საერთაშორისო მიმოხილვა. 26 აპრილი. 2022 წელი
სენსაციური შედეგებით დასრულდა კიევში ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრ ლლოიდ ოსტინის ვიზიტი.
პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ გენერალმა ოსტინმა გააკეთა ისტორიული განცხადება: ``ჩვენ გვინდა რუსეთი ამ ომის შედეგად იმდენად დასუსტდეს (იგულისხმება: იმდენად მწარედ დამარცხდეს), რომ ვეღარასოდეს გაბედოს იმის განმეორება ვერსად, რასაც ახლა აქ სჩადის``.
ამერიკელი ჟურნალისტები იმდენად გაოგნებულნი იყვნენ ამ განცხადებით, რომ რა თქმა უნდა მიმართეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის აპარატს, სადაც კომპეტენტურმა (ანუ უფლებამოსილმა) წყარომ მათ დაუდასტურათ, რომ დიახ, ლლოიდ ოსტინმა ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია გააჟღერა: რუსეთი იმდენად სასტიკად უნდა დამარცხდეს ამ ომში, რომ ვეღარასოდეს ვერსად გაბედოს ის, რასაც ახლა ბედავს უკრაინაში.
ბუნებრივია, `ვერსად` ნიშნავს, რომ რუსეთმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ვერ უნდა გაბედოს აგრესია. ამისთვის კი ყოვლად აუცილებელია მისი დამარცხება უკრაინაში.
იმავე წყარომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ამერიკის მიზანია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის განადგურებაც, თუმცა მთავარი მაინც ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებაა.
აქამდე ამერიკელები მაინც ერიდებოდნენ ასეთ პირდაპირ განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარი სამართლიანი სტრატეგიის ასე აშკარად გამოქვეყნებას. მაგრამ ომი ისეთ სტადიაზე გადავიდა, სადაც უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხები დევს სასწორის პინაზე.
დასავლეთში ოსტინის ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კიდევ იმიტომ, რომ იგი ამჟღავნებს დასავლურ ელიტათა გადაწყვეტილებას, უარი თქვან პუტინის `დაშოშმინებაზე` უკრაინული ტერიტორიების ხარჯზე.
ანუ, ბოლო დრომდე, ვაშინგტონში იყო დაახლოებით ასეთი განწყობა: დავუთმოთ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინა და მერე შევინარჩუნოთ/დავიცვათ დასავლეთ უკრაინა, კიევი.
მაგრამ ამერიკის ხელისუფლება ამას უკვე აღარ ეთანხმება: რეზონულად თვლიან, რომ თუ აღმოსავლეთ უკრაინას დაიპყრობს, პუტინი კი დამშვიდდება, ოღონდ დამშვიდდება მხოლოდ დროებით. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ განაახლებს აგრესიას, სანამ არ გავა ყოფილ სსრკ საზღვრებამდე. იქაც დამშვიდდება რამდენიმე წლით და ამის შემდეგ....განაახლებს შეტევას უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოების, პირველ რიგში ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ.
ამის საბუთად მოჰყავთ ისტორიული ფაქტი, რომ 2014 წელს საფრანგეთმა და გერმანიამ, ესე იგი ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა `დააშოშმინეს` პუტინი, თითქმის `გაუფრომეს` მას ყირიმი, დონბასის დაპყრობილი ნაწილი, თუმცა ამან პუტინი კი არ დააშოშმინა, კი ვერ `გააძღო`, არამედ კიდევ უფრო გაუმძაფრა იმპერიის აღდგენის ცდუნება, რასაც 2022 წელს მოჰყვა ახალი აგრესია უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ.
ამიტომ ახლა უკვე დასავლეთს გადაწყვეტილი აქვს უსასტიკესად დასაჯოს პუტინი, ბრძოლის ველზე დაამარცხოს და ისტორიულად ჭკუა ასწავლოს იმაზე მეტად, ვიდრე XIX საუკუნეში, ყირიმის ომის დროს, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს მაშინ. ამიტომ მოსკოვი მხოლოდ დროებით `დაშოშმინდა`.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფო იარსებებს, ხოლო პუტინი - ვერა. მას არ უთქვამს, `რუსეთის სახელმწიფო აღარ იარსებებსო`, არამედ `პუტინი აღარ იქნებაო`.
ესე იგი დასავლეთის სტრატეგია რუსეთის მმართველი რეჟიმის შეცვლაა.და პუტინის ამა თუ იმ ფორმით დამხობა.
ამ თემის განვითარებაში ჩაერთვნენ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს (თანაც ორპარტიულ საფუძველზე) იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის. ერთ-ერთმა კონგრესმენმა პირდაპირ თქვა (თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა): ამ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი მიზანია რუსეთის არმიას ისეთი ზიანი მივაყენოთ, რომ ათწლეულების განმავლობაში ვეღარ შეძლოს აგრესიის წამოწყება. უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდეს საამისოდ.
. . . . . . . . . . . . . .
ფინეთი და შვედეთი მაღალი ალბათობით გააკეთებენ განაცხადს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მაისის მეორე ნახევარში. უფრო ზუსტად, ერთ-ერთ დღეს 16 მაისიდან - 22 მაისამდე. ასეთი განაცხადი საქართველომ გააკეთა 2006 წელს. იგულისხმება ოფიციალური განაცხადი, ოფიციალური წერილი, თორემ მანამდე პრეზიდენტ შევარდნაძესაც კი უთქვამს, რომ აპირებდა ნატოს კარზე დაკაკუნებას 2005 წლისთვის.
. . . . . . . . . . . . . .
გერმანული Rheinmetall მზადაა უკრაინას მიაწოდოს 88 ცალი ტანკი Leopard 1A5, თუ გერმანიის მთავრობის ნებართვა ექნება. ასევე მზადაა მიაწოდოს უკრაინას 100 ჯავშანმანქანა Marder.
თუ კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ამას დაეთანხმება, მაშინ ეს იქნება უდიდესი მნიშვნელობის პრეცედენტი, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფო უკრაინას აწვდის არა ყოფილი სსრკ წარმოების იარაღს (რაც გერმანიას დარჩა ე.წ. `გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის` შემოერთების შემდეგ) არამედ უშუალოდ გერმანულ იარაღს.
. . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ამერიკული ინდუსტრიის, Tesla-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მიიღო ეპოქალური გადაწყვეტილება და ყიდულობს სოციალურ ქსელ Twitter-ს 44 მილიარდ (!) დოლარად.
ამ თანხის შესაგროვებლად ილონ მასკმა Tesla-ს აქციათა დიდი ნაწილი ჩადო გარანტიად ამერიკული და მსოფლიო საბანკო სისტემის ტიტანში Morgan Stanley და აიღო მისგან კრედიტი 12,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. თავისთავად ეს კრედიტი არავის გაჰკვირვებია, რადგან მილიარდერებს `ცოცხალი ფული` არც ისე ბევრი აქვთ, როგორც ერთი შეხედვით სჩანს: მათი ქონება აქციათა და თვით კომპანიის ღირებულებისგან შედგება. აქციების დიდი პაკეტის გაყიდვა მასკს არ სურდა, ამიტომაც ამჯობინა კრედიტი აეღო და რისკზე წავიდა. საკუთარი თანხებიდან კი 21 მილიარდი ჩადო.
თუმცა, ყველას გაუკვირდა ის ფაქტი, რომ მასკმა სწორედ სოციალური ქსელი შეიძინა.
Twitter ამერიკაში და მთელს მსოფლიოში ფანტასტიურად პოპულარული სოციალური ქსელია. ანუ, შესაბამისად, გავლენიანიც.
საქართველოში Twitter ესოდენ პოპულარული არ არის. ამის მიზეზი ბოლომდე გაუგებარია.
შესაძლოა მიზეზი ის იყოს, რომ ქართველები Facebook-ს იყენებენ მოკლე მესიჯებისთვის. ეს ერთი შესაძლო მიზეზი.
მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ქართული სოციუმი არ გამოირჩევა იმ ხარისხისა და დონის სოციალური და კომუნიკაციური მობილურობით, როგორც ამერიკული და დასავლური ზოგადად.
ეს მიზეზები და სხვაობები ალბათ სოციო-ფსიქოლოგებმა უნდა შეისწავლონ.
მთავარი ახლა სხვაა: რატომ დებს ექსცენტრიული ამერიკელი მილიარდერი თავისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სოციალურ ქსელში? რატომ რისკავს შვილივით საყვარელი კომპანიით, რომელიც მისი ცხოვრებაა, მისი ვნებაა, მისი ადამიანურობის გამოხატულებაა?
`მოგების მისაღებადო` პასუხი არ არის: სოციალური ქსელი, როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს, საკმაოდ სარისკოა ამ მხრივ. დღეს ასეა და ხვალ - ისე.
გარდა ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამო მთავრობამ შესაძლოა აიძულოს სოციალური ქსელები შეზღუდვები დააწესონ, გააკონტროლოს ისინი და ა.შ.
მაგალითად, როდესაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას აგორდა სკანდალი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე, კონგრესში დაიბარეს სამი სოციალური გიგანტის, Twitter, Facebook, Google გენერალური მენეჯერები და ანგარიში მოსთხოვეს.
მოგვიანებით, Twitter-მა დაბლოკა მოქმედი პერზიდენტის, დონალდ ტრამპის ექაუნთი, რადგან ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადა.
მიუხედავად ამისა, სრულიად აშკარაა, რომ მასკის მიზანია პოლიტიკური და კომუნიკაციური გავლენის მოპოვება, ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლება და Tesla-ს პრომოუტირება.
უფრო ზუსტად, გავლენისა მთლიანად, ამერიკულ სოციუმზე, რათა ამ გავლენის გამოყენებით, ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერით, განახორციელოს მისი ცხოვრებისეული ოცნება: მარსზე ადამიანის გაფრენა და იქ ადამიანური კოლონიის შექმნა. ესე იგი მცირე დასახლებისა.
თვით მასკი ამბობს, რომ მზადაა Twitter გააძლიეროს დამატებითი სოციალური და საკომუნიკაციო ფუნქციებით.
. . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკის სასამართლომ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დააჯარიმა დღეში 10 000 დოლარით `სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო`.
`უპატივცემულობა` იმაში გამოიხატა, რომ ტრამპმა უარი განუცხადა სასამართლოს, მიეწოდებინა მისი დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიის ანგარიში ჩატარებული ტრანზაქციების თაობაზე იმ საბაბით, რომ ეს ინფორმაცია ისედაც აქვს `საგადასახადოს`.
მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამგვარი დამოკიდებულება უშუალოდ სასამართლოსადმი უპატივცემულობას ნიშნავს.
მაშასადამე, ტრამპმა დღეში 10 000 დოლარი უნდა იხადოს მანამ, სანამ ჯერ ერთი სრულ ინფორმაციას არ მიაწვდის სასამართლოს და მეორე: სანამ მოსამართლე არ ჩათვლის, რომ ტრამპმა შეწყვიტა სასამართლოს შეურაცხყოფა და განიმსჭვალა პატივისცემით სასამართლოსადმი.
ამერიკაში მოსამართლე თითქმის ყოვლისშემძლეა.