. " კოდექსით" მრავალწლიან ციხეს ითვალისწინებსო.

შედეგად 1000 დამრღვევიდან 990 გამოვაშვებინეთ ჯარიმის გადახდის შემდეგ(ო).

მაგრამ(ო)....მაგრამ(ო)....თუ საქართველო ჩაშლის „ჟენევის ფორმატს“, მაშინ ოსები, აფხაზები (ისინი ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ) და რუსები საერთოდ გააუქმებენ „ინციდენტთა პრევენციის მექანიზმს“ და შედეგად მივღებთ(ო) იმას, რომ ადამიანთა გატაცება კიდევ უფრო ხშირი გახდება(ო), ოღონდ..... იმჯერად უკვე სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ და აღარც გამოუშვებენ, რაც გამოიწვევს იმას, რომ (როგორც არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში იყო!) გატაცებულთა ნათესავ-მეგობრები გადაკეტავენ ცენტრალურ საავტომობილო ტრასას, ქვეყანაში დაიწყება არეულობა და ათასი დამატებითი ეგზისტენციური პრობლემა წარმოიშობაო.

მერე კიდევ უფრო მნშვნელოვანი რამ მითხრა, დააკვირდით, მით უმეტეს, რომ სრული სიმართლეა:

ოსები და რუსები, როცა ქართველებს იტაცებენ, ხელმძღვანელობენ 1985 წლის სსრკ ადმინისტრაციული მოწყობის რუკებით საქართველოს სსრ ადმინისტრაციული საზღვრების და „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური ოლქის“ ადმინისტრაციული საზღვრების შესახებო.

დღეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიმდებარე ქართული სოფლების ნაწილი კი სინამდვილეში იმ ე.წ. საზღვრის შიგნით მდებარეობს, თუმცა ოსები და რუსები ჯერ-ჯერობით(!) ამ გარემოებით არ სარგებლობენ, მაგრამ თუ ვითარება გამწვავდა, იმავე ევროკავშირის დამკვირვებლებს გადასცემენ გაფრთხილებას, რომ ეს სოფლები უკანონოდაა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, იქ „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოს იურისდიქცია უნდა აღდგესო.

არა, ომს კი არ დაიწყებენ დაუყოვნებლივ, თუმცა გატაცებები გახშირდება და მცოცავი ბორდერიზაციაც უფრო აგრესიული გახდება ამ სოფლების გარშემო...მერე რაიმე ინციდენტს კი......

და სუსტად შეიარაღებული ქართველი პოლიციელებიც სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიანო.

ანუ ვითარება რომ ასე არ გამწვავდეს, საქართველომ მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გააკეთოს(ო) - თუნდაც მავნებელი იყოს ის „ჟენევის ფორმატი“ საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეო.

მან ისიც შემახსენა, რომ სანამ „ინციდენტების პრევენციის მექანიზმი“ შეიქმნებოდა (2009-2010 წლებში), ოსებმა და რუსმა სნაიპერებმა ე.წ. „საზღვარზე“ 12 ქართველი პოლიციელი მოკლეს!

და როგორც კი საქართველო „ჟენევის ფორმატს“ ჩაშლის, ოსი და რუსი სნაიპერები ისევ „ამუშავდებიანო“.

ამგვარი ვითარება იყო და არის უკვე 15 წელია.

არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი ასეთი სევდიანი სურათი დამიხატა იმ კომპეტენტურმა ადამიანმა და მეც იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი!!!

იმიტომ, რომ ყველაფერი სიმართლეა.

ოღონდ.... შემაწუხებელი ფიქრი კი მომეძალა: აი ეს ვითარება, როდესაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას (ჟენევის ფორმატზე ლტოლვილთა საკითხის ულტიმატუმურად დასმა საქართველოსთვის ძალიან მნშვნელოვანი თემაა) განა ზედმიწევნით არ იცის ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს „საგზაო რუკა“ ანუ MAP?!!!

როგორ არ იციან! ძალიან კარგადაც იციან. ზედმიწვენით იციან მეთქი!

და ჩვენ მათგან მოვითხოვთ MAP მოგვცენ იმის მიუხედავად, რომ როგორც გამოდის, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენა შეუძლია ლოთ ღორისშვილ ვიღაც რუს მაიორს ცხინვალის ბაზაზე და რუსულ სამხედრო ბაზაზე გაფორმებულ ოს სეპარატისტს სნაიპერული შაშხანა СВД-თი ხელში, რომლის სამიზნეში თბილისი-ქუთაისი-ბათუმის ავტროტრასა ჩანს, არათუ ქართველ პოლიციელთა პოსტები ქართულ სოფლებში 1985 წლის ე.წ. „საზღვრებს შიგნით“?!

და იმ ვითარებაში, როცა იმ ღორისშვილებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დააპროვოცირონ გატაცებულთა და წამებით მოკლულ ქართველთა ნათესავების მიერ ბაქო-თბილისი-სტამბულის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გადაკეტვა?!

ხომ არ გგონიათ ეს ბრიუსელში არ იციან? (თუნდაც ჭკვიანი და კომპეტენტური ევროპელი დამკვირვებლებისგან, რომლებიც მადლობა ღმერთს აქ იმყოფებიან 2008 წლიდან და ღმერთმა ნუ ქნას წავიდნენ) ან განა ვაშინგტონში არ იციან? ან პარიზში არ იციან ან პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციაში არ იციან?

დიახაც, იმ ემანუელ მაკრონისა, რომელმაც შარშან გვითხრა (ვაითუ წელსაც გაიმეოროს-დ.), რომ საქართველო...თურმე....(ციტატა) „სხვა გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს“ (ანუ ევროპა საერთოდ არ არის-დ.) და ამიტომ „სომხეთ აზერბაიჯანთან გამონახოს საერთო ენაო“.

რა, არ უთქვამს?!

მაკრონი ნამდვილად (ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ) გულისხმობდა „სომხეთ-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურ არეალში“ იმ აქტორებთან „საერთო ენის“ გამონახვას, რომლებიც ამ „წყვილის“ მიღმა დგანან...

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რაღა მექნა, იძულებული ვიყავი ჩემს კრიტიკოსს დავთანხმებოდი, თუმცა კი გავიფიქრე...„ვაი შენ, საცოდავო საქართველო“.

როგორც უკვდავი ლათინები იტყოდნენ Vae Victis!

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.

P.S `ყველაფერი ოცნების ბრალია“ უბადრუკი დემაგოგია არ მიიღება.

ნეტავ ასე მარტივი იყოს ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა იმ პირსისხლიან გველეშაპთან მეზობლობაში.

ეს ვითარება შეიცვლება მხოლოდ მას შემდეგ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს ომში და რუსეთი კი მთლიანად ჩამოიშლება.