რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ენგურჰესზე: ახალი პრეზიდენტის ახალი პოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ენგურჰესზე: ახალი პრეზიდენტის ახალი პოლიტიკა

        საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის «ერთიან ენერგოსისტემებს» შორის მიღწეულმა შეთანხმებამ «ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებ», როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
        ვითარება ნამდვილად დაემსაგავსა 2003 წლის წინასაარჩევნო – წინასარევოლუციო პერიპეტიებს, როდესაც ამერიკულმა «აეს-თელასმა» კომპანია იმავე ანატოლი ჩუბაისის ორგანიზაციას მიჰყიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ შეთანხმებასთან არავითარი პირდაპირი და ფორმალურ-იურიდიული კავშირი არ ჰქონდა, პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, სწორედ მას დაეკისრა.
        ზურაბ ჟვანიამ და მისმა გუნდმა ედუარდ შევარდნაძე «სახელმწიფო გადატრიალებაში» და «სამშობლოს ღალატში» დაადანაშაულა, ხოლო ნინო ბურჯანაძე (იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე) პროტესტის ნიშნად მთავრობის სხდომაზე მივიდა (რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში), უმწვავესი განცხადებები გააკეთა და სხდომაც სკანდალით დატოვა.
        თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ანატოლი ჩუბაისის უწყება საქართველოდან არსად არ წასულა, მაგრამ არც ქალბატონ ბურჯანაძეს და არც სხვებს ეს პრობლემა რატომღაც საერთოდ აღარ გახსენებიათ. არადა, თუ საქმე «სამშობლოს ღალატსა» და «სახელმწიფო გადატრიალებას» ეხებოდა, ლოგიკური იქნებოდა, «რევოლუციურ ძალებს» ხელისუფლება, პირველ რიგში, სწორედ ამ «დანაშაულის» შედეგთა აღმოსაფხვრელად გამოეყენებინათ.
        თუმცა კი პირიქით მოხდა და ანატოლი ჩუბაისი ახლოსაა მრავალწლიანი ოცნების აღსრულებასთან - დაამყაროს კონტროლი კავკასიასა და სამხრეთ რუსეთში უდიდეს ელექტროსადგურზე.
        ხელმოწერილი მემორანდუმი «ურთიერთგაგების შესახებ» გულისხმობს, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, შეიქმნება ერთობლივი სამენეჯერი საწარმო, რომელშიც რუსულ კომპანიას, როგორც მინიმუმ, თანაბარი ხმის უფლება ექნება (თუმცა დირექტორს თბილისი დანიშნავს) და სწორედ ეს საწარმო განახორციელებს ამიერიდან ენგურჰესის მართვას.
        ბუნებრივია, ალეკო ხეთაგური ერთპიროვნულად ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა - საკითხი უეჭველად შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე; ანუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა მიიღო.
        თვით გადაწყვეტილებას კი, როგორც ჩანს ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. ერთი სიტუაციურია და კონკრეტულად საქართველოს ელექტრომომარაგების პრობლემას უკავშირდება, ხოლო მეორე – ზოგადპოლიტიკური, რაც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური ტაქტიკის (არა სტრატეგიის, მაგრამ ტაქტიკის) სერიოზულ კორექტირებას.
        პირველი მიზეზის ასახსნელად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ქართული მხარე ენგურჰესს არასდროს არ აკონტროლებდა 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ და არც ამჟამად აკონტროლებს: ე.წ. «სამართავი პულტი», ანუ საკუთრივ ელექტროსადგური და ყველა მისი აგრეგატი განლაგებულია გალის რაიონის ტერიტორიაზე, ესე იგი მთლიანად ექვემდებარება სეპარატისტული სოხუმის კონტროლს. საბერიოში მყოფი ქართველი ენერგეტიკოსები აფხაზური დირექციის მითითებებს ასრულებენ მხოლოდ.
        აფხაზი სეპარატისტები ენგურჰესს თავის საკუთრებად თვლიან და მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით. კაცმა რომ თქვას (რეალობიდან გამომდინარე) ამაში არც ცდებიან, ვინაიდან ერთადერთი ბერკეტი, რაც საქართველოს საპასუხოდ გააჩნია, არის ენგურის კაშხლის დაცლა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩება აფხაზეთი (გაგრის ზონის გარდა) და მთელი საქართველოც.
        თუმცა ეს დიდი ვერაფერი ბედენაა, რაკი კაშხლის დაცლა და ენგურის წყლის ძველ კალაპოტში მიშვება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ ელექტროსადგურს სამუდამოდ კარგავს, რაკი მისი ხელახლა ამუშავება, ტექნოლოგიურად, ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის ტოლფასი სირთულის შეიძლება გამოდგეს.
        ამის მიუხედავად, ის გარემოება, რომ კაშხალს ქართული მხარე აკონტროლებს, აფხაზებს აიძულებდა, ჯერ ერთი, დათანხმებოდნენ ელექტროსადგურზე ქართული პერსონალის მუშაობას და გაეყოთ ელექტროენერგია პროპორციით 40 – 60 – თან. იმ დათქმით, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხსენებულ 40 პროცენტს აფხაზეთი ფაქტობრივად უფასოდ მიიღებდა, რაც სავსებით საკმარისია არა მხოლოდ მთელი აფხაზეთის გასაჩახჩახებლად, არამედ უფასო (!) ელექტროენერგიის გათბობისთვის გამოსაყენებლად, რაც ევროპის ქვეყნებშიც კი (ინგლისისა და საფრანგეთის გარდა) მეტისმეტ ფუფუნებად ითვლება.
        თუმცა, როდესაც ელექტროენერგია უფასოდ გაქვს, ამით გათბობას რა სჯობია? – ყველაზე სუფთა და მოხერხებული საშუალებაა.
        გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს კოდორის ხეობაზე, სადაც გადის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი «კავკასიონის» მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. მკითხველს შევახსენებ: 90 – იანი წლებში, ადგილობრივი დაჯგუფებები ხშირად აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და გამოსასყიდსაც სთხოვდნენ – წინააღმდეგ შემთხვევავში, სადენებს ერთი გასროლით წყვეტდნენ და ქვეყნის ენერგოსისტემას მომანეტალურად კოლაფსში აგდებდნენ.
        ბუნებრივია, აფხაზი სეპარატისტები ამ ბერკეტით უეჭველად ისარგებლებენ, რაკი იგი ხელში ჩაუვარდათ.
        ისიც გავიხსენოთ, რომ «კავკასიონით» ხორციელდებოდა და ხორციელდება არა მხოლოდ რუსული ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, არამედ პირიქით, - საქართველოში გამომუშავებული ენერგიის ექსპორტიც;
        სურათის დასრულებისათვის დავამატოთ ის გარემოება, რომ იგივე რუსეთი აკონტროლებს საქართველოში უდიდეს თბოელექტროსადგურს და დედაქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელს. ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე პრემიერ ნოღაიდელის მიერ შემოყვანილი ჩეხური «ენერგო-პროს» - ს მიღმა, ზოგიერთი ცნობით, იგივე ჩუბაისი დგას.
        ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელდა ელემენტარული შანტაჟი: თუ ქართული მხარე ენგურჰესის მართვის შემოთავაზებულ სქემას არ დათანხმდებოდა, მაშინ რუსეთი (აფხაზურ მხარესთან ერთად) აამოქმედებდა მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს. არადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ობივატელი, რომელიც აგვისტოს ომის შედეგებს ასე თუ ისე შეურიგდა (რაკი «თავს ზემოთ ძალა არ არის») – «უშუქობას» არაფრის დიდებით არ შეურიგდება და ამას არ აპატიებს!
        საკმარისია თბილისში კვლავ გრაფიკი დაწესდეს ელექტროენერგიაზე, რომ 2007 წლის მოვლენები ბევრად დიდი მაშტაბით განმეორდება.
        რუსეთს ამის განხორციელება ნამდვილად ძალუძს თუ მისი კომპანია გარკვეულ პრეფერენციებს არ მიიღებს; აფხაზურ მხარეს კი ყოველთვის ექნება ცდუნება, ესოდენ მძლავრი ბერკეტი («კავკასიონზე» კონტროლის ჩათვლით) იმავე შანტაჟისათვის გამოიყენოს, რათა საქართველოს ხელისუფლება მისი «დამოუკიდებლობის» აღიარებაზე თუ არა, გარკვეულ ლეგიტიმაციაზე დაიყოლიოს.
        მივაქციოთ ყურადღება, რომ გაფორმებულ მემორანდუმს და ხელშეკრულების მომზადებას გააფთრებით უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოხუმში; ეს ბუნებრივიცაა თუნდაც ერთი დეტალის გათვალისწინებით: ხელშეკრულება ფორმდება «ინტერ-რაოსთან» ანუ საქართველოში რეგისტრირებულ «შვილობილ» კომპანიასთან. გამოდის, რომ (აფხაზთა აღქმით) საქართველოში რეგისტრირებული კომპანია მართავს საწარმოს, რომელიც «დამოუკიდებელი აფხაზეთის» ტერიტორიაზე მდებარეობს და «მას ეკუთვნის».
        აფხაზური «ჩერნომორენერგოს» გენერალურმა დირექტორმა, რეზო ზანთარიამ ბოღმითა და გაანჩხლებით განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას, რომ «ქართველებს შეუძლიათ ენგურის წყალი გადასცენ რუსეთს სამართავად, რომელიც კაშხალზე გროვდება, თორემ თვით ელექტროსადგური ჩვენია და ჩვენს გარეშე ვერავინ განკარგავს».
        არ არის გამორიცხული, «რაო»-სთან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებამდე სოხუმმა საქართველოსთან ცალკე ხელშეკრულებაზე უარის თქმა და მემორანდუმის გაუქმება მოითხოვოს.
        მაშასადამე, რუსეთი ვალდებული ხდება აიძულოს აფხაზური მხარე, დაეთანხმოს ენგურჰესზე სრული კონტროლის «გაყოფას» თუ არა საქართველოსთან, ყოველ შემთხვევაში რუსეთთან მაინც, რაც სოხუმში ნამდვილად არ ეპიტნავებათ.
        მათთვის იდეალური ამჟამინდელი ვითარებაა.
        ხოლო რაკი საკუთარ ვალდებულებათა შესრულების გარანტად «ინტერ-რაო» «თელასისა» და «თბილსრესის» აქციებს (ანუ უაღრესად ლიკვიდურ აქტივებს) დებს, თუ იგი აფხაზურ მხარეს ვერ აიძულებს შეურიგდეს რეალობას, ეს აქტივები საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდება და ხელახლა სარფიანად გაიყიდება.
        ცოტა არ იყოს გაუგებარია (და უცნაურიც) მორიგი განცხადებები იმის თაობაზე, რომ «ხელშეკრულებით საქართველო ენგურჰესს კარგავს». კი მაგრამ, როდის აკონტროლებდა საქართველო ენგურჰესს 1993 წლის შემდეგ? ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სოხუმში მიიღებოდა, ხოლო სეპარატისტებს არაერთგზის შეუწყვეტიათ ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოსთვის – გალის რაიონში ქართველ პარტიზანთა მორიგი აქციის საპასუხოდ.
        ერთხელ ამგვარი რამ ახალი წლის ღამესაც მოხდა, თუმცა არ გახმაურებულა. სხვათა შორის, იმ პერიოდში «ჩერნომორენერგოს» აფხაზეთის ამჟანიმდელი პრეზიდენტი, - სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობდა.
        რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ჩუბაისი რუს სპეციალისტებს შემოიყვანს სადგურზე და ქართველ ენერგეტიკოსებს გამოყრის – ეს ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა იქნება და ზემოთხსენებული სანქციების (აქტივების კონფისკაცია) საფუძველს შექმნის.
        თვით ანატოლი ჩუბაისის მოტივაცია რასაკვირველია უმწიკვლო არ არის – ბუნებრივია, გარდა «ლიბერალური იმპერიალიზმის» მისეული კონცეფციის რეალისტურობის და წარმატებულობის დემონსტრირებისა, მისთვის ძალზე არსებითია ის მილიონობით დოლარი, რომელსაც ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის სამხრეთ რუსეთში გატანით მიიღებს.
        ესაა ტაქტიკური მიზეზები, რამაც, ჩემი აზრით, აიძულა პრეზიდენტი სააკაშვილი, ამგვარი შეთანხმების გაფორმებას დათანხებოდა. ზოგადპოლიტიკური მიზეზი კი გახლავთ, რომ აგვისტოს შემდეგ სერიოზული ცვლილებები მოხდა არა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის საგარეოპოლიტიკურ ტაქტიკაში, არამედ თვით «მიშას ფენომენში» - საქართველოს დღევანდელი ლიდერი დარწმუნდა: შევარდნაძისეულ «ბალანსირების პოლიტიკას» (უპირველესად, სწორედ საგარეო მიმართულებით) სინამდვილეში ალტერნატივა არ ჰქონდა და არა აქვს მრავალი მიზეზის გამო – მათ შორის ქართული საზოგადოების და პოლიტიკური კლასის თავისებურებათა გათვალისწინებით.
        ამრიგად, ძველი, რევოლუციური, აბსოლუტურად უკომპრომისო და შეურიგებელი, ყოველგვარი «ბალანსირების» მოძულე «მიშა» ამ შეთანხმების გაფორმებით სრულდება და ადგილს უთმობს უფრო ფრთხილ, მოქნილ, კომპრომისულ, პრაგმატულ პრეზიდენტ სააკაშვილს.
        მისი ოპონენტები კი (იგივე ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ალასანია) «ბალანსირების პოლიტიკის» ფარგლებში საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, რაკი პრობლემურია ერთის მხრივ მოუწოდებდე ხელისუფლებას «შეწყვიტოს რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა», «აღადგინოს ურთიერთობა», «დაიწყოს დიალოგი», «გამონახოს საერთო ენა მოსკოვთან», ხოლო მეორეს მხრივ, ისტერიკებს მართავდე, როდესაც ხელისუფლება სწორედ ამ ნაბიჯებს დგამს, ანუ კომპრომისულობას ამჟღავნებს და საერთო ენის, ესე იგი საერთო ინტერესების გამოძებნას ცდილობს ამა თუ იმ სფეროში.

14 იანვარი 2009 წელი