სასამართლო რეფორმა ანუ მეორე რევოლუცია საქართველოში

სასამართლო რეფორმა ანუ მეორე რევოლუცია საქართველოში

 

    საქართველოში განხორციელებულ «იურიდიულ რეფორმაციას» უეჭველად მოჰყვება სასამართლო სისტემის შეცვლა. გარკვეული ბაზა უკვე არსებობს იმ ცვლილებების სახით, რომელიც შეტანილია სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა კოდიფიცირებულ აქტებში - კონსტიტუციის დებულებათა შესაბამისად.
    ძალისმიერი სტრუქტურები და თვით მოსამართლეები ამ ცვლილებებს ერთგვარი «შიშნარევი იმედით» ელიან. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის ავტორებმა შეძლეს მოსამართლეთა დაინტერესება ცვლილებებით, რაც წარმატების გარანტიაა.
    პროექტის თანახმად, ზოგადად სასამართლოს უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ: «სანქციის გასაცემად» ოპერატიულმა მუშაკმა (გამომძიებელმა) უნდა მიმართოს არა პროკურორს, არამედ შესაბამის რაიონულ სასამართლოს. იურიდიულად (ფორმალურად) ეს საყოველთაოდ აღიარებული, აპრობირებული ნორმაა და მისი შემოღება რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. მაგრამ ის, რაც «ნორმალურია» და «ჩვეულებრივი» დასავლეთში, საქართველოში «არანორმალური» და «არაჩვეულებრივი» ხდება.
    ცნობილია, რომ ეს სისტემა (ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოები) კორუფციამ მოიცვა. ამდენად, «მოსამართლეთა უფლებამოსილების გაზრდა» მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ სამკუთხედში: «გამომძიებელი-პროკურორი-მოსამართლე» ეს უკანასკნელი ყველაზე მძლავრი სუბსტანცია გახდება. შესაბამისად, მისი «წილიც გაიზრდება» ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტისას.
    გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლეს პოლიციელთან და პროკურორთან შედარებით ის უპირატესობა ექნება, რომ კონსტიტუციურად მის საქმეში ჩარევა და რაიმე სახით კონტროლის დაწესება აიკრძალება. დასავლური სტანდარტებით, მოსამართლე არ არის ვალდებული ვინმეს რაიმე განმარტება მისცეს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე. მით უმეტეს შეუძლებელია ერთი და იმავე საქმეზე პირი ორჯერ გასამართლდეს - ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა იქნება.
    თუ ასეთი სტანდარტები საქართველოშიც დამკვიდრდება, ჩვენი საზოგადოების კორუმპირებულობის გათვალისწინებით სასამართლო «ჩაკეტილ» კასტად, ფაქტობრივად არა მესამე, არამედ «პირველ» ხელისუფლებად იქცევა, რომელიც კორპორაციული სულისკვეთებით იმოქმედებს და არანაირ კონტროლს არ დაექვემდებარება.
    შესაბამისად, «მოსამართლეთა კოლეგია» ან თვით მოსამართლეებისაგან შემდგარი რაიმე მაკონტროლებელი ორგანო პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ვინაიდან კორპორაციის ყველა წევრი ვალდებული იქნება, «ამქრის ღირსება» ხელყოფისაგან დაიცვას.
    სხვა საქმეა, რა გავლენას მოახდენს სასამართლო რეფორმა (ჩვენს პირობებში) ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ამერიკის სახელმწიფოებრიობას, რასაკვირველია, ვერ დაანგრევდა აშკარა მკვლელის, - ო ჯეი სიმპსონის გამართლება. მაგრამ საქართველოში ამგვარი რამ სახელმწიფოებრივი ცნობიერების საბოლოო დამბლას გამოიწვევს.

მერიდიანი, 9 მაისი, 1997 წ.