საერთაშორისო მიმოხილვა. 15 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 იანვარი. 2024 წელი

ტაივანის ისტორიულ, ყველაზე კონკურენტულ არჩევნებზე, რომლის მნიშვნელობას აათმაგებდა გეოპოლიტიკური ვითარება, გაიმარჯვა მმართველი დემოკრატიულ-პროგრესისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა უილიამ ლაიმ (ლაი ცინდე).

ლაი ჩინეთთან დაახლოების მოწინააღმდეგეა. პეკინი მას „სეპარატისტს“ უწოდებს;

ლაის გამარჯვება და ოპოზიციური კანდიდატების დამარცხება იმას ნიშნავს, რომ ტაივანის საგარეო-პოლიტიკური კურსი (პროამერიკანიზმი და სი ძინპინის ჩინეთთან შეურიგებლობა), როგორც მინიმუმ გაგრძელდება. ან კიდევ უფრო გაძლიერდება იმავე, ხსენებული „გეოპოლიტიკური ფაქტორების“ და ამერიკა-ჩინეთის მზარდი კონკურენციის გამო.

ლაიმ ხმების 40% მიიღო, რაც ტაივანის პირობებში ძალიან ბევრია; მისი მთავარი კონკურენტი იყო პარტია „გომინდანის“ წარმომადგენელი ჰოუ იუი, ვინც უფრო „პროპეკინურადაა“ განწყობილი.

პეკინის პოზიცია უცვლელია: ომით იმუქრება, თუკი ტაივანის ხელისუფლება ჩინეთისგან ოფიციალურად დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

ჩინეთის ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს გომინდანს და მის კანდიდატს ამ არჩევნებზე. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ლაის გამარჯვება ჩინეთის მარცხია.

როგორც იცით, ტაივანს ოფიციალურად, დე იურე დამოუკიდებლობა დღემდე არ გამოუცხადებია, თუმცა დე ფაქტო რა თქმა უნდა სრულფასოვანი სახელმწიფოა და რეგიონში ამერიკის მეორე უმნიშვნელოვანესი საყრდენია იაპონიის შემდეგ.

მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის პროდასავლური კანდიდატის გამარჯვებისა, მდგომარეობა მაინც არ არის ერთმნიშვნელოვანი, რადგან „დემოკრატიულმა პროგრესის პარტიამ“ ვერ მიიღო უმრავლესობა პარლამენტში.

მოსალოდნელია, რომ იქ საპარლამენტო უმრავლესობას შექმნიან ოპოზიციური პარტიები.

პრეზიდენტის პარტიამ 51 მანდატი მიიღო ტაივანის პარლამენტში, „გომინდანმა“ – 52 მანდატი, ხოლო სახალხო პარტიამ 8 მანდატი.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დავოსის ფორუმი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა უკრაინის მხარდასაჭერად.

მოსალოდნელია, რომ ხვალ, 16 იანვარს, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი;

გუშინ ერთდროულად 80 ქვეყნის (მათ შორის აშშ და NATO-ს წევრი სახელმწიფოების) „უსაფრთხოების ოფისთა“ ხელმძღვანელები მსჯელობდნენ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულაზე“.

იგულისხმებიან ის თანამდებობის პირები, რომლებსაც ზოგ ქვეყანაში ჰქვიათ „ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები“ ამერიკაში - „პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში“ და ა.შ.

ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“ გულისხმობს რუსეთის დ ა მ ა რ  ც ხ ე ბ ა ს ანუ უკრაინის საზღვრების აღდგენას 1991 წლის მდგომარეობით.

ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი - აშშ, ევროატლანტიკური კავშირი, იაპონია, - ამგვარი განხილვების დროს ახერხებს ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობას.

პუტინმაც სცადა როგორც გატყობინებდით, აფრიკელ ლიდერთა სამიტის მოწყობა რუსეთში, თუმცა ის ლიდერები უფრო რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანაზე ლაპარაკობდნენ. დავოსის ფორუმზე კი ამ საკითხში უკრაინასა და დასავლეთს მხარს უჭერენ.

სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული შედეგი და მიღწევაა: მოსკოვი მუდამ ცდილობდა ძველი „ანტიკოლონიური ნარატივებისა“ და პოლიტიკის რეანიმაციას, რათა „გლობალური სამხრეთი“ - დასავლეთისთვის დაეპირისპირებინა.

არაფერი არ გამოუვიდა.

 

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთში მწვავდება კონფლიქტი პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (TVP) გარშემო.

ძალზე ჭკუისსასწავლებელი და საგულისხმო სიტუაციაა: საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვა მემარჯვენე, პროევროპულმა კოალიციამ, რომლის ლიდერია დონალდ ტუსკი - ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი. ყოფილი მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ გადავიდა ოპოზიციაში.

როგორც კი მთავრობის მეთაური გახდა და მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა, დონალდ ტუსკმა უბრძანა კულტურის მინისტრს, შეეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი და ხელმძღვანელობა იმ საბაბით, რომ TVP წინა ხელისუფლების „რუპორად“ იყო ქცეული;

ამას მოჰყვა       „სამართლისა და სამართლიანობის“ პარტიის ათი ათასობით მომხრის ქუჩაში გამოსვლა; ყოფილი პრემიერ-მინისტრი მორავეცკი TVP ოფისში შევარდა მხარდამჭერებთან ერთად და იქ პიკეტი მოაწყო.

ხელისუფლება იფიცება, რომ TVP ახალი ბორდი, ასევე ტელევიზიის ახალი რედაქცია და დირექტორატი ყველაფერს იღონებენ, რათა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური, დაბალანსებული იყოს.

აქ საინტერესო ისაა, რომ პოლონეთში, რასაკვირველია დიდი ხნის წინ დასრულდა „დიჯიტალიზაციის“ პროცესი და უამრავი დამოუკიდებელი ტელევიზიაა. მაგრამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პოლონეთში მაინც ყველაზე გავლენიანად და „შემძლედ“ ითვლება.

ბევრად მეტად, ვიდრე კერძო ან/და პარტიული ტელევიზიები.

სწორედ ამიტომ, მათ შორის, ეს ისტორია, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ შეშვენის ევროკავშირის და NATO-ს წევრ სახელმწიფოს: ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ადამიანს, რომ სადღაც ყოფილ სსრკ რესპუბლიკაში ხდება ყოველივე: ხელისუფლება იცვლება და საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ „პირველი ღილაკი“ ხელიდან-ხელში გადადის. მერე წინა ხელისუფლება ახალ ხელისუფლებას „ტელევიზიის მონოპოლიზაციაში“ ადანაშაულებს და პიკეტებს მართავს, ხალხი ქუჩაში გამოდის „ტელევიზიის დათრგუნვის“ საპროტესტოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ სიტუაციის სისტემური მიზეზი კი ის არის, რომ დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა პოლონეთში თავისი ნიშა ვერ იპოვეს. უფრო ზუსტად ვერ (მო) იპოვეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპი აძლიერებს შეტევას ნიკი ჰეილიზე, რადგან ეს ქალბატონი, გამოკითხვების თანახმად, შესაძლოა გახდეს მისი მთავარი მოწინააღმდეგე ბევრ შტატში პრაიმერიზის დროს.

ტრამპი ამბობს, რომ ნიკი ჰეილი ვერ იქნება კარგი პრეზიდენტი, რადგან „არასაკმარისად მკაცრი იყო ავტოკრატი ლიდერების - პუტინისა და სი ძინპინის მიმართ“.

ობიექტური დამკვირვებლები სვამენ კითხვას: თავად რამდენად მკაცრი იყო? განა 2016 წლიდან 2020 წლამდე, როცა პუტინს ყირიმი და დონბასი უკვე დაპყრობილი ჰქონდა, ტრამპის ამერიკამ რაიმე სანქციები შემოიღო? ან უკრაინას იარაღი მიაწოდა?

 

დღეს ღამით (თბილისის დროით) ამერიკაში გამოცხადდება აიოვას შტატის საპრაიმერიზო კოკუსის შედეგები. წინასწარი გამოკითხვით დონალდ ტრამპი ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს მთავარ მოწინააღმდეგეებს:

ტრამპი - 48% (!)

ნიკი ჰეილი - 20%

დე სანტისი - 16%.

ოღონდ აქ განსაკუთრებით ნიშანდობლივი და საგულისხმოა, რომ ქალბატონ ჰეილი გადის მეორე ადგილზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ბევრად მნიშვნელოვან შტატში, ნიუ ჰემფშირში გაიმართება კოკუსი, იქ ნიკი ჰეილის პოტენციურ ამომრჩეველს და (რაც მთავარია) „გადაუწყვეტელ ამომრჩეველსაც“ ექნება ფსიქოლოგიური მოტივაცია, არა დესანტისს არამედ სწორედ ჰეილის მისცენ ხმა, თუკი არ სურთ ტრამპი წარმოადგენდეს 2024 წლის არჩევნებზე „რესპუბლიკურ პარტიას“.

იმიტომ, რომ ჰეილიმ აიოვაში კარგი შედეგი უკვე აჩვენა.

შესაბამისად, როგორც ადრე გატყობინებდით, იქმნება სიტუაცია, როცა სწორედ ნიკი ჰეილი გაუწევს მეტოქეობას ტრამპს რესპუბლიკურ პრაიმერიზში მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.

ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი მაინც არ არის, მაგრამ დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სწორედ ნიკი ჰეილის „საპირწონეობა“ აწყობს „რესპუბლიკურ პარტიას“ ბევრად მეტად, თუკი ამ პარტიის ისტებლიშმენტს სურს დონალდ ტრამპის „შეკავება“.

თუმცა, საბოლოოდ, ეს მაინც იმ დონის სირთულეა, როგორც მთვარეზე გაფრენა, მაგრამ.....ამერიკელები მთვარეზე ხომ მაინც გაფრინდნენ?

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 ტრაგიკომედიაა ბევრი რამ, რაც რუსეთში ხდება: ქალაქ ნოვოსიბირსკში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რუსული მეგაპოლისია და მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ნახევარი იყინება სახლებში იმის გამო, რომ 1974 წელს გაყვანილი მილსადენი გასკდა.

ყინვა 20%-ია და ბინებში ლამის ყინულის ლოლუები გაჩნდეს. მოხუცები და ბავშვები უბრალოდ იხოცებიან გაციებით, გრიპით, ფილტვების ანთებით....

ხსენებულ მილსადენს 1994 წელს გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა. ახლა 2024 წელია ხომ?

ჰოდა ბევრი რუსი კითხვას სვამს: ის ძაღლთაპირი იდიოტი პუტინი, უკრაინის დაპყრობაზე და ტერიტორიების შემატებაზე რომ ზრუნავს და ასი ათასობით რუსს აგზავნის სასაკლაოზე, განა არ სჯობდა მილსადენების გამოცვლაზე ეზრუნა?

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან ორი ისრაელის მოქალაქე (დედა-შვილი) დაიღუპა „ჰესბოლლას“ თავდასხმის შედეგად

ირკვევა, რომ „ჰესბოლლამ“ (შიიტური დაჯგუფება, რომელიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებს ლიბანში) ისრაელის ტერიტორიას ტანკსაწინააღმდეგო (!) ჭურვი ესროლა.

ეს ეპიზოდი ადასტურებს, რამდენად სახიფათო მდგომარეობაშია ისრაელი არა მხოლოდ სამხრეთში, არამედ ჩრდილოეთშიც, ესე იგი ლიბანის საზღვარზე, თუკი ისრაელის მტრულ დაჯგუფებას შეუძლია არა რაკეტით, არამედ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვითაც კი მისწვდეს ებრაულ კიბუცებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

მინდა დავაზუსტო, რომ სამხრეთ აფრიკის სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ „პალესტინელ არაბთა გენოციდის“ ბრალდებით განსახილველად მიიღო რამდენიმე დღის წინ არა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, არამედ ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ.

ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუციაა: „ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო“ გაეროს ქვედანაყოფია და მას (განსხვავებით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან) არა აქვს უფლება ვინმეს  დაპატიმრების ორდერი გასცეს. თუმცა პოლიტიკურად მისი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ვთქვათ გაეროს გენერალური ასსამბლეის დადგენილებანი, თუმცაღა იურიდიული ძალა მათ არა აქვთ.

ჰააგაში დროდადრო ფუძნდება ხოლმე მესამე „ჰააგის სასამართლო“: გაეროს ტრიბუნალი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით იქმნება კონკრეტული საქმეების განსახილველად. 

ამრიგად, ჰააგაში სამი საერთაშორისო სასამართლოა:

ა) ჰააგის სისხლის  სამართლის საერთაშორისო სასამართლო;

ბ)ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო;

გ)გაეროს ტრიბუნალი,