საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ოქტომბერი. 2023 წელი
ამერიკის შეერთებულმა შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს დიდძალი.....ირანული წარმოების იარაღი. მათ შორის მილიონობით ტყვია, ათასობით შაშხანა, რაკეტები და სხვა შეიარაღება.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიდან ეს იარაღი ამერიკას?
საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე წლის წინ დასავლეთმა დააწესა ემბარგო იარაღის მიწოდებაზე იემენში, სადაც გრძელდება სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი ადგილობრივ პროირანელ შიიტებსა და პროსაუდელ სუნიტებს შორის.
შიიზმი და სუნიზმი ისლამის ორი განშტოებაა, როგორც მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი.
ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დააწესეს მკაცრი კონტროლი იმ საზღვაო მარშრუტებზე, რომლითაც ირანი აწვდიდა იარაღს იემენში შიიტ მეამბოხეებს;
რამდენჯერმე ერთობლივმა ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანულმა პატრულმა დააპატიმრა გემები, რომლებსაც ეს იარაღი გადაჰქონდათ და იარაღი რა თქმა უნდა ჩამოართვეს; ისინი ინახებოდა ამერიკულ ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში ანუ კატარში, ქუვეითში და სხვა.
უკრაინა რომ ამ იარაღს მიიღებს, არავის ეჭვი არ ეპარება. თუმცა საინტერესოა, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ამისთვის ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდათ: ამერიკა სამართლებრივი სახელმწიფოა და სწორედ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არა მარტო სამართლიანი, არამედ იურიდიულად გამართული იქნება, თუ უკრაინას მიაწვდიან ჩამორთმეულ ირანულ იარაღს.
აქვე გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანული წარმოების დრონებს `შეიჰიდს`, რომლებსაც რუსებმა შესანიღბად `გერანი` დაარქვეს.
ბუნებრივია, ირანული იარაღი არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის; ზოგადად თანდათან იქმნება ვითარება, როცა უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს, თუმცა ფინანსური დახმარება ესაჭიროება, რათა მისი სახელმწიფო ინსტიტუტები არ დასუსტდნენ;
ამერიკის კონგრესმა დაბლოკა უკრაინისთვის 13 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა; თუმცა გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა: ჩვენ მაინც ვიპოვით გზებს, რათა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა განვაგრძოთო.
რა იგულისხმება ვერავინ გაიგო ზუსტად. აშშ პრეზიდენტს კონგრესის გარეშე 1 დოლარის განკარგვაც არ შეუძლია - ასეთია ამ ქვეყნის სახელმწიფო სისტემის თავისებურება;
მხოლოდ ვარაუდები შეიძლება: მაგალითად, ბაიდენი აპირებს მიმართოს რომელიმე მდიდარ პარტნიორ ქვეყანას (არ არის აუცილებელი ევროპაში) და მას სთხოვოს უკრაინის ფინანსური დახმარება, სანაცვლოდ კი პრეზიდენტმა ამ ქვეყანას სავაჭრო პრეფერენციები დაუწესოს საპრეზიდენტო პრეროგატივების ფარგლებში; ამის უფლება ამერიკის სახელმწიფოს მეთაურს აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში: კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე ულტრამემარჯვენე ბლოგერი და რადიოწამყვანი Stephen K. Bannon, რომელიც დონალდ ტრამპის იდეოლოგად ითვლებოდა 2014 წლიდან, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ იწყებდა ბრძოლას თეთრი სახლისთვის.
გუშინ, ოთხშაბათს, ორი გავლენიანი კონგრესმენი, ვინც დააინიციირა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, კევინ მაკარტის გადაყენება (Matt Gaetz ფლორიდიდან და Nancy Mace სამხრეთ კაროლინიდან) ეწვია ბენონს მის სტუდიაში.
ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ FOX-ზე კი არ წავიდნენ, ან ნებისმიერ საერთონაციონალურ არხზე, არამედ სტივ ბენონს ეახლნენ, რაკი სწორედ ის ითვლება ულტრამემარჯვენე მოძრაობა MAGA-ს იდეოლოგად. ისევე, როგორც `ტრამპიზმის` ინსპირატორად.
ეს დემონსტრაციული ვიზიტი ადასტურებს, რომ ბენონი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წლებში თეთრ სახლშიც კი მუშაობდა პრეზიდენტის მრჩევლად, ახლა `ბრუნდება` დიდ პოლიტიკაში და სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით წარიმართება ტრამპის საარჩევნო კამპანია.
ოღონდ არა მხოლოდ საარჩევნო კამპანია: არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები ტრამპის დაპატიმრების შემთხვევაში არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. რას მოიმოქმედებენ MAGA და მისი იდეოლოგი. ხომ არ შეექმნება საფრთხე თვით ამერიკული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენებს?!
ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა სტივ ბენონის ფოტო მისი სტუდიის ფონზე, სადაც არის ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი სლოგანი: There are no conspiracy’s, but there are no coincidentes - არ არსებობს შეთქმულებები, თუმცა არ არსებობს არც დამთხვევები.
თუ `გადმოვთარგმნით` რთული საზრისიდან, ეს იმას ნიშნავს, მაგალითად, რომ შესაძლოა არც არსებობდა შეთქმულება, რათა ტრამპისთვის `მოეპარათ` 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა შეუძლებელია ყოფილიყო შემთხვევითი, როდესაც, ვთქვათ, ხელისუფლებამ დაუშვა `წერილობითი` კენჭისყრა, რამაც ბაიდენისა და ტრამპის ელექტორატთა კარდინალური სოციალური სხვაობების გამო (ისინი ხომ სოციუმის სხვადასხვა სტრატს წარმოადგენენ), `დემოკრატებს` მიანიჭა უპირატესობა `რესპუბლიკელებთან` შედარებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის ტრამპის საარჩევნო ფონდმა 45 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს სამჯერ მეტია ვიდრე ის თანხა ($15 მლნ), რაც ტრამპის მთავარმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა შეაგროვა.
ელემენტარულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს არა აქვს უფლება საკუთარი ფული ხარჯოს საარჩევნო კამპანიისას; ტრამპი, ყველაფრის მიუხედავად, მილიარდერია, თუმცა კანონი უმკაცრეს შეზღუდვებს უწესებს, რათა გამოირიცხოს ე.წ. `ამომრჩევლების მოსყიდვა`, რაც არ გულისხმობს `ფულის დარიგებას` საარჩევნო უბნებთან, არამედ ნებისმიერი აქციის განხორციელებას პირადი კაპიტალით, რაც ამომრჩეველს მოხიბლავს.
დამკვირვებლები ასკვნიან, რომ `რესპუბლიკურ პარტიაში` ტრამპის უპირატესობა უბრალოდ კოლოსალურია. 1984 წელს ჰქონდა ასეთი უპირატესობა რონალდ რეიგანს მხოლოდ;
კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ისაა, რომ ტრამპისთვის შემოწირულებანი უბრალო ამერიკელების მხრიდან გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ცნობილი (უკვე ისტორიული!) ფოტო ჯორჯიის შტატის ფულტონის ციხიდან, სადაც ტრამპს გადაუღეს პროტოკოლური `საპატიმრო ფოტო` და ის უდრეკი გამომეტყველებით უმზერს კამერას.
ამ ერთმა ფოტომ ტრამპს მილიონები მოუტანა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელდება რბოლა ზესახელმწიფოებს შორის მთვარეზე მუდმივი სადგურის ასაშენებლად, სადაც იცხოვრებენ და იმუშავებენ ასტრონავტები.
ინდოეთმა დაასწრო ჩინეთს მთვარეზე მკვლევარი აპარატის გაშვება, თუმცა ჩინელები ახლა ცდილობენ, 2030 წლამდე არა მხოლოდ ასტრონავტები გააგზავნონ მთვარეზე (თანაც მთვარის ბნელ მხარეზე - Dark side of the moon) არამედ იქ სადგურიც ააშენონ.
ზოგიერთი ცნობით, ამერიკელები მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნებას გეგმავს უკვე 2024 ან 2025 წელს. მაქსიმუმ 2027წ.
რუსეთი საბოლოოდ გამოეთიშა ამ `რბოლას` მას შემდეგ, რაც მისმა `მთვარის მისიამ` კრახი განიცადა: ვერ დასვა აპარატი მთვარეზე.
აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია: მომავალ კოსმოსურ გეგმებზე ამერიკის, ინდოეთის და ჩინეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც გაიმართა......ბაქოში!
აზერბაიჯანი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ემზადებოდა ტრიუმფალური გამარჯვებისთვის და სწორედ ამას ემსახურებოდა მისი `საიმიჯო` აქტივობები მრავალი მიმართულებით: Eurovision კონკურსი, Formula-1 რბოლა, ასტრონავტული კონფერენცია და ა.შ და ა.შ.
შედეგად, აზერბაიჯანი წარმოჩინდა, როგორც სერიოზული, სოლიდური, რესპექტაბელური სახელმწიფო და არავის აზრად არ მოსდის დღეს მისი დასანქცირება - ყველა მდუმარედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
FIFA-მ მიიღო მორიგი გამაოგნებელი გადაწყვეტილება იმ გადაწყვეტილებათა რიგში, რომელიც კლავს ფეხბურთს და მის მარგალიტს: მსოფლიო ჩემპიონატის (მსოფლიო თასის) ფინალურ ტურნირს:
2013 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი (ოფიციალურად მას ეწოდება მსოფლიო თასის გათამაშება) გაიმართება ერთდროულად სამ კონტინენტზე: სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში და ევროპაში.
2030 წელს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა; თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილებით ურუგვაიში მხოლოდ პირველი მატჩი გაიმართება, შემდეგ ჩემპიონატი გაგრძელდება რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორისაა არგენტინა, პარაგვაი, მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია;
თანაც მატჩების უმრავლესობა შედგება მაროკოში.......... FIFA-ს ბიუროკრატიას `ტკბილად` ახსოვს ის მილიონები, რაც მაროკოს ჩემპიონატიდან მიიღეს.
ამ ბიუროკრატიას არაფერი ეშველება - რევოლუციის გარდა.
UEFA-მ საერთოდ რუსები დააბრუნა გასულ კვირას - მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი აგრესიისა: `იუნიორებმა რა დააშავესო.` არადა იუნიორებმა კი არა, მათმა ქვეყანამ დააშავა.