საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი. 2025 წელი

არის სასიხარულო სიმპტომები, რომ ერდოღანმა მაინც გადაწყვიტა გააგდოს პუტინის ჯარი სირიიდან.

ჯერ საბოლოოდ გარკვეული არაა, თუმცა ამის ნიშნები არსებობს.

 მივყვეთ თანმიმდევრობით: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემი Sparta, სირიის, კერძოდ ტარტუსის პორტის აკვატორიაში იდგა რამდენიმე კვირის განმავლობაში და სირიის ახალი ხელისუფლება (რეალურად ერდოღანი) იქ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, რათა რუსული სამხედრო ბაზების სამხედრო ტექნიკა გაეტანა.

რუსეთმა ნამდვილად დაიწყო რუსული ბაზების სამხედრო ტექნიკის გატანა სირიიდან.

 ეს იმას ნიშნავს, რომ თვით ბაზების ლიკვიდაცია დაიწყო.

აბა სხვას რას ნიშნავს სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების გატანა? ამ იარაღის გარეშე რუსი ჯარისკაცები როგორ გაჩერდებიან და შეინარჩუნებენ თავს სირიაში?

ოღონდ რუსეთის ტაქტიკა, როგორც ჩანს, ის იყო, ხმენინის ბაზა გაეტანა, სადაც რუსული კონტინგენტი იყო დისლოცირებული და ავიაცია იდგა რუსული, მაგრამ ტარტუსის სამხედრო საზღვაო ბაზა შეენარჩუნებინა ერდოღანის თანხმობით, სადაც რუსული გემებია დისლოცირებული და მთელი ხმელთაშუა ზღვის კონტროლის საშუალება აქვთ.

ამ მიზნით, ესე იგი კომპრომისის გასაფორმებლად, დამასკში 4 დღის წინ ჩავიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თუმცა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია: უფრო ზუსტად, სირიის ახალმა ხელისუფლებამ ულტიმატუმი წაუყენა საზღვაო ბაზის შენარჩუნების სანაცვლოდ: დიდი კომპენსაცია რუსეთის მხრიდან სირიის ხალხს 2014 წლის შემდეგ ქვეყნის განადგურებისთვის რუსული ავიაციით, იმავე გემებიდან ბომბარდირებით და....ბაშარ ალ ასადის გადაცემა სირიელი ხალისთვის მის ჩამოსახრჩობად როგორც სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს ერაყელებმა მას შემდეგ, რაც ამერიკელებს ჩაუვარდა ხელთ.

პუტინს იქნებ უნდოდეს კიდეც ბაშარ ალ ასადის გაყიდვა და მისი გაცვლა საზღვაო ბაზაში, მაგრამ ასე აშკარად ამას ვერ გააკეთებს, რაკი ამის შემდეგ მასთან საერთოდ აღარავინ დაიჭერს საქმეს, როგორც გამყიდველთან და მოღალატესთან

თუმცა ეს რუსულ ტრადიციაშია: ერიჰ ჰონეკერი.....ე.წ. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტი ლიდერი....მოსკოვის და კრემლის უერთგულესი ყმა......საბჭოთა იმპერიის დაშლის, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, როცა ერთიანმა გერმანიამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა, მოსკოვში თავშესაფარს ითხოვდა და....უარი უთხრეს: ჰელმუთ კოლის გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გვინდაო

ანუ გაყიდეს ფაქტობრივად და ჩილეში, პინოჩეტთან გაიქცა.

 სულ მალე მოკვდა კიდეც მარტოობაში, ყველას მიერ მიტოვებული.

ჯერ არ არის ცნობილი, ასევე „გაყიდის“ თუ არა ასადს პუტინი.

ის კი ზუსტად ცნობილია, რომ ძალიან დიდი ფული ჩაიტანა მოსკოვში.

აქ მართლაც საინტერესო და პრინციპული საკითხი ისაა, ერდოღანი რით არის ესოდენ უკმაყოფილო, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა (თუ გადაწყვიტა ნამდვილად უკვე) გააგდოს პუტინის ფლოტი სირიიდან?

 როგორც ჩანს ამის მიზეზი ის  არ არის, თითქოს პუტინისგან რაიმე ვერ მიიღო ერდოღანმა პოსტსაბჭოურ სივრცეზე

რაღა უნდა მიიღოს? ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა აზერბაიჯანშიც და ცენტრალურ აზიაშიც, სადაც პუტინი „წამოკნავლებასაც“ ვერ ბედავს.

არ არის გამორიცხულიმ სინამდვიელში ერდორანს ამჯამად  ლიბიიდან უნდოდეს რუსეთის გაგდება, სადაც ანკარა და მოსკვი იქაური სამოქალაქო ომის სხვადასხვა მხარეს დგანან (ლიბიაშიც დიდი საბადოებია გაზის) და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზა ამაში ხელს უშლიდეს.

ამ საკითხს კიდევ ერთი განზომილება აქვს: უკვე გატყობინებდით, რომ ბევრი „კრემლისყმაექსპერტი“ თუ „ექსპერტად წოდებული“ თუ ჟურნალისტი თმებს იგლეჯს:  ეს რა დაგვემართაო....სირია დავკარგეთო.....ბაზები დავკარგეთო.....როგორ გვიხაროდა 2014 წლიდან ახლო აღმოსავლეთში ჩვენი დერჟავას დაბრუნება და დავკარგეთო....სად ხარ თურმეო......ამდენი ფულიო....ამდენი სისხლი და თვითმფრინავიოო......

გუშინ რუსულ „ფაბლიკებში“ გავრცელდა ცნობა, ოდესღაც რუსული გენერალიტეტის მთავარი ფიგურის, გენერალ სუროვიკინის დაპატიმრების შესახებ.

ეს ის გენერალი სუროვიკინია („გენერალ არმაგედონად“ წოდებული) ვინც უმოწყალოდ ბომბავდა სირიის იდლიბის რაიონს, რომელსაც სირიის ოპოზიციამ შეაფარა თავი.

თურქეთმა მაშინ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო..... თურქმა ახალგაზრდამ კი რუსეთის ელჩი დახვრიტა პირდაპირ ეთერში.

პუტინს მისი ჩლუნგი ანტიდასავლურობით ანკარასთან დაპირისპირება არ აწყობდა, ამიტომ კომპრომისს მიაღწია ერდოღანთან და იდლიბი „დეესკალაციის“ ზონად იქცა ანუ რუსები აღარ ბომბავდნენ.

ამის გამო გენერალი სუროვიკინი (იმ დროს სირიაში რუსული ჯარების მეტაური)  ბევრს შფოთავდა: არ შეიძლება ამის გაკეთება, - არ შეიძლება იდლიბის შენარჩუნება, თორემ...ადრე თუ გვიან იქ გამაგრებული ოპოზიცია მომაგრდება.....შეიარაღდება....იგივე თურქეთი მისცემს იარაღს....იგივე ამერიკელები მისცემენ იარაღს....კატარი მისცემს იარაღს...საუდის არაბეთი დაეხმარება და......

რეალურად ზუსტად ასე მოხდა, რასაც სუროვიკინი ამბობდა: სირიის ოპოზიციამ, რომელიც იდლიბში იყო გამაგრებული, ისარგებლა პუტინის დასუსტებით უკრაინის ომის შედეგად და ბაშარ ალ ასადი დაამხო

ახლა გენერალი სუროვიკინი, რომელიც პრიგოჟინის კერძო არმია „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ გადააყენეს უკრაინაში რუსული ჯარების სარდლის თანამდებობიდან,  ბევრს წუწუნებს „პუტინმა რატომ არ დამიჯერა, დაგვღუპაო“….ეს წუწუნი  პუტინამდე აღწევს და კრემლის ბინადარიც ბრაზდება!

სხვები კი (მაგალითად იგივე სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ხოდარენოკი) პუტინს იმისთვის აკრიტიკებენ, რომ საერთოდ დაიწყო ომი უკრაინაში, რამაც მოსკოვი ძალიან დაასუსტა და სხვა რეგიონებში (სირია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.....) პოზიციები დააკარგვინა: „უკრაინა შეგვეძლო გადაგვედო სამომავლოდ და მერე მიგვეხედაო“.

სხვათა შორის ამას მარტო რუსი სამხედრო ექსპერტები როდი ამბობდნენ: რუსეთის გენერალური შტაბის უფროსობაც სკეპტიკურად იყო განწყობილი 2022 წელს, ანუ „იოლი გასეირნება არ გამოვა“ უკრაინაშიო.

ცდილობდნენ პუტინის გადარწმუნებას, თუმცა ვერ შეძლეს.

ამასთან, პუტინი ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მის ადეკვატურობაში ნამდვილად ეჭვი ეპარება ბევრს

მაგალითად, ერთ-ერთ „კარის ჟურნალისტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თურმე......თურმე.....ზელენსკი ვერანაირ სამშვიდობო გეგმას ხელს ვერ მოაწერს ტრამპთან და მასთან (პუტინთან) ერთად, რაკი.......„ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია-ამოეწურა საპრეზიდენტო ვადა, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაეტარებინა და არ ჩაატარა....მისი ხელმოწერა დოკუმენტზე ვერ იქნებაო“.

 ანუ ამ გააფთრებული სისხლიანი ომის დროს ზელენსკის არჩევნები უნდა ეტარებინა?

პუტინმა მერე დაამატა: „....ზელენსკი ვერ მოაწერს მაგრამ აი უკრაინის პარლამენტის სპიკერმა კი შეიძლება მოაწეროს ხელი რაიმე შეთანხმებასო“.

როგორც ჩანს ეს არის პუტინის საბოლოო პასუხი ტრამპის გეგმაზე : გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა   პუტინმა ეს გეგმა მიიღოს და უკრაინის „გადარჩენილ ტერიტორიაზე“ დასავლურ სახელმწიფოთა სამშვიდობო ჯარების შეყვანა დაუშვას.

დანარჩენი მხოლოდ კლოუნადაა: ამჟამად, რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის საგარეოს მთელი ძალისხმევა იქითაა მიმართული, როგორმე ტრამპთან ჯერ სატელეფონო საუბარი, შემდეგ კი შეხვედრა შედგეს

ოღონდ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე

იმიტომ, რომ ბაიდენის დროს ვაშინგტონის პოლიტიკა იყო: „არც ერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე“.

ვაშინგტონში სხვა დიპლომატიური სცენარი განიხილება: ტრამპი ჯერ ზელენსკის შეხვდება და შემდეგ პუტინს.

ცალ ცალკე

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზი „ოპოზიციონერები“, კან კვარჩია (დეპუტატია) და ლევან მიქუააააა (მიქავა), რომლებსაც მთელი ცხოვრება საქართველოს სიძულვილში აქვთ გატარებული, სოხუმში პრეს-კონფერენციას ატარებენ და წუწუნებენ: „რუსეთმა რუსული პასპორტები ჩამოგვართვა არადა არაფერი დაგვიშავებია: ჩვენ აფხაზები ვართ, აფხაზეთის მოქალაქეები ვართ და აფხაზეთის ინტერესებს ვიცავთო“

აქ წინააღმდეგობას და პარადოქსს რასაკვირველია ვერ ამჩნევენ: თან აფხაზობა უნდათ და თან რუსეთის მოქალაქეობა

კან კვარჩიამ დაიჩივლა: ოპერაცია მჭირდებოდა რუსეთში და ვეღარ მივდივარ, რაკი საზღვარი ჩამიკეტესო.

ამ ისტორიამ და ორი „გამოჩენილი“ აფხაზისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სეპარატისტულ ტერიტორიაზე.

ახლა ცდილობენ დაადგინონ, რას ნიშნავს ეს: საერთოდ შეუშვებენ თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზური პასპორტით?

წესით არ უნდა შეუშვან აფხაზური პასპორტით, თუმცა ცდას ჯერ ვერ ბედავენ:

ალბათ აფხაზ ჟურნალისტებს მირეკავენ „საზღვართან“ და მერე შეეცდებიან, რომ ამისგან პერფორმანსი შექმნან.

გარდა ამისა, კვარჩია და მიქავა აპირებენ მოითხოვონ რუსეთის შესაბამისი უწყებებისგან დოკუმენტური პასუხი, თუ რის საფუძველზე შეუწყდათ მათ რუსეთის მოქალაქეობა.

ამგვარ დოკუმენტს თუ მიიღებენ, გაასაჩივრებენ რუსეთის (!) სასამართლოებში.

ეს არის „ინტეგრალური სეპარატიზმის“ კლასიკური ნიმუში, განსხვავებით „აგრესიული, სისხლიანი სეპარატიზმისა“.

საქართველოს მიმართ მეორე ხორციელდებოდა.

„ინტეგრალურის სეპარატიზმი“ კი ნიშნავს „ტკიპასავით“ მიწებებას  სხვა დიდი სახელმწიფოს ინსტიტუტებთან, მისი მატერიალური თუ სხვა  რესურსებით სარგებლობას, მოჩვენებით ლოიალობა/ერთგულებას და სინამდვილეში მისი მოთხოვნების იგნორირებას, ოღონდ იმ სახელმწიფოს ლიგალურ  ინსტიტუციათა ძალიან ეშმაკური, ჭკვიანური გამოყენებით და რაფინირებული პოლიტიკური ტექნოლოგიით, მათ შორის დემაგოგიით.

რაც შეეხება „გადაადგილების თავისუფლებას“ და მკურნალობას, მაღალი ალბათობით, ალბათ ორივეს აქვს საქართველოს პასპორტი, ან აიღებენ საქართველოს პასპორტს და იმკურნალებენ, თუ მართლა სჭირდებათ, საქართველოს კლინიკებში.