სარიშვილი და კვირაია საომრად ემზადებიან

სარიშვილი და კვირაია საომრად ემზადებიან

 

    «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტიის თავმჯდომარის განცხადებას უშიშროების მინისტრის «აგენტობის» თაობაზე თავდაპირველად სერიოზული ყურადღება არავინ მიაქცია. დამკვირვებლებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სარიშვილი-ჭანტურიამ ჩვეულებრივი პოლიტიკური სვლა გააკეთა და რაკი შედეგს ვერ მიაღწია, უმალვე დაივიწყა ნათქვამი. მით უმეტეს, არც კვირაია და არც კახა თარგამაძე პრეზიდენტის რჩევით «შელახული ღირსების დასაცავად» საქმის სასამართლოში გადაცემას არ აპირებენ.
    რამდენიმე დღის წინ ედპ-ს ლიდერმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც ცხადი გახდა, რომ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება მხოლოდ პრელუდია იყო სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების წინ. ირინა სარიშვილის თქმით, მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმ «ომეგას» წევრთა დევნა ყალბი ბრალდებებით, თითქოსდა ისინი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტში მონაწილეობდნენ.
    ედპ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებები ყალბია და «ომეგას» წევრთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო 29 აგვისტოს ტერორისტულ აქტთან ან «მხედრიონთან». ეს განცხადება სერიოზული და ზუსტად გათვლილი პოლიტიკური სვლაა, რომლითაც ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა შოთა კვირაიას. საქმე ის გახლავთ, რომ უშიშროების სამსახურის ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმები («ალფა» და «ომეგა») ცნობილი ტერაქტისა და იგორ გიორგაძეს გაქცევის შემდეგ გაანადგურეს. და ეს მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ მძლავრ და გავლენიან ძალას წარმოადგენდნენ მათ წევრებთან, ახლობლებთან და გულშემატკივრებთან ერთად.
    ეს ძალა შეიძლება ირინა სარიშვილმა ახალ საყრდენად გამოიყენოს და ამით ერთდროულად ორი კოზირი შეინარჩუნოს: ვითარების შემდგომი გამწვავების შემთხვევაში მძლავრ არგუმენტად აქციოს და პოლიტიკური რენომეს შენარჩუნებით ადრე წამოწყებული ურთულესი თამაში გააგრძელებინოს.
    ამ თამაშის არსი ძნელი ამოსაცნობი არ გახლავთ. «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ბევრ საკითხში (უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთთან მიმართებაში) საკმაოდ ლოიალურ პოზიციაზე დგას. ამის მიზეზად მხოლოდ ის არ კმარა, რომ დასავლეთში ირინა სარიშვილი საქართველოში «ნავთობის პარტიის» ერთ-ერთ ლიდერად ესახება. გასათვალისწინებელია სხვა გარემოებაც. კერძოდ, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარემ მშვენივრად უწყის, რომ დესტაბილიზაცია აფხაზეთში ლტოლვილებს გაააქტიურებს; მათ კი კარგად ახსოვთ, ვის რა პოზიცია ეკავა 1991-92 წლებში და ვინ რა მიზნით წამოიწყო ომი აფხაზეთში. ამდენად, ეს ზვავი მხოლოდ ხელისუფლებას როდი «წალეკავს» - თუ დაგორდა, არც დღევანდელ «ოპოზიციას» დაინდობს, რომელმაც ზემოხსენებულ მოვლენებში დიდი როლი ითამაშა.
    სტაბილურობა ირინა სარიშვილს და ედუარდ შევარდნაძეს ლამის ერთნაირად ესაჭიროებათ; თუმცა ედპ-ს ლიდერს «ოპოზიციონერის» იმიჯის დაკარგვა ხელს არ აძლევს. ეს ხომ მისი პოლიტიკური წარმატების გარანტიაა?! სწორედ ამიტომ იწყებს ომს შოთა კვირაიას წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ნამდვილად გამოდგება სამიზნედ, რადგანაც კვირაიას, მიუხედავად გარეგნული «ბრწყინვალებისა», რეალური ძალა და გავლენა არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ედპ-ს ლიდერი ასე თვლის. იგი კი დღემდე არასოდეს შემცდარა.

მერიდიანი, 4 აპრილი, 1997 წ.