საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი. 2024 წელი

ისრაელის არმიამ, „ცახალმა“ გაანადგურა ლიბანელი არაბი მუსლიმი შიიტებისგან შემდგარი პროირანული პარამილიტარისტული დაჯგუფების „ჰესბოლლა“ ლიდერი, შეიჰ ჰასან ნასრალლა.

საკმარისია ითქვას, რომ ნასრალლა „ჰესბოლლას“ მეთაურობდა 1992 წლიდან ანუ მთელი ეპოქაა მისი მმართველობა.

ამ ათწლეულების განმავლობაში იგი „მოუხელთებელი“ იყო ისრაელის არმიისა და საგარეო დაზვერვისთვის “მოსსად“

ან, მეორე ვერსიით, ისრაელს არ სურდა „დროზე ადრე“ მისი განადგურება და ხელსაყრელ მომენტუმს ელოდა სპეცოპერაციის განსახორციელებლად.

საქმე ის გახლავთ, რომ ნასრალლა მეტისმეტად ოდიოზური ტერორისტი იყო და „ჰესბოლლას“ პოლიტიზებას უშლიდა ხელს ამ მხრივ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ 1992 წლიდან დღემდე ჰასან ნასრალლა სულ მიწისქვეშა ბუნკერებში ცხოვრობდა, მიწისქვეშა გვირაბებით გადაადგილდებოდა და მისი საჯარო გამოჩენა უიშვიათესი მოვლენა ხდებოდა ხოლმე.

ახლაც მიწისქვეშა შტაბ-ბინაში ატარებდა თათბირს ბეირუთის გარეუბანში და აქვე უნდა ითქვას, რომ ნასრალას განადგურება გახდა ერთგვარი გაგრძელება იმ დიდი ოპერაციისა, რასაც უწოდეს „პეიჯერების“ ომი, ხოლო სინამდვილეში მრავალშრიანი სადაზვერვო-დივერსიული სამხედრო ოპერაციაა.

 

ამ „მიწისქვეშა თათბირისას“ ისრაელის ავიაციამ რამდენიმე მართული ბომბი და რაკეტა ესროლა ბუნკერს.

 მათ შორის რაკეტები, რომლებსაც ღრმა ბეტონის საფარში შეღწევის უნარი აქვთ.

პენტაგონს გააჩნია ასეთი ბომბები და რაკეტები: ჯერ ხვრეტს ბეტონის ფილებს და სივრცეში რომ შეაღწევს, მერეღა ფეთქდება.

 

„ჰესბოლლა“ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ადასტურებდა ნასრალლას სიკვდილს, თუმცა მაინც იძულებული გახდა ეღიარებინა.

 

ამ ტერორისტი ლიდერის განადგურება ისრაელის ძალიან დიდი გამარჯვებაა რამდენიმე მიზეზის გამო

 

ა) ჰასან ნასრალლა „ნიშანდობლივი ფიგურაა“, ანუ „სტატუსური პერსონაა“, როგორიც იყო, მაგალითად ბინ ლადენი. მისი განადგურება მართალია არ ნიშნავს „ჰესბოლლას“ ლიკვიდაციას, ალბათ აირჩევენ სხვა ლიდერს ან უფრო ზუსტად „ირანი დანიშნავს“ სხვა ლიდერს მის მიერ კონტროლირებად დაჯგუფებაში, მაგრამ ასეთი „ქარიზმატული“ მაინც ვერ იქნება

 

ბ) ისრაელისთვის ეს წარმატებაა მიმდინარე ომში, რომელიც 7 ოქტომბრის დიდი ტერორისტული აქტით დაიწყო.

ღაზაში, ისრაელის არმიამ ვერც სრულად გაანადგურა ტერორისტული დაჯგუფება, ვერც მძევლები გაათავისუფლა, სამაგიეროდ.....„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლა თეირანში და ნასრალლა მოკლა ბეირუთში. ა

ქვე უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ამ ომის დროს „მოსსადი“ ანუ ისრაელის საგარეო დაზვერვა ბევრად უფრო წარმატებით მოქმედებს ვიდრე არმია ან/და ისრაელის კონტრდაზვერვა „შაბაკი“.

„მოსსადის“ მიზანდასახულობის გარეშე „ცახალს“ ბეირუთში არაფერი გამოუვიდოდა ანუ სწორედ დაზვერვამ იპოვა ის ბუნკერი, სადაც იმ მომენტში ნასრალლა უკანასკნელ თათბირს ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამ დროს ნიუ იორკში იმყოფებოდა - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. „არ ვაპირებდი აქ ჩამოსვლას, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეო“.

არ არის გამორიცხული, ესეც „ტექნოლოგია“ ყოფილიყო, რაკი „ცახალის“ დარტყმის შედეგად ასეულობით მაცხოვრებელი დაიღუპა, თუმცა სამხედრო წესებით ეს არის Collateral Damage ანუ თანამდევი ზიანი.

გარდაუვალი.

ამისთვის ისრაელს არავინ დაგმობს „ზოგადი განცხადებების“ გარდა

 

გ) ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დააფიქსირა და მოახდინა იმის მანიფესტირება, რამდენად სუსტია სინამდვილეში ირანი!

ს უ ს ტ ი ა!

იმიტომ, რომ ამდენი „თავსლფადასხმის“ შემდეგ, ამდენი მრისხანე განცხადების შემდეგ, ამდენი მუქარის შემდეგ........რეალურად ვერც ვერაფერს უბედავს ისრაელს.

ვერ უბედავს, რაკი იქვეა, ხმელთა შუა ზღვაში და სპარსეთის ყურეში, ორი ამერიკული „ავიამზიდი ჯგუფი“ (Aircraft carrier group) კრეისერებით და ატომური წყალქვეშა ნავებით.

ეს არ ნიშნავს რასაკვირველია, რომ მუდამ ასე იქნება და „აიათოლათა რეჟიმი“ ამერიკაში არჩევნების კვალობაზე (თუ იქ რაიმე ცუდი მოხდა დესტაბილიზაციის თვალსაზრისით) არ შეეცდება სიტუაციით ისარგებლოს, თუმცა ჯერ ჯერობით რაც არის, ეს არის რეალობა.

 

კიდევ ერთი მიზეზი ირანის სიფრთხილისა ისაა, რასაც ჩვენში იშვიათად აქცევენ ყურადღებას: არსებობს ირანულ-არაბული ანუ შიიტურ-სუნიტური ისტორიული წინააღმდეგობა, მათ შორის თურქულ-ირანული, რომელიც იმდენად ღრმაა, იმდენად სისტემურია, იმდენად მრავალწახნაგოვანია და სახიფათოა ირანისთვის, რომ თეირანში არ შეუძლიათ ამ ფაქტორს არ გაუწიონ ანგარიში.

 

სხვათა შორის არსებობს ვერსია, რომ ირანმა დაასპონსორა 7 ოქტომბრის თავდასხმა (ანუ სუნიტების და არა შიიტების თავდასხმა) ღაზადან ისრაელზე, რათა ჩ ა ე შ ა ლ ა ე.წ. „აბრაამის შეთანხმებები“ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის.

ისტორიული მორიგება იქნებოდა, თუმცა არ გამოვიდა.

 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, დაიწყებს თუ არა ნასრალლას განადგურების შემდეგ ცახალი სახმელეთო ოპერაციას ლიბანის სამხრეთში!

აქ ანალიტიკოსთა აზრები იყოფა: ზოგს მიაჩნია, რომ ნეთანიაჰუ და მისი გენერალიტეტი შეეცდებიან ისარგებლონ ვითარებით, შეეცდებიან გამოიყენონ აშკარა დაბნეულობა, დეზორგანიზაცია „ჰესბოლლას“ რიგებში, რათა ლიბანის სამხრეთში შექმნან თუნდაც დროებითი „ბუფერული ზონა“ და დააბრუნონ ისრაელელი ლტოლვილები ისრაელის ჩრდილოეთში, საიდანაც ისინი გამოიყვანეს როცა „ჰესბოლლა“ რეგიონს აქტიურად ბომბავდა.

მაგრამ არის მეორე მოსაზრებაც: „ცახალი“ თავს შეიკავებს, რათა ხელი არ შეუწყოს, პირიქით, „დაჭრილი და დაზიანებული“ ორგანიზაციის კონსოლიდაციას.

უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ: „რუსები ნუ ნერვიულობენ: როცა ამერიკა უკრაინის არმიას ნებას დართავს ამერიკული იარაღით „დაარტყას“ რუსეთის სიღრმეში ობიექტებს, ამის შესახებ პირველნი სწორედ რუსები შეიტყობენო“

ანუ ჯერ არ არის ამგვარი ნებართვა?

თუ არის მაგრამ „ტექნოლოგიურად ცდილობენ“ არ გაახმაურონ?

 

უკრაინა ახლაც აქტიურად „ურტყამს“ რუსეთის სიღრმეში ობიექტებს და გამორიცხულია ამას ახერხებდეს ამერიკული „მიზანდასახულობის“ თანამგზავრული სისტემების გარეშე, თუმცა აქ ლაპარაკია ამერიკულ რაკეტებზე.

 

გუშინ Bloomberg და Wall Street Journal რაღაც უცნაური სინქრონულობით იტყობინებოდნენ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ მოიწონა ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც პუტინის კაპიტულაციას გულისხმობს.

ზელენსკიმ მომავალ ოქტომბერს „გადაწყვეტილებათა თვე“ უწოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ამაღამ უკრაინამ 125 დრონით შეუტია რუსეთის რეგიონებს: Волгоград, Белгород, Воронеж, Ростов, Курск, Брянск, Краснодар და აზოვის ზღვის რუსული სანაპირო.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, ამგვარი შეტევები არის „შემაწუხებელი ცეცხლი“ უფრო მასშტაბური დარტყმის წინ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ნიუ იორკში იმყოფება.

პუტინი იქ არ ჩადის, რადგან ჰააგას განაჩენით შესაძლოა დააპატიმრონ.

ლავროვის თქმით, რუსეთი „მზად არის ხელი შეუწყოს ურთიერთობათა ნორმალიზებას თუკი ქვეყნები (! - ანუ იგულისხმება ცალ-ცალკე საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) თავად მოინდომებენ ურთიერთობების ნორმალიზებასო“.

ლავროვს საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის „აღიარების აუცილებლობა“ არ უხსენებია და ზოგადად ეს არის ნიუანსი, რომელიც სოხუმში და ცხინვალში უკმაყოფილებას იწვევს: რატომ არ აიძულებს რუსეთი საქართველოს, აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა?

რატომ არ იყენებს მოსკოვი ზეწოლის ბერკეტებს, რათა ჩააყენოს თბილისი იმგვარ მდგომარეობაში, როცა იძულებული გახდება აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა?

რუსეთს ხომ აქვს ეკონომიკური სავაჭრო ბერკეტები“?!!! - ამ კითხვას ხშირად სვამენ ოსი და აფხაზი სეპარატისტები.

შემდეგ კი თავად პასუხობენ, რომ მოსკოვი მათ იყენებს „სატყუარად“ თბილისისთვის, რათა „შემოიყვანოს“ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პროცესებში.

ამიტომ სეპარატისტთა დამოკიდებულება უცვლელია საქართველოსთან ნებისმიერი Engagement-ის მიმართ: ჯერ დამოუკიდებლობის აღიარება, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი, ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობის ჩათვლით.

ეს არის სოხუმისა და ცხინვალის ურყევი პოზიცია სამხედრო კონფლიქტის პერიოდიდან  - დღემდე, მაგრამ ლავროვი ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი და ეშმაკი დიპლომატია; ამიტომ მის მიერ გაჟღერებული ნიუანსები აქ გულისხმობს „ვარიანტებს“.

აშკარაა: მოსკოვში მიაჩნიათ, რომ საქართველოს „დაფაზე“ თამაში ჯერ არ დაუმთავრებიათ.