საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მაისი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მაისი 2024 წელი

მაკრონის ვიზიტს გერმანიაში და მის შეხვედრას კანცლერ შოლცთან (რაზეც რამდენიმე დღის წინ ვწერდით) მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა განაცხადეს, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს გამოიყენოს დასავლური, მათ შორის ფრანგული და გერმანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების (!) წინააღმდეგ.

„აბა როდის ვთქვით, რომ როცა რუსეთი ხარკოვს, კიევს, დნეპრს, ოდესას მხეცურად ბომბავს, უკრაინას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმ სამხედრო ბაზებს დაარტყას, საიდანაც რუსული თვითმფრინავები ფრინდება, ან საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებენო“ - განაცხადა მაკრონმა და კვერი დაუკრა შოლცმა.

 ოღონდ.... იმავე პრეს-კონფერენციაზე (ბრანდენბურგში), გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა „გასაწონასწორებლად“ ანუ „დასაბალანსებლად“ რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი „სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად“.

მხოლოდ „სამხედრო ობიექტები დაბომბოსო“.

კი, მაგრამ...... რუსეთი რომ ბომბავს „სამოქალაქო ობიექტებს?“...... მერე კი იძახის: „სამხედრო ობიექტს ვბომბავდი დნეპრში, ოდესაში, ხარკოვში და სამოქალაქო მსხვერპლი მხოლოდ Collateral damage ანუ თანამდევი ზარალიაო?!........ უკრაინას(აც) რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება და პრაქტიკა თქვას იგივე?

რეალურად,  ამ თემაში ღრმად „ჩამალულია“ სხვა საკითხი: რუსები უკრაინულ ქალაქებს ზუსტად იმ მიზნით ბომბავენ მხეცურად, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას შეუქმნან გაუსაძლისი პირობები. ანუ, მაგალითად, ენერგეტიკულ ობიექტებს. ჰიდროელექტროსადგურებს და თბოელექტროსადგურებს ანგრევენ, ზოგჯერ კი პირდაპირ საცხოვრებელ კვარტლებს ესვრიან კასეტურ (!) ბომბებს, რათა დათესონ ტერორი და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკრაინის სოციუმში; „დაღალონ“ უკრაინელები ომით, განაწყონ პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ......

 გამოდის, საფრანგეთი, გერმანია, მთელი დასავლეთი (მათ შორის აშშ) უკრძალავენ უკრაინას მათი შორსწმწვდომი იარაღის გამოყენებას თუნდაც რუსული „სამოქალაქო ენერგოობიექტების“ დასაბომბად, რათა რუსებმა, რომელთა ქვეყანა აგრესიულ ომს აწარმოებს, კომფორტულად იცხოვრონ, ცხოვრების წესი არ დაირღვიონ და ყავა წრუპონ სამზარეულოებში ან კაფეებში მაშინ, როცა უკრაინელები სიბნელეში სხედან და იმის შიში აქვთ, როდის მოხვდება მათ საცხოვრებელ კორპუსს SS-26 Iskander -  კასეტური საბრძოლო მუხტით.

ამგვარი „პოლიტკორექტულობით“ საერთოდ არაფერი გამოვა და უკრაინას ძალიან გაუჭირდება რუსული აგრესიის მოგერიება.

აქ იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სინამდვილეში, ჟენევის კონვენციების თანახმად, რომლებიც ჯერ კიდევ 100 წლის წინ არის გაფორმებული და მას შემდეგ არავის გაუუქმებია, „სამოქალაქო ობიექტებად“ ითვლებიან მხოლოდ საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები, აგრეთვე საშუალო (! – Elementary) სკოლები. და მეტი არაფერი.

ანგლოსაქსებმა რომ WWII ომის ბოლოს დრეზდენი დაანგრიეს ტოტალურად, ამშინაც ტქვეს და ახლაც იზახიან „მხოილოდ სამეხდრო ობიექტებს ვბომბავდით და ყოველივე დანარჩენი Collateral damage იყოო.

 

. . . . . . . . . . . . . . . . .

CNN აქვეყნებს ძალიან უცნაურ მასალას, რომლის დედააზრი ისაა, რომ ამერიკულმა „ძირითადმა საბრძოლო ტანკმა“ Abrams უკრაინის ფრონტზე არ გაამართლა, რაკი „იოლი სამიზნე“ აღმოჩნდაო.

„ეს ამ ტანკების უკრაინულმა ეკიპაჟებმა გვითხრეს, რომლებიც გერმანიაში მოემზადნენო“.

რა დგას ამ ჩივილის მიღმა? რამდენად გამართლებულია იგი?

ზოგადად, ტანკი WWI (პირველი მსოფლიო ომის) შემდეგ ანუ 1914-15 წლიდან მთავარი საბრძოლო იარაღია ბრძოლის ველზე.

მათ შორის Abrams ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი საუკეთესო ტანკია, მაგრამ.....უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ დაადასტურა, რომ დრონებმა (!!!) კარდინალურად შეცვალა კაცობრიობის საბრძოლო ხელოვნებაში ბევრი რამ.

Abrams M1A2 ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ საუკეთესოდაა დაცული, ოღონდ...... როგორც ახლა ირკვევა, ვერ უმკლავდება დრონების თავდასხმას ვერტიკალური ვექტორით.

შესაბამისად, ტანკი უსუსური ხდება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მხარდაჭერის გარეშე, ხოლო დრონი იმდენად იაფია,  საზენიტო სისტემა კი იმდენად ძვირი (თვითმფრინავები რომ იყოს კიდევ გასაგებია), რომ ეს თანაფარდობა („აუცილებლობასთან“ დაწყვილებით), სისტემური პრობლემა ხდება!

 საქმე ის გახლავთ, რომ რამდენად ძვირიც არ უნდა იყოს „საზენიტო“ - დრონთან შედარებით, უპილოტო საფრენი აპარატი  მაინც უფრო იაფია, ვიდრე ტანკი; ოღონდ ტანკი ბევრად იაფია, ვიდრე საზენიტო სისტემა Patriot. მისი გამოყენება დრონების წინააღმდეგ სიგიჟეა!

ცნობისათვის: ტანკი Abrams M1A2 10 მილიონი დოლარი ღირს, Patriot – $1,2 მლრდ. ხოლო ჩინური, ირანული ან თვით რუსული წარმოების დრონი მხოლოდ $10 000.

ნამდვილად პრობლემაა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკა (პენტაგონი) „დამკვრელური“ ტემპებით აშენებს ტეხასში სამხედრო ქარხანას, რომელიც ყოველთვიურად 30 000 საარტილერიო ჭურვის გამოშვებას შეძლებს.

ანუ გააორმაგებს ჭურვების წარმოებას ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიებში და ამ მხრივ დაეხმარება უკრაინას, რაკი საარტილერიო ჭურვების დეფიციტი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინის არმიამ უკან დაიხია ხარკოვის და (ნაწილობრივ) დონბასის ფრონტზე.

. . . . . . . . . . . . . .

„რესპუბლიკელთა“ ყოფილმა კანდიდატმა პრეზიდენტობაზე და შესაძლო (!) ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ნიკი ჰეილიმ ისრაელში ვიზიტის დროს სოციალურ ქსელში დაწერა და პრემიერ-მინისტრ ნატანიაჰუს მოუწოდა „ჩააძაღლოს“ არაბი  ტერორისტები.

სწორედ ასე შეიძლება (და უნდა) გადაითარგმნოს საზრისის თვალსაზრისით ქართულად ის, რაც დაწერა Nikki Haley-მ.

ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არ არის ზუსტი თარგმანი; სინამდვილეში სემანტიკურად და საზრისულად (ვიმეორებ) სწორედაც ზუსტი თარგმანია: „I will say this to Netanyahu: finish them. Finish them. Hamas did this, you know Iran is behind it, finish them. They should have hell to pay for what they’ve just done,”

(„და მე ვეტყვი ნატანიაჰუს: ჩააძაღლე ისინი. ჩააძაღლე ისინი! ჰამასმა ჩაიდინა ეს. შენ იცი, რომ ირანი დგას ამის უკან. ჩააძაღლე ისინი! ჯოჯოხეთი უნდა მიიღონ საფასურად იმისა, რაც ჩაიდინეს“ (იგულისხმება 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტი).

გავითვალისწინოთ, რომ ინგლისურ გამოთქმას „To finish“, გარდა ლიტერატურულისა, „სლენგური“ კონოტაციაც აქვს და ზუსტადაც ამას ნიშნავს: ჩააძაღლე!  

ამას რომ წაიკითხავ, თვით დონალდ ტრამპიც კი, ქალბატონ ჰეილისთან შედარებით, „მშვიდობის გვრიტად“ მოგეჩვენება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ბრიტანელების სიამაყე, 500 წლოვანი ისტორიის „სამეფო ფოსტა“ (Royal Mail) უცხოელმა შეიძინა:

ჩეხმა მილიარდერმა Daniel Křetínský-მ.

გარიგების რეალური ფასი არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ევროპელმა მილიარდერმა აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა 3,7 გირვანქად თითო ანუ დაახლოებით $4,6.

Daniel Křetínský (კაპიტალით $7,7 მლრდ.) ბრიტანეთისთვის უცნობი სულაც არ არის - საფეხბურთო კლუბ West Ham United-ის მფლობელია, თუმცა...... Royal Mail ინგლისელებისთვის მაინც „სულ სხვაა“ - იდენტობის ნაწილია.

ახლა ბრიტანელი კონსერვატორები, რომლებსაც მრისხანედ „უახლოვდებათ“ 4 ივლისის საპარლამენტო არჩევნები, თავს იმართლებენ: რა ვქნათ, „სამეფო ფოსტა“ ბიუჯეტის პრობლემების გამო 2013 წლიდან კერძო აქციონერებს მივყიდეთ (ბრიტანელებს) და აბა როგორ შეგვეძლო აგვეკრძალა მერე მათთვის, ფოსტის ჩეხი მილიარდერისთვის მიყიდვაო, თუმცა.....ინგლისელებისთვის ამგვარი „გაპრავება“ მიუღებელია: ინგლისელები ევროპაში „ტოლად და სწორად“ მხოლოდ ფრანგებს მიიჩნევენ. სხვას ყველას „ზემოდან“ უყურებენ. და ჩეხი მილიარდერი ფლობდეს ეროვნულ სიამაყეს.......მათთვის დამამცირებელია.

შესაძლოა ლეიბორისტულმა პარტიამ სწორედ ამ მიზეზით (მინიმუმ მათ შორის ამ მიზეზით) მოიგოს 4 ივლისის საპარლამენტო არჩევნები, რაკი 2013 წელსაც წინააღმდეგი იყო Royal Mail პრივატიზებისა.

ნამდვილად ნიშანდობლივია, რომ ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირიდან სწორედ ამ „მედიდურობის“ გამო გავიდა (და არა რაიმე ეკონომიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებით), რაკი ინგლისელთა აღქმით ევროკავშირი საკუთარ ნებას ახვევდათ თავს და „ჩვენ მათზე მაღლა ვდგავართო“, ახლა იძულებულია შეურიგდეს Royal Mail-ის შეძენას ევროპელი, მით უმეტეს ჩეხი ნუვორიშის მიერ.

„ნუვორიშია“ აბა რა არის: 35 წლის წინ ჩეხეთი კომუნისტური ქვეყანა იყო კერძო საკუთრების აკრძალვით და.......მასთან შედარებით, ტავსი დროზე Harrods ის შემძენი ეგვიპტელი მილიარდერი ალ ფაიეტიც კი „არისტოკრატია“

 

მაგრამ ეკონომიკა მრისხანეა: 2013 წელსაც და დღესაც „სამეფო ფოსტა“ ფინანსურად ზარალიანი კომპანიაა.

 

ისე...ცოტა არ იყოს კომიკურიცაა, რომ „მისი უდიდებულესობის ფოსტა“, რომელიც XVI საუკუნეში (1516წ) ჰენრიხ VIII დააარსა, „კაპიტალისტური სპეკულაციების“ საგანი გახდა; ანუ „სამეფო“ ღირსება „სავაჭრო ლეიბლად“ და „მარკად“ იქცა მხოლოდ.

ამავე ლოგიკით ბუკინგემის სასახლის იჯარაში გადაცემაც შეუძლიათ ვინძორებს, რაკი მეტისმეტად ძვირი ჯდება მისი შენახვა (ეს ნახევრად ხუმრობით, რასაკვირველია).

 „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.