რუსებისათვის საქართველო «პრახადნოი დვორია»

რუსებისათვის საქართველო «პრახადნოი დვორია»

 

        «პრახადნოი დვორ» ანუ «გამჭოლი ეზო» - ასე აღიქვამენ რუსი სამხედროები (და მთელი რუსული ისტებლიშმენტი) ჩვენს ქვეყანას. მათ მიაჩნიათ, რომ 1999 წელს საქართველო სამუდამოდ დაამარცხეს და დააჩოქეს.
        სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პირველად 1989 წლიდან, რუსულმა ტელეკომპანია ორტ-მ საუკეთესო საეთერო დროს უჩვენა რუსი შოვინისტის, ლეონიდ გაიდაის ბინძური ანტიქართული ფილმი – პასკვილი «კავკასიელი ტყვე ქალი», რათა რუსული საზოგადოება დაეტკბო საძულველი «გრუზინების» დამცირებითა და ტანჯვა-წამებით.
        მას შემდეგ რუსები ძალზე ღიზიანდებიან, როცა საქართველო მათ აგრძნობინებს, რომ ჯერ საბოლოოდ არ განადგურებულა და კიდევ შეიძლება წელში გაიმართოს.
        ამიტომაც გამოიწვია რუსულ მას-მედიაში გააფთრებული რეაქცია საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯართა გაყვანამ. გაუკვირდათ, - ქართველები 6 წლის წინ ხომ დავაჩოქეთ და ფეხზე წამოდგომას როგორ ბედავენო - ამიტომაც აღიქვეს ეს ცნობა, როგორც «სენსაცია» - თუმცა გასაკვირი და სენსაციური ამაში არაფერი ყოფილა.
        რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია რუსი ავიაგამანადგურებლების ჯგუფმა, რომელიც სომხეთში გადაფრინდა. წინასწარ მათ «ფორმალურად» საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეატყობინეს -– თავზე გადაგიფრენთ და «ემანდ უშნოდ არ გახდეთო».
        პირველად, უკანასკნელი წლების განმავლობაში მიიღეს უარი საქართველოს შეიარაღებული ძალთა გენერალური შტაბიდან ანუ საჰაერო შეტყობინება, რომ საქართველო რუსულ ავიაგამანადგურებლებს «არ უხსნიდა» საჰაერო დერეფანს სომხეთში ჩამოსაფრენად.
        ამის მიუხედავად, რუსულმა სამხედრო უწყებამ უარს ყურადღება არ მიაქცია – სასაცილოდაც კი არ ეყო და თვითმფრინავებმა (სამწუხაროდ) მშვიდობიანად იფრინეს სომხეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზამდე.
        სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთი რუსი გენერალი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში წერდა: «საქართველოში ჩვენი ბაზები მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რათა სომხეთში განლაგებული რუსეთის ბაზა მოვამარაგოთ ყოველივე აუცილებლითო». ანუ იარაღი შემოაქვთ ვითომ ახალქალაქის დივიზიისთვის, შემდგომ კი სარგებლობენ იმით, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარი რთულად გასაკონტროლებელია და იარაღი დაუბრკოლებლად გადააქვთ სომხეთში; თუმცა «საჰაერო დერეფანსაც» ძალზე აქტიურად იყენებენ, რათა სომხეთის ბაზა მოამარაგონ.
        არ არის გამორიცხული, რუსული ავიაგამანადგურებლები სომხეთში მიფრინავდნენ არა დროებით, არამედ სამუდამოდ – რათა გაეძლიერებინათ «სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალები».
        ბუნებრივია, საქართველო ამას არ უნდა ურიგდებოდეს, ვინაიდან თუ მართლა იქცევა «გამჭოლ ეზოდ», მაშინ იმ მცირე საერთაშორისო ავტორიტეტსაც დაკარგავს, რაც ჯერ კიდევ გააჩნია – განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებში.
        რა თქმა უნდა, რუსეთის ესკადრილიებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს – საქართველოს საჰაერო ძალების ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სათანადო საშუალებები ჯერ კიდევ ძალზე მწირია, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ყველა ასეთი შემთხვევა საერთაშორისო დიპლომატიური დემარშებისათვის გამოვიყენოთ.
        იმ პირობებში, როდესაც დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ჩვენს ქვეყანას მხარდამჭერი (დასავლეთში, აგრეთვე დსთ-ს სახელმწიფოებში) უეჭველად გამოუჩნდება. შესაძლოა, ეს ექსცესი იქცეს «სუამ» - ის ქვეყნების ერთობლივი დემარშის მიზეზად, მაგრამ საამისოდ აუცილებელია თვით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყოს ერთმნიშვნელოვანი.
        მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პროტესტი არ კმარა – საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უნდა ამოიღოს ხმა (ჩუმ-ჩუმად ნოტების გაგზავნა რუსეთისათვის არაფერს ნიშნავს) და თვით პრეზიდენტმაც.
        რაც მთავარია, საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს თავისი ერთადერთი რეალური სახელმწიფოებრივი კოზირი – ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. სხვა ჩვენ არც რაიმე რესურსი გაგვაჩნია და არც სამხედრო ძალა ან განსაკუთრებით ძლიერი ეკონომიკა.
        ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რეალური შანსი ის არის, რომ მეზობელი სახელმწიფოების დიდი დაინტერესება, გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სამხედრო-სტრატეგიული ტრანზიტისათვის – თავად აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ინტერესების დასაცავად და განსახორციელებლად.
        ამას შესანიშნავად ხვდებოდნენ საქართველოს «დიდი და დაუძინებელი მეგობრები» კონსტანტინე ზატულინი და ანდრანიკ მიგრანიანი, ამიტომაც წერდნენ «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაში «რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებით უნდა გაჭრას კორიდორი, რომელიც მას უშუალოდ დააკავშირებს სომხეთთან, რათა არ სჭირდებოდეს ქართველების თანხმობა სტრატეგიულ მოკავშირესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობისათვის».
        საქართველოს მტკიცე პოზიცია ამ საკითხში და სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა უეჭველად აიძულებს რუსეთს გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მაგალითად, თუ სურს გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო სივრცე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, მაშინ კეთილი ინებოს და წავიდეს დათმობაზე აფხაზეთის საკითხში ან გადმოგვცეს იარაღი, სამხედრო ობიექტები, რომელთაც დიდი ხანია ვითხოვთ და ა.შ.
        სხვაგვარად არაფერი გამოგვივა - თუ არ ვისწავლით საკუთარი ინტერესების მტკიცედ დაცვას, არავინ მათ არ გაითვალისწინებს და პატივს არავინ გვცემს.
        რუსეთისათვის კი, რასაკვირველია, იდეალურია ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცესაც აქტიურად იყენებს და იმავდროულად, თვითონ არცერთ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში დათმობაზე არ მიდის, ანუ რუსეთს საქართველო მართლაც სჭირდება მხოლოდ როგორც «პრახადნოი დვორი».
       

მერიდიანი, 21 ივნისი, 1999 წელი