საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მაისი. 2024 წელი
„მანჰეტენის ჟიურიმ“ ანუ ნაფიც მსაჯულთა საბჭომ დონალდ ჯ ტრამპი დამნაშავედ ცნო პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვისა და საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების საქმეში.
თანაც დამნაშავედ ცნო ყველა 34 ეპიზოდზე, რაც ამ საქმიდან გამომდინარეობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამერიკული კანონმდებლობით (ყველა ქვეყანაში ასე არ არის) ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებებს იღებენ ერთხმად (!) ანუ ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება ხანგრძლივი თათბირის შემდეგ.
ამრიგად, Donald J Trump, - აშშ 45-ე პრეზიდენტი, - არის პირველი სახელმწიფოს მეთაური ამ დიდი ქვეყნის ისტორიაში, ვინც სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ იყო დაწყებული გამოძიება „დემოკრატიული პარტიის“ შტაბ-ბინაში, სასტუმრო „უოთერგეიტში“ მოსასმენი აპარატურის დაყენების საქმეზე. მაგრამ ნიქსონი მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯერარდ ფორდმა შეიწყალა მაშინვე, როგორც კი ნიქსონი გადადგა და ვიცე-პრეზიდენტი ფორდი პრეზიდენტი გახდა ავტომატურად. შესაბამისად შეწყალების უფლებაც მოიპოვა.
განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს მხოლოდ უკვე დამდგარი განაჩენის შემდეგ, ამერიკაში პრეზიდენტს კანონით უფლება აქვს შეიწყალოს ნებისმიერი ეჭვმიტანილი (!) ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, როდესაც ეს პირი ჯერ ბრალდებულადაც კი არ არის ცნობილი.
ეს საოცარი მოცემულობაა, თუმცა ფაქტია.
მას შემდეგ, რაც მანდატურმა წაიკითხა `ნაფიცების` ვერდიქტი: Guilty (დამნაშავეა), მოსამართლემ Juan Merchan თქვა, რომ განაჩენს 11 ივლისს გამოაცხადებს.
სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: კანონით მოსამართლეს სრული უფლება აქვს ტრამპს მიუსაჯოს ციხე, მაგრამ იმის უფლებაც აქვს, რომ მიუსაჯოს პრობაცია, პირობითი სასჯელი ან ჯარიმა.
აქ ვერ გავექცევით იმ დასკვნასაც, რომ უკვე ბევრი რამ (თუ ყველაფერი არა) მოსამართლის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული და აბსოლუტურად ცხადია, რომ მოსამართლე აუცილებლად გაითვალისწინებს პოლიტიკურ მოცემულობებს ან/და ყველა შემთხვევაში, მისი ნებისმიერი (!) გადაწყვეტილება პოლიტიკურად იქნება მიჩნეული.
საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ტრამპის მომხრენი იტყვიან: „ბაიდენმა პოლიტიკური კონკურენტი ჩამოიშორაო“ არამედ ასევე უდიდესი პრობლემა და პრეცედენტია (ამერიკული მართლმსაჯულება კი პრეცედენტული მართლმსაჯულებაა), რომ ტრამპის მოძულენი, თავის მხრივ იტყვიან: „ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელა მოსამართლემ, რაკი ნებისმიერი ადამიანი, ტრამპის ადგილზე რომ ყოფილიყო და ასეთი დანაშაული ჩაედინა როგორიცაა 34 (!) ეპიზოდში საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბება, აუცილებლად წავიდოდა ციხეშიო“.
იმიტომ, რომ ამერიკაში მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობა კი არ არის მკაცრი, არამედ რაც არანაკლებ ან ბევრად არსებითია, ამ სისხლის სამაღტლებრივი კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკა არის უმკაცრესი!
ტრამპმა, როგორც სრულიად მოსალოდნელი იყო, „სამარცხვინო“ უწოდა სასამართლოს (ანუ ნაფიც მსაჯულთა ჯერ და არა მოსამართლის) ვერდიქტს და განაცხადა, რომ „ნამდვილი ვერდიქტი“ იქნება 5 ნოემბერს - საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, თანაც ბევრად მძიმე ბრალდებებით, როგორიცაა 2021 წლის კონგრესში შეჭრის ეპიზოდი, არჩევნებში ჩარევა, საიდუმლო დოკუმენტების სახლში წაღება.....თუ ყველა საქმეზე ნაფიცებმა „დამნაშავედ“ ცნეს, ყველა ამ საქმეზე მოსამართლის მიერ პირობითი სასჯელების გამოყენება, თანაც ისეთ უმძიმეს ქეისებზე, მაგალითად, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (კონგრესში შეჭრა) უკვე „პრეცედენტი“ კი არ იქნება, არამედ......ამერიკული მართლმსაჯულების საუკუნო დისკრედიტაცია.
მაგრამ.....მაგრამ......აქ ამერიკულმა Deep state-მა ანუ საშუალო დონის „გადაწყვეტილების მიმღებმა“ ბიუროკრატიამ შეიძლება აირჩიოს ეს „ნაკლები ბოროტება“, იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის ციხეში გაშვება წინასაარჩევნოდ ამერიკაში ნამდვილად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, შესაძლოა სისხლისღვრასაც, უკიდურეს (თუმცა ალბათურ) შემთხვევაში სამოქალაქო ომსაც კი და ეს....ბევრად დიდი უბედურებაა, ვიდრე თუნდაც ამერიკული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
არც ერთი მხარე არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ იყო ამ საუბრის ინიციატორი - ტრამპი თუ მასკი.
მაგრამ Wall street journal ესე იგი ამერიკული პრესის ერთ-ერთი „ფლაგმანი“ წერს, რომ საუბარი ეხებოდა ილონ მასკის როლს არა მხოლოდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში (ეს უკვე ცხადია - მასკის X ტრამპის „პლატფორმად“ იქცა!) არამედ, რაც ბევრად არსებითია და საინტერესო, ილონ მასკის როლს და ფუნქციას დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში.
WSJ ცნობით, ილონ მასკს აქვს სურვილი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დეკლარირდეს, როგორც ტრამპის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წევრი. და მისი მომავალი თანამდებობაც გამოცხადდეს, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლისა.
აქ გავითვალისწინოთ, რომ ამერიკული ბიუროკრატიული იერარქიით „მრჩეველი“ (Adviser) ძალიან მაღალი რანგია. საკმარისია გავიხსენოთ National security adviser პოსტი, რომელიც საერთოდაც „საკვანძოა“ თეთრ სახლში.
შესაბამისად, ილონ მასკს უკვე ლამის ასეთივე რანგი თუ სტატუსი და ფუნქცია სურს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში!
ამერიკული პრესა კი წერს, რომ რეალურად მასკს მხოლოდ საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელება კი არ ადარდებს, არამედ ტრამპს უნდა მჭიდროდ დაუახლოვდეს, რათა პრეზიდენტმა ტრამპმა მას ააცილოს (თუნდაც შეწყალების ფორმით) ის გამოძიებები, რაც უკვე დაწყებულია ილონ მასკის წინააღმდეგ
მაგალითად, ილონ მასკის და მისი კომპანიების წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე საგამოძიებო ორგანო: „ფასიანი ქაღალდების კომისია“.
ასევე იუსტიციის სამინისტრო;
ანუ ილონს ამ მიმართულებით საქმე არც თუ კარგად აქვს.
კიდევ ცალკე მნიშვნელოვანი თემაა, თუ რა გავლენას იქონიებს ილონ მასკის პოზიციები ტრამპის ადმინისტრაციაში პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაზე ჩინეთის მიმართ, რადგან ჩინეთის ხელისუფლებამ და Deep state-მა ილონ მასკი, როგორც ქართულად იტყვიან „ჭიპლარით მიიბა“ და სისხლხორცეულად დააინტერესა, ვაშინგტონმა არანაირი სავაჭრო ან სხვა ტექნოლოგიური შეზღუდვა არ შემოიღოს ჩინეთის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნება დართეს უკრაინას გამოიყენოს საფრანგეთის და გერმანიის მიწოდებული იარაღი რუსეთში „არასამოქალაქო ობიექტებზე“ შეტევისთვის (ამ თემაზე გუშინ ვწერდით), ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დართო ნება უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ.......მხოლოდ მოსაზღვრე რეგიონებში ანუ კურსკსა და ბელგოროდში, საიდანაც ხდება ხარკოვის დაბომბვა და საიდანაც მობილიზდება რუსის ჯარი ხარკოვზე შესატევად.
გუშინ უკრაინამ უკრაინული (!) წარმოების დრონით დაარტყა რუსულ რადარს არმავირთან, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2 000 (!!!) კილომეტრში - ყაზახეთის საზღვართან!
ეს არის ყველაზე „შორსმწვდომი“ დარტყმა მთელი რუსული აგრესიის განმავლობაში 2022 წლიდან.
იმ რადარის დანიშნულებაა მთელს პლანეტაზე ტრანსკონტინენტური სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების გაშვების კონტროლი და დეტექტირება.
ანუ ამ რადარს სტრატეგიულზე სტრატეგიული მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს!
ბოლომდე ვერ დაანგრიეს, თუმცა სერიოზულად დააზიანეს.
აქ ბუნებრივად წარმოიშობა ორი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი: რაკი უკრაინას გააჩნია საკუთარი წარმოების ისეთი დრონები, რომ თითქმის 2 000 კილომეტრზე (!) შეუძლიათ რუსული ობიექტების განადგურება ან დაზიანება, რაღაც ლოგიკა უკვე ჩნდება ამერიკელთა და ევროპელთა მოთხოვნაში: „თუკი თავად გაგაჩნიათ ასეთი იარაღი რაღა ჩვენი რაკეტები უნდა გამოიყენოთო“.
თუმცა სპეციალისტები ამასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ეს წარმატებული დარტყმა რაღაც „ბედნიერი გამართლებასავით“ იყო, რადგან დრონის სისწრაფე ვერ შეედრება ამერიკული, ფრანგული, გერმანული თუ ბრიტანული ზებგერითი რაკეტების სისწრაფეს და საოცრებაა, რომ ეს უკრაინული დრონი რუსულმა „საზენიტომ“ ვერ „გადაიჭირაო“.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ისაა, რაც პუტინმა თქვა ამას წინათ: უკრაინა დიდ სიშორეზე ვერ დაბომბავს რუსეთის ტერიტორიას თუ ამერიკულმა კოსმოსურმა დაზვერვამ არ მიაწოდა ზუსტი კოორდინატები სამიზნისა, ხოლო დრონში ეს კოორდინატები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა არ შეიყვანესო.
ანუ, აწვდის თუ არ აწვდის დასავლეთი უკრაინას რაკეტებს, რთავს ნებას თუ არ რთავს ნებას გამოიყენოს მისი იარაღი, საკვანძო საკითხი მაინც ისაა, ვინ ახორციელებს მიზანდასახულობას კოსმოსური თანამგზავრებით და საუკეთესო სპეციალისტებით?
რასაკვირველია ამერიკა!
ეს სწორედაც ამერიკამ დაარტყა იმ სტრატეგიულ რადარს და არა უკრაინამ!
რეალურად ზუსტადაც ასეა.
ამიტომაც „აეწვა“ პუტინს.