საერთაშორისო მიმოხილვა. 9 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 იანვარი. 2025 წელი

სამხედრო ანალიტიკოსები აჯამებენ 2024 წელს და ასკვნიან, რომ იგი ნამდვილად არ აღმოჩნდა წარმატებული უკრაინისთვის.

უფრო პირიქით:

თებერვალში რუსულმა საოკუპაციო არმიამ დაიკავა უკრაინული თავდაცვითი ზღუდე ავდეევკაში. ამით გაეხსნა გზა პოკროვსკისკენ. ოქტომბერში უკრაინელებმა დატოვეს უგლედარი. ხარკოვის რაიონში ოკუპანტები მიუახლოვდნენ ოსკოლის წყალსაცავს და უკრაინული ძალები ამ რეგიონში ორად გაჰყვეს.

მიუხედავად ამისა, რუსული საოკუპაციო არმია კვლავაც შორსაა მთავარი მიზნის მიღწევისგან: მთლიანად განდევნოს უკრაინული ძალები დონეცკიდან.

ამისთვის აუცილებელია რუსებმა მთლიანად დაიკავონ კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაცია, რასაც ვერ ახერხებენ საბედნიეროდ. ანუ ვერ იპყრობენ ჯერ-ჯერობით ჩასოვ იარს და ტორეცკს. ასევე კონსტანტინოვკას. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა.

ამას გარდა, სასიხარულოა, რომ რუსებმა, მიუხედავად „კიმების რეჟიმის“ დახმარებისა „საზარბაზნე ხორცით“, ვერ მოახერხა კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალების განდევნა.

უკრაინელები იქ კვლავინდებურად მყარად დგანან.

მთლიანობაში კი, 2024 წლის მანძილზე რუსეთმა დამატებით მხოლოდ უკრაინული ტერიტორიის 3 300 კილომეტრის დაპყრობა შეძლო, რაც მთელი უკრაინის ტერიტორიის 0,5%-ია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთში აქტიურად აკომენტარებენ ზელენსკის ბოლო ინტერვიუს - ბაიდენის ადმინისტრაციის უმწვავესი კრიტიკით.

ფაქტობრივად უკრაინის პრეზიდენტმა აშშ წარმავალ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას კორუფციაში დასდო ბრალი.

დამკვირვებლები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს მწვავე კრიტიკა არის „ახალ ტრენდზე“ ჩართვის მცდელობა, რაკი დონალდ ტრამპისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს „დემოკრატიულ ისტებლიშმენტთან“ დაპირისპირებას, რაც აუცილებლად გამწვავდება რაც დრო გავა....... შესაბამისად, ზელენსკიც ცდილობს ამ „მოედანზე“ ითამაშოს ტრამპის პრიორიტეტთა გათვალისწინებით.

ტრამპის პრიორიტეტი კი, მომავალი 4 წლის განმავლობაში, უკრაინა არ იქნება.

ტრამპის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება „დემოკრატებთან“ დაპირისპირება და  2028 წლისთვის „მემკვიდრის“, - მაღალი ალბათობით ამჟამინდელი VICE-ს ჯეი დი ვენსის - „დატოვება/გადანაცვლება“ თეთრ სახლში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინულ ქალაქ ზაპოროჟიეს ბარბარ(უ)სული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

ყველა მშვიდობიანი მაცხოვრებელია.

ასამდე ადამიანი დაჭრილია.

ბევრი მათგანი მძიმედ და ალბათ მსხვერპლი გაიზრდება უახლოეს საათებში და დღეებში.

რუსმა აგრესორებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს არა რაკეტებით, არამედ კორექტირებადი მძიმე ავიაბომბებით.

ამიტომაც ვერ შეძლო „საზენიტომ“ დარტყმის მოგერიება: საზენიტო სისტემები უძლურნი არიან რასაკვირველია ავია-ბომბების წინააღმდეგ.

სხვა საკითხია, როგორ მოახერხეს რუსულმა თვითმფრინავებმა ასე ახლოს მიპარულიყვნენ ქალაქთან და შემდეგ კორექტირებადი ბომბები ესროლათ.

ერთ-ერთი მიზეზი, როგორც უკრაინელი ბლოგერები აღნიშნავენ, ის არის, რომ არა და არ დაადგა საშველი F-16 თვითმფრინავების ამოქმედებას უკრაინის ცაში.

რუსეთი, როგორც ყოველთვის, ამბობს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ ყოფილა: „ქარხანა მოტორ-სიჩი“ დავბომბეთო“.

თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ცაში ისე გაბატონებას, რომ რაკეტები აღარ დასჭირდება და ქალაქების საავიაციო ბომბებით განადგურებას შეძლებს, უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიება ძალიან გაუჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . . .

ჯო ბაიდენმა განუცხადა ტაბლოიდს USA Today, რომ მას შეეძლო მოეგო ტრამპისთვის, თუ მიიღებდა მონაწილეობას 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეს განცხადება საინტერესოა რამდენიმე მომენტით: ჯერ ერთი, იგი მეტყველებს, რამდენად დიდია ახლა დაბნეულობა დემოკრატიულ ისტებლიშმენტში“; მათ შორის რამდენად დიდია ფრუსტრაცია და ერთმანეთთან დაპირისპირება.

ამან არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს პარტიის მდგომარეობაზე და მის „სტამინაზე“, - წინააღმდეგობის უნარზე მომავალი დიდი დაპირისპირებების დროს ტრამპთან, ასევე „რესპუბლიკურ უმრავლესობასთან“ კონგრესის ქვედა და ზედა პალატაში.

ცხადია, რომ ბაიდენი საკუთარი სურვილით არ „ჩახსნილა“ საარჩევნო კამპანიიდან და მხოლოდ ნებით არ დაუთმია ასპარეზი კამალა ჰარისისთვის, რომელიც, პირდაპირ თუ ვიტყვით, ტოტალურად, სამარცხვინოდ დამარცხდა იმ არჩევნებში.

რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, რომ მას შეეძლო დაემარცხებინა ტრამპი......სადღაც 2003 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევებით, საამისოდ მეტი შანსი ჰქონდა ნამდვილად, ვიდრე კამალა ჰარისს, მაგრამ...... ეს მხოლოდ პირველ დებატებამდე ტრამპთან, რაც ბაიდენმა ტოტალურად წააგო.

მთლიანობაში, ბაიდენის ეს განცხადება იმ საბრალო მოხუცის კვნესას ჰგავს, რომელიც მწარედ განიცდის არა მხოლოდ და არა უბრალოდ პოლიტიკურ მარცხს, არამედ ამ მარცხთან ერთად ცხოვრების დასრულებას მაშინ, როდესაც მისი საძულველი მტერი, დონალდ ტრამპი...... „ცხოვრებას ასრულებს“ კი არა, მიუხედავად დაახლოებით ისეთივე წლოვანებისა, ახლა იწყებს „მეორე ცხოვრებას“.

თუმცაღა ეს „ცხოვრება“ რით დასრულდება მისთვისაც და მსოფლიოსთვისაც, ჯერ ალბათ არავინ იცის. თვით ტრამპის ჩათვლით.

ალბათ სწორედ ამიტომ, ბაიდენთან ინტერვიუ გამოაქვეყნა არა მეინსტრიმულმა, რესპექტაბელურმა, ელიტურად ტრენდულმა NYT, WP, WSJ-მა არამედ USA Today-მ, რომელიც პოპულარული რესურსია, თუმცა ნამდვილად არ არის მედია-გრანდი.

. . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ჩანს, NATO-ელი მოკავშირეების სამხედრო ხარჯთა გაზრდა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა და ნარატივი იქნება მეორე საპრეზიდენტო ვადის დროსაც.

ბოლო პრეს-კონფერენციაზე ფლორიდის რეზიდენციაში დონალდმა თქვა, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა არათუ 2%-მდე უნდა გაზარდონო სამხედრო ხარჯები, არამედ GDP-ს 5%-მდე. ანუ იმ ოდენობით, რაც თვით ამერიკასაც არ აქვს.

ეს ნარატივი ძალიან ნიშანდობლივია იმით, რომ აშკარად გამოხატავს ამერიკული გენერალიტეტის დიდი ხნის წუხილს: მართლაც, სადღაც 1980-იანი წლებიდან, განსაკუთრებით „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ამერიკული გენერალიტეტი „ბუზღუნებდა“ იმის გამო, რომ NATO-ს სამხედრო/თავდაცვით პოტენციალის 80%-ს უზრუნველჰყოფს   ამერიკული არმია ხოლო ევროპელი მოკავშირეები მეტისმეტად ცოტას ხარჯავენ საერთო საჭიროებისთვის.

ანუ ამ მიმართულებით ტრამპს მუდამ ექნება როგორც სამხედრო ისტებლიშმენტის, ასევე ზოგადად ისტებლიშმენტის, ამერიკული ელიტების მხარდაჭერა.

თუმცა GDP-ს 5% მართლაც ძალიან დიდი ციფრია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ის, რასაც ახლა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი...„უშვრება“ პუტინს, არის პოლიტიკური წნეხის თითქმის უპრეცედენტო მაგალითი: ლამის ყოველ დღე გამოდის და აკეთებს განცხადებებს, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვს ეკისრება, ხოლო მოსკოვის „საბოდიშო რეაქცია“ არასაკმარისია.

ალიევი აცხადებს, რომ არასაკმარისია პუტინის ზოგადი მობოდიშება, რომელიც არ გულისხმობდა პასუხისმგებლობის აღებას.

„პასუხისმგებლობის აღება“ კი, ალიევის თქმით, უნდა გამოხატულიყო ჯერ ერთი დამნაშავეთა დასჯაში და მეორეც, კომპენსაციის გადახდაში მსხვერპლთა ოჯახებისთვის.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მზად არიან დაღუპულთა ოჯახებს „დაეხმარონ“.

ამას ბაქოს სასტიკად მკაცრი რეაქცია მოჰყვა:

„თქვენი „დახმარება“ ამ ოჯახებს არაფერში სჭირდებათ. ჩვენ თავად დავეხმარებით....... კი არ უნდა „დაეხმაროთ“, არამედ კომპენსაცია უნდა გადაუხადოთო“.

ანუ „კომპენსაცია“ განიხილება ისევ და ისევ როგორც ბრალის აღიარება და ერთგვარი „თვითდასჯა“.

ალიევი ამბობს „ადამიანურად მოიქეცითო“.

რაც უპრეცედენტო რიტორიკაა.

უკრაინის გარდა რუსეთს არავინ ელაპარაკება ასე და ამით კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რამდენად დაასუსტა პუტინის რუსეთი სინამდვილეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ.

რაც შეეხება „დამნაშავეთა დასჯას“, ეს პუტინს ძალიან გაუჭირდება, რადგან საკუთარი გენერალიტეტი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა უნდა დასაჯოს.

მივაქციოთ ყურადღება შეუსაბამობას: მაშინ, როცა კრემლი საპასუხოდ დუმს და ალიევს შეპასუხებასაც ვერ უბედავს, პროპუტინურ ბლოგერებს ცოფიანი ისტერიკა  აქვთ ატეხილი: „თქვენ, აზერბაიჯანელებო, ყარაბაღში რომ ჩვენი მშვიდობისმყოფელები დახოცეთ 2023 წელს ვინმე დასაჯეეეეეეთ? 2020 წლის ომის დროს რომ ჩამოაგდეთ რუსული სამხედრო ვერტმფრენი სომხეთის ცაში, ვინმე დასაჯეეეეეეთ?“ და ა.შ.

რუსეთის ე.წ. „საზოგადოებრივი პალატის“ წევრმა კარაასევმა ალიევს „განაწყენებული...... P-Word“ უწოდა, რასაც მოსკოვში რუსული საელჩის პროტესტი მოჰყვა: ჩვენ ხომ პუტინს P....ს არ ვუწოდებთო“.

ერთ ერთი რუსი ბლოგერი კი წერს, რომ სინამდვილეში პუტინს ერდოღანის ეშინია და ამიტომ უფრთხის ალიევთან ღია კონფლიქტს, რაკი „ერდოღანზეა დამოკიდებული, ჩვენი ჯარები დარჩებიან სირიაში თუ არაო“.

კი, ასეა ნამდვილად