საქართველოს ხელისუფლება შავ ზღვაზე ახალი პორტების მშენებლობას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება შავ ზღვაზე ახალი პორტების მშენებლობას გეგმავს

  

    სარწმუნო წყაროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან, უახლოეს მომავალში დაიწყება შავ ზღვაზე ახალი პორტების მშენებლობის დაგეგმარება. ერთი მათგანი სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, მეორე - გურიაში. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ფოთის პორტის ძირფესვიანი რეკონსტრუირების სურვილსაც გამოთქვამენ, შეიძლება ვივარაუდოთ: ინტერესი ევროპის ეკონომიკურ წრეებში საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისადმი დღითიდღე იზრდება.
    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ისევე, როგორც მისი მსოფლიო ანალოგი, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან გამოყონ გრძელვადიანი კრედიტები ამჟამად არსებული პორტების რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობისათვის.
    რაც ყველაზე ნიშანდობლივია, კომერციული ბანკებიც მზად არიან დააბანდონ მნიშვნელოვანი თანხა ამ პროექტში. თანაც, ზოგიერთი ინფორმაციით, მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას სახელმწიფო გარანტიებზეც კი არ არის საუბარი, ანუ საქართველო უახლოვდება ეკონომიკური ზრდის ისეთ სტადიას, როდესაც მის ეკონომიკაში თანხის დაბანდება სარფიანი ხდება.
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაპიტალი მოქმედებს პრინციპით: «შენდებოდეს შეეწიე, ინგრეოდეს შეესიეო». განვითარებად ეკონომიკურ სისტემას ბიზნესმენები ინტერესით აკვირდებიან და დიდძალ თანხებსაც აბანდებენ, მაგრამ საკმარისია ეკონომიკური ზრდა შეფერხდეს, რომ უმალვე იწყება «კაპიტალის გაქცევის» პროცესი.
    როგორც ჩანს, სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოს სატერმინალო და საპორტო მეურნეობის განვითარება იმ სიღრმისეულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლებიც ცენტრალურ აზიაში შეიმჩნევა.
    აშხაბადის შეხვედრამ ხუთივე სახელმწიფოს (ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის) ლიდერთა მონაწილეობით დაადასტურა - ცენტრალური აზია აქტიურად ეძებს ალტერნატიულ გზებს ევროპაში ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის. რუსეთი კი ამ რეგიონს თავისი სატრანზიტო მონოპოლიით ახრჩობს. თურქმენეთისათვის ბუნებრივი აირის, ისევე, როგორც უზბეკეთისათვის ბამბის რუსეთის გავლით ევროპაში გადაზიდვა უდიდეს პრობლემად იქცა. აშხაბადში ხუთივე ქვეყანამ მტკიცედ განაცხადა, რომ ამ მდგომარეობას არ შეურიგდება და იწყებს ახალი მარშრუტების ძიებას.
    რაკი ირანის მარშრუტი მიუღებელია დასავლური სამყაროს ლიდერისათვის, ერთადერთი ალტერნატივაა აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო კორიდორი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს უმოკლესი (მაგრამ არა უიაფესი) გზით აკავშირებს შავი ზღვის აუზთან. უზბეკეთი უკვე ცვლის საექსპორტო პოლიტიკას ტრანზიტის თვალსაზრისით: წლიდან წლამდე ამცირებს რუსეთის გავლით გადაზიდული ბამბის ოდენობას და პირიქით - ზრდის ნედლეულის რაოდენობას, რომელიც საქართველოს პორტების მეშვეობით იგზავნება ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში.
    უზბეკეთის თენგიზის საბადოდან უკვე დაიძრა «შევრონ-ოვერსის» ნავთობი საქართველოს გავლით. სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქმენეთთან კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის თაობაზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორია უნდა გადაკვეთოს.
    არანაკლები შესაძლებლობები აქვთ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ეს ქვეყნებიც ზღაპრულად მდიდარნი არიან სასარგებლო წიაღისეულით. რუსეთი არ ცვლის პოლიტიკას ცენტრალურ აზიაში და რადგან ტრადიციული სატრანზიტო მარშრუტები, აგრეთვე, ენერგოსადენები მის ტერიტორიაზე გადის, ცდილობს, გამოიყენოს მონოპოლია, რათა დათრგუნოს ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტი. ეს არ არის პერსპექტიული პოლიტიკა - რეგიონის სახელმწიფოები უეჭველად იპოვიან ალტერნატიულ გზებს და საქართველო მათთვის სწორედ ასეთ ალტერნატივად იქცევა. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში შედგეს შეხვედრა ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლიდერებს შორის, რომლებიც მიიღებენ პოლიტიკურ დეკლარაციას «სატრანზიტო კავშირის» შესახებ. ამით გაცხადდება შვიდივე ქვეყნის სურვილი, რეალურად გამოვიდნენ რუსეთის გავლენის სფეროდან. შესაძლოა, ეს კავშირი «სუამის» (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ერთგვარი გაფართოებაც აღმოჩნდეს. ყველა შემთხვევაში ყოფილი სსრკ-ს ზოლში იქმნება მძლავრი ალიანსი, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მერიდიანი, 14 იანვარი, 1998 წ.