საერთაშორისო მიმოხილვა. 26 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 დეკემბერი. 2023 წელი

აფხაზეთში, სოხუმში, ე.წ. „პარლამენტის“ შენობასთან ხელისუფლება რკინის ბარიკადებს აშენებს, რაკი დღეს იგეგმება შენობის შტურმი, თუ პარლამენტი დაამტკიცებს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას ბიჭვინთის სანატორიუმის და მიმდებარე მიწების რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადაცემის შესახებ.

ოპოზიციონერებმა მთელი რამე გაათენეს: ოთხშაბათს დილისათვის იქ ასეულობით ადამიანია შეკრებილი.

მიმდინარეობს დაძაბული მოლაპარაკებები.

ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, რას აპირებს აფხაზეთის ხელისუფლება: გადადებს საკითხს თუ მაინც „გაიტანს“, რაკი აფხაზეთს ახლა ელექტროენერგიის ნაკლებობასთან ერთად მეორე პრობლემაც შეექმნა: პუტინმა აკრძალა აფხაზეთში ბენზინის და სხვა ნავთობპროდუქტების შეტანა რუსული სახელმწიფო კომპანიის Роснефть გვერდის ავლით.

მაგალითად „თათარსტანის  რესპუბლიკის“ ხელისუფლებანი აქტიურად ვაჭრობდნენ აფხაზეთთან ნავთობით, ნავთობპროდუქტებით, ბენზინით და სანაცვლოდ იღებდნენ აფხაზეთის სანატორიუმებში დასვენების უფლებას. პუტინს ეს სულაც არ მოსწონდა. აფხაზეთის სანატორიუმები მოსკოვურ ელიტებს საკუთარი შვილებისთვის და содержанк-ებისთვის უნდათ

ამიერიდან მხოლოდ  სახელმწიფო (!) კომპანიას (Роснефть) ექნება უფლება, შეიტანოს ბენზინი აფხაზეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი უწესებთ კვოტებს და აფხაზეთის ბენზინ-გასამართ სადგურებში უკვე ბენზინის დეფიციტია, რაც მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.

ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ენგურის „ვარდნილჰესთა“ აღდგენაზე ევროკავშირის თანხებით, რადგან არ არსებობს იმის არანაირი გარანტია, რომ  ამ ვარდნლჰესებიდან სეპარატისტები ისევე არ მოიპარავენ ელექტროენერგიას, როგორც ენგურის ძირითადი ელექტროსადგურიდან იპარავენ. ანუ მიაქვთ რამდენიც უნდათ და როგორც უნდათ.

 

 . . . . . . . . . . . . . . . . .

მარტში პუტინს მეხუთე ვადით აირჩევენ პრეზიდენტად. ამაში ეჭვი თითქოს არავის ეპარება გარდა.....თვით პუტინისა.

ყოველ შემთხვევაში იგი ცდილობს, ოპოზიციის ის პატარა „კუნძულებიც“  კი მოსპოს რუსეთში, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა მისი 23 წლიანი მმართველობის შედეგად.

გუშინ რუსეთის ე.წ. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“, რომელიც რეალურად კრემლის ნოტარიუსია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ეკატერინა დუნცოვას, რომელიც შემორჩენილ დემოკრატიულ ძალთა კანდიდატად განიხილებოდა.

ანუ, პუტინს ამ სიმბოლური კანდიდატისაც კი ეშინია: ვაითუ რამდენიმე ასეული ათასი ხმა მიიღოს და ამით დაფიქსირდეს, რომ რუსულ საზოგადოებაში კიდევ არსებობენ „იმპერატორის“ მოწინააღმდეგეები?

აქ საინტერესო საკითხია, რომ პუტინს სწორედ დემოკრატიულ ძალთა (უფრო ზუსტად რუსეთის დემოკრატიულ ძალთა ნარჩენების) კანდიდატი აშინებს, თორემ კომუნისტებს რამდენიც უნდათ იმდენი კანდიდატი წამოაყენონ არჩევნებზე: პუტინი და მისი „ტვინის სამრეცხაო“, ანუ რუსული მრავალთავიანი პროპაგანდისტული ტელე-ურჩხული იტყვის, რომ კომუნისტები  „წარსულია“. აი პუტინი კი, თურმე „მარად მომავალი“ მიუხედავად მისი „ГБ-შნიკური“ ბექგრაუნდისა.

რუსული ზომიერად ლიბერალური პარტიის Яблоко ლიდერი, გრიგორი იავლინსკი, როგორც გატყობინებდით, ცდილობდა დასავლეთთან მოლაპარაკებები გაემართა უკრაინაში ომის „გაყინვის„ თაობაზე, თუმცა დასავლურ დედაქალაქებში მკაფიოდ უთხრეს, რომ მოლაპარაკება არა ვაშინგტონსა და პარიზში ან ლონდონში, არამედ კიევში უნდა დაიწყოს; უკრაინის ხელისუფლებას კი კანონი უკრძალავს მოლაპარაკებას პუტინთან ქვეყნის დე-ოკუპაციამდე

ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ თვით იავლინსკიც ვერ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რაკი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება „უკრაინის ქეისში“ და არ შეიძლება დაფიქსირდეს მის მოწინააღმდეგედ ან თუნდაც სიმბოლურ კონკურენტად.

შესაბამისად, პუტინს მეექვსე ვადა (2000; 2004; 2008; 2012; 2018; 2024.......) გარანტირებული აქვს და შემდეგ, მაღალი ალბათობით 2030 წელსაც იყრის კენჭს, რაკი 2012 წლის შემდეგ პრეზიდენტი, რუსეთში, „პუტინის კონსტიტუციით“ ექვსი წლით აირჩევა.

გამოდის, პუტინი გადააჭარბებს თვით იოსებ სტალინს სახელისუფლებო ხანგრძლივობაში.

სტალინი, პირობითად თუ ვიტყვით, ლენინის ავადმყოფობის პერიოდიდან ანუ 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთ-სსრკ-ს.

სიკვდილამდე ესე იგი 1953 წლამდე - 31 წლის განმავლობაში.

2036 წლამდე თუ გაძლო პუტინმა, ეს უკვე 36 წელია. არა მხოლოდ სტალინზე, არამედ ნებისმიერ სხვა რუს მმართველზე მეტი ამ ქვეყნის ისტორიაში.

აქ ერთი საინტერესო გარემოება იქცევს ყურადღებას: ბევრი ცნობილი რუსი დემოკრატი, ბლოგერი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო ბორის ელცინის (რუსეთის პირველი პრეზიდენტის 1991-2000წწ) მხარდაჭერა და მისი შეფასება, როგორც „დემოკრატისა“.

პუტინი ხომ, ფაქტობრივად, 1999 წლის 31 დეკემბერს ელცინმა „დანიშნა“ პრეზიდენტად?  მან შეარჩია იგი მემკვიდრედ.

არადა, როგორ შეიძლება КГБ-ს ნომენკლატურა რომ შეარჩია საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრედ და საქმის გამგრძელებლად, „დემოკრატად“ ჩაითვალოს?

არავითარი „დემოკრატი“, სინამდვილეში, ელცინი არ ყოფილა. იგი იმპერიას აშენებდა ან მის მოდერნიზებას ცდილობდა. სხვა ახსნა ასეთი „მემკვიდრის“  შერჩევას უბრალოდ არა აქვს - ვინც დემოკრატიის აშენების ნაცვლად აგრესიული ომები გააჩაღა „დერჟავას“  ტერიტორიის გასაფართოებლად.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ბოღმიანობა და შიშნეულობდა კიდევ იმითაც ჩანს, რომ მის მთავარ მტრად მიჩნეული ალექსეი ნავალნი რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში, არქტიკის ზღვარზე მდებარე საზარელ კოლონიაში გადაიყვანეს.

ამ კოლონიას ქვია Полярный волк – პოლარული მგელი.

მარტო სახელი რად ღირს.

რამდენიმე კვირის წინ ნავალნი იმ მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქრა, სადაც 19 წლიან (!!!) სასჯელს იხდიდა. მისი მომხრეები და ახლობლები ღელავდნენ - ხომ არ მოკლესო.

აღმოჩნდა, რომ არქტიკულ ციხეში გადაუყვანიათ ანუ „მკაცრი რეჟიმიდან“ - „ზემკაცრ„ რეჟიმში“, 50 გრადუსიან ყინვაში, სადაც 19 წელი უნდა გაატაროს და არავინ გამოუშვებს, თუ რუსეთში რევოლუცია არ მოხდა ან რუსეთი უკრაინაში დასავლეთთან ისე სასტიკად არ დამარცხდა, პუტინის რეჟიმი ჩამოიშალოს.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 იანვარს ოფიციალურად დაიწყებს საპრეზიდენტო კამპანიას.

15 იანვარს ჩატარდება პირველი „კოკუსი“ ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის ფარგლებში აიოვას შტატში.

გუშინ აშშ 45-ე პრეზიდენტმა, რომელიც მომავალი წლის ნოემბერში გეგმავს თეთრ სახლში დაბრუნებას, საკუთარ სოციალურ ქსელში Truth social გააზიარა ბრიტანული სოციოლოგიური კომპანიის კვლევის შედეგი, რომლის თანახმად პირველი და მთავარი სიტყვა, რომელიც ამომრჩევლებს ახსენდებათ ტრამპთან და მისი ახალი ვადით პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, არის Revange ანუ რევანში, რაც ინგლისურენოვანი სემანტიკიდან შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც შურისძიება, მიზღვა.

ტრამპს ნამდვილად ბევრჯერ უთქვამს, რომ როცა გაიმარჯვებს, ყველა მისი მტერი „ჯოჯოხეთში დაიწვება“,  ყველას ციხეებში ჩაყრის, ყველას პასუხს აგებინებს ვინც მას დევნიდა, ვინც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიტიკური ვენდეტას სახით და ა.შ და ა.შ

ტრამპი იმასაც ამბობს, რომ დიქტატორი (სხვათა შორის ეს ტერმინიც (Dictatorship) ხშირად ახსენდებოდათ იმ გამოკითხვებში ამომრჩევლებს) მხოლოდ პირველ დღეს იქნება.

თუმცა რას ნიშნავს ეს ფრაზა („მხოლოდ პირველ დღეს ვიქნები დიქტატორი“), ვერავინ გაიგო სრულყოფილად.

მართლაც, რას გულისხმობს „მხოლოდ პრეზიდენტობის პირველ დღეს ვიქნები დიქტატორიო?“.

იქნებ იმას, რომ პირველ დღეს შეიწყალებს ყველას, ვინც ციხეში მოხვდა 2021 წლის 6 იანვრის „აჯანყების„ შედეგად და საკუთარ თავსაც შეიწყალებს? ასევე დაავალებს FBI-ს „დაიჭიროს“ მისი მტრები?

ასე არ ხდება დემოკრატიაში!

აქვე აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პრაიმერიზის წინასწარ გამოკითხვებში სერიოზულ წარამატებს მიაღწია ბოლო დროს ნიკი ჰეილიმ.

ეს ქალბატონი აშშ წარმომადგენელი იყო გაეროში. ამჟამად ჰეილი რეიტინგებში ეწევა რონ დესანტისს (ფლორიდას გუბერნატორი), რომელიც მეორე ადგილზეა, თუმცა ძალიან საეჭვოა დაეწიოს თვით დონალდ ტრამპს.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ხომალდი Новочеркаск მთლიანად განადგურებულია (ეს გამოგზავნილ ფოტოზე ჩანს) უკრაინული რაკეტის დარტყმის შედეგად.

რეალურად ეს იყო ორი ინგლისური Storm shadow, რომლებიც უკრაინულმა ბომბდამშენებმა СУ-24 გაუშვეს ოდესის საჰაერო სივრციდან, ოღონდ მიზანდასახულობას ახორციელებდა ამერიკული თანამგზავრი.

ამ მიზანდასახულობის გარეშე თვთმფრინავებიც და რაკეტებიც უძლურნი არიან.

რუსები გუშინ მთელი დღის განმავლობაში იტყუებოდნენ, თითქოს ხომალდი მხოლოდ „დაზიანებულია“ მაგრამ ის, რაც ფოტოზე ჩანს, უბრალოდ „დაზიანება“ არ არის, არამედ განადგურებაა.

„ამის“ აღდგენა შეუძლებელია.

რუსულ ფრეგატს გადაჰქონდა ირანული დრონების „შეჰიდ-გერან“ დიდი მარაგი და როგორც ჩანს მოხდა ამ დრონების საბრძოლო ნაწილის დეტონაცია რაკეტის აფეთქების შედეგად.

რუსული პროპაგანდისტული არხები იმასაც იტყუებიან,  თითქოს  შეტევის შედეგად მხოლოდ ერთი რუსი მეზღვაური დაიღუპა, რაც რასაკვირველია სიცრუეა - ამაზე ისევ და ისევ ფოტო მეტყველებს.