სამშვიდობო ოპერაციის ხუთი უსარგებლო წელიწადი

სამშვიდობო ოპერაციის ხუთი უსარგებლო წელიწადი

            1994 წლის 24-25 ივნისს დაიწყო რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო კონტინგენტის» შემოყვანა კონფლიქტის ზონაში, ანუ მდინარე ენგურის აუზში, რომელიც მაშინ უკვე ჰყოფდა დაპირისპირებულ მხარეებს.
            ამთავითვე უნდა ითქვას, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების განცხადება, თითქოს «რუსეთის სამშვიდობო მისიამ შეაჩერა ომი აფხაზეთში», - აშკარა ტყუილია. რეალურად, ომი შეწყდა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა მიაღწიეს ყველაფერს, რაც სურდათ; ესე იგი ომი დასრულდა 1993 წლის სექტემბრის მიწურულს. (შემდგომდროინდელი სამოქალაქო ომი საქართველოში უკვე სხვა კატეგორიის მოვლენაა. – ავტ.);
            მაშასადამე, 1994 წლის ივნისისთვის ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, ხოლო რუსი «მშვიდობისმყოფელნი», უბრალოდ, ჩადგნენ დაპირისპირებულ მხარეთა შორის მაშინ, როდესაც ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედება ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა.

            რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» შემოსვლას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება (რუსეთის ეგიდით), რომელიც მაისში დასრულდა მოსკოვში შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით. რასაკვირველია, ქართული მხარე იმთავითვე ცდილობდა, გამოეყენებინა რუსეთის სამშვიდობო ძალთა შემოყვანა საიმისოდ, რომ გალის რაიონში მაინც უზრუნველეყო დაბრუნებულ ლტოლვილთა უსაფრთხოება, მაგრამ სეპარატისტებმა (და მათმა მხარდამჭერებმა) შესანიშნავად ისარგებლეს იმ გარემოებით, რომ ხელისუფლებას უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა იმპერატივი: აუცილებლად უნდა შემოსულიყო ენგურის აუზში სამხედრო ძალა, რომელიც (თუნდაც, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) არ დაუშვებდა საომარი მოქმედებების განახლებას.
            რუსეთზე არჩევანი მხოლოდ იმის გამო შეჩერდა, რომ სხვა ,აფხაზეთში, უბრალოდ, არავინ შევიდოდა. გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძეს აუცილებლად უნდა გაექარწყლებინა მცდარი სტერეოტიპი, თითქოს საკმარისი იყო რუსეთისადმი «დათმობებზე წასვლა» და იგი უმალვე მოგვიგვარებდა აფხაზეთის პრობლემას.
            მაგრამ მთავარი, რის გამოც ხელისუფლება მაშინ დათანხმდა «რუსის ჯარის» შემოსვლას ენგურზე, იყო საომარ მოქმედებათა განახლების მაღალი ალბათობა. მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ შეიქმნებოდა მეტად საშიში ვითარება, როცა გაივლიდა პირველი შოკი უპირველესად, ლტოლვილთა შორის, ხოლო პარტიზანული ჯგუფები მთელი ძალით ამოქმედებოდნენ. გარდა ამისა, გამორიცხული არ იყო «აფხაზეთზე ახალი ლაშქრობის» სინდრომის გამოვლენაც, - 1995 წლის იანვარში სწორედ ამ სინდრომს განასახიერებდა თენგიზ კიტოვანი, რომელიც ენგურზე «სიცარიელის» შემთხვევაში სულ სხვა ელფერს შეიძენდა.
            სხვათა შორის, აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის გასაშლელად გაცილებით ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა სწორედ ენგურზე სამშვიდობო ძალების ჩადგომისას, ვინაიდან სეპარატისტებს ამით წაერთმეოდათ საშუალება ენგურის გადმოლახვისა პარტიზანთა აქტიურობის პასუხად.
            მაგალითად, აზერბაიჯანი სწორედ იმიტომ არ მიმართავს დივერსიულ აქტებს სომხეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, რომ პასუხად სომხეთის შეიარაღებული ჯგუფები კიდევ უფრო წაიწევენ წინ - აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში.
            ამრიგად, სამშვიდობო ძალების შემოყვანას კონფლიქტის ზონაში, იმდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, ალტერნატივა, უბრალოდ, არ ჰქონდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან (მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში) ომი უეჭველად განახლდებოდა, - ხელისუფლების სურვილისგან დამოუკიდებლად.
            მაგრამ, რაკი ასეა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ალტერნატივა არ ჰქონდა, აგრეთვე, რუსეთის კონტინგენტს, ვინაიდან, ჯერ ერთი, სხვა არც ერთი ქვეყანა «რუსეთის გავლენის სფეროში» ჯარის გაგზავნას ვერ გაბედავდა. გარდა ამისა, არც სეპარატისტები შეუშვებდნენ გალის რაიონში ვინმეს – რუსების გარდა.
            რუსული სამხედრო კონტინგენტის შემოსვლამ საქართველოს უმძიმესი პრობლემა იოტისოდენად ვერ შეამსუბუქა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც განსაკუთრებით დაამაძიმა, ვინაიდან სეპარატისტთა გამარჯვება იმდენად უეჭველი იყო, რომ კიდევ უფრო «დამძიმება» შეუძლებელი ჩანს.
            რაც შეეხება «საზღვრის დაფიქსირებას», ტყუილად გვგონია, თითქოს საზღვარი ისედაც არ დაფიქსირდებოდა, ხოლო მიმოსვლა უფრო იოლი იქნებოდა.
            იმავდროულად, «სამშვიდობო კონტინგენტის» იოტისოდენივე დამსახურება არ არის ლტოლვილთა ნაწილობრივი დაბრუნება გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, ვინაიდან არძინბა მათ ისედაც დააბრუნებდა. ისინი სჭირდებოდათ სეპარატისტებს, როგორც «ცოცხალი ბუფერი», რითაც ზუსტად ისარგებლეს კიდეც 1998 წლის მაისში.
            მაისის სისხლიანი მოვლენების დროს რუს «ცისფერჩაფხუტიანებს» თითი - თითზე არ დაუკარებიათ საქართველოს სასარგებლოდ; ან რატომ უნდა დაეკარებინათ? – ისინი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავენ, მაგრამ თუ ასეა, რა განსხვავებაა საქართველოსთვის, «რუსის ჯარი» იდგება ენგურზე თუ ბაჰრეინის? არავითარი! ან, შეიძლება ითქვას, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მეორე შემთხვევაში ნაკლებად დამცირებულნი მაინც ვიქნებოდით, რაკი იმ ქვეყნის ჯარს თავად არ მივიპატიჟებდით «მშვიდობისმყოფლად», რომელმაც დაგვამარცხა აფხაზეთში და განაპირობა სეპარატიზმის ტრიუმფი.
            ამჟამად ვითარება ენგურის ორივე ნაპირას თვისებრივად უცვლელია: რუსეთის «სამშვიდობო კონტინგენტი» აკონტროლებს «უსაფრთხოების» 24 კილომეტრიან ზონას, რასაც ემატება «შეზღუდული შეიარაღების ზონა». ფაქტობრივად, ზუგდიდიცა და თვით ენგურის კაშხალიც რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» გავლენას ექვემდებარება. მათ შეუძლიათ განახორციელონ აქ ნებისმიერი ოპერაცია და თავი იმართლონ «სამშვიდობო მისიის» შესრულების აუცილებლობით.
            თუმცა, ამ მხრივ, მათი შესაძლებლობები მაინც გარკვეულწილად შეზღუდულია, ვინაიდან ოფიციალურმა თბილისმა არ გაუგრძელა მანდატი სამშვიდობო კონტიგენტს და იგი ამჟამად კონფლიქტის ზონაში ლეგიტიმური სტატუსის გარეშე იმყოფება.
            აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს «რუს მშვიდობისმყოფელთა» გასაყვანად ენგურის აუზიდან, მაგრამ საეჭვოა, ეს აქცია უახლოეს მომავალში განხორციელდეს.
            მხოლოდ კონტინგენტის გაყვანა (როგორც ცალკე აქცია) მიზანშეწონილი, ალბათ, არ იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, განხორციელდება კომპლექსური ღონისძიება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამშვიდობო ჯარის გაყვანას (გარკვეულ ეტაპზე), არამედ აფხაზეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას, დიპლომატიური აქტივობას ყველა მიმართულებით და ასე შემდეგ.
            «სამშვიდობო ძალთა» პრობლემა განყენებულად არ არსებობს, - იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მთელი კომპლექსის განუყოფელი ნაწილია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობას. სამშვიდობო ძალთა გაყვანა არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ «სამხრეთ ოსეთიდანაც» შესაძლებელი გახდება, თუ დასავლეთის ინტერესები იმდენად მჭიდროდ «შემოვა» საქართველოში, რომ რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს საეჭვოს გახდის.
            ამის შემდეგ, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა (სისხლისღვრის განუახლებლად) მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება – რა თქმა უნდა, ორმხრივი, ღრმა კომპრომისის პირობით.
            კოსოვოს მოვლენებმა კი ის პრეცედენტი მაინც შექმნა, რომ გალის რაიონში მაისის მოვლენათა მსგავსი ტრაგედიაც ვეღარ განმეორდება, ვინაიდან ყოველგვარი არასტაბილურობა შეიძლება დასავლეთის, ნატოს გააქტიურების საბაბი გახდეს.

ქართულმა პოლიტოკრატიამ ჭკუა ვერ ისწავლა და ვეღარც ისწავლის

        საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის საწყის პერიოდში, ანუ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ზოგიერთი არანორმალურობა და აშკარა «გადახრა» - ზრდის გამოვლენაა და არა მუდმივი პრობლემა. მაგრამ რაც დრო გადის, ეს ყოველივე უკვე ნამდვილი პათოლოგიის სახეს იძენს. მაგალითად, გასული კვირის უმთავრესი მოვლენაც გამოდგება – პარლამენტმა მიიღო კანონი «ცენტრალური საარჩევნო კომისიის» შესახებ.
            თავისთავად, თვით ეს კანონი კი არ არის საინტერესო, არამედ ის აშკარა მოტივაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ. ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი რამ დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ესეც შესაძლებელია – პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად 1990 წლიდან განცდილი რამდენიმე მწარე მარცხისა, ვერა და ვერ შეიგნეს (უფრო სწორად, «არ შეიგნეს»), რომ მათთვის ერთადერთი პერსპექტივა მხოლოდ გაერთიანებაა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს რეალიების გათვალისწინებით, ასჯერ რომ იყარონ კენჭი, ასჯერვე დამარცხდებიან; თანაც, ყოველ ჯერზე დამარცხდებიან უფრო სამარცხვინოდ და თავლაფდასხმით.
            მიუხედავად ამისა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ვითარდებოდა დისკუსია «საარჩევნო კანონთან» და «ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან» დაკავშირებით, უეჭველია, რომ პოლიტიკურ პარტიათა და ლიდერთა მთავარი მოტივი იყო, როგორმე მიეღოთ ისეთი კანონი, რომელიც გაზრდიდა მათ შანსს, პარლამენტში მოხვედრილიყვნენ ერთმანეთთან გაერთიანების გარეშეც.
            ესე იგი, ოღონდ არ გაერთიანდნენ და ყველაფრისთვის მზად არიან – კიდევ ერთი უსასტიკესი დამარცხების განუზომლად დიდ რისკზე მიდიან, მაგრამ გაერთიანება მაინც არაფრის დიდებით არ სურთ.
            არადა (ვთქვათ), ოთხი-ხუთი მემარჯვენე პარტიისა და (მათგან დამოუკიდებლად) ამდენივე «მემარცხენე ორიენტაციის» პარტიის გაერთიანების შემთხვევაში, ორივე ბლოკს ექნებოდა, სულ ცოტა, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის, ანუ პარლამენტში მოხვედრის შანსი.
            მიუხედავად ამისა, გაერთიანება და პირადი პარტიული ამბიციის დაძლევა ქართველი «პოლიტოკრატებისთვის» დაუძლეველი სიმძიმე აღმოჩნდა. აქედან უეჭველად გამომდინარეობს ზოგადი დასკვნა, რომელიც კიდევ შეიძლება დაკონკრეტდეს: ქართული პოლიტიკური ელიტის წევრებს საკუთარი ამბიცია ყველაფერს ურჩევნიათ, ხოლო თუ პოლიტიკური პროგრამის განხორციელებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ეძლევათ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ამბიციის დათრგუნვის შემთხვევაში – ამ შანსზეც უარს ამბობენ!
            ასეთ ფენომენს მსოფლიო პოლიტიკური ისტორია თითქმის არ იცნობს. მით უმეტეს, არ იცნობს და არც შეიძლება იცნობდეს მას თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ლანდშაფტი, ვინაიდან «ტრადიციული დემოკრატიის» სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში კარგა ხანია, ჩამოყალიბდა ორპარტიული სისტემა.
            მემარჯვენეები და მემარცხენეები დროთა განმავლობაში ცვლიან ერთმანეთს.
            გასაგებია, რომ მათ საამისოდ ევოლუციის ხანგრძლივი პერიოდი განვლეს, მაგრამ ამ პერიოდის ყოველ მონაკვეთზე თვალსაჩინო იყო საერთო ვექტორი.
            მსგავსი არაფერი გვაქვს საქართველოში – არანაირი «ორი ან თუნდაც სამ» პარტიული კონფრონტაცია, არანაირი პერსპექტივა ნორმალური პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებისა; ყოველი ახალი არჩევნების წინ, იწყება პარტიათა (მათ შორის, ოპოზიციურ პარტიათა) ურთიერთდაპირისპირება, ლანძღვა-გინება, ზოგჯერ თავპირისმტვრევა, ქუცმაცდება პოლიტიკური სპექტრი, ხოლო საერთო დამარცხებას პოლიტიკური პარტიები შემდგომ ერთმანეთს აბრალებენ.
            უეჭველად ასე იქნება, ოქტომბრის არჩევნებშიც. ანუ 1990 წლის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, საქართველო (პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით) თითქმის არ განვითარებულა.
            თუ რაიმე განვითარდა – ისევ საზოგადოების გარკვეული სეგმენტის პასუხისმგებლობა უპირველესად საკუთარი თავის წინაშე, მაგრამ არა პოლიტიკური ელიტა.
            ქართული პოლიტოკრატია კვლავინდებურად რჩება საკაცობრიო მნიშვნელობის საოცრებად, რომელიც რაციონალურ ახსნას ვერ ექვემდებარება.
           

ზვიადიზმი საქართველოში მარაზმის სიმბოლო ხდება

            საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ცოტნე და გიორგი გამსახურდიებმა გასულ კვირას დაადასტურეს თავისი სარჩელ-საჩივარი «კოლხურ კოშკში» მოშიმშილეთა საწინააღმდეგოდ.
            მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლხური კოშკი გამსახურდიათა ოჯახის საგვარეულო საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, იქ შიმშილობა წამოიწყოს.
            ამგვარი პრეტენზია სავსებით ბუნებრივია, თუ ერთ დამატებით ნიუანსს არ გავითვალისწინებთ: კოლხურ კოშკში ვერავინ გაბედავდა შიმშილობის დაწყებას მანანა არჩვაძის თანხმობის გარეშე. თუ მაინც გაბედავდა – ქალბატონი მანანას ერთი სატელეფონო ზარი გახდებოდა საკმარისი, რათა თემურ მღებრიშვილის «ომონს» მოშიმშილეები კოლხური კოშკიდან გამოერეკა.
            ესე იგი, აქ ყველაფერი გასაგებია; ამის თაობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ის უბედური ხალხი რა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, კოლხურ კოშკში ლეიბებზე წევს და შიმშილობს?
            სამწუხაროდ, საქართველოში არასდროს (ჯერ კიდევ 9 აპრილიდან დაწყებული) არ აქცევდნენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ყველაფერს (მათ შორის, პოლიტიკურ ამბიციასაც), უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ესთეტიკა და შემდგომ – ყოველივე დანარჩენი.
            შეუძლებელია, კავკასიაში სიმპათიას იწვევდეს მასობრივი შიმშილობის აქცია, მით უმეტეს, ქალებისა და მოხუცების – ახალგაზრდებთან ერთად. ამ შემთხვევაში, უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკურ მოთხოვნებს და აქციის შინაარსს.
            ეს აქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ «ზვიადისტური» მოძრაობა საქართველოში გასცდა ყოველგვარ პოლიტიკურ ფარგლებს და ჩვეულებრივ, ლუმპენურ, მარგინალურ მოვლენად იქცა;
            ხშირ შემთხვევაში (საეჭვოდ ხშირად), მას ტრაიბალისტებიც იყენებენ, მაგრამ უფრო ხშირად ახლებური სოციალური პროტესტის ფორმაა, ოღონდ «სოციალურ პროტესტში» მხოლოდ მატერიალური გაჭირვებით გამოწვეული რეაქცია როდი იგულისხმება.

დილის გაზეთი, 28 ივნისი, 1999 წელი