საერთაშორისო მიმოხილვა. 1 სექტემბერი 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 სექტემბერი 2022 წელი.

92 წლის (თითქმის) ასაკში გარდაიცვალა მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვი - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი/უკანასკნელი პრეზიდენტი.

იგი ცნობილია, როგორც ე.წ. Перестроика-ს ანუ `გარდაქმნის`, `გადაჯგუფების`, `წყობის შეცვლის` პროგრამის ავტორი.

 

გორბაჩოვი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფიგურა რუსეთის (ტრადიციული რუსული იმპერიის), ასევე საქართველოს და მთელი მსოფლიოს ისტორიაში. ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის მასზე მეტი გავლენა არ მოუხდენია კაცობრიობის ისტორიაზე.

რომ არა მიხეილ გორბაჩოვი, უფრო ზუსტად ის პროცესი, რომლის წამომწყები იგი გახდა, მსოფლიოს ისტორია შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო.

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მიხეილ გორბაჩოვს ამ პროცესში საბჭოთა კავშირის დაშლა სულაც არ უნდოდა: მისი მიზანი იყო იმპერიის მოდერნიზაცია და არა მისი დაშლა!

ამ აზრით, ის შეფასება, რაც 1988-1989 წლიდან ჟღერდა საქართველოს `ეროვნული მოძრაობის` მიტინგებზე: `მოდერნიზებული რუსული იმპერია` აბსოლუტურად ზუსტი იყო როგორც ფორმით, ასევე შინაარსით:

 

მიხეილ გორბაჩოვი ცდილობდა იმ უზარმაზარი იმპერიის არა დაშლას, არამედ მის შინაარსობრივ რეფორმირებას. `გადაკეთებას`,  რადგან მიხვდა, დაინახა, რომ ძველი კომუნისტური წყობა დალპა, ისტორიულად ჩამორჩა, ხოლო კომუნიზმი და სოციალიზმი დინამიურად განვითარებადი დასავლეთის წინაშე სრულიად უპერსპეტივოდ იქცა.

მარტივად თუ ვიტყვით, სსრკ მსოფლიოში საუკეთესო საშუალო ტანკებს Т-72 და `კალაშნიკოვებს` ან C-300 რაკეტებს კი აკეთებდა, მაგრამ ქალის ფეხსაცმელს ვერ კერავდა, მამაკაცის ქურთუკს  ვერ კერავდა, ავტომობილებს ვერ აშენებდა (რასაც საბჭოთა კავშირში` მანქანას` ეძახდნენ, იმ დროისთვისაც კი სამარცხვინო ანეგდოტი იყო)  ხალხს აშიმშილებდა - მაღაზიის დახლები ცარიელი იყო და ა.შ და ა.შ.

 

აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ვიგულისხმოთ, როგორ და რატომ აღმოჩნდა მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო ხმელეთის მეექვსედი ტერიტორიის სახელმწიფოს სათავეში.

ასეთი `შემთხვევითობები` ისტორიაში არ ხდება: საბჭოთა კავშირის ელიტებს, მათ შორის კომუნისტურ იერარქიას, იმ დროს უკვე დიდწილად `ხელი ჰქონდა ჩაქნეული` სოციალიზმზე, რაკი ყველაზე უკეთ იცოდა, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი სრულებით უპერსპექტივო დემაგოგიური სისულელე აღმოჩნდა.

კომუნისტური ნომენკლატურის უმაღლეს ეშელონებში იზრდებოდა ძველი წყობით (ე.წ. კომუნიზმით, სოციალიზმით) იმედგაცრუება, წყენა საბჭოთა კავშირის სამარცხვინო ჩამორჩენის გამო ამერიკისა და ევროპისგან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გარდა სამხედრო წარმოებისა.

 

ამასთან,  განსხვავებით ლენინის და სტალინის ეპოქისაგან, ნომენკლატურის უმაღლეს ეშელონებში უკვე იგრძნობოდა რუსული (!) რესენტიმენტებიც - აბსოლუტური უმრავლესობა ამ უმაღლესი ნომენკლატურისა ეროვნებით რუსი ეყო ლენინის და სტალინის ეპოქისგან განსხვავებით. მათ სურდათ `მოსკოვური სახელმწიფო` ქცეულიყო მსოფლიო ლიდერად და მიაჩნდათ, რომ ამგვარ განვითარებაში უკვე კომუნისტური წყობა უშლიდათ ხელს.

 

ამას დაემატა ნავთობზე ფასების კატასტროფული ვარდნა აშშ დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძალისხმევის შედეგად.

რონალდ რეიგანმა დაარწმუნა საუდის არაბეთის სამეფო, გაეზარდა ნავთობის წარმოება 1983 წლიდან. ამან განადგურების პირად მიიყვანა სსრკ ნავთობის წარმოება, რაკი 1 ბარელი ნავთობის ფასი 8 დოლარამდე დავარდა. შედარებისათვის, დღეს 1 ბარელი ნავთობი 100-120 დოლარი ღირს.

სსრკ ბიუჯეტი კი უდიდესწილად სწორედ ენერგომატარებლების ექსპორტზე იყო დამოკიდებული. სხვა ვერაფერი გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე.

გარდა ამისა, იმპერიის რუსული მმართველი ელიტა იმ დროს უკვე ცდილოდბა შეემცირებინა დასავლეთთან დაპირისპირება, შეეწყვიტა `ცივი ომი`, შესაბამისად კოლოსალური სახსრები აღარ დაეხარჯა შეიარაღებაზე, რაკეტებზე, ტანკებზე......

 

პირველ რიგში იმპერიის  მოდერნიზების გეგმა/იდეა მუშავდებოდა სსრკ საიდუმლო სამსახურის, КГБ-ს წიაღში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იური ანდროპოვი.

მიხეილ გორბაჩოვის ფანტასტიური კარიერული წინსვლა 1970 იანი წლებიდან (სტავროპოლის კრაიდან - მოსკოვამდე და კრემლამდე) სწორედ იური ანდროპოვის სახელს უკავშირდება:  გორბაჩოვი `ანდროპოვის კაცად` ითვლებოდა: სწორედ ანდროპოვი ეხმარებოდა მას შესულიყო სსრკ მმართველ ელიტაში, რადგან ანდროპოვმა ჩათვალა, რომ ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი, напористый, უკომპლექსო, ასე თუ ისე არატრადიციულად მოაზროვნე ადამიანი შესაძლოა წარმატებული ლიდერი გამხდარიყო მოსკოვური იმპერიის  მოდერიზაციის გეგმის განსახორციელებლად.

იგულისხმებოდა კერძო საკუთრების შემოტანა, სახელმწიფო საწარმოთა განსახელმწიფოებრივობა, საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრება ლიბერალური ეკონომიკის ელემენტებით ანუ ყველაფერი ის, რასაც იმ დროს უკვე აკეთებდა ჩინეთში დიდი რეფორმატორი დენ სიაოპინი და ბრწყინვალე წარმატებასაც აღწევდა.

ანდროპოვი და სსრკ მმართველი,  რუსი იმპერიალისტების ელიტა იმედოვნებდა, რომ ამგვარი რეფორმებით, ანუ `გარდაქმნით` მოსკოვურ დერჟავას შეინარჩუნებდნენ, განავითარებდნენ ისე, რომ კიდევ უფრო გააძლიერებდნენ.

ვიმეორებ: `მშობლიური დერჟავას` დაშლა მათ აზრადაც არ მოსვლიათ არასდროს. სინამდვილეში მისი მოდერნიზება სცადეს.

 

მარტივად რომ ვთქვათ, გორბაჩოვი და მისი გუნდი თვლიდა, რომ `მოსკოვური იმპერია` შენარჩუნდებოდა, თუ ვთქვათ ქართველი მევენახე ან ქართველი ბიზნესმენი დაინტერესებული იქნებოდა უბაჟოდ ევაჭრა და წაეღო ღვინო ან ყურძენი მოსკოვში, კრასნოაიარსკში და ასეთი `მილიონობით კერძო ინტერესის ბიზნეს-ძაფით     იქნებოდა შეკრული ის ვეება სახელმწიფო, რადგან ხსენებული ქართველი მეღვინე (მათი აზრით) დაინტერესებული იქნებოდა  საქართველოს სათავეში ისეთი ხელისუფლება მოეყვანა, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებაზე იზრუნებდა და არა საქართველოს დამოუკიდებლობაზე

ამ გათვლამ აბსოლუტურად არ გაამართლა, რადგან ეროვნული მოძრაობების და ერთა დამოუკდიებლობისკენ სწრაფვის ძალა არ გაითვალისწინა!

 

ლეონიდ ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ (1982 წ) იური ანდროპოვი КГБ-ს შეფობიდან სსრკ სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივნად დაწინაურდა. მაგრამ მძიმედ ავადმყოფი იყო და მალევე მოკვდა. მცირე ხნით უმაღლესი თანამდებობა ასევე ღრმად ავადმყოფმა კონსტანტინე ჩერნენკომ დაიკავა.

1985 წელს კი ჩერნენკო გორბაჩოვმა შეცვალა.

პირველი რაც გააკეთა, ედუარდ შევარდნაძე დანიშნა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად, რადგან ჩვენს ედუარდს ქარის მიმართულების გაფაქიზებული შეგრძნება ჰქონდა მუდამ და ჯერ კიდევ 1980 წელს, როცა საქართველოს მეზობელი სტავროპოლის კრაის კომუნისტ მმართველს, მიხეილ გორბაჩოვს ხვდებოდა, ყურში უჩურჩულებდა: `დალპა ყველაფერი....დალპა.....Всё прогнило…..`

შევარდნაძე, როგორც არაორდინალური და უდავოდ ნიჭიერი ადამიანი, გორბაჩოვს იმისთვის სჭირდებოდა, რათა დასავლეთთან `ცივი ომი` დაესრულებინა. ამ მხრივ გათვლა ზუსტი აღმოჩნდა: ეს საქმე შევარდნაძემ ნამდვილად წარმატებით აღასრულა.

 

მაგრამ....გორბაჩოვმა ვერ გაითვალისწინა ან არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა 1985 წელს, ლენინმა და სტალინმა შექმნეს, როგორც კომუნისტური პარტიის `ინსტრუმენტი`. ანუ სწორედ ერთმმართველი კომუნისტური პარტია იყო იმ სახელმწიფოს გულანი, ღერძი, ხერხემალი....კომუნისტური პარტიის მონოპოლიის მოშლა კი საძირკველს და ხერხემალს მოუშლიდა თვით სახელმწიფოსაც.

შეგახსენებთ:  როცა ჩინეთში რეფორმები დაიწყო, დენ სიაპონმა  კომუნისტურ პარტიას ხელი არ ახლო. არავითარ `მრავალპარტიულობაზე` არ ლაპარაკობდა, არც სიტყვის თავისუფლება დაუშვია ჩინეთში გორბაჩოვისგან განსხვავებით.

გორბაჩოვს კი ეგონა, თუ სიტყვის თავისუფლებას დაუშვებდა (ე.წ. Гласность), თუ კომუნისტურ ნომენკლატურას მოშლიდა, მაშინ  `ხალხის` მეტ მხარდაჭერას მიიღებდა და სოციალ-ეკონომიკური საძირკვლის შეცვლა ანუ `წყობის` შეცვლა, ფორმაციის ცვლილება, ახალი ეკონომიკის დაფუძნება გაუადვილდებოდა.

 

ამ გათვლამ არ გაამართლა: მიუხედავად უმაღლესი კომუნისტური ნომენკლატურის თავდაპირველი მხარდაჭერისა, საშუალო და ქვედა რგოლის კომუნისტური ნომენკლატურა ჩუმი და წარმატებული საბოტაჟის გზას დაადგა. `საბაზრო ეკონომიკა` რუსების უმრავლესობას არათუ არ ესმოდა, არამედ რუსი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა `სოციალური გათანაბრების` იდეით ტრადიციულად, ისტორიულად იმდენად გენეტიკურ/დამოკიდებული აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი საბაზრო რეფორმა (თუნდაც ბინების პრივატიზება და ყიდვა-გაყიდვა) საშინელ წინააღმდეგობას  აწყდებოდა: `ვინ რამდენს ჭამს და ვის რამდენი აქვს შემოსავალი, ვის ჟიგული ჰყავს და ვის ვოლგა` სხვა ამგვარი უბადრუკი გათვლები რუსული მასის აბსოლუტური უმრავლესობისთვის  კვლავინდებურად განმსაზღვრელი იყო.

ხოლო `სიტყვის თავისუფლება` მასაში (არა ინტელიგენციის მცირერიცხოვან ფენაში, არამედ მასაში) აღიქმებოდა `სსრკ დიადი ისტორიის შერყვნად`და ა.შ.

 

გარდა ამისა, მიხეილ გორბაჩოვმა `მოსკოვური სახელმწიფოს` მოდერნიზების პროცესში დაუშვა ერთი საბედისწერო შეცდომა: მან სცადა მოკავშირე რესპუბლიკების გათანაბრება ავტონომიებთან.

 

შეგახსენებთ, რომ სსრკ შემადგენლობაში შედიოდა 15 მოკავშირე რესპუბლიკა; ზოგიერთი მათგანის შემადგენლობაში კი შედიოდნენ ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქები და ავტონომიური ოკრუგები.

მაგალითად, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ `აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა`, `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა` და `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი`.

 `მოკავშირე რესპუბლიკათა და ავტონომიათა გათანაბრების` გორბაჩოვისეული იდეა იმას გამოიწვევდა, რომ მაგალითად საქართველო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშივე დაიშლებოდა  4 ნაწილად!

 

ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ `ჭკუისკოლოფების` საყურადღებოდ, ვისაც ჰგონია და ამბობს კიდეც სრულ სისულელეს: `ერთიანი მოსკოვური სახელმწიფო რომ არ დაგვეშალა,  დამოუკიდებლობისთვის  რომ არ გვებრძოლა, აფხაზეთსაც შევინარჩუნებდით და ცხინვალსაცო`.

ტყუილია! ობიექტურად, სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, გორბაჩოვის  პროგრამა გულისხმობდა საქართველოს რესპუბლიკის 4 ნაწილად დაშლას.

 

ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორბაჩოვს ეს პროგრამა მაინდამაინც საქართველოს წინააღმდეგ კი არ მოუგონია: იგი ყველას ეხებოდა. მათ შორის იმ უდიდეს მოკავშირე რესპუბლიკებს (უკრაინასა და უაზახეთს), რომლებსაც ავტონიმიები საერთოდ არ ჰქონიათ.

უკრაინას და ყაზახეთს არ ჰქონდათ ავტონომიები, მაგრამ უკრაინისა და ყაზახეთის ასევე სხვა უნიტარული (უავტონომიო) მოკავშირე რესპუბლიკების ნაციონალურ ელიტებს სულაც არ ეპიტნავებოდა, იმ ერთიან სახელმწიფოში დარჩენილიყვნენ სულ პატარა (ვტქვატ) `ბადახშანის ავტონომიურ ოლქთან` უფლებრივად გათანაბრებულნი და 15  მოკავშირე რესპუბლიკის ნაცვლად წარმოშობილიყო 52 `სრულიად თანაბარი` მოკავშირე რესპუბლიკა  -  ყოფილი ავტონომიების ჩათვლით.

ამ მეთოდით გორბაჩოვი, მისი რუსული ელიტა, იმპერიის  მოდერნიზებას ცდილობდა ისე, რომ ნაციონალური ელიტები დაემცრო და დერჟავა გაეძლიერებინა, - ეს დერჟავა უფრო მეტად ჰომოგენური გამხდარიყო: დიდი მოკავშირე რესპუბლიკები` დაებალანსებინა` იმით, რომ მათთან გაეთანაბრებინა პატარა ავტონომიები სსრკ შემადგენლობაში.

არ გამოუვიდა, რადგან უკრაინამ, ყაზახეთმა და სხვებმა არ მოინდომეს `ავტონომიებთან` გათანაბრება და იმპერიის მოდერნიზების  ჩუმი საბოტაჟის გზას დაადგნენ. თან ამ პროცესში ოსტატურად გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის, ბორის ელცინის ამბიციები და მისი პიროვნული სიძულვილი გორბაჩოვის მიმართ.

 

მეორეს მხრივ, საბაზრო ეკონომიკის ასე უცბად დამკვიდრებაც არ გამოუვიდა გორბაჩოვს.

ან როგორ გამოუვიდოდა, როცა ეს სისტემა ევროპაში 500 წლის განმავლობაში შენდებოდა, გორბაჩოვი კი 500 წლიანი წყობის 5 წელიწადში დამკვიდრებას ცდილობდა ისტორიულოად სრულიად უცხო, რუსულ ნიადაგზე?

განა როდის იყო რუსეთში ნორმალური საბაზრო ან `საქალაქო` ეკონომიკა?

1861 წლამდე ამ ქვეყანაში მონობაც კი არ გაუუქმებიათ, რასაც `ბატონყმობას` ეძახდნენ  და მონობის ფორმა იყო სინამდვილეში

 

გორბაჩოვი `ცივი ომის დასასრულის` ფასად დასავლეთს 100 მილიარდ დოლარს სთხოვდა (დღევანდელობაზე პროეცირებით ეს ალბათ სადღაც 500 მილიარდი დოლარია), სანაცვლოდ ატომური იარაღის შემცირებას პირდებოდა, მაგრამ უარი მიიღო: ამერიკას, ევროპას და იაპონიას სულაც არ ეპიტნავა მათი გადასახადის გადამხდელთა სიმწრით და ოფლით ნაშოვნი ფული გადაეხადათ ისედაც მარაზმში ჩავარდნილი სახელმწიფოს მოდერნზიებისთვის. ატომური იარაღოს ოდენობა კი მაინც შეამცირებინეს გორბაჩოვს და მერე ელცინს.

 

ანუ მთლიანობაში, `ანდროპოვ-გორბაჩოვის` გეგმა, მოსკოვური იმპერიის მოდერნიზებისა, სრული კრახით დასრულდა ზემოთხსენებული რამდენიმე სისტემური მიზეზით და 1991 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის ელიტებმა, ბორის ელცინის წინამძღოლობით, გორბაჩოვი კრემლიდან გააგდეს.\

ბორის ელცინმა ავტოკრატიული მეთოდებით საბაზრო რეფორმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში განახორციელა ასე თუ ისე (ოლიგარქიული ფორმებით) ამის გამო 1993 წელს კინაღამ სამოქალაქო ომი მიიღო; ის კომუნისტური ამბოხი 1993 წლის ოქტომბერში სისხლში ჩაახრჩო, 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგა და მემკვიდრედ КГБ-ს ნომენკლატურა, ვლადიმერ პუტინი დატოვა.

 

ვითომ `დემოკრატი` ხომ იყო ელცინი? მაგრამ მემკვიდრედ КГБ-ს ოფიცერი დატოვა.

რატომ? იმიტომ, რომ ელცინი ისეთივე რუსი იმპერიალისტი იყო, როგორც გორბაჩოვი და პუტინი დატოვა მემკვიდრედ, რათა მან დაპყრობითი ომებით აღადგინოს რუსული იმპერია ახალ პირობებში და ახალ საფუძველზე!

ჩვენი და რუსეთის მეზობელი სხვა ხალხების ბედი  ახლა უკრაინაში წყდება!