რუსეთის «დიდი ელჩობა» საქართველოში

რუსეთის «დიდი ელჩობა» საქართველოში

           

        დღეს თბილისში ელიან რუსეთის წარმომადგენლობით დელეგაციას, რომელსაც უხელმძღვანელებს საგანგებო დავალებათა ელჩი, სტატს-მდივანი, ვალერი ლოშჩინინი    

        თუ გავითვალისწინებთ, რომ დელეგაციაში შევლენ, აგრეთვე, მეორე საგანგებო დავალებათა ელჩი (ანუ რუსეთის დიპლომატიური ელიტის წარმომადგენელი) მიხეილ მაიოროვი, აგრეთვე, ფედერალური უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო უწყების და თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნები, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ჩვეულებრივი და რიგითი ვიზიტი არ არის, რუსებს სერიოზული საკითხები აქვთ გასარკვევი თბილისში, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ვალერი ლოშჩინინი პრეზიდენტის წარმომადგენლიდან (იგი ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 3 წლის წინათ დანიშნა) ქართულ-აფხაზურ საკითხებში, თანდათან იქცა ძალზე მნიშვნელოვან ფიგურად მთლიანად საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამომუშავებისას.
        საყურადღებო სიმპტომია, რომ ლოშჩინინი, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას მიერ გამართულ ყველა მოლაპარაკებას _ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უშიშროების საბჭოსა და მთავრობაში. დელეგაციის თბილისში ვიზიტი კი, მოსკოვში პრემიერის მოლაპარაკებათა ერთგვარი გაგრძელებაა, ვინაიდან ზურაბ ჟვანიამ, პრეზიდენრის სახელით, მოსკოვში ერთი თვის წინათ ძალზე მნიშვნელოვანი «მესიჯები» ჩაიტანა, რაზეც რუსეთმა უკვე უნდა გასცეს პასუხი.
        მაგრამ დღევანდელ მოლაპარაკებათა რეფრენი მაინც ცხინვალში შექმნილი ვითარება იქნება. რუსები კვლავინდებურად (ისევე, როგორც იგორ ივანოვის ცნობილი «იდუმალი» სამსაათიანი ვიზიტისას) აპირებენ საქართველოს ხელმძღვანელებს, პრეზიდენტსა და პრემიერს ერთმნიშვნელოვნად განუცხადონ, რომ რუსეთი, თავისი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, არაფრის დიდებიღ არ შეურიგდება სამხრეთ ოსეთის (ისევე, როგორც აფხაზეთის) პრობლემათა ძალისმიერ გადაწყვეტას.
        ცხინვალიდან ჩრდილოეთისაკენ წასული პანიკური განცხადების ფონზე, რუსული სპეცსამსახურებიც ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, რომელთა დასკვნა, როგორც ჩანს, მოსალოდნელი ომის და საბრძოლო მოქმედებათა მოახლოებაა.
        თანაც, აქ რუსები ითვალისწინებენ არა იმდენად საქართველოს ხელისუფალთა სურვილს, მათ გეგმებს (რაკი საომარი გეგმები ამ ეტაპზე ნამდვილად არავის აქვს), არამედ შესაძლებლობასა და ალბათობას. ამ მიზეზით (ანუ შემთხვევით გასროლილი ჭურვით ან ერთი შეტაკებით) ცხინვალის რეგიონში მართლაც შეიძლება დაიწყოს უმართავი პროცესები, რის შემდეგაც ხელისუფლება იძულებული იქნება პროცესებს «ჩაჰყვეს»,
        მოვლენათა ამგვარ განვითარებას რუსეთი უეჭველად ძალას დაუპირისპირებს. ჯერ ერთი, მისი «სამშვიდობო ბატალიონის» და მოხალისეების» სახით, მართალია, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავინდებურად დაიძარაბ, მაგრამ «სამხრეთ ოსეთი» კრემლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომ ამ მიმართულებით ძალთა კონცენტრაციას რუსეთი ყოველთვის მოახერხებს.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კვლავინდებურად მოლაპარაკებათა ცენტრალური ფიგურა იქნება (მიხეილ სააკაშვილი კი გარკვეულ «დისტაცირებას» ეცდება, რათა სახელმწიფომ თავისთავად არ იკისროს რაიმე სუვერენული პასუხისმგებლობა), უკვე შეათანხმა პრეზიდენტთან ქართული მხარის მთავარი მოთხოვნები, ანუ ის მინიმუმი, რაც შექმნილი ვითარებიდან, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება «გამოდნეს».
        ეს არის ისევ და ისევ ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი ფაქტორის მოსპობა: ქართული დელეგაცია რუსებს შესთავაზებს ერთობლივი საბაჟო პუნქტის გახსნას როკის გვირაბთან. არ არის გამორიცხული, სანაცლოდ თბილისი დაეთანხმოს საბაჟო შემოსავლების დიდი ნაწილის დატოვებას «სამხრეთ ოსეთის» ბიუჯეტში, როგორც ეს თავდაპირველად აჭარის შემთხვევაში ხდებოდა. რასაკვირველია, ამას ცხონვალი არ დაეთანხმება, მაგრამ საქარტველოს შეეძლება, უარის შემთხვევაში, რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენოს და მოითხოვოს «თუნდაც მინიმუმი», ანუ ქართული საპოლიციო პოსტების დატოვება კონფლიქტის ზონაში.
        აქ რუსულ დელეგაციას ქართული «დაასწრებს», ვინაიდან ცხინვალის «გზავნილი» (იმავე ლოშჩინინისათვის) იმ პოსტების გაუქმება იქნება, რომელიც კონტრაბანდულ ნაკადებს ზღუდავს.
        მართალია, ერთი შეხედვით, თითქოსდა, არ არსებობს უშუალო კავშირი თბილისის მოლაპარაკებებსა და «ბაზების» თაობაზე მოსკოვის კონსულტაციებს შორის, მაგრამ სინამდვილეში, თბილისსა და მოსკოვს შორის ამ დღეებში უხილავი «არხები» იმუშავებს, რაც იმის გარანტიას ქმნის, რომ დიალოგი ორივე მხარის მიერ მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსში იქნება გააზრებული.
        შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თბილისი მიაღწევს იმ რეალობის პოლიტიკურ (არა იურიდიულ) ლეგიტიმაციას, რაც ამჟამად ჩამოყალიბდა კონფლიქტის ზონაში. ესაა ყველა ძირითად მაგისტრალზე, როგორც მინიმუმ, ერთობლივი კონტროლი (ქართული სოფლების მეშვეობით) და რუსეთიდან კონტრაბანდული ნაკადის შეზღუდვა.
        მეტის მიღწევა, ქვეყნის ამჟამინდელი რესურსების გათვალისწინებით, ალბათ, შეუძლებელია, თუმცა, თბილისი უკვე საკმარისად მომძლავრდა საიმისოდ, რათა არც ნაკლებს დასჯერდეს.

2004 წელი
        დილის გაზეთი