რატომ დავმარცხდით აფხაზეთში?

რატომ დავმარცხდით აფხაზეთში?

 

    კითხვა, რომელიც სათაურშია გამოტანილი, ქართველი საზოგადოების მიერ უკვე აღიარებულია ყველა საკითხის კვინტესენციად, ანუ დღევანდელი საქართველოს ყველა პრობლემური კითხვის საწყისად.
    საზოგადოება ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ცდება, - იგი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ აფხაზეთის პრობლემა თავისთავადაა უმთავრესი კვანძი საქართველოს სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პრობლემის, ხოლო ჩვენი ქვეყნის დღევანდელობას (პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით) მეტწილად განსაზღვრავს 1992-1993 წლების ტრაგედია.
    გარდა ამისა, აფხაზეთის მოვლენები ქართული ისტორიის დროით ღერძზე არა მხოლოდ ლოკალურად (დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე) არის საინტერესო, - ისინი ზოგადსახელმწიფოებრივ (შეიძლება ითქვას აბსოლუტურ) საზრისსაც შეიცავენ. ამდენად, ეხმაურებიან ქართული ფილოსოფიური და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მსოფლხედვის მარადიულ პრობლემებს, რომელნიც საუკუნეთა განმავლობაში არსებობდნენ და კვლავაც იარსებებენ.
    რატომ დავმარცხდით აფხაზეთში? - ზოგიერთი ამ კითხვას სხვაგვარად სვამს; უფრო ზუსტად, არგუმენტაცია შეაქვს თავის კითხვაში, რის შედეგადაც საკითხი ასეთ ფორმას იღებს: «თუკი ჩეჩნებმა შეძლეს რუსეთის დამარცხება, მიუხედავად რუსეთის განუზომლად დიდი უპირატესობისა, რატომ ვერ შევძელით ეს ჩვენ - ქართველებმა?»
    არადა, თვით კითხვა (მავანთა ინტერპრეტაციით) იმთავითვე არასწორად, დემაგოგიურადაა დასმული. რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ, რომ აფხაზეთში რუსეთი გვებრძოდა, პოლიტიკურად ეს ასე არ იყო. არა იმიტომ, რომ არავინ მსოფლიოში იმ ომს არ აღიქვამს, როგორც სამხედრო კონფლიქტს საქართველოსა და რუსეთს შორის და არც იმიტომ, რომ რუსეთი ფარულად არ ეხმარებოდა სეპარატისტებს, არ ამარაგებდა მათ უახლესი სამხედრო ტექნიკით; არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მიზეზით: სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ომი წავაგეთ იმის გამო, რომ, წავაგეთ ომი პოლიტიკურად, ანუ ჩვენ მივეცით საშუალება რუსეთის რეაქციულ ძალებს (ასე დავარქვათ - ავტ.) შეექმნათ პოლიტიკური რეალობა, რომელიც იმთავითვე წამგებიანი იყო საქართველოსათვის.
    რათა საკითხი უფრო მეტად თვალსაჩინო გახდეს, შეიძლება დავუბრუნდეთ ჩეჩნეთის მაგალითს. სასაცილოა (რბილად რომ ვთქვათ) მტკიცება, თითქოს ჩეჩნებმა რუსეთს სამხედრო დამარცხება აგემეს. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი დამარცხებულად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, თუ ჩეჩნეთის არმია გაანადგურებდა მტრის (რუსეთის) არმიის ცოცხალ ძალას, ამ ქვეყნისათვის უდიდესი მატერიალური ზარალის მიყენების მუქარით აიძულებდა ხელმძღვანელობას, ხელი მოეწერა კაპიტულაციისათვის; ან დაიპყრობდა რუსეთის ტერიტორიას, ქვეყნის დედაქალაქს, დანიშნავდა (ვთქვათ) კრემლის კომენდანტად შამილ ბასაევს და ასე შემდეგ.
    არაფერი მსგავსი არ მომხდარა და (ბუნებრივია) ვერც მოხდებოდა. სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს შეეძლო კიდევ წლობითა და ათწლეულებით გაეგრძელებინა ომი; შეექმნა მძლავრი თავდაცვითი ზღუდე ბამუტის ხაზზე; გადაეტანა აქცენტი საჰაერო დარტყმებზე; ჩაეტარებინა სრული ეთნიკური წმენდა დაპყრობილ ტერიტორიაზე (რითაც საფუძველს გამოაცლიდა პარტიზანულ მოძრაობას); მასირებული დაბომბვებითა და საარტილერიო-სარაკეტო შეტევებით თანდათანობით, მეთოდურად გაენადგურებინა მოწინააღმდეგე - ანუ, ფაქტობრივად, ჩეჩნეთის მთელი მოსახლეობა.
    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთს შეეძლო (ფიზიკურად ჰქონდა საშუალება) ატომური იარაღის გამოყენებით საერთოდ აღეგავა ჩეჩნეთი პირისაგან მიწისა; გამოეყენებინა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღი; წყალბადისა და ნეიტრონული იარაღის ამოქმედებით ძირფესვიანად მოეთხარა ჩეჩნეთის ყველა დასახლებული პუნქტი და ასე შემდეგ.
    ფიზიკურად რუსეთს ამის საშუალება ჰქონდა. სხვა საკითხია, რომ იგი ყველა საშუალებას ვერ გამოიყენებდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ვერ მოაწყობდა ეთნიკურ წმენდას (ჩეჩენი ეროვნების პირთა მასობრივ ამოწყვეტას) მით უმეტეს, ვერ გამოიყენებდა ატომურ იარაღს.
    მაშასადამე, თუ რუსეთმა ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, ამის მიზეზი პოლიტიკურ კონტექსტში უნდა ვეძიოთ. პოლიტიკურად კი, ჩეჩნეთმა რასაკვირველია გაიმარჯვა! ყოველივე დანარჩენი ამ რეალობიდან გამომდინარეობს - ხასავიურტის შეთანხმებაც, რუსეთის ჯარების გაყვანაც და ჩეჩნეთის სუვერენიტეტის აღიარებაც.
    XIX საუკუნეში, როდესაც რუსეთი ჩეჩნეთს იპყრობდა, ზემოთხსენებული პოლიტიკური ფაქტორები არ მოქმედებდნენ. არ არსებობდა არც საზოგადოებრივი აზრი, არც საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები, არც ესოდენ მძლავრი საინფორმაციო საშუალებები.
    რა თქმა უნდა, ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემის ერთ სიბრტყეზე დაყენება არ შეიძლება. ჩეჩნეთი რუსეთმა ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომის შედეგად მაშინ, როდესაც აფხაზეთი ყოველთვის, ყველა ეპოქაში, საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო ყველა უმთავრესი მახასიათებლით - გეოგრაფიულად, ეთნიკურად, კულტურულად.
    მაგრამ იმ პოლიტიკური რეალობისათვის, რომელიც შეიქმნა 1992 წლის 14 აგვისტოს (ჩვენ მივეცით საშუალება სეპარატისტებს, ეს დღე დაეფიქსირებინათ, როგორც ომის დაწყების თარიღი!), ისტორიულ ტრადიციას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. საქართველოს ომი წაგებულიო ჰქონდა იმთავითვე, - 14 აგვისტოსვე, ვინაიდან, აღმოჩნდა პოლიტიკურად წამგებიან მდგომარეობაში.
    დიახ, აფხაზეთში ფაქტობრივად რუსული ძალა გვებრძოდა, მაგრამ გვებრძოდა არა უშუალოდ, არამედ აფხაზ სეპარატისტთა ხელით, - მათ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მათი პოლიტიკური უპირატესობის გამოყენებით.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი ჩეჩნეთში დამარცხდა იმიტომ, რომ ჩეჩნებმა იგი დაამარცხეს პოლიტიკურად, - აფხაზეთში კი პოლიტიკურად საქართველო დამარცხდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთის «ძალით დაბრუნების გეგმებზე», ჯერ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: შევძლებთ კი პოლიტიკურად დავამარცხოთ მოწინააღმდეგე, ანუ შევქმნით კი ისეთ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც გამორიცხავს 1992-1993 წლებში საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ფაქტორების რეანიმაციას?
    ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ამის საფუძველი არ არსებობს. პოლიტიკური უპირატესობა კვლავინდებურად, სეპარატისტთა მხარესაა. თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს პრინციპი: «ცუდი მშვიდობა სჯობია კარგ ომს». მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ლოკალურ, რეგიონულ კონფლიქტს - რუსეთის გავლენის სფეროში.
    ჩეჩნეთმა რუსეთი დაამარცხა (შედეგის თვალსაზრისით) პოლიტიკური უპირატესობის წყალობით. საქართველომ მანამ არ უნდა წამოიწყოს ახალი «დიდგორი», სანამ დარწმუნებული არ იქნება საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობაში.

მოქალაქე, 14 მარტი, 1997 წ.