საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მაისი 2022 წელი
რუსეთის ხელისუფლებამ `არასასურველ პერსონებად` გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა აშშ პრეზიდენტ ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ბლინკენს. ასევე კიდევ 900 ამერიკელ პოლიტიკოსს და თანამდებობის პირს: კონგრესმენებს, სენატორებს და ა.შ.
ბაიდენი ან ბლინკენი არც აპირებდნენ რუსეთში შესვლას, მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯია, რომლითაც პუტინი ამბობს: ან გავიმარჯვებ, ან დავემხობი, მაგრამ დასავლეთთან მოლაპარაკებები არ იქნება უკრაინის განადგურებამდე.
საეჭვოა მან ამ ჩლუნგი პოზიციის ბოლომდე `დაჭერა` შეძლოს.
თუმცა აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა მაინც აშშ პრეზიდენტისთვის `ბანის` დადება!
ამგვარი რამ სსრკ დიქტატორ იური ანდროპოვს (КГБ-ს მრისხანე შეფსაც კი) არ გაუბედავს რონალდ რეიგანისთვის ან სხვა ამერიკელი პრეზიდენტისთვის ცივი ომის დროს.
ეს უფრო ძალის დემონსტრირება კი არ არის, არამედ უკიდურესი ისტერიის გამოვლინებაა.
. . . . . . . . . .
პოლონეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური სირთულეები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ბერლინმა უარი უთხრა ვარშავას უახლესი გერმანული ტანკის (Leopard-2) გადაცემაზე, რის სანაცვლოდაც პოლონეთს უკრაინისთვის უნდა გადაეცა საბჭოთა წარმოების Т-72 ტანკები.
უფრო ზუსტად, პოლონეთის არმიამ (მას ეწოდება `ვოისკო პოლსკოგო`) უკრაინას უკვე გადასცა ყველა 240 (ორას ორმოცივე!!!) Т-72, რაც გააჩნდა, მაგრამ სანაცვლოდ გერმანიამ სცადა მისთვის მიეწოდებინა ტანკ Leopard-ის ძველი ვერსია ანუ Leopard-1 და არა Leopard-2.
პოლონელთა საყვედურებზე გერმანელები ამბობენ: Leopard-2 ჯერ გერმანულ არმიასაც არა აქვს მიღებული შეიარაღებაზე, ანუ გამოცდები არ დაუსრულებია და თქვენ როგორ მოგაწოდოთო.
თუმცა პოლონელები მაინც მკაცრად მოითხოვენ.
ცოტა კომიკურიც კია.
ეს ეპიზოდი კარგი ილუსტრაციაა იმისა, როგორ ვითარდება ურთიერთობა გერმანიასა და პოლონეთს შორის NATO-ს ფარგლებში: არ არის გამორიცხული გერმანიამ მაინც მიაწოდოს `ფრონტისპირა` პოლონეთს თავისი უახლესი ტანკები მაშინ, როცა ეს ტანკები საკუთარი არმიის შეიარაღებაზეც არ მიუღია ჯერ.
Leopard-2 დაახლოებით ისეთივე გენიალური ქმნილებაა, როგორც ახალი მერსედესი ან BMW-ს უახლესი მოდელი.
უკრაინელებმა მათი გამოყენება არ იციან: მათთვის საბჭოთა Т-72 სრულებით საკმარისია. მით უმეტეს, რომ თავის კლასში (საშუალო წონის ტანკებში) არ არის ცუდი მანქანა. უფრო პირიქით: საშუალო წონის ტანკებში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ის ტექნოლოგიები მაინც არა აქვს (როგორც თავდასხმის, ასევე თავდაცვის), რაც აბსოლუტურად გენიალურ გერმანულ Leopard-2-ს!
. . . . . . . . . .
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი, რომელიც ახლახანს აიძულეს გადამდგარიყო `როსნეფტის` დირექტორთა საბჭოს წევრობიდან, ვალდებულია ყველა სხვა თანამდებობაც დატოვოსო რუსეთში. მათ შორის ის თანამდებობები, რაც `გაზპრომში` უკავია.
ეს სამარცხვინო ისტორია დაიწყო 2006 წელს, როცა გერჰარდ შრიოდერი ახალი გადამდგარი იყო კანცლერობიდან, რაკი მისმა `სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ` წააგო არჩევნები ანგელა მერკელის `ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან` და პუტინის წინადადებით, `გაზპრომში` დაიკავა მაღალი თანამდებობა.
იქ გერმანიის ექს-კანცლერის პოსტი `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენის ლობირებას გულისხმობდა.
ანუ გულისხმობდა იმ პოლიტიკის ლობირებას, რომლითაც პუტინი ცდილობდა `ენერგეტიკული ბერკეტით` უკრაინის მოხრჩობას და ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას.
ოღონდ.......აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მაშინ გერჰარდ შრიოდერმა ეს თანამდებობა დაიკავა იმავე ანგელა მერკელის (ანუ ახალი კანცლერის) ნ ე ბ ა რ თ ვ ი თ!
ანგელა მერკელი საკუთარ თამაშს იწყებდა პუტინთან და შრიოდერი მას დაეხმარებოდა.
რომ არა ანგელა მერკელის და გერმანიის `ქრისტიან-დემოკრატიული` მთავრობის იმდროინდელი (2006წ) თანხმობა, შრიოდერი ამას ვერ გაბედავდა, რაკი გერმანიაში მოქმედებს უსასტიკესი კანონები კორუფციის, ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ მოქმედ, არამედ ყოფილ ჩინოსნებსაც ეხება კიდევ დაახლოებით 15-20 წლის განმავლობაში თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.
თუ გაჩნდა მცირე ეჭვი მაინც, რომ თანამდებობის პირი საკუთარ ძალაუფლებას იყენებდა იმ მიმართულებით, სადაც მან შემდეგ პოსტი დაიკავა უდიდესი ხელფასით, გერმანიის პროკურატურა უმალვე აღძრავდა საქმეს.
აი ახლა თუ არ დაემორჩილა შრედერი ოლაფ შოლცის მოთხოვნას და არ წამოვა `გაზპრომიდან` სწორედ ასე მოხდება.
ოღონდ ეს ახლა, - 2022 და არა 2006 წელს!
მაშინ `კეთილი ბებია ანგელა` სხვა ხასიათზე იყო.
. . . . . . . . . .
რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს უკრაინისა და ზელენსკის წინააღმდეგ: ერთ-ერთ ბრიფინგზე რუსული` საგარეოს` PR-ს, მარია ზახაროვას ჰკითხეს პროვოკაციულად: თუკი იტალიამ რუს პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვს აგარაკი ჩამოართვა იტალიაში, კომოს ტბაზე, ეგებ ჩვენც ჩამოვართავთო ზელენსკის მისი აგარაკი ყირიმში, (რომელიც უკრაინის პრეზიდენტს სრულიად ფორმალურად ეკუთვნის).
ზახაროვამაც უპასუხა საინფორმაციო `ტექნოლოგიის` დაცვით: `რას ბრძანებთ, ჩვენ ხომ იტალია და ევროკავშირი არა ვართ: რუსეთი კერძო საკუთრებას უდიდეს პატივს სცემსო`.
ცინიზმის და იქედნურობის მწვერვალია.
. . . . . . . . . .
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ დონბასზე უკრაინული არმიის რიცხოვნობა 44-45 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერია. ხოლო მთლიანობაში უკრაინული არმია, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე - 700 000 ჯარისკაცი და ოფიცერი.
გასაგებია, რომ უკრაინული არმიის დიდი ნაწილი სხვა რეგიონებშია გადანაწილებული, რადგან აუცილებელია დაიცვან ოდესა, აუცილებელია `დახვდნენ` რუსულ არმიას თუკი რუსი აგრესორები დნესტრისპირეთიდან შემოიჭრებიან, კვლავ ბელორუსიიდან შემოიჭრებიან, ისევ შეუტევენ კიევს, ლვოვთან დესანტს გადმოსხამენ და ა.შ და ა.შ
რუსული არმიის საერთო როცხოვნება 1 მილიონამდე ჯარისკაცი და ოფიცერია. თუმცა, ახლა უშუალოდ დონბასზე რუსეთს 100 ბატალიონ/ტაქტიკური ჯგუფი აქვს კონცენტრირებული, რაც დაახლოებით 90-100 000 ჯარისკაცი და ოფიცერია.
გამოდის, დონბასზე, სადაც პუტინმა შეტევა დაიწყო მარიუპოლის სრულად დაპყრობის შემდეგ, რუსეთს რიცხობრივი უპირატესობა აქვს და სამწუხაროდ ინარჩუნებს კიდეც შანსს, თავდაცვითი ზღუდე გაარღვიოს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის მაჩვენებელია: ელემენტარული სამხედრო ხელოვნებითა და მეცნიერებით, როცა ქვეყანა თავს იცავს, მან არ უნდა მისცეს მტერს საშუალება, იოლად მოახდინოს ძალთა კონცენტრაცია იმ მიმართულებით, რაც იმას აწყობს! რა არის ამისთვის საჭირო? რა თქმა უნდა შეტევა მტრის ტერიტორიაზე, ანუ ომის გადატანა მტრის ტერიტორიაზე - იქ, სადც იგი შეტევას არ ელის და არც ჯარები ჰყავს კონცენტრირებული.
მაგალითად, უკრაინის არმიამ თითქმის მთლიანად გაათავისუფლა ხარკოვი და გავიდა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.
`იქით`რუსული ჯარები საერთოდ აღარ არიან: რუსებს საომრად მობილიზებული მთელი თავისი ბატალიონ/ტაქტიკური ოპერატიული ჯგუფები დონბასზე აქვთ გადასროლილი იმიტომ, რომ....იციან: უკრაინა ვერ გაბედავს ომის გადატანას რუსეთის ტერიტორიაზე! ვერ გაბედავს დაიწყოს შეტევა მოსკოვისკენ ან თუნდაც ბელგოროდისა და კურსკისკენ! ვერ გაბედავს `შეაწუხოს` რუსები მათსავე ტერიტორიაზე და ამით აიძულოს რუსული ჯარები `გადაანაწილოს` ისევე, როგორც უკრაინაა იძულებული ძალები `გადაანაწილოს` ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, რადგან არ იცის, სად შეუტევს რუსეთი, სად გადმოსხამს დესანტს და ა.შ.
რუსებს რომ ანალოგიური შიში ჰქონდეთ, მაშინ ისინი უკრაინასთან საზღვარს ხარკოვის მიმართულებაზე დაუცველს კი არ დატოვებდნენ, არამედ იმ 100 ბატალიონ/ტაქტიკური ჯგუფიდან - ოცს მაინც იქით გადაისროდნენ, სადაც პოტენციურად უკრაინას შეუძლია შეუტიოს. შესაბამისად, დონბასზე შეტევაც შესუსტდებოდა ან შენელდებოდა.
ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ უკრაინული გენერალიტეტი ვერ ბედავს საპასუხო შეტევების განხორციელებას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე (რასაც მოითხოვს ელემენტარული სამხედრო მეცნიერება, ტაქტიკა და სტრატეგია) რადგან თუ ომი გადავა რუსეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა მოსკოვმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამიტომ დასავლეთიც ყოველნაირად აფრთხილებს უკრაინას: არ შეუტიოთ რუსეთის ტერიტორიას არც ერთ მონაკვეთზე, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, რადგან ამას მოსკოვი გამოიყენებს საბაბად ტაქტიკური ბირთვული იარაღის ასამოქმედებლადო.
ოღონდ......ეს იგივეა თავდამცველ მხარეს ხელ-ფეხი შეუკრა, ხოლო თავდამსხმელსა და აგრესორს ხელ-ფეხი გაუხსნა! ასე უკრაინა, სამწუხაროდ, შეიძლება მაინც დამარცხდეს მიუხედავად უკრაინელთა მთელი გმირობისა!
სამხედრო ხელოვნების არსი ძალთა კონცენტრაციის ხელოვნებაა.
როდესაც ერთ მხარეს აქვს საშაულება ძალთა კონცენტრაციისა კრიტიკული მიმართულებებით, ხოლო მეორეს არა აქვს საშაულება ეს კონცენტრაცია ჩაშალოს იმით, რომ აიძულოს მტერი `გაფანტოს, გაშალოს` თავისი ძალები, აგრესორი ძალიან დიდ უპირატესობას იძენს ამით.