საქართველოში ამბოხებათა ეპოქა დასრულდა

საქართველოში ამბოხებათა ეპოქა დასრულდა

რევოლუციის დაისი

    ქართველ პოლიტიკოსთა ქმედება ყოველთვის არ ექვემდებარება რაციონალურ განსჯას. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ის არის, რომ თვით ქართული პოლიტიკური ტრადიცია და მყარად ჩამოყალიბებული წეს-ჩვეულებანი უფრო ეროვნული ფსიქოლოგიის თავისებურებებზეა «დამყნილი», ვიდრე ჩვეულებრივი ლოგიკის პრინციპებსა და ამ პრინციპებიდან გამომდინარე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე.
    ის, რაც ევროპელი პოლიტოლოგისათვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა შეუვალ «საღ აზრთან» სრული შეუსაბამობის გამო, აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს მართავს არა «საღი აზრი», ანუ არა «რაციო», არამედ ემოცია. ქართულად - «ვნება».
    ქართველ პოლიტიკოსთა წრეგადასული ვნებიანობა და პიროვნული ამბიცია შექსპირის ან რუსთაველის შუასაუკუნეობრივ «ჰიპერბოლიზებული გრძნობების» სამყაროს უფრო შეესაბამება, ვიდრე თანამედროვე პარლამენტარიზმსა და დემოკრატიულ წეს-წყობილებას.
    სწორედ ამიტომ, სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ქართველმა ერმა კაცობრიობას «დემონური პოლიტიკოსის» რამდენიმე ტიპი მისცა, ხოლო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება პერმანენტული ტრაგედიის ელფერს იძენს.
    ის, რაც ამერიკელი მიმომხილველისათვის «პოლიტიკური კლოუნადაა» (სწორედ ასე შეაფასა ამერიკულმა «Newsweek-მა» საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის ისტორია) ჩვენთვის მწარე მაგალითია ქართველი კაცის მარადიული სულიერი ჭმუნვისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესები ეწირება.

    არავითარი ახსნა «საღი აზრის» კატეგორიებით არ აქვს იმას, რაც 13 იანვარს თენგიზ კიტოვანმა ჩაიდინა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ «ლაშქრობა აფხაზეთში» არ შედგებოდა. არ შედგებოდა არც ახალი ამბოხი ხელისუფლების წინააღმდეგ. თანაც, არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის თვალშისაცემი განსხვავებების გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ დღევანდელი საქართველო, როგორც პოლიტიკური, ასევე ზნეობრივი (ან თუნდაც ცნობიერი) თვალსაზრისით «ცა და მიწასავით» განსხვავდება 1991 წლის საქართველოსაგან.
    ორჯერ შეუძლებელია შესვლა ერთსა და იმავე მდინარეში. მაგრამ თენგიზ კიტოვანი, რომელიც ჯერ კიდევ იმდროინდელ ბობოქარ მოვლენათა განცდით ცხოვრობს, არ შეუშინდა დროსთან და რეალობასთან შებრძოლებას. უფრო სწორად, დაუკმაყოფილებელი ამბიციის, ბოღმის, წყენისა და წრეგადასული, ფანატიკური სიძულვილის ვნების დაკმაყოფილება მისთვის სულიერი იმპერატივი იყო.
    იგი ვერ მოერეოდა ამ სულიერ ლტოლვას, ვერ გამოვიდოდა მის მიერვე შექმნილი სამყაროდან, რომელშიც მან (1991 წელს), მისი აზრით, გმირობა ჩაიდინა, «ტირანი დაამხო», მძვინვარე პიროვნული ვნება დაიკმაყოფილა, შურისძიების მხურვალე წყურვილი მოიკლა, ფანატიკურად საძულველი მტერი გასრისა, დაამცირა, მარადიული სინანულის ტანჯვით დასაჯა.
    ამავე გრძნობათა სამყაროში ცხოვრობდა და ცხოვრობს თენგიზ სიგუაც. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას ინტელექტი აძლევს საშუალებას (თუმცა არა ყოველთვის), ვნება გონებას დაუმორჩილოს - იმავე ვნების დაკმაყოფილების მიზნით.
    გავიხსენოთ თუნდაც მისი სიტყვები 1992 წლის 4 იანვარს, როდესაც პირველად გამოჩნდა «ზვიადისტებისაგან» გათავისუფლებული ტელევიზიის ეკრანზე: «ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა».
    საუბარი შეეხებოდა გამსახურდიას მიერ, 1991 წლის 2 სექტემბერს, კინოს სახლთან, მიტინგის დარბევას. აქ საინტერესო (ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ის არის, რომ თენგიზ სიგუამ (შესაძლოა, მისდაუნებურად) საძულველი მტრისათვის მტანჯველი ტკივილის მისაყენებლად ყველაზე დახვეწილი ფორმა აირჩია - ხომ არაფერი შეიძლება ყოფილიყო ექსპრეზიდენტისათვის იმაზე უფრო მეტად მტანჯველი, ვიდრე იმის შეგნება რომ მისი კრახი ერთი კონკრეტული (საბედისწერო!) შეცდომითაა გამოწვეული?!
    თენგიზ კიტოვანის ამბოხი «მოტყუებულის პროტესტიც» იყო. მას ძალიან კარგად ახსოვს ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების პერიპეტიები - რა თქმა უნდა, დღევანდელი სახელმწიფოს მეთაური ვერ დაბრუნდებოდა, რომ არა ეროვნული გვარდიის მაშინდელი მრისხანე სარდლის თანხმობა. თუმცა, ეს თანხმობა იმთავითვე შეიცავდა იძულების ელემენტს, ოღონდ ობიექტურს, შექმნილი რეალობიდან გამომდინარეს.
    ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ, პოლიტიკური ინტრიგის ამ დიდოსტატმა ადვილად შეძლო მისთვის სასურველი პროცესის დაწყება და იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ პროცესის ბოლოს კიტოვანი ციხის საკანში უნდა აღმოჩენილიყო.
    შევარდნაძეს არაერთგზის უთქვამს (და დაუდასტურებია საქმით): პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, არის პროცესი, კონკრეტული შედეგი ხშირად თითქმის შეუმჩნევლად გამოიძერწება ხოლმე ამ პროცესიდან.
    ვინ იფიქრებდა სამი წლის წინ, რომ ყოვლისშემძლე მთავარსარდალი უმწეო პატიმრის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა? მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა. შესაძლებელი გახდა უდიდესი მახვილგონივრულობით წარმართული პროცესის შედეგად. თენგიზ კიტოვანს თავადაც არ ესმის, რომ მისი დაპატიმრებით საქართველოში ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. ეს ნურავის გაუკვირდება - სახელმწიფოს დღევანდელი მეთაური თითქმის არაადამიანური ინსტიქტით გრძნობს მოსახლეობის განწყობას. კიტოვანი, რომელმაც საკუთარი ვნება დაიკმაყოფილა, იმ არანაკლები ბობოქარი უარყოფითი ვნების მსხვერპლი ხდება, რომელიც ხალხის მასაში მის მიერ განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ გამოიწვია.
    რამდენიც უნდა ვისაუბროთ ამ მასის «ჩამორჩენილობაზე», მის ცნობიერებაში გაბატონებულ შუასაუკუნეობრივ ნევროზებზე - ეს მსჯელობა «თეორიული მორალიზების» ფარგლებს არ გასცდება. რეალურად კი, მომავალი პრეზიდენტის ელექტორატი დღევანდელი მასაა, რომლის განწყობის გაუთვალისწინებლად გამარჯვებას ვერავინ მოიპოვებს.
    სწორედ ამიტომ გაურბიან დღეს პოლიტიკის «მამები» კიტოვანს, როგორც კეთროვანს. არც ერთმა პარტიამ (ან თითქმის არც ერთმა) სიტყვა არ შეაწია, არ დაიცვა ადამიანი, რომელმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, იგი ხომ იმავე ბობოქარი ვნებების ტყვეა! მისი სწრაფვა ძალაუფლებისა და პატივისაკენ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ, შესისხლხორცებულ პიროვნულ ჩვევებს, ადამიანის არსობრივ კონსტიტუციას ეფუძნება. ამ ჩვევათა დამსხვრევა, მათი დაძლევა შეუძლებელია. მათზე ამაღლება - მით უმეტეს.

    და მაინც, იყო თუ არა რაიმე მარცვალი რაციონალურისა კიტოვანის ქმედებაში? ვგონებ არა. ეს იყო ჩიხში მომწყვდეული ნადირის გაბრძოლება!
    თუ ჭკუით არ მოიქცევა, მეორე მსხვერპლი თენგიზ სიგუა იქნება.
    იმავე მოტივითა და მიზნით, სულ ადვილია (თენგიზ კიტოვანის დაპატიმრების შემდეგ) თავდაცვის სამინისტროში ადრე წარმოებული «ფინანსური მაქინაციების» თემის ამოტივტივება, ხოლო ამ თემის კონტექსტში არ შეიძლება არ წამოიჭრას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ისიც გაიზიარებს თავისი «განუყრელი მეგობრის» ბედს და ბოლო წლების ტრაგიკულ სიას კიდევ ორი სახელი მიემატება.

    ქართული რევოლუციაც «ჭამს საკუთარ შვილებს». საქართველო ადასტურებს, რომ იგი მსოფლიო ისტორიის ნაწილია. თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა მხოლოდ ორი ტრაგიკული ფიგურაა - სისხლი-სისხლთაგანი და ხორცი-ხორცთაგანი საკუთარი ქვეყნისა.
    ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან წარსულში, ვერასოდეს განიცდიან კვლავ ისტორიული გამარჯვების ტკბილ სიხარულს . . . . მათი პიროვნული ნება, თავისუფლება და მომავალი სამოქალაქო ომის ცეცხლში ჩაიწვა; მათ სული შესწირეს შურისძიებისა და ძალაუფლების გიჟურ ვნებას . . . . ისტორიისთვის ისინი უკვე მკვდრები არიან; მათი ნამოქმედარი კი, დროისა და უზენაესი სახელმწიფოებრივი აუცილებლობის ყოვლისმფქვავ ბორბალში მოხვდა.
    და უკვე იხატება ყოვლისშემძლე ხელით მათი პორტრეტი შთამომავალთათვის - ალბათ, უფრო კომიკური ვიდრე ტრაგიკული.
    ეს მხოლოდ დღეს გვეჩვენება შეუძლებლად, რაკი ჯერ კიდევ ღადარივით ცხელია იმ მრისხანე მოვლენათა მოგონება . . . . მაგრამ შთამომავალთათვის ტრაგიკულისადმი ირონიული დამოკიდებულება ერთგვარი შვება იქნება: საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელშიც დიადიდან - სასაცილომდე ერთი ნაბიჯიც არ არის.

«7 დღე», თებერვალი, 1995 წელი.