სომეხთა აზრით, ახალქალაქი ნეიტრალური ტერიტორიაა     «სომხური დიპლომატიის» გაკვეთილი

სომეხთა აზრით, ახალქალაქი ნეიტრალური ტერიტორიაა     «სომხური დიპლომატიის» გაკვეთილი

   

    რობერტ ქოჩარიანისა და ედუარდ შევარდნაძის ერთობლივი პრესკონფერენცია ნიშანდობლივი ღონისძიება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პრეზიდენტმა მანამდეც და შემდგომაც მრავალი გულმხურვალე სიტყვა წარმოთქვა «ძმობისა და მეგობრობის შესახებ», სწორედ ეს პრეს-კონფერენცია აღმოჩნდა «ლაკმუსის ქაღალდი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რა მდგომარეობაშია ეს «მრავალათასწლიან ძმობა და მეგობრობა»
    მოულოდნელი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, თუ ამ პრესკონფერენციის მიწურულს, მას შემდეგ, რაც მრავალი სიტყვა ითქვა ისევ და ისევ «ძმობის» შესახებ, სომეხმა ჟურნალისტმა ქალმა «ორივე პრეზიდენტს» სომხური გონებამახვილობით ჰკითხა: თქვენ უკვე ერევანშიც შეხვდით და თბილისშიც, ახლა იქნებ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, - ახალქალაქშიც შეხვდეთო;
    ქართველებს იუმორის გრძნობა რომ არ გვქონდეს, ასეთი უნამუსობისა და უსირცხვილობისაგან ალბათ გული გაგვისკდებოდა. თანაც, თავხედობის დონე ნახეთ, - ჩვენთან სტუმრად არის, ვეფერებით, ლამის ფეხქვეშ გავეგოთ მის პრეზიდენტს, კრინტს არ ვძრავთ ზოგ-ზოგიერთი ნიუანსის შესახებ (მაგალითად, აფხაზეთში სომეხთა განსაკუთრებულ სისასტიკეზე ქართველების მიმართ); ეს კი, აქვე, ჩვენს სახლში, პირდაუბანელი აღებს პირს და ასეთ პროვოკაციას ამოაყროლებს: «ახალქალაქი ნეიტრალური ტერიტორიააო»... მეტის ღირსი ვართ ახია ჩვენზე! «ნეიტრალური ტერიტორიააო...» მეტის ღირსი ვართ, ახია ჩვენზე!
    «ნეიტრალური» რა თქმა უნდა, სიტყვის მასალაა, პირველი ეტაპია, საწყისი მცდელობაა. მას შემდეგ, რაც «ახალქალაქის ნეიტრალურობას» შეგაჩვევენ, გეტყვიან ნეიტრალური კია, მაგრამ თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, თვით მოსახლეობამ გადაწყვიტოსო სად ურჩევნია ცხოვრება, - საქართველოში თუ სომხეთში; ფაქტობრივად, ამ დედაკაცმა სიმართლე თქვა, - ჯავახეთში დღეს საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. რეალურად ვითარებას ახალქალაქის რუსულ-სომხური დივიზია აკონტროლებს და რით არ არის ნეიტრალური ზონა? იმ გაგებით, რომ ნეიტრალურია საქართველოს მიმართებაში ანუ ფაქტობრივად გასულია საქართველოს იურისდიქციიდან.
    თუმცა, გაღიზიანებით და განრისხებით ბევრს ვერაფერს გავხდებით. მთავარია შევისწავლოთ და გავიგოთ, რაშია საქმე, რა იწვევს ასეთ ანტიქართულ განწყობას, რომელიც მსგავსი თუ უარესი პროვოკაციების მიზეზი ხდება.
    მთავარი კი ის თვისებაა, რომელსაც ქართველი ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ამიტომ ვერასდროს გაუგებს სომხებს: არც აზერბაიჯანელები, არც მათი ერთმორწმუნე თურქები არ შეარჩენენ სომხებს დამცირებასა და შეურაცხყოფას, რომელიც 1993-1994 წლებში იწვნიეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის აშკარა აგრესიის შედეგად. მაშინ სომხეთმა დაიპყრო აზერბაიჯანის ტერიტორიის ლამის მეოთხედი. აზერბაიჯანელები, ამას რა თქმა უნდა, არ შეურიგდებიან და ადრე თუ გვიან შურს იძიებენ, ანუ განმეორდება ის, რაც XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. სხვათა შორის, სომხები გულმოდგინედ უმალავენ კაცობრიობას, რომ მაშინდელი მოვლენათა მთავარი მიზეზი გახდა მათი მცდელობა, ეს ტერიტორია თურქეთისაგან გამოეყოთ. რუსეთი 1 მსოფლიო ომის დროს მათ დახმარებას დაპირდა, მაგრამ შემდგომ თავად შთაინთქა რევოლუციის მორევში და სომხები ერთი-ერთზე დარჩნენ გამძვინვარებულ თურქებთან. სხვათა შორის, თურქებსა და ქურთებს მაშინ (სომხების წინააღმდეგ) ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რაც ახლახან არ ჩაიდინა სომხეთის მოკავშირე რუსეთმა ჩეჩნეთში ან ახლა არ სჩადის რუსეთის (ანუ სომხეთის) მოკავშირე სერბეთი ალბანეთში, რაც შეეხება სუმგაითის ტრაგედიას, იგი არანაკლები, მაგრამ არა უმეტესი სისასტიკე იყო, ვიდრე «ხოდჟალის ხოცვა-ჟლეტა».
    უმთავრესი მაინც გეოპოლიტიკური მიზეზია, რომელიც ზემოთქმული მოტივაციიდან გამომდინარეობს. სომხები ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს თანამშრომლობას თურქულ სამყაროსთან - უპირველეს ყოვლისა, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ბუნებრივია, მათ იციან, რომ აზერბაიჯანის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზანი ყარაბაღის დაბრუნება და სომხებისათვის სამაგიეროს გადახდაა. რასაკვირველია, არ სცდებიან, როდესაც თვლიან, რომ «ნავთობის პროდუქტი» ბაქოს სჭირდება, რათა არმია უახლესი იარაღით აღჭურვოს, მოძლიერდეს, ძალები მოიკრიბოს, არმია კარგად გაწვრთნას და შემდგომ წამოიწყოს ომი დაპყრობილი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, (თუნდაც ათი ან ოცი), აზერბაიჯანი ამ მიზანს მაინც აღასრულებს. სამხედრო თვალსაზრისით მას ისედაც მეტი პოტენციალი აქვს (როგორც სახელმწიფოს), ვიდრე სომხეთს.
    ერევანი 1996 წლიდან (როცა რეალურად ამუშავდა პოლიტიკაში «ნავთობის ფაქტორი») ურთულესი დილემის წინაშე აღმოჩნდა: დაელოდოს აზერბაიჯანის მოძლიერებას და შემდგომ სცადოს დაპყრობილის შენარჩუნება თუ დაასწროს აზერბაიჯანს, გადავიდეს შეტევაზე, გადაჭრას ნავთობსადენი და ამ გზით ჩაშალოს «საუკუნის პროექტის» განხორციელება.
    სწორედ ამ დილემამ განაპირობა შეურიგებელი დაპირისპირება რობერტ ქოჩარიანსა და ლევონ ტერ-პეტროსიანს შორის. ეს უკანასკნელი ჭკვიანი სომეხი იყო და წარმატებებისაგან თავბურდახვეულ თანამემამულეთ ურიგო რჩევას არ აძლევდა: დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ამჟამად გვაქვს, თორემ ვაითუ ესეც დავკარგოთ და თავიც გადავაყოლოთო, მაგრამ ვინ უსმინა! რობერტ ქოჩარიანი სომხური «ომის პარტიის» ლიდერია. დარწმუნებული ვარ, მისი არჩევა იმას ნიშნავს, რომ სომხურ ისტებლიშმენტს გადაწყვეტილი აქვს არ დაუშვას «საუკუნის პროექტის» განხორციელება და «ევრაზიული დერეფანი» მთლიანად ჩაკეტოს ცენტრალური აზიიდან - ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით.
    ჯერჯერობით ადრეა, მაგრამ ადრე თუ გვიან სომხური არმია თავად მოაწყობს პროვოკაციას, გადავა შეტევაზე და შეიძლება აიღოს განჯა, რითაც გადაჭრის ყველა კომუნიკაციას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. რასაკვირველია, არც აზერბაიჯანის არმია იქნება გულხელდაკრეფილი, მაგრამ რუსეთის დახმარებით სომხეთი მაინც მიაღწევს წარმატებას - თუ საქართველო აქტიურად არ ჩაერთვება პროცესში და რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ კომუნიკაციებს არ გადაკეტავს. აი, სწორედ ეს აშინებთ ყველაზე მეტად ერევნელ სტრატეგებს. სწორედ ამიტომ იწვევს მათ გაღიზიანებას ჩვენი ქვეყნის ჩართვა საუკუნის «საკომუნიკაციო პროექტებში», ვინაიდან საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები კიდევ უფრო დაშორდება სომხეთისას.
    საქართველოს გარეშე ვერც რუსეთ-სომხეთ-ირანის გეოპოლიტიკური ღერძი იმოქმედებს წარმატებით. მიუხედავად ამისა, ნაცვლად კომპრომისის ძიებისა, სომხეთი კვლავ კონფრონტაციის გზას ადგას, რაც მისთვის ნამდვილად დამღუპველი აღმოჩნდება.
    რუსეთი უკვე წარმავალია, მას ვერანაირი ძალა ვერ მოაბრუნებს, ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ დასაბამია გარდაუვალი კრახისა. ლევონ ტერ-პეტროსიანი ამ გარდაუვალობას კარგად ითვალისწინებდა, ამიტომაც მოუწოდებდა თავის ერს კომპრომისისაკენ, მაგრამ სომხეთმა მაინც კონფრონტაციის გზა აირჩია.
    ფაქტობრივად, ისინი ცეცხლს ეთამაშებიან, თურქული სამყარო სწრაფად ვითარდება, უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ასეთი უკომპრომისობით ადრე თუ გვიან უბედურებას გადაეყრება. «მინსკის ჯგუფის» წინადადებები ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ერთი შეხედვით საკმაოდ ნორმალური იყო.
    ყოველ შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ მყარ მშვიდობას ყარაბაღის გარშემო - სხვა დაპყრობილ ტერიტორიათა განთავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ 1993-94 წლების წარმატება იმდენად ტკბილი აღმოჩნდა სომხური ნაციონალიზმისათვის, რომ ახლა, როგორც ჩანს, სხვა გეგმები გაუჩნდათ.
    დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ რობერტ ქოჩარიანის არჩევა სომხეთის პრეზიდენტად უეჭველად ნიშნავს. . . . სომხური აგრესიის მიმართვას უკვე თურქეთისაკენ - დასავლეთ სომხეთის დასაბრუნებლად ანუ იმ ტერიტორიებისა, რომელიც სომხეთმა 1914-1915 წლებში დაკარგა.
    აი, ამის შემდეგ, თურქეთის დამარცხებაც თუ მოახერხეს, საქართველოს (სამცხე-ჯავახეთის) ჯერიც დადგება. თუმცა, რატომ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთისა?
    სომხური დიპლომატია, რასაკვირველია, არც «დასავლურ მიმართულებას» ივიწყებს. ამერიკის შეერთებული შტატების სომხური დიასპორა ყოველნაირად ცდილობს მიაღწიოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ კონგრესის მიერ შემოღებული სანქციების შენარჩუნებას. ახლა არ იკითხავთ, ჭკუისკოლოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა რისთვის შემოიღეს ეს სანქციები? რისთვის და «აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ბლოკადისათვის». მაშასადამე, როცა სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს იპყრობდა, აზერბაიჯანს მისთვის ყველა კომუნიკაცია უნდა გაეხსნა და თავად მოემარაგებინა ომისათვის საჭირო პროდუქციით. ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა?
    თუმცა, სომხური დიპლომატია ოდითგანვე გამოირჩეოდა ოსტატობით: ერთი სომეხი დიპლომატი ამას წინათ ამერიკელ სენატორებს არწმუნებდა: ნუ ენდობით აზერბაიჯანს, იგი რეგიონში რუსეთის გავლენის საყრდენია, ვინაიდან მას პოლიტბიუროს ყოფილი წევრი ხელმძღვანელობსო.
    იგივე დიპლომატი რუს პოლიტიკოსებს არწმუნებდა: ჰეიდარ ალიევი პროთურქული ორიენტაციის პოლიტიკოსიაო. ამას ქართველი დიპლომატი ვერ მოახერხებს, ეს რომ მოახერხო, სომეხი დიპლომატი უნდა იყო.

მერიდიანი, 23 ნოემბერი, 1998 წ.