რუსეთი ნაბუკოს პროექტს ომს უცხადებს

რუსეთი ნაბუკოს პროექტს ომს უცხადებს

   საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება იყო - უპირველეს ყოვლისა ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისა და ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტისათვის.
        აქვე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა (მათ შორის დასავლური) წყაროების ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა, ბარაკ ობამას «მანდატით», საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გარანტია მისცა - რომ ამერიკა დაგვეხმარება ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებაში და განაგრძობს ეკონომიკურ მხარდაჭერას.
        ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს ამერიკის ადმინისტრაციას შეუძლია. რუსეთი მას ბევრად მეტად სჭირდება იმავე ავღანეთში ჩაფლული ნატოს არმიათა დასახმარებლად.
        არადა პუშტუნ-ტალიბთა უძლეველი ფანატიზმის წყალობით, ვითარება ამ ქვეყანაში თანდათან ემსგავსება იმ ჭაობს, რომელშიც თავის დროზე დიდი ბრიტანეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი დაიხრჩო.
        თეორიულად, ამერიკას საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლითაც შეუძლია სამხედრო დანიშნულების ტვირთთა ტრანსპორტირება, - ამაზე ჯერ კიდევ ამერიკის წინა ადმინისტრაცია ზრუნავდა, მაგრამ აგვისტოს დღეებში ბაქოში ჩასულ ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის მოულოდნელი წინააღმდეგობა შეხვდა პრეზიდენტ ალიევის მხრიდან, რომელმაც ამერიკა ყარაბაღის საკითხში სომხური ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და განუცხადა, რომ სულაც არ ეპიტნავება არაფრის სანაცვლოდ (ყარაბაღის საკითხში) «ალტერნატიული სამხედრო ტრანზიტის» თემით რუსეთის გაღიზიანება.
        თბილისში ტრიუმფალური ვიზიტის შემდეგ (აგვისტოს დღეებში)P რიჩარდ ჩეინისათვის ეს ცივი შხაპი იყო და ახალი ადმინისტრაცია ამ სუსხს არ შეიძლება არ ითვალისწინებდეს, თორემ სამხრეთკავკასიური დერეფნის გავლით ტვირთების ავღანეთში გადატანა შავი ზღვისა და კასპიის პორტების გამოყენებით ბევრად იაფიც ჯდება, ვიდრე ციმბირისა და ყაზახეთის გავლით.
        მეორეს მხრივ კი, ჰილარი კლინტონმა დაადასტურა ამერიკის დაინტერესება «ნაბუკოს პროექტით», რომელიც ითვალისწინებს კასპიის აუზის გაზის საბადოებიდან დასავლეთში ყოველწლიურად 30-40 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას.
        იგულისხმება არა მხოლოდ ირანული მარშრუტი, არამედ კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანა. ევროპელებმა ამ პროექტს «ნაბუკო» დაარქვეს - ლეგენდარული მეფე ნაბუქოდონოსორის საპატივცემულოდ. თუმცა, დღემდე გაუგებარია, რატომ იწვევს მათ ასეთ აღტაცებას ბაბილონის ის მეფე, რომელმაც ბიბლიური დედაქალაქი დაანგრია და გადაწვა.
        შედარებისათვის აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთი ყოველწლიურად ევროპაში 120 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდის. თუმცა ცენტრალური აზიის გაზი მაინც მნიშვნელოვნად შეამცირებდა დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთზე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს პროექტს ევროპული გაერთიანება.
        ოღონდ ეს ინტერესი რუსეთსაც ძალიან კარგად ესმის - მოსკოვში იციან, რომ თუ ამ ოდენობის საწვავი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მოხვდა, ეს გამოიწვევს, ჯერ ერთი, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების სამუდამოდ შეწყვეტას და (მეორეც) ცენტრალურ აზიაში დიდძალი თანხების შესვლას, რაც ამ რეგიონის რუსული გეოპოლიტიკური ორბიტიდან მოწყვეტას განაპირობებს.
        შესაბამისად, რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში ცდილობს გაწყვიტოს ეს «ხაზი» რუსული არმიის მეშვეობით, არამედ სხვა არა ნაკლებ აგრესიულ დიპლომატიურ და სამხედრო ხერხებს მიმართავს: მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის, აბდულაჰ გიულის ყოფნისას, პრეზიდენტმა მედვედევმა აღფრთოვანება ვერ დამალა ანკარას ამასწინანდელი განცხადების გამო - ნაბუკოს პროექტის წინააღმდეგ (როგორც ცნობილია, თურქეთი «ნაბუკოს» ევროკავშირში მისი მიღების პირობით უჭერდა მხარს) და კვლავ შესთავაზა შავი ზღვის ფსკერზე ახალი მილსადენის გაყვანა, რასაც თურქეთი ჯერ-ჯერობით არ თანხმდება, ვინაიდან დასავლეთსა და რუსეთს შორის მანევრირებას ცდილობს;
        ანკარაში დაბრუნებისას, გიულმა თქვა კიდეც: ჩემი განცხადება მთლად სწორად არ იქნა გაგებული - სინამდვილეში მზე და მთვარე ნაბუკოს პროექტზე ამომდისო.
        რაც შეეხება კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პროექტს, რამდენიმე წლის წინ, პუტინის ბრძანებით, რუსეთის კასპიის ფლოტილიამ სარაკეტო სროლებიც კი მოაწყო ნეიტრალურ წყლებში (ანუ იქ, სადაც მილსადენმა უნდა გაიაროს) რასაც დასავლეთშიც და კასპიის ორივე ნაპირზეც დიდი შეშფოთება მოჰყვა, თუმცა ამ «შეშფოთებისათვის» მოსკოვში ყურადღება არავის მიუქცევია.
        უკანასკნელი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, რუსულმა ფლოტმა კვლავ მიიღო ანალოგიური ბრძანება პუტინისაგან. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სამხედრო სწავლებებში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია - ტუ 160 ბომბდამშენები მიიღებენ მონაწილეობას.

        აუგებარია, ასეთ ვითარებაში რომელ «რუსული პოზიციების შერბილებაზე» საუბრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში? ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ აღიზიანებს «დათვს» და საბრძოლველად განაწყობს. კახა ბენდუქიძემ, ვინც რუსეთის ეკონომიკას ალბათ ყველაზე კარგად იცნობს საქართველოში, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხმები ნავთობის ფასებთან ერთად რუსეთის «ჩამოშლის» შესახებ გადაჭარბებულია, ვინაიდან რუსეთის მთავრობას 220 მილიარდიანი რეზერვი აქვს და ეს რესურსი რამდენიმე წელს იმ შემთხვევაშიც კი ეყოფა, თუ გადასახადებს საერთოდ არ აკრეფს; არადა მომავალ წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი სულ 8 პროცენტითაა განსაზღვრული.