სამშვიდობო ძალებს მანდატი უკანასკნელად გაუგრძელდა?

სამშვიდობო ძალებს მანდატი უკანასკნელად გაუგრძელდა?

     

        საარჩევნო მარათონი საქართველოში (მით უმეტეს საქართველოში) ტრადიციულად დიდ ზეგავლენას ახდენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც თითქოსდა საარჩევნო კონიუნქტურასა და მხარეთა დაპირისპირებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
        მიზეზი ადვილად ასახსნელია: ზემოთხსენებული «დაპირისპირებულები» ყოველთვის იყენებენ საარჩევნო ბატალიების დროს ისეთ საკითხებს, რაც თითქოსდა უზენაესი სახელმწიფოებრივ ინტერესთა სფეროს განეკუთვნება. ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტის ზოგადი უკულტურობის კიდევ ერთი გამოვლენაა, ვინაიდან, კულტურულ ქვეყანაში, პოლიტიკური პაექრობისას, აუცილებლად უნდა არსებობდეს საკითხთა წრე, რომლებიც დისკუსიასა და საჯარო განხილვას არ ექვემდებარება.
        უდავოდ ასეთი პრობლემაა სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ რუსეთს შეეძლო სამშვიდობო ძალები გაეყვანა კონფლიქტის ზონიდან და მოეხდინა შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება, რათა «აერია» ვითარება ქვეყანაში, კვლავ აემოქმედებინა შესაბამისი ბერკეტები და გარკვეულწილად განეპირობებინა კიდეც არჩევნების შედეგი.
        ამ სქემაში უდავო მხოლოდ ის არის, რომ აფხაზეთში (უფრო ზუსტად და ლოკალიზებულად - სამურზაყანოში) ომის განახლება უეჭველად მოახდენდა მნიშვნელოვან (თუ განმსაზღვრელს არა) ზეგავლენას არჩევნების შედეგზე, ვინაიდან ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური დომინანტი «მშვიდობა და სტაბილურობა» ხდება. ომისა და დესტაბილიზაციის ფსიქოლოგიური რესურსი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ამოიწურა;
        მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად გავიდოდნენ (მართლაც) რუსი «მშვიდობისმყოფელები» კონფლიქტის ზონიდან, თუ საქართველო არ დაადასტურებდა მათ მანდატს? ანუ შეასრულებდა თუ არა რუსეთი მუქარას?
        გარდა ამისა, ისიც საკითხავია, ნამდვილად მოჰყვება თუ არა (დღევანდელ პირობებში) ომის განახლება რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» გასვლას.
        შარშანდელმა მოვლენებმა უეჭველად დაადასტურა, რომ რუსების ყოფნა (ენგურზე) სულაც არ არის აბსოლუტური გარანტია საომარი მოქმედებების განუახლებლობისა. უფრო პირიქითაც კი - ზოგიერთი მომენტის გათვალისწინებით.
        მე ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გულწრფელობაში, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ «თუ ოფიციალური თბილისი მანდატს არ დაადასტურებს, ჩვენ წავალთ». სინამდვილეში, არსადაც არ წავიდოდნენ, ვინაიდან დღევანდელ რუსულ საზოგადოებაში ეს უეჭველად აღიქმებოდა, როგორც «კიდევ ერთი უკან დახევა, საქართველოსადმი კიდევ ერთი დათმობა, პოზიციების მიტოვება» და ასე შემდეგ;
        მით უმეტეს, გაუგებარი იქნებოდა ამგვარი ნაბიჯი რუსული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის იმ პირობებში, როცა საქართველო არ მოითხოვს ჯარების გაყვანას, - მხოლოდ უარს აცხადებს მანდატის გაგრძელებაზე, რაც არ არის იგივე (პოლიტიკური თვალსაზრისით), რაც «გაყვანის მოთხოვნა».
        თუმცა, რუსეთისთვის, რასაკვირველია, ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელია ვითარება, როდესაც მის «მშვიდობისმყოფელებს» სრული იურიდიული უფლებამოსილებაც აქვთ, ანუ მოქმედებენ ორმხრივ დადასტურებული მანდატის შესაბამისად.
        ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანდატის დაუდასტურებლობისას უმალვე შეასრულებდნენ მუქარას და დატოვებდნენ კონფლიქტის ზონას.
        როგორც ჩანს, ეს იყო პოლიტიკური თამაში, რომელსაც უეჭველად მაინც ჰქონდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედების ფუნქცია, ვინაიდან მანდატის გაგრძელებით (ან, ჯერჯერობით, თუნდაც განცხადებით ამის თაობაზე) ხელისუფლებამ იძულებით გადასცა საკმაოდ ქმედითი არგუმენტი მის მთავარ მოწინააღმდეგეთ, რომელთა ძირითადი იდეა «რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებაა».
        იდეის არსი კი ის არის, რომ «თუ ლოიალურობა აუცილებელია, მაშინ ამას ჩვენ უკეთ შევძლებთ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფალი - ვინც მოსკოვი გააღიზიანა დასავლური ორიენტაციით და ნატოსთან თანამშრომლობით».
        მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი, რასაც საზოგადოება თითქმის არ აქცევს ყურადღებას (არადა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია): რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგებულია არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ ცხინვალის რეგიონშიც, ხოლო მოითხოვდე მათ გაყვანას ერთი რეგიონიდან და არ გაგყავდეს მეორიდან – ძნელად გადასალახ პოლიტიკურ დილემას ქმნის როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით.
        მაგრამ ზემოთქმული მაინც არ ნიშნავს, თითქოს ენგურის აუზში «მშვიდობისმყოფელთა» დისლოცირება სამარადჟამოა. უფრო პირიქით - მათი გასვლისათვის აუცილებელი პირობა თანდათანობით მწიფდება. ოღონდ სწორედ შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით - იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოიძებნა «ჩანაცვლების» საშუალება, რაც ნაკლებსავარაუდოა დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში.
        თუ ბოლოს და ბოლოს, რუსული სამშვიდობო კონტიგენტი ენგურის ნაპირებიდან გავა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უეჭველად ომის განახლებას. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის «ფრონტის ხაზზე» სამშვიდობო ძალა საერთოდ არ შესულა, არანაკლები ოდენობის ლტოლვილებიც ჰყავს (აზერბაიჯანულ მხარეს), მაგრამ ომი არ განახლებულა, მხარეები მკაცრად იცავენ შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტის» შესახებ.
        იქ მშვიდობა შენარჩუნებულია, უპირველესად, იმის წყალობით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას (საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით) საზოგადოება უეჭველად დაუჭერს მხარს, თუ იგი აზერბაიჯანელ ლტოლვილთა «პარტიზანულ რაზმებს» თვითონ შეაჩერებს (საჭიროების შემთხვევაში, დააპატიმრებს კიდეც), რათა მათ ვერ შეძლონ კონფლიქტის ზონაში გააქტიურება და ახალი ფართომაშსტაბიანი ომის პროვოცირება მაშინ, როდესაც არ არის (არც შეიძლება იყოს) აღმოფხვრილი წინა ომში დამარცხების გეოპოლიტიკური მიზეზები.
        აი, ამიტომ არ დგას აზერბაიჯანში ის «რუსის ჯარი», რომელიც დგას ენგურზე.

        საბედნიეროდ, ვითარება ამ თვალსაზრისითაც თანდათან იცვლება. შესაბამისად, მწიფდება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ჯარების წასვლა ენგურიდან (ოღონდ არა საქართველოს მოთხოვნით, არამედ მანდატის გაუგრძელებლობის გამო, რასაც თან უნდა სდევდეს ფარული დიპლომატიური «ჩხვლეტები») - უეჭველად არ გამოიწვევს ახალ ომს, ვინაიდან შიდაპოლიტიკური ვითარება საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, აღკვეთოს ნებისმიერი ავანტიურა სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან. რაც მთავარია, როგორც ჩანს, მოგვიწევს შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ეს პრობლემა ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ (თუ კოსოვოს პრეცედენტსა და მსოფლიო ტენდენციას გავითვალისწინებთ) ძალის მეშვოებით ვერ გადაწყდება.
       

«მოქალაქეთა კავშირი» საარჩევნო კაპანიას სამეგრელოში იწყებს
       

        ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ზუგდიდში შეიძლება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამად ჩაითვალოს. ამ სიტყვაში ჩამოყალიბებულია ის დებულებები, რომელნიც, უეჭველად იქცევა «მოქკავშირის» საარჩევნო აგიტაციის ძირითად პოსტულატად.
        «მოქალაქეთა კავშირი» აპირებს აქცენტი გააკეთოს სტაბილურობაზე, რაც საკმაოდ პრაგმატული და სწორი მიგნებაა, ანუ გამოადნოს ძირითადი დევიზი: «სტაბილურობიდან – აღმავლობისაკენ».
        არ არის გამორიცხული, ამ თეზისმა ფსიქოლოგიურად ზუსტად იმუშაოს არჩევნების დროს, ვინაიდან სტაბილურობას მოსახლეობა (ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა) სწორედ ხელისუფლებას უკავშირებს.
        ამიტომ, ხმის მიცემა «მოქალაქეთა კავშირის» წინააღმდეგ აღიქმება, როგორც ხმის მიცემა სტაბილურობის საწინააღმდეგოდ;
        სხვათა შორის, აღიქმება არცთუ უსაფუძვლოდ თუ «ძირითად დაპირისპირებულ ძალთა» პირად მოტივაციას, ტრადიციად ქცეულ მანიაკალობას, მძვინვარე სიძულვილს, ფანატიზმსა და უპრინციპობას (იდეურ ეკლექტიზმს) გავითვალისწინებთ.
        რაც შეეხება «მოქკავშირის» სამომავლო პროგრამას, ზურაბ ჟვანიას არ შეეშინდა (პოლიტიკურად სწორადაც მოიქცა) ახალი ლოზუნგის გამოტანისა «მილიონი სამუშაო ადგილის» ნაცვლად - «2002 წლიდან საქართველოში განათლება კვლავ უფასო იქნება»;
        სხვათა შორის, გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ «მოქკავშირმა» საერთოდ ვერ შეასრულა დაპირება «მილიონი სამუშაო ადგილის» შესახებ, სინამდვილეში «მთლად ასე არ არის საქმე». სამუშაო ადგილების შექმნა მაინცდამაინც არ გულისხმობს (ძველი გაგებით) «შტატების დაშვებას» მინისტრთა საბჭოს დადგენილებით «საბიუჯეტო ორგანიზაციებში»;
        პირიქით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტთა კატეგორიული მოთხოვნით) სამუშაო ადგილები 1995-98 წლებში ორჯერ შემცირდა, მაგრამ «სამუშაო ადგილების შექმნაში» იგულისხმებოდა მათი შექმნა არა სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორში.
        «მილიონი სამუშაო ადგილის» პირობა გულისხმობდა მათი შექმნისათვის აუცილებელი პირობების და არა თვით სამუშაო ადგილების შექმნას.
        ზურაბ ჟვანიას განცხადებით, 1995 წლიდან საქართველოში დაარსდა 5 ათასზე მეტი წერილი, საშუალო და მსხვილი საწარმო. დაწყებული ორ-სამ კაციანი საწარმოებიდან, დამთავრებული დიდი ქარხნების (მაგალითად, აზოტის საავიაციო გაერთიანების) ამოქმედებამდე.
        ამ თვალსაზრისით დასაქმდა, ანუ სამუშაო იშოვა 650 ათასმა ადამიანმა; ბუნებრივია, როცა ოჯახი (ვთქვათ) ნამცხვრებს აცხობს და ჯიხურების მეშვეობით ყიდის, ეს სულაც არ მიაჩნია ხელისუფლების დამსახურებად, მაგრამ ხელისუფლების ლოგიკით, წვრილი ბიზნესიც და წვრილი ვაჭრობაც შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი გარემო-პირობების შეუქმნელად, რაც, ზურაბ ჟვანიას თქმით, სწორედ ხელისუფლებამ მოახერხა, ანუ, «კერძო სექტორში» შექმნილი სამუშაო ადგილები მაინც «მილიონი სამუშაო ადგილის» თაობაზე დაპირების შესრულებად უნდა მივიჩნიოთ.
        ასეთი გაანგარიშებით, 4 წლის განმავლობაში მილიონი არა, მაგრამ ასეულობით ათასი სამუშაო ადგილი ნამდვილად შეიქმნა, ვინაიდან თვითდასაქმებულიც «დასაქმებულია».
        ზურაბ ჟვანიას ახალი წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, «მოქალაქეთა კავშირი» უეჭველად შეძლებს და მიაღწევს უფასო განათლების აღდგენას.
        იგულისხმება საშუალო განათლება, რომელიც ამჟამადაც დიდწილად უფასოა; მხოლოდ დამამთავრებელ კლასებშია აუცილებელი საფასურის გადახდა და ისიც - არა ყველასათვის; მოსწავლეთა 30 პროცენტს კვლავინდებურად სახელმწიფო უხდის სწავლის საფასურს.
        «მოქკავშირის» ეს წინასაარჩევნო დაპირება გაცილებით უფრო კონკრეტულია (როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანია ამას აცნობიერებს), ვიდრე «მილიონი სამუშაო ადგილი», ვინაიდან, თუ კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნისა და თვითდასაქმებისათვის საკმარისი იყო მაკროეკონომიკური და კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზაცია, «უფასო საშუალო განათლება» პირდაპირ არის დამოკიდებული საბიუჯეტო შემოსავლების ოდენობაზე.
        «უფასო» ამქვეყნად არაფერია - სწავლის საფასურს სახელმწიფო გაიღებს.
        არ არის გამორიცხული, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მართლაც მოახერხოს საჭირო თანხის მობილიზება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და შეასრულოს ეს პირობა; თუმცა, ისიც საკითხავია, სჭირდება თუ არა ეს ქვეყანას?
        როგორც ჩანს, «მოქალაქეთა კავშირიც» ამ შემთხვევაში ხარკს უხდის პოპულარულ სოციალურ მოთხოვნებს, მაგრამ ამ აზრით, «უფასო საგანმანათლებლო სისტემა» საქართველოში 80 წლის განმავლობაში არსებობდა. «უფასო საშუალო განათლება», ფაქტობრივად, ნიშნავს იმავე «საყოველთაო განათლებას» და ფუჭ, ჩირადღირებულ ატესტატებს.
        სჯობს, განათლება (ყოველ შემთხვევაში, 8 კლასის ზემოთ) იყოს ელიტარული და ხელმისაწვდომი მხოლოდ განსაკუთრებით მონდომებული და ნიჭიერი (თუნდაც, ღარიბი) ახალგაზრდებისათვის. ამ შემთხვევაში ნამდვილად ჩამოყალიბდება ნორმალური და (რაც მთავარია) ქმედითი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში.
        «უფასო განათლება» კი ნიშნავს სოციალურად ამბიციურ უვიცთა «კონვეერს» - ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში; და რა შედეგი გამოიღო ამან (ქვეყნისათვის), საყოველთაოდ ცნობილია.
        აქედან გამომდინარე, სჯობს, ზურაბ ჟვანიამ და «მოქალაქეთა კავშირმა» წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულონ და ზუგდიდის «სოციალური დეკლარაცია» მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკად დარჩეს.

დილის გაზეთი 26 ივლისი, 1999 წ.