რუსეთის კავკასიური ჩიხი და უკანასკნელი იმედი

რუსეთის კავკასიური ჩიხი და უკანასკნელი იმედი

        ბაქოში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის შემდეგ, ჩვენს რეგიონში მოსკოვის პოლიტიკა საბოლოოდ «დალაგდა» და მკაფიო სახე შეიძინა: რუსეთი არ დაუშვებს ყარაბაღის კონფლიქტის «გალღვობას» და აზერბაიჯანს აფრთხილებს, რომ თუ ბაქო ძალას გამოიყენებს, საქმე უეჭველად მასთან ექნება.
        მაგრამ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს პრობლემა მხოლოდ სტაბილურობაშია. საკმარისია პრეზიდენტმა ალიევმა გააკეთოს, მაგალითად, განცხადება «ნატოს კარზე დაკაკუნების შესახებ» (როგორიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ «გააჟღერა» ჯერ კიდევ 2000 წელს – იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში) და კრემლი თვითონ დაიწყებს ყარაბაღის კონფლიქტის გამოყვანას «მძინარე» მდგომარეობიდან.
        სწორედ შევარდნაძის იმ განცხადების შემდეგ მოავლინა მოსკოვმა «სამხრეთ ოსეთში» კოკოითი, დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება, საბოლოოდ გახსნა საზღვარი აფხაზეთთან და შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.
        ზუსტად ასევე იმოქმედებს რუსეთი აზერბაიჯანის მიმართაც: თუ ალიევი ნატოს კარზე «მიუკაკუნებს», ყარაბაღის პრეზიდენტი ჯერ ვითომ «არაოფიციალური ვიზიტით» ეწვევა მოსკოვს, მერე ყარაბაღელები რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ და სცენარი განმეორდება.
        ესე იგი, მცდარია აზრი, თითქოს კრემლს მხოლოდ მშვიდობა აღელევებს და მეტი არაფერი. სინამდვილეში მშვიდობა მას მხოლოდ მანამ უნდა, სანამ სამიზნე ქვეყანა «მტრული» სამხედრო ბლოკისაკენ არ გაიხედავს. თუ მაინც გაიხედა, გაყინული სისხლიანი კონფლიქტის პირველი «გამლღობი» სწორედ რუსეთი იქნება – მისი დღევანდელი მშვიდობიანი რიტორიკის მიუხედავად.
        მაგრამ რატომ ანიჭებს მოსკოვი ასეთ მნიშვნელობას, შევა თუ არა რომელიმე ყოფილი სსრკ «მოკავშირე რესპუბლიკა» ნატოში? იმიტომ, რომ ამის შემდეგ მისი დაბრუნება ისევ რუსულ სივრცეში და პუტინის მიერ დაგეგმილ «ახალ საბჭოთა კავშირში» უკვე შეუძლებელი გახდება.

პრობლემური ქვეყანა

        სწორედ აქ არის გასაღები პუტინ-მედვედევის მთელი კავკასიური პოლიტიკისა. მას შეიძლება «ჩასაფრების» პოლიტიკა ვუწოდოთ; რუსეთი მართლაც «ჩასაფრებულია» და ელოდება დროს, რათა კავკასიის ქვეყნებში «ყირგიზული სცენარი» გაიმეოროს, შემდეგ კი ეს რესპუბლიკები მთლიანად დაიპყროს და ფაქტობრივად მიიერთოს იმავე სცენარით, რაც «დამოუკიდებელი აფხაზეთი» მიიერთა სინამდვილეში.
        გამოუვა თუ არა ეს მოსკოვს, მხოლოდ თვით კავკასიელებზეა დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით კი, «ჩასაფრებული რუსეთი» სერიოზულ პრობლემებს აწყდება: საქართველოს საკითხი მან ისე ვერ გადაწყვიტა, როგორც უნდოდა. ერთი რუსი პუბლიცისტი წერდა, რომ სინამდვილეში მოსკოვის წინაშე იდგა არა აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის», არამედ საქართველოს საკითხი და რომ 2008 წლის აგვისტოს შედეგად, რუსეთმა მხოლოდ სეპარატისტებს გადაუწყვიტა პრობლემები, მთავარი საკითხი კი ვერ გადაჭრა: საქართველო «დამოუკიდებელი აფხაზეთივით» ან «არეული ყირგიზეთივით» ვერ დაიმორჩილა.
        თავის მხრივ, საქართველოს «ვერ დამორჩილება» რუსეთს სერიოზულ თავის ტკივილს უჩენს როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიაში. ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტები გრძნობენ, რომ მათ ზურგს უკან უკვე რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანა კი არ არის (როგორც მე-19 საუკუნეში), არამედ მასზე განაწყენებული სახელმწიფო, რომელსაც მოსკოვმა ტერიტორიის 20 პროცენტი წაართვა, დაბომბა, ხალხი ამოუწყვიტა და ამას ვერასდროს დაივიწყებს – რომელიმე ხელისუფლებას რომც მოუნდეს დავიწყება. ამიტომ, ჩრდილო კავკასიაში მზარდი დაძაბულობა ნამდვილად უკავშირდება აგვისტოს აგრესიას. თანაც დაძაბულობა იზრდება როგორც დაღესტანში, ასევე აფხაზების მონათესავე ადიღურ ტომებში.
        ზოგიერთი თვლის, თითქოს რუსეთის «კავკასიური ტრიუმფის» მაჩვენებელია ჩეჩნეთის ამჟამინდელი «ლიდერის», რამზან კადიროვის ფენომენი. თუმცა, «პრეზიდენტი» ალბათ არც ეთქმის, რაკი თვითონ მოითხოვს: რუსეთში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა იყოსო. ესე იგი, რესპუბლიკათა ხელმძღვანელებს «მეთაური» ერქვას. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, კადიროვის ანეგდოტური ფიგურა საშუალებას აძლევს ჩეჩნურ ეთნოსს, თავი შეინარჩუნოს, რუსულ არმიას ერი მთლიანად არ ამოაწყვეტინოს. ხოლო რუსეთისადმი სიძულვილი დღეს მხოლოდ დაფარულია: საკმარისია მოსკოვს ერთი «ფეხი წაუცდეს», მცირედ დასუსტდეს და ჩეჩნური პრობლემა კიდევ უფრო ძლიერად იფეთქებს.
        გარდა ამისა, საქართველოსთან გაურკვევლობა პუტინ-მედვედევს სამხრეთ კავკასიაშიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ბოლოს და ბოლოს, სომხეთთან დამაკავშირებელი ყველა გზა საქართველოზე გადის. ახლახანს, გიუმრის სამხედრო ბაზას ვადა მიმდინარე საუკუნის შუა წლებამდე გაუგრძელდა, მაგრამ ამ ბაზას ხომ მომარაგება უნდა? როგორ მომარაგდეს, თუკი საქართველო თავის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთებს არ ატარებს? შესაძლებელია მხოლოდ ირანის ტერიტორიის გავლით.
        ანუ, რუსეთი ასეთ მარშრუტს იყენებს: კასპიის ზღვა–ირანი-სომხეთი. ეს თეირანზე მეტისმეტ დამოკიდებულებას ნიშნავს. ირანელ აიათოლებს კი, თავში როდის რა მოუვათ, - ძნელი სათქმელია.

ჩასაფრების პოლიტიკა

        ცნობილი სომეხი პუბლიცისტი პეტროსიანი 3 წლის წინ შემთხვევით როდი წერდა: «თუ რუსეთს კავკასიაში გეოპოლიტიკური გავლენის შენარჩუნება უნდა, საქართველოს კედელი» უნდა დაანგრიოსო. სხვები ამას «საქართველოს ბუფერს» უწოდებენ.
        პუტინმა კი სცადა დანგრევა ომის დროს, მაგრამ მხოლოდ ტერიტორიების წართმევა შეძლო - «ქართული კედელი» მთლიანად ვერ დაანგრია. დასავლეთმა მაშინ აგრძნობინა, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» გამო ომს არ დაუწყებს, ოღონდ ჩვენი ქვეყნის მთლიანად დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის მოსპობის უფლებას არ მისცემს.
        რა რჩება რუსეთს? მხოლოდ «ჩასაფრება» და იმის ლოდინი, რომ . . . ქართველები ამ კედელს საკუთარი ხელით დავანგრევთ! ესე იგი, ქვეყანაში დაიწყება ახალი პოლიტიკური დაპირისპირება, ქუჩის აქციები, შეტაკებები, სამოქალაქო ომი ან თუნდაც სერიოზული არეულობა, მერე დასავლეთი რუსეთს სთხოვს «წესრიგის დამყარებას იმ ველურ ქვეყანაში» და მოსკოვიც შეძლებს ყველა პრობლემის გადაწყვეტას.
        გასაღები მისი «კავკასიური ამოცანისა» სწორედ თბილისშია. არა ცხინვალში, არა სოხუმში, არამედ თბილისში!
        თუ იგი ამ მიზანს მაინც მიაღწევს, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება, რაკი საქართველოზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი (გარდა შიდა არეულობისა) მოსკოვს უკვე აღარ დარჩა: ტერიტორიები დაიპყრო; თუ რამ ეკონომიკური სანქციის გამოყენება შეიძლებოდა, ყველაფერი გამოიყენა; ენერგეტიკული თვალსაზრისით საქართველო მასზე აღარ არის დამოკიდებული. სამხედრო აქციებსაც ვეღარ ბედავს. დავაკვირდეთ, რომ ბოლო დროს რუსული სამხედრო თვითმფრინავები აღარ არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, რაკი დასავლეთის რეაქცია შეიძლება უკვე სხვა იყოს. დარჩა ერთადერთი, უკანასკნელი იმედი – ქართული ოპოზიცია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრჯერ გაახარა კრემლი და ბევრჯერ გადაუწყვიტა რთული გეოპოლიტიკური პრობლემები მაშინ, როდესაც გამოსავალი თითქოს აღარ ჩანდა.

2010