საერთაშორისო მიმოხილვა. 8 იანვარი. 2024 წელი
რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს 16 წლის დაღესტნელი მოზარდი, რომელმაც, როგორც ირკვევა, რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე დაწვა (!) რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი СУ-34.
ცეცხლი წაუკიდა და თვითმფრინავიც დაიწვა. ყოველ შემთხვევაში იმდენად დაზიანდა, რომ ვერ იფრენს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის დაწვა მისი სპეცოპერაცია იყო.
პუტინი იმდენად გაამწარა ამ ამბავმა, დონბასში უკრაინულ სოფელს (არანაირი სამხედრო მნიშვნელობა რომ არა აქვს) С-300 რაკეტები ესროლა გუშინ, 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი მოკლა.
ამ დროს კი რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკვე ასეულობით ლტოლვილი ჰყავს პუტინს: პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთში ლტოლვილები გაჩნდნენ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან. ბელგოროდელები გადაასახლეს რუსეთის სიღრმეში.
კრემლის ოფიციოზი წუწუნებს: „მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა უკრაინამო“.
არადა.....როცა რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს და იქ მშვიდობიანი ადამიანები იხოცებიან, კრემლი მუდამ ამბობს: „უკრაინული საჰაერო თავდაცვა არაპროფესიონალურად მოქმედებს: ჩვენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ვბომბავთ, მაგრამ უკრაინელები ჩვენს რაკეტებს აგდებენ და ნამსხვრევები ხვდება მშვიდობიან მოსახლეობასო“.
ჰოდა ახლა უკრაინელებიც იმავეს ამბობენ: „ჩვენ სამხედრო ობიექტებს ვბომბავთ, მაგრამ რუსები აგდებენ, ნამსხვრევები მოსახლეობას ხვდება და ამიტომ იხოცებიან მშვიდობიანი ბელგოროდელებიო“.
მალე მოსკოვსაც დაბომბავენ....აბა „სამხედრო ობიექტების“ მეტი რა არის მოსკოვში? თუ რუსული ПВО ჩამოაგდებს ან ვერ ჩამოაგდებს, უკრაინელებიც უეჭველად იმავეს იტყვიან: „ჩვენ სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებდით და......“
პუტინი ცეცხლს ეთამაშება: დასავლეთს შესაძლოა მოჰბეზრდეს ეს გაუთავებელი ომი და „სადაც ვიწროა იქ გაწყდეს“ სლოგანით მიაწოდოს უკრაინას ისეთი რაკეტები და ტექნოლოგიები, რაც მოსკოვისა და პეტერბურგის დაბომბვას შესაძლებლად აქცევს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეტა შობა-საახალწლოდ სხვადასხვა დასავლური რესურსისათვის მიცემულ ინტერვიუში.
საერთო აზრი ისაა, რომ 2024 წელს უკრაინა ძალიან ძლიერად დაარტყამს ყირიმს!
რაკი დონბასზე რუსებმა შექმნეს თავდაცვითი ზღუდეები, ყირიმზე დარტყმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე არა იმიტომ, რომ დაუყოვნებლივ შეძლებს უკრაინის არმია ნახევარკუნძულის გათავისუფლებას, არამედ ყირიმზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით, ყირიმის ხიდის განადგურებით, შეუქმნის უდიდეს დისკომფორტს ყირიმელებს და ამით „ჩამოაქცევს“ პუტინის მეგა-იმპერიული ნარატივის საყრდენს: პუტინი ხომ ატყუებდა რუსებს, რომ ყირიმის დაბრუნებით დაიწყო „დერჟავას“ აღორძინებაო.
ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმისთვის, მას ესაჭიროება გერმანული რაკეტები Taurus
. . . . . . . . . . . . .
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას.
დღეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჰყავთ არმიები, მაგრამ ისინი შედიან NATO-ს შემადგენლობაში, არსებობს კოლექტიური საკომანდო-სამეთაურო სისტემა და ა.შ.
რეალურად, არაფერში არ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი არმია; თუმცა ტაიანიმ, რომელიც წარმოადგენს ბერლუსკონის დაფუძნებულ პარტიას Forza Italia, უფრორე იგულისხმა ერთი რაიმე დიდი Unite რომელიც ევროკავშირის „სამშვიდობო ძალების“ ფუნქციას შეასრულებს.
არ არის გამორიცხული, ეს განცხადება - „ერთიანი ევროპული არმიის“ შექმნის შესახებ - იყოს ე.წ. „ევროოპტიმისტთა“ „ნიადაგის მოსინჯვა“ ევროპული ფედერაციის შექმნის პროექტის გასაცოცხლებლად.
მოგეხსენებათ, ასეთი პროექტი 10-15 წლის წინ არსებობდა, თუმცა იმ დროს ჩაიშალა, რადგან „ერთიანი ფედერაციული ევროპის კონსტიტუცია“ ჩავარდა ნიდერლანდის რეფერენდუმზე.
მაშინ „ჩავარდა“, თუმცა საბოლოოდ არ მომკვდარა.
. . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა ისეთი საშინელი განცხადება გააკეთა აიოვას შტატში, წინასაარჩევნო მიტინგზე, რომ მისი თანაპარტიელებიც კი გაოგნებულები არიან.
აშშ 45ე პრეზიდენტმა თქვა, რომ აბრაჰამ ლინკოლნი შეცდა, როდესაც „მოლაპარაკებით არ გადაწყვიტა პრობლემა და საქმე ომამდე მიიყვანა“, რის შედეგადაც „უამრავი ადამიანი დაიღუპა“.
შეგახსენებთ ფაქტებს: რესპუბლიკელი (!) პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი იყო ამერიკელი ლიდერი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს;
ამ ომის არსი ის იყო, რომ ლინკოლნს სურდა ამერიკაში შავკანიანთა მონობის გაუქმება;
20 არამონათმფლობელური შტატი, სადაც მონობა აიკრძალა, ებრძოდა 4 სამხრეთულ მონათმფლობელურ შტატს;
„სამხრეთული შტატები“ იბრძოდნენ არა მხოლოდ მონობის შესანარჩუნებლად, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოყოფისათვის;
უფრო ზუსტად, ისინი ლინკოლნს სთავაზობდნენ უკვე არა ფედერაციას, არამედ კონფედერაციას;
„ჩრდილოეთის კოალიციამ“, სისხლისმღვრელი ომის შედეგად, დაამარცხა „სამხრეთელი კონფედერატები“, საბოლოოდ გააუქმა მონობა და „შემოიმტკიცა“ (ეს ქართული ტერმინი ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ პროცესისა და შედეგის არსს) სამხრეთული შტატები.
ახლა არა მხოლოდ ამერიკელი დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც სვამენ კითხვას: რა ნაწილში ან რაზე შეეძლო აბრაჰამ ლინკოლნს მოლაპარაკების წარმოება „სამხრეთელებთან?“ მონობა რომ არ გაუქმებულიყო იმაზე? „სამხრეთული შტატების“ დამოუკიდებლობის ცნობაზე?
მივაქციოთ ყურადღება, რომ ტრამპს ეს აზრი არ გაუჟღერებია რაიმე კითხვის პასუხად ან რაიმეს კომენტირებისას: უბრალოდ თქვა, რაკი ასე ჩათვალა საჭიროდ.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ურჩიეს ეთქვა; მაგრამ რატომ?
როგორც ჩანს, ამ ნარატივით ტრამპი ცდილობს იმ მოარული ბრალდების ნიველირებას, რომ იგი ამერიკაში სამოქალაქო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს ანუ სამოქალაქო ომს პროვოცირებს.
ეს გასაგებია, მაგრამ.....XIX საუკუნის ამერიკული სამოქალაქო ომის თემა ამერიკელების „მეგა-ნარატივისთვის“ იმდენად ფუნდამენტურია, იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად განმსაზღვრელია, რომ მასზე ასე „შეხება“ ამერიკული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის შერყევასაც კი ნიშნავს.
თუმცა ტრამპი, როგორც ჩანს ამაზე ნაკლებად ფიქრობს. მისი მიზანია მიიმხროს ამერიკელთა „პასიონარული უმცირესობა“, რომელიც უმცირესობის მიუხედავად, მზად იქნება იმოქმედოს, ხოლო დაპირისპირებისთვის პასუხისმგებლობა არა ტრამპს, არამედ ხელისუფლებას დააკისროს.
სხვა ახსნა ამ საოცრებას უბრალოდ არა აქვს.
„რესპუბლიკელებში“ რეაქცია მძვინვარეა: ყოფილი კონგრესვუმენი ლიზ ჩეინი აცხადებს, რომ რესპუბლიკურ პარტიას „ჭირი შეეყარა-სიმხდალის ჭირი“.
იგი გულისხმობს, რომ რესპუბლიკელები მაინც ვერ ბედავენ „ჩახსნან“ ტრამპი პრაიმერიზიდან რაკი ნამდვილად ეშინიათ მისი (და რესპუბლიკური პარტიის) მილიონობით ამომრჩევლის.
15 იანვარს აიოვაში, შემდეგ ნიუ ჰემფშირში ჩატარდება პირველი „კოკუსები“ ანუ წინასაპრაიმერიზო შეკრებები.
მერე წავა და წავა და წავა...... „დომინოს პრინციპით“.
. . . . . . . . . . . . .
ღაზის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად უკვე 23 000 პალესტინელი დაიღუპა.
ფაქტია, ისრაელის ვერც ერთმა მტერმა ვერ გაბედა ისრაელზე შეტევა ყველა მუქარის მიუხედავად;
პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მთელი 2024 წელი და იქნებ უფრო მეტიც გაგრძელდებაო. მიზანი კვლავინდებურად „ჰამასის“ განადგურებაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის დასავლეთი, უკრაინა და ა.შ. უნდა შეეგუოს ამ მოცემულობას: ახლო აღმოსავლეთი კიდევ დიდხანს „იბალანსირებს“ დიდი ომის ზღვარზე, რამაც შეუძლებელია სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე და კონფლიქტებზე არ მოახდინოს გავლენა.
ისრაელის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი გარკვეულწილად წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ.
ერთის მხრივ ამბობენ, რომ არ გეგმავენ ღაზის სექტორის ოკუპაციას, თუმცა მეორეს მხრივ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ რომმ „ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე იკისრებს პასუხისმგებლობას, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული საქმეები შესაძლოა პალესტინის ავტონომიამ და ეგვიპტემ გადაწყვიტოსო“.
ეს ბევრმა ვერ გაიგო: თუკი ისრაელი ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე იტოვებს პასუხისმგებლობას.
ეს როგორ უნდა განახორციელოს ღაზის სექტორში ჯარის და უსაფრთხოების სტრუქტურათა შენარჩუნების გარეშე?
გვესმის პოლიტკორექტული განცხადებები, რომ „ღაზის სექტორში ჰამასის მოსპობის შემდეგ......„
არადა ღაზის სექტორის მთელი მოსახლეობა, თუ არაპოლიტკორექტულად ვიტყვით, არის სწორედ ჰამასი! მისი მოსპობა შეუძლებელია: მთელი ამ უბედურების შემდეგაც კი, გამოკითხვებით „ჰამასი“ლიდერობს და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ისევ „ჰამასი“ მოვა ხელისუფლებაში.
ამიტომ ბევრი ისრაელში თვლის, რომ ცახალი (ისრაელის არმია) უნდა წავიდეს ღაზიდან და ეს სექტორი გადააბაროს ეგვიპტეს იმ პირობით, რომ ღაზისა და ეგვიპტის საზღვარს ისრაელი და ეგვიპტე ერთად გააკონტროლებენ, რათა იქ იარაღი არ შევიდეს.
ხოლო ისრაელმა უნდა შექმნას „ბუფერული ზონა“ და ააშენოს ნამდვილად გადაულახავი კედელი ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის.
7 ოქტომბერს ისრაელის მარცხი იმან განაპირობა, რომ ერთის მხრივ სტატუს-ქვოს შენარჩუნება სურდათ, ხოლო მეორეს მხრივ, არაფერი იღონეს, რათა დაენაღმათ (!) კედელი და მიმდებარე ტერიტორია, რისი გაკეთებაც სულ ადვილად შეიძლებოდა 10 წლის განმავლობაში.
შედეგად კი ღაზიდან ტერორისტები ებრაულ კიბუცებში ასე იოლად შეღწევას ვერ შეძლებდნენ.