საქართველოს კაპიტულაცია აფხაზეთში

საქართველოს კაპიტულაცია აფხაზეთში

სისხლიანი პრეფერანსი

    გასულ კვირას ომი აფხაზეთში საქართველოს სრული და უსიტყვო კაპიტულაციით დამთავრდა.
        სანამ ამ ეროვნული ტრაგედიის მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ერთი რამ ამთავითვე უნდა ითქვას: არავითარი ბრალი ამ მარცხში ქართველ სამხედროებს არ მიუძღვით - მათ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რისი უნარიც თუ შნოც ჰქონდათ. ეს ომი ჩვენ პოლიტიკურად წავაგეთ, ამიტომ ყველა კითხვაზე პასუხიც პოლიტიკის სფეროში უნდა ვეძიოთ:

    არსებობს ბანქოს პოლონურ–ფრანგული თამაში «პრეფერანსი», რომლის წესების თანახმად, ხშირად ორი მოთამაშე ბანქოს მაგიდაზე შლის და ერთად ცდილობს მესამე მეტოქის დამარცხებას. ეს უკანასკნელი ხედავს მის წინ გაშლილ ბანქოს, იცის მოწინააღმდეგეთა ყველა კოზირი თუ სისუსტე, მაგრამ ვეღარაფერს გააწყობს, თუკი თავად ძლიერი ბანქო არ უჭირავს ხელში.
    აი, სწორედ ასეთი თამაში მიმდინარეობდა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით - რომლის დროსაც ელცინი და არძინბა ერთდროულად ეთამაშებოდნენ შევარდნაძეს.
    რასაკვირველია, «ბანქო» მოსკოვში დარიგდა, ყველა კოზირიც იქვე განაწილდა. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია პარტიის მოგება, მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ საქართველოს უფრო ძლიერადაც შეეძლო ეთამაშა.
    1992 წლის ზაფხულში კრემლი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო ამ ომში ჩაეთრია, რადგან კიდევ ერთი მძლავრი ბერკეტი სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სამართავად. ამისათვის მან ყველაზე «ტკბილი» სატყუარა გამოიყენა - ახალციხის დივიზია და მისი საბრძოლო არსენალი. რამდენიმე ათეული მოძველებული ტანკის დასაკუთრების შემდეგ, მაშინდელ ჩვენს ხელისუფლებას შეექმნა ილუზია, რომ საქართველოს ჯარი ადვილად «მოუგრეხდა კისერს» აფხაზურ სეპარატიზმს.
    მაგრამ ეს, რასაკვირველია, მხოლოდ ილუზია იყო. აი, სწორედ აქ ჩნდება პირველი კითხვა, რომელიც ომის ინიციატორებისათვის ალბათ მძიმე იქნება: კი, მაგრამ, თუ საქართველოს არ შეეძლო ცხინვალის კონფლიქტში გამარჯვება (როგორც ეს არაერთგზის განუცხადებია ედუარდ შევარდნაძეს), მაშინ აფხაზეთში რუსი გენერლების კეთილგანწყობის იმედით ვიწყებდით ომს?!
    რაც შეეხება იმას, რომ შევარდნაძემ «არაფერი იცოდა და მან ტელეფონით შეიტყო ყოველივე» - ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, რამ შეუშალა ხელი სახელმწიფო საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ განგაში აეტეხა. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის ორსაათიანი «თეორიული დასაბუთებანი», რომლის მეშვეობითაც, დღევანდელი სახელმწიფოს მეთაური ამ ნაბიჯის აუცილებლობას ამტკიცებდა!
    მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ «აფხაზურ სეპარატიზმს ღრმა ფესვები აქვს, რომ ეს არის ათწლეულების პრობლემა და ეს პრობლემა ბოლოს და ბოლოს უნდა მოგვარდეს».
    ამავე დროს რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს ხელისუფლება მაშინვე ვერ მიმხვდარიყო, რა ტრაგიკული შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ფართომასშტაბიან ომს საქართველოსათვის და ცდილობდა, რაც შეიძლება ღრმად ჩავეთრიეთ ამ სისხლიან ჭაობში.
    გავიხსენოთ - კონფლიქტის პირველ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: «რუსეთი გაგებით ეკიდება საქართველოს მცდელობას, წესრიგი დაამყაროს დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონში».
    რუსეთს რომ მაშინ რაიმე მკვახე განცხადება გაეკეთებინა, საქართველოს ლიდერები შესაძლოა მიმხვდარიყვნენ, რა საშინელ შეცდომას სჩადიოდნენ და კონფლიქტი ჩანასახშივე აღეკვეთათ - ეს არაფრით არ აძლევდა ხელს კრემლს, რომელსაც ქართველთა და აფხაზთა შორის დიდი სისხლისღვრა სჭირდებოდა.
    შემდეგ კი, როდესაც საქართველოს უკანდასახევი გზა აღარ დარჩა - აი, მაშინ კი «გამკაცრდა» რუსული დიპლომატიის პოზიცია.
    განსაცვიფრებელია, რა უშეცდომოდ მოქმედებდა რუსული პოლიტიკური ელიტა. აგვისტოს ბოლოს ელცინმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: «ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სისხლისღვრის შესაჩერებლად საჭიროა ქართული ჯარების გამოყვანა აფხაზეთიდან». ამ წინადადებაში თითოეული სიტყვა უდიდესი სიზუსტით არის გათვლილი. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად, რადგან მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ფორმალურად მხოლოდ თავის შეხედულებას გამოთქვამს, რისი უფლებაც მას, რასაკვირველია, აქვს. მაგრამ რეალურად განცხადება იყო სიგნალი ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსი სამხედროებისათვის, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ისინიც ამოქმედდნენ.
    რუსეთისათვის მთავარი იყო, მსოფლიოსათვის დაენახვებინა - საქართველოსა და აფხაზეთს შორის (დიახ, სწორედ ასე) ომში მედიატორია რუსეთი, ხოლო გაეროს წევრი საქართველო თანახმაა, ეს როლი რუსეთს მიაკუთვნოს.
    ამ მიზნით დაიდგა 3 სექტემბრის სპექტაკლი, რომლის დროსაც (ვაღიაროთ) ედუარდ შევარდნაძემ განსაცვიფრებელი «გულუბრყვილობა» გამოიჩინა. შემდგომ იგი ამტკიცებდა, რომ «შესაძლოა უარესიც მომხდარიყო». გაუგებარია რა უნდა მომხდარიყო იმაზე უარესი, რაც გაგრაში მოხდა?
    რუსებმა კი, რომელთა იმედიც აშკარად ჰქონდა საქართველოს ხელმძღვანელობას, მხრები აიჩეჩეს - «ძნელი გასარკვევია ვინ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველმა».
    სინამდვილეში მათ, რასაკვირველია, ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ კვლავ ატყუებდნენ საქართველოს იმ თეატრალური დაპირისპირებით, რაც რუსეთის უზენაეს საბჭოსა და პრეზიდენტს შორის გათამაშდა.
    აფხაზეთის კონფლიქტში დასავლეთის ჩარევა რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამიტომ ელცინი ყოველნაირად ცდილობდა, «დაემშვიდებინა» თავისი ქართველი კოლეგა და პერიოდულად ხვდებოდა კიდეც მას, ან ტელეფონით ესაუბრებოდა, რათა კვლავ და კვლავ მოეხდინა მსოფლიოს თვალწინ იმის დემონსტრირება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში იმყოფება და იქ მიმდინარე კონფლიქტი მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საშინაო საქმეა.
    მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, არძინბა გამალებით ქმნიდა მძლავრ შეიარაღებულ ფორმირებას - ნამდვილ არმიას, რომელშიც მსახურობდნენ კარგად გაწვრთნილი პროფესიონალები და რომელიც, რუსთა მეცადინეობით, ყოველთვის «ოდნავ უკეთესი» იარაღით იყო შეიარაღებული, ვიდრე ქართული ჯარი.
    ივლისში, რუსების რჩევით, გუდაუთა გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა, რომელიც დიდი მსხვერპლის მიუხედავად, წარმატებით დასრულდა - აფხაზები ჩრდილოეთიდან მოადგნენ სოხუმს და სოფლების შრომისა და ახალშენის მიდამოებში მოახდინეს დიდი ძალების კონცენტრაცია.
    ამ სტრატეგიული მიმართულებით ქართველთა პოზიციები გაცილებით უფრო სუსტი იყო ვიდრე გუმისთასთან. ამიტომ მომავალი «დიდი შეტევა». სოხუმზე სწორედ ამ ტერიტორიიდანაა დაგეგმილი.
    მაგრამ აქ უკვე რუსეთის სტრატეგიული ინტერესები იწყება. კრემლს დღეს, დღევანდელ სიტუაციაში ჯერ არ აძლევს ხელს სოხუმის დაცემა, - რადგან ასეთ შემთხვევაში ქართველი ერი დაინახავს «მტრის სახეს» და შეძლებს მომავალში «კონცენტრირებული პოლიტიკის» გატარებას რუსეთის მიმართ.
    ამიტომ რუსეთს სურს, აფხაზეთშიც შექმნას ისეთივე «მერყევი», მთლიანად რუსულ სამხედრო ძალას «დაყრდნობილი» სიტუაცია, როგორიც მან შექმნა ცხინვალის რეგიონში, რათა უფრო ადვილი იყოს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარებით მანიპულირება.
    რაც შეეხება შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტის შესახებ», იგი ითვალისწინებს საქართველოს ჯარის გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან და იქ რუსეთის «სამშვიდობო ძალების» ამოქმედებას.
    ამის აუცილებელი შედეგი გახდება ის, რომ რუსეთის ჯარი უკვე აღარ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 1996 წლისათვის, როგორც ეს გათვალისწინებული იყო «დიდი ხელშეკრულებით» და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
    საქმე ისაა, რომ როგორც კი ეს ვადა მოახლოვდება, რუსეთი საქართველოს გააფრთხილებს, რომ იგი გაიყვანს ჯარს არა მარტო მთლიანად საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ «კონფლიქტის ზონებიდანაც» თანაც ქრონოლოგიურად უფრო ადრე, ვიდრე დანარჩენი ტერიტორიიდან - ეს კი უეჭველად იმას გამოიწვევს, რომ ორიოდე «მინავლებული კონფლიქტი» ახალი ძალით იფეთქებს, ხოლო ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლას საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ იგი იძულებული გახდება, რუსეთის ჯარს საქართველოში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივოს, შემდეგ კვლავ გაუხანგრძლივოს და ა.შ.
    ამავე დროს, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან აიძულებს საქართველოს, დადოს ფედერაციული ხელშეკრულება აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან», რომლის ძალითაც ეს ტერიტორიები «სუვერენული რესპუბლიკების» სტატუსს შეიძენენ.
    რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უეჭველად დადგება დღის წესრიგში ახალი «კავშირის» შექმნა, აი, მაშინ კი გამოიყენებს რუსეთი ამ ბერკეტებს და ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვის შიშით აიძულებს საქართველოს, წავიდეს რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციაზე.
    ეს მხოლოდ დღეს გვეჩვენება შეუძლებლად - ხვალ ამგვარი დასასრული სამწუხარო რეალობა გახდება.

«ივერია-ექსპრესი», 27 ივლისი 1993წ.