საერთაშორისო მიმოხილვა. 25 სექტემბერი. 2024 წელი
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მორიგი სკანდალია: აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც რუსეთმა აღადგინა 2013 წელს, ერთ-ერთმა რუსმა ტურისტმა განცვიფრებით აღმოაჩინა შამილ ბასაევის ფოტოსურათი წარწერით: „აფხაზეთის ეროვნული გმირი“.
თავდაპირველად შეგახსენებთ, ვინ არის ეს შამილ ბასაევი:
ეთნიკური ჩეჩენი, რომელიც 1992 -1993 წლებში აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ და მეთაურობდა ე.წ. „მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ ბატალიონს.
ეს ბატალიონი ძირითადად შედგებოდა აფხაზთა მონათესავე ადიღე, ჩერქეზი და ყაბარდოელი ეთნოსების წარმომადგენლებისგან (სინამდვილეში ერთი ხალხია _ ჩერქეზები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობენ-დ.) თუმცა „ბასაევის ბატალიონში“ ჩეჩენიც მრავლად იყო.
მას შემდეგ, რაც „მთიელ ხალხთა კონფედერაციისა“ და რუსული არმიის მეშვეობით აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა აფხაზეთში, შამილ ბასაევი დაბრუნდა ჩეჩნეთში. ის აქტიურად იბრძოდა რუსული არმიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 1994 წლის დეკემბრიდან რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა იქ ჯარი შეიყვანა და რუსეთის სუვერენიტეტის აღდგენა სცადა დამოუკიდებელ ჩეჩნეთში.
შამილ ბასაევის ჩეჩნურმა რაზმმა (ჩერქეზები ჩეჩნეთიდან გაიძურწნენ, რაკი რუსეთთან არ გაუვიდოდათ ის, რაც საქართველოსთან გაუვიდათ-დ) რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო:
1995 წლის 19 ივნისს შამილ ბასაევის რაზმი რუსეთის სიღრმეში მდებარე ქალაქ ბუდიონოვსკში შეიჭრა და ორსული ქალები მძევლად აიყვანა.
რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა: შეწყვიტე ჩეჩნეთის წინააღმდეგ აგრესიაო.
მოსკოვმა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, შამილ ბასაევი უკან, ჩეჩნეთში დააბრუნა.
ის პირველი ჩეჩნური ომი კი სულ მალე დასრულდა: რუსეთმა (გენერალმა ლებედმა) ფაქტობრივად კაპიტულაციას და ჩეჩნეთიდან რუსული არმიის გამოყვანას ხელი მოაწერა.
მაგრამ მეორე ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როცა რუსეთის პრეზიდენტი უკვე ვლადიმერ პუტინი იყო, ბასაევი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს 2006 წელს.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ მოკლეს:
საქართველოს პანკისის ხეობაში იპოვეს მსტოვარი ქისტი, რომელიც ბასაევს დაჰპირდა არაბული ქვეყნიდან იარაღს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს გამოვატარებთო; სინამდვილეში ეს ქისტი რუსული სპეცსამსახურების აგენტი იყო; მართლაც ჩამოიტანეს იარაღი, მაგრამ ამ იარაღში ბომბი იყო ჩადებული, რაც შემდეგ რუსებმა კოსმოსური თანამგზავრიდან ააფეთქეს, როდესაც ბასაევი ინგუშეთში ჩავიდა იარაღის წასაღებად.
უცნობია, იყვნენ თუ არა „საქმის ყურში“ საქართველოს სპეცსამსახურები 2006 წელს რუსების ამ სპეც-ოპერაციის შესახებ.
თუ იცოდნენ და ხელიც შეუწყვეს ამ გარეწარი ტერორისტის ჩაძაღლებას, - რომელსაც ხელები იდაყვამდე აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლში ჰქონდა გათხვრილი, - ძალიანაც კარგად მოქცეულან.
აი სწორედ ამ პირსისხლიანი ტერორისტის ფოტო აღმოაჩინა რომელიღაც რუსმა ტურისტმა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.
ის რუსი რასაკვირველია დარწმუნებული იყო, რომ „რუსეთმა გადაარჩინა აფხაზეთი“, „რუსეთი არჩენს აფხაზეთს“, ეს მუზეუმიც „რუსეთმა აღუდგინა აფხაზეთს“ და......„თვალებს არ დავუჯერე ბასაევის ფოტო რომ დავინახეო“
ამის შემდეგ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა: სოხუმში რუსეთის საელჩომ მიმართა მუზეუმს და მოითხოვა ბასაევის ფოტოს ამოღება ექსპოზიციიდან.
მუზეუმმა უკმეხად უპასუხა: „შამილ ბასაევი აფხაზეთის ეროვნული გმირია; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებაში და ამ ფოტოს ექსპოზიციიდან არ ამოვიღებთ მანამ, სანამ აფხაზეთის სასამართლო არ მოგვთხოვს ამას ან/და სანამ შამილ ბასაევს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდებას არ ჩამოართმევენო“.
ამის შემდეგ რუსეთის ელჩმა „მოსკოვში დარეკა“;
მოსკოვიდან „დაურეკეს“ აფხაზეთის ხელისუფალთ და ისეთი დაუცაცხანეს.....აფხაზეთის მთავრობა იძულებული გახდა ამოქმედებულიყო. ოღონდ.......როგორც ყოველთვის „ტექნოლოგიურად იმოქმედეს“: მოთხოვნის მიუხედავად, თვით შამილ ბასაევის ფოტო კი არ ამოიღეს ექსპოზიციიდან, არამედ ექსპოზიცია დროებით დახურეს.
არადა მოსკოვი ამას სულაც არ მოითხოვდა: ექსპოზიციის დახურვა კი არა (მით უმეტეს დროებით) არამედ ამ ექსპოზიციიდან შამილ ბასაევის ფოტოს ამოღებას მოითხოვდა კრემლი.
გამოდის, ფოტო ექსპოზიციაში დარჩა, თუმცა თვით ექსპოზიცია დროებით დაიხურა.
ასე „ტექნოლოგიურად“ მოქმედებენ აფხაზური ელიტები მაშინაც კი, როცა იძულებულნი არიან მოსკოვის მიმართ დათმობაზე წავიდნენ.
რა ბედი ეწევა ბასაევის ფოტოს, ჯერ უცნობია.
მოსკოვი გაღიზიანებულია და ბრდღვინავს.
რუსული სოციალური ქსელები კი წ ა ლ ე კ ა რუსი შოვინისტების ბღავილმა: „ეს უმადური ღორი აფხაზები....ჩვენ გადავარჩინეთ....ვაჭმევთ, ვასმევთ....ისინი კი.....სახეში გვაფურთხებენ კი არა და......უკვე ნეხვს გვესვრიან სახეზე და.......რუსი ბავშვების მკვლელი ბასაევის სურათი.......ქართველებს რას უშვებოდა არ გვაინტერესებს მაგრამ რუსი ბავშვების მკვლელი.......დავაბრუნოთ ეგ უმადური ღორები ისევ საქართველოს შემადგენლობაში......ქართველები ასწავლიან ამაგთ ჭკუას....“და ასე შემდეგ.
ბუნებრივია, ეს ისტორია მოსკოვს კიდევ უფრო გააბრაზებს და ბოლოდროინდელი ტრენდი აფხაზეთის „ფინანსური მოხრჩობის“ მცდელობისა გაგრძელდება.
მეტ-ნაკლები წარმატებით, რაკი როგორც ბევრჯერ ვთქვით, აფხაზურ ელიტებს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ დაგროვილი თურქეთის და სხვა ქვეყნებს ბანკებში და დიდ დახმარებასაც იღებენ ირიბად. მათ შორის NGO არხებით.
მთავარი ბერკეტის გამოყენებას კი (ანუ საზღვრის ჩაკეტვას ფსოუზე) პუტინი ჯერ-ჯერობით ვერ ბედავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე საინტერესო ისტორია, რაც გუშინ მოხდა აფხაზეთში:
ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ ე.წ. „წინამძღვარ“ დოროფეი დბარს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავს დაესხა ვინმე ბარათელია, რომელმაც თავის ძმასთან ერთად, შარშან დაასახიჩრა აფხაზეთის სახელგანთქმული „მუხის ხე“ სოფელ ლიხნში.
ეს ძმები ბარათელიები არიან ფანატიკოსი მორწმუნე ქრისტიანები, რომლებიც „აღატკინა“ ვინმე დონეცკელმა რუსმა მამაომ, რომელიც ასევე რუსი „პრავასლავნია“.
ეს „პარავსლავნი რუსი მამაო“ აფხაზ ძმებ ბარათელიებს ეუბნებოდა, რომ ლიხნის მუხის ხე და საერთოდ აფხაზების წარმართული ჩვეულებანი ქრისტიანობის შეურაცხყოფაა.
ამიტომ ძმები ბარათელიები შეიპარნენ სოფელ ლიხნში და დაასახიჩრეს ლეგენდარული მუხის ხე რომელიც (აფხაზთა მტკიცებით) 1200 წლისაა.
ბარათელიები მაშინვე დააპატიმრეს, მაგრამ ვერაფერი მიუსაჯეს ამ ძმებს - შეშლილებად გამოაცხადეს.
ოღონდ მაშინ მამა დოროფეი დბარმა, ვინც „მრევლთან“ ერთად დაიკავა და დღემდე დაკავებული აქვს ახალი ათონის რუსული მონასტერი, დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ძმები ბარათელიები სასტიკად უნდა დაისაჯონ, რაკი სინამდვილეში აფხაზური წარმართობა და მთის ძველის ძველი რწმენანი ქრისტიანობას კი არ შეურაცხყოფს, არამედ „აფხაზური ქრისტიანობის“ რაღაც უნიკალურ ქსოვილს ქმნის.
ამიტომ წარმართობას კი არ უნდა ვებრძოლოთ აფხაზები, არამედ „აფხაზური ქრისტიანობა“ უნდა გავაძლიეროთო.
აბსურდია რასაკვირველია, ოღონდ აქ მთავარი და ნიშანდობლივი ისაა, რომ მამა დოროფეი დბარი იმ დონეცკელ რუს მამაოსაც დაუპირისპირდა, რომელმაც „აღძრა ბარათელიები“ ლიხნის მუხის დასასახიჩრებლად და მას სულ „რუსი შოვინისტი იმპერიალისტი“ ეძახა.
აფხაზეთის „ოფიციალურ ეკლესიასაც“ გადასწვდა დბარი: ეს რუსი შოვინისტი ბატიუშკა ჩამოათრია აფხაზეთში და აძიუბჟას ეკლესიის (აღმოსავლეთ აფხაზეთის, მათ შორის ილორის) ეკლესიები ჩააბარაო.
დოროფეი დბარის მომხრეები იმასაც წერენ, რომ ამგვარი „მამაოების“ გამოგზავნით კრემლი აფხაზეთის „რელიგიურ კოლონიზაციას ცდილობსო“.
აფხაზეთის „ოფიციალურ“ ეკლესიას კი ხელმძღვანელობს მამა ბესარიონ აპლია (თავად ამბობს, რომ მისი გვარია აპლიაა-დ), რომელიც არ გაგიკვირდეთ, დღემდე ფორმალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკად ითვლება.
ბარათელიებს არავინ დასჯის რეალურად რასაკვირველია, რადგან ასეთ შემთხვევაში „რუსი ბატიუშკაც“ უნდა დასაჯონ, რაც ახლა სოხუმს არ აწყობს ანუ ამდენად ვერ გაბედავს მართლა კრემლის და რუსული საპატრიარქოს გაღიზიანებას.
მოსკოვი აფხაზეთის ხელისუფალთაგან დიდი ხანია მოითხოვს ახალი ათონის მონასტრის რუსული საპატრიარქოსთვის დაბრუნებას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ახალი ათონის მონასტერი XIX საუკუნეში აიგო იმ ადგილას, სადაც ქრისტიანული მითოსის თანახმად დაკრძალულია სვიმონ კანანელი და ქადაგებდა ანდრია პირწველწოდებული.
თუმცა აფხაზებს ამასთან არანაირი კავშირი არა აქვთ, რადგან სვიმონიც და ანდრიაც თუკი იყვნენ მართლა აფხაზეთში, იყვნენ „ბერძნულ აფხაზეთში“, სადაც იმ დროს ბერძნული კოლონიები ყვაოდა და ბერძნებს შორის ავრცელებდნენ ქრისტიანობას.
თუმცა დღეს მამა დოროფეი დბარი და, მთლიანობაში, აფხაზური ელიტები ცდილობენ ეს მონასტერი, ისევე როგორ ქრისტიანობა გამოიყენონ აფხაზეთის სეპარატისტული „აპენდიქსის“ საერთაშორისო ე.წ. „აღიარებისთვის„ და აქტიურად მუშაობენ ამ პროცესში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.
რეალურად აფხაზური სოციუმი რელიგიური სოციუმი არ არის.
როგორც ცხონებული ზურაბ აჩბა ამბობდა „აფხაზები არა რელიგიის, არამედ ეთიკის ხალხი ვართო“.
ნამდვილად ასეა.
აბსოლუტურად ყველაფრის წყარო, რაც ხდებოდა და ხდება აფხაზეთში, არის აფხაზური ნაციონალიზმი და სეპარატიზმი.
ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ ისლამის მიმართაც.