საერთაშორისო მიმოხილვა. 10 აგვისტო 2022 წელი
ყირიმის რუსულ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. როგორც ჩანს ეს უკრაინის დარტყმის შედეგად მართლა არ მომხდარა, - შემთხვევითობა/უპასუხისმგებლობა/უგერგილობა რუსული Пофигизм უფრო იქნებოდა.....თუმცა ასე იყო თუ ისე იყო, იმგვარი პანიკა გამოიწვია რუს `ტურისტებში`, სულ თავქუდმოგლეჯილი გარბიან რუსეთში უკან და სოციალურ ქსელებში პოსტავენ - ბათუმში წავიდეთ იქ სიმშვიდეაო.
. . . . . . . . . . . . . .
აშშ 45 პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საცხოვრებელი რეზიდენცია ფლორიდაში FBI-მ გაჩხრიკა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ (დეპარტამენტმა - Department of Justice-DOJ) აღძრა თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანის საქმეზე.
საქმე ისაა, რომ FBI-მ მოიპოვა ინფორმაცია, თითქოს 2021 წლის 6 იანვრის ამბოხის შემდეგ, როდესაც ტრამპის მომხრეები შეიჭრენ კაპიტოლიუმზე კონგრესის შენობაში, ტრამპმა ვითომდაც თეთრი სახლიდან გაიტანა დოკუმენტაცია, რაც მისი პრეზიდენტობის საკვანძო მოვლენებს ეხებოდა. მათ შორის არჩევნებსაც რასაკვირველია.
ამერიკის კანონმდებლობით ამის უფლება არავის აქვს. არც ერთ პრეზიდენტს.
ექს-პრეზიდენტის სახლის ჩხრეკა აბსოლუტურად გაუგონარი, უპრეცედენტო ამბავია ამერიკის ისტორიაში.
ბუნებრივია, ფლორიდის სასახლე (ვილლა) არ არის დონალდ ტრამპის ერთადერთი რეზიდენცია. მილიარდერ ტრამპს უამრავი რეზიდენცია აქვს. მათ შორის ნიუ იორკის `ტრამპ-ტაუერში`.
მაგრამ სწორედ ფლორიდაა მისი ყველაზე საყვარელი სახლი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს ანუ ჩვენებურად თუ ვიტყვით, სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უარყოფს, თუმცა სინამდვილეში FBI-მ წინასწარ გააფრთხილა ტრამპი: მოვდივართ, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ და მანდ ნუ იქნები - უხერხულია ჩხრეკას 45-ე პრეზიდენტის თანდასწრებით ვატარებდეთო. მით უმეტეს, რომ კონკრეტულად ტრამპის წინააღმდეგ ჯერ არ არის საქმე არძრული.
ისევ ჩვენებურად თუ ვიტყვით, საქმე `ფაქტზეა` ჯერ აღძრული, ტრამს ბრალდება არ წარდგენია.
თუმცა, ამერიკული მკაცრი კანონმდებლობით (სხვათა შორის ბევრად მკაცრის, ვიდრე ქართული კანონმდებლობაა ამ ნაწილში) საქმის შესაძლო ფიგურანტების სახლებშიც შესაძლებელია ჩხრეკა თუნდაც არ იყვნენ ბრალდებულნი ჯერ.
ვერაფერი იპოვეს!
ან კი როგორ იპოვიდნენ, თუკი წინასწარ გააფრთხილეს?
თუმცა DOJ (ჯერ-ჯერობით!) პრეზიდენტის ინსტიტუტის შებღალვას მოერიდა.
აბა როგორი წარმოსაგენია: მიმდინარეობს ჩხრეკა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სადღაცაა ატუზული იქვე, ჭიქა წყალს ითხოვს საწყალობლად და მას თავზე ადგას ვეება აფროამერიკელი პოლიციელი მკაცრი გამოხედვით, თვალების ბრიალით და მარჯვენა ხელით `კოლტის` ქამარზე.
ამის დროც მოვა, თუ FBI-მ მოიპოვა აბსოლუტურად უტყუარი და `წყალგაუვალი` მტკიცებულებანი ტრამპის ბრალეულობისა.
ახლა მთავარი დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, წინასწარ გააფრთხილეს თუ არა ტრამპი ჩხრეკის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ტრამპის სასახლეში ჩხრეკა მიმდინარეობდა, მისი სასახლის გარშემო ჩატარდა კარგად ორგანიზებული აქცია (მოტო-მსვლელობა ტრამპის მომხრეებისა, რომლებმაც დაგმეს `ეროვნული ლიდერის პოლიტიკური მიზნით დევნა`.
ამერიკელ სენატორთა ნაწილიც პროტესტს აცხადებს: `რას მოვესწარით ამერიკელები: ჩვენ რომ აზია-აფრიკა-ლათინური ამერიკა-რუსეთი-პოსტსაბჭოური სივრცის ხელისუფლებებს ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ არასასურველ პოლიტიკოსებს, ვისი არჩევნებში მონაწილეობაც აშინებთ, საქმეს `უკერავენ`, `საგადასახადოს` უგზავნიან, მტკიცებულებებს `თითხიან` ოღონდ კი რამე გამოჩხრიკონ ან შეთითხნონ და არჩევნებს ჩამოაშორონ.....ახლა ამერიკის ხელისუფლებაც ასე ექცევა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ძირითად კანდიდატსო`.
მაგრამ, მეორეს მხრივ იუსტიციის სამინისტრომ რა ქნას? არ გამოიძიოს 6 იანვრის ამბები? არ გამოიძიოს დოკუმენტების გაქრობა თეთრი სახლიდან და მათი ელექტრონული ბაზის წაშლა? ესეც ხომ მეორე უბედურება იქნება, თუკი ასეთი ფაქტები მართლა მოხდა და როგორც ჩანს მართლა მოხდა?
სერიოზული გამოწვევაა ზოგადად ამერიკული დემოკრატიისათვის.
თანაც დავაკვირდეთ, რომ ტრამპს, მისი მრავალმილიონიანი ადვოკატების რჩევით, საკმაოდ წონადი არგუმენტები მოაქვს.
ახლა დონალდი არა მხოლოდ იმას ამბობს უდანაშაულო ვარო (რა თქმა უნდა ამასაც ამბობს) არამედ მიუთითებს 2016 წლის ქეისზე, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა (!) პროვოკაციული მიზნით, ამერიკულ მედიას მიაწოდეს ცნობები, როგორ იყენებდა 2009-2012 წლებში იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (2016 წელს ტრამპის მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო არჩევნებზე) ჩვეულებრივ მეილს, ანუ Yahoo და Gmail ძალიან მნიშვნელოვანი მიმოწერისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის ელჩებთან და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ დახურული არხები გამოეყენებინა. კომუნიკაციის ამგვარი არხების მეტი რა აქვს ამერიკას? მაგრამ ჰილარი მართლაც გულარხეინად იქცეოდა.
ტრამპი მაშინ ამბობდა, რომ არ არის გამორიცხული, სწორედ ამ გულარხეინობამ გამოიწვია ლიბიაში ამერიკელი ელჩის მკვლელობა ისლამისტი ფანატიკოსების მიერ 2012 წელს. თითქოსდა სპეცსამსახურებმა ამ მიმოწერით გაიგეს კონკრეტულად რომელ რეზიდენციაში იმყოფებოდა ელჩიო.
ტრამპი მოითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მუხლით: `სამსახურეობრივი გულგრილობა რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვა` (რაღაც ამგვარი მუხლი ამერიკაშიც მოქმედებს) და რაკი საქმე მაშინ არ აღიძრა, ახლა ადანაშაულებს DOJ-ს `ორმაგ სტანდარტსა` და `შერჩევით მართლმსაჯულებაში`.
კაცმა რომ თქვას, არც თუ უსაფუძლოა ეს ბრალდება `შერჩევით მართლმსაჯულებაში`, მაგრამ...... როგორი მისაღები იყო მაშინ (2016 წელს) გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ და ამით ამერიკის ისტორიული, `დემოკრატიული პარტიის` ჩამოშლა?
ან ახლა როგორი მისაღებია გადაწყვეტილება 2024 წლის არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის ბრალდების შესახებ და ამით ისტორიული `რესპუბლიკური პარტიის` ჩამოშლა?
პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა. ერთ-ერთი სირთულეც სწორედ ისაა, მართლმსაჯულება განახორციელო ისე, სახელმწიფოს საყრდენები არ დააზიანო.
იმედი ვიქონიოთ, ამერიკული დემოკრატია ამ გამოწვევასაც უპასუხებს ღირსეულად.
. . . . . . . . . . . . . .
ხვალ, 11 აგვისტოს, რუსეთის მოთხოვნით ნიუ იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც რუსეთი კვლავ გაავრცელებს ფეიკებს უკრაინული არმიის მხრიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განუწყვეტელი მიზანმიმართული დაბომბვის შესახებ.
ამას ორი მიზანი აქვს:
ა) დააშინონ დასავლელი `ობივატელები` ბირთვული კატასტროფით, შესაბამისად დააშინონ დასავლური ელიტები და ხელისუფალნი, რომლებიც ამომრჩევლის განწყობებს ითვალისწინებენ; თუ არა და წაილეკებიან უახლეოს არჩევნებზე. ევროპაში ბევრი მთავრობა დაეცა უკვე წლის დასაწყისიდან.
ბ) აჩვენონ მთელს ევროპას, ამერიკასა და მსოფლიოს, რომ უკრაინა უკვე დამარცხდა და მის დახმარებას აზრი არა აქვს.
იმიტომ, რომ.....რა არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური?
გამაოგნებელი ცოფრია, რომ ომამადე იგი აწარმოებდა მთელს უკრაინაში მოხმარებული ელექტროენერგიის მეოთხედს. ვიმეორებ ამ გამაოგნებელ ციფრს: მთელს 41 მილიონიან უკრაინაში მოხმარებული ელექტროენერგიის მ ე ო თ ხ ე დ ს (25%!!!) აწარმოებდა ის ერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ამჟამად რუსი ოკუპანტების ხელშია უკვე.
ეს 25% რით შეიძლება ჩანაცვლდეს? უახლოეს წლებში, ფასთან ენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით აბსოლუტურად ვერაფრით ჩანაცვლდება. თუ....უკრაინამ იგი ვერ დაიბრუნა. ჰოდა სწორედ ამიტომ ცდილობს (რა თქმა უნდა ცდილობს!-დ) უკრაინა მის დაბრუნებას, რუსეთი კი გაეროს უშიშროების საბჭოს იწვევს.
ზაპოროჟიეს ატომური ელეტქროსადგური უდიდესია მთელს ევროპაში. მისი სიმძლავრე 6 000 მეგავატია. შედარებისთვის: ენგურის სიმძლავრე 600-700 მეგავატია.
. . . . . . . . . . . . . .
რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და პარალელურად აგრძელებს უკრაინის წინააღდმეგ საინფორმაციო ომს დასავლეთში: ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა განაცხადა, რომ ფილმს გადაიღებს `უკრაინის მხრიდან რუსულენოვან დონბასზე თავდასხმის` შესახებ.
ანუ იყიდეს სიგალი.
თითქოსდა რა მოხდა თუკი ეს მეორეხარისხოვანი მსახიობი იყიდეს? მაგრამ ასე არ არის: დასავლური სოციუმის ცნობიერება ისეთნაირადაა აწყობილი, განსაკუთრებით ბოლო საუკუნის განმავლობაში, რომ მისთვის კინო-ვარსკვლავთა პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობათა შექმნისას.
პირველხარისხოვანი მსახიობები და ვარსკვლავები (დავუშვათ ბრედ პიტი, კიანუ რივზი, მორგან ფრიმენი, დენზელ ვაშინგტონი და ა.შ) ასე პირდაპირ ვერ იყიდა პუტინმა. მაგრამ ისინი თუ რუსეთის წინააღმდეგ არ გამოდიან, არც ძალიან აკრიტიკებენ, რომ მათი მონაწილეობით ფილმებმა რუსულ ბაზრებზე პერსპექტივა არ დაკარგონ.
ევროპაში ბევრად უარესადაა საქმე: კრემლმა ფრანგი აქტიორი, ჟერარ დეპარდიე იყიდა, რომელიც უდავოდ დიდი ხელოვანია.
ყველა ეს `ცნობადი` სახე და ფიგურა კრემლს და მის საინფორმაციო ჯარებს ისევ და ისევ დასავლურ საზოგადოებებში შესაბამისი განწყობების შესაქმნელად ესაჭიროებათ. მით უმეტეს, როდესაც დასავლური საზოგადოებები იღლებიან რუსეთთან დაპირისპირებით: მათ ხომ ამაში კონკრეტული `ფასის` გადახდა უწევთ? სხვადასხვა დისკომფორტისა და ფასების გაძვირების სახით