სოჭის კაპიტულაციის პირველი შედეგები

სოჭის კაპიტულაციის პირველი შედეგები

ტრაგიკული არჩევანი

    ბოლო დღეების მოვლენებმა ცხადყვეს, რომ სოჭის შეთანხმებას უკვე მოაქვს პირველი შედეგები, რომლებიც, პოლიტიკური თვალსაზრისთ, არც თუ სახარბიელოა საქართველოსათვის.
    რა თქმა უნდა დადებითი ფაქტია ცეცხლის შეწყვეტა, უდავოდ სასიხარულოა სოხუმელ ლტოლვილთა მშობლიურ ქალაქში მასობრივი დაბრუნება, მაგრამ არანაკლებ უნდა გვაღელვებდეს პოლიტიკური პერსპექტივა და ამ კონტექსტში - უმთავრესი საკითხი: შეძლებს თუ არ საქართველო ამ ტერიტორიის შენარჩუნებას, ანუ (სეპარატისტთა ყველაზე საყვარელი ლოზუნგის პერიფრაზას თუ მოვახდენთ) იქნება თუ არა აფხაზეთი - საქართველო?
    რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მოვლენები ჯერჯერობით იმ შემზარავ რეალობას ნათელყოფენ, რომ საქართველოს ისტორიული, კულტურული, ეთნიკური, ბოლოს და ბოლოს ღვთის მიერ ბოძებული უფლება ამ მიწა-წყალზე (რომელიც ყოველთვის, ყველა ეპოქაში - ძველი კოლხეთიდან - რომანოვთა იმპერიამდე) ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი იყო - ეჭვს ქვეშ დადგა და ეს ეჭვი დღითი დღე ძლიერდება.
    რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთმა მაღალი რანგის მოხელემ «გაკვირვება გამოთქვა» იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა «ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე» ვლადისლავ არძინბა ისევე მიიღო, როგორც წინა დღით - დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური - ედუარდ შევარდნაძე. არადა, განსაცვიფრებელი უფრო ის არის, რომ ამ მოხელისათვის ელცინის ამგვარი დემარში მოულოდნელი აღმოჩნდა.
    სოჭის ხელშეკრულებაში დაფიქსირდა: არსებობს სამი მხარე: რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი. რუსეთს მიენიჭა შუამავლის ფუნქცია, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს (ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე) აქვს სრული უფლება, მიიღოს აფხაზეთის ხელმძღვანელი ზუსტად ისევე, როგორც საქართველოს ლიდერი მიიღო. ეს რომ სწორედ ამ ყბადაღებული ხელშეკრულების შედეგია, სულ ადვილად მტკიცდება: მთელი კონფლიქტის განმავლობაში ელცინი მხოლოდ შევარდნაძეს ხვდებოდა და არც ერთხელ არ შეხვედრია არძინბას პირისპირ. ამ უკანასკნელს კი მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა, რაც დოკუმენტურად დაფიქსირდა ორი მხარის (საქართველოს და აფხაზეთის) არსებობა.
    3 სექტემბრის დოკუმენტი ამ პოლიტიკურ რეალობას არ ქმნიდა, რადგან მას მხოლოდ ორი მხარე აწერდა ხელს - საქართველო და რუსეთი. ყველა დანარჩენი კი (თამაზ ნადარეიშვილი, ვლადისლავ არძინბა, კონსტანტინე ოზგანი, თენგიზ სიგუა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკათა ხელმძღვანელები) მხოლოდ მოლაპარაკებაში თავის მონაწილეობას ადასტურებდნენ.
    ამრიგად, თუ ელცინი სოჭის მოვლენამდე შეხვდებოდა არძინბას, იგი ნათელყოფდა სეპარატიზმისადმი თავის მხარდაჭერას, რაც რუსეთისათვის არასასურველ საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევდა. დღეს კი, თუ ელცინს საქართველო რაიმე ბრალს დასდებს, იგი «მხრებს აიჩეჩს» და იტყვის: «განა თქვენ თავად არ მომანიჭეთ შუამავლის ფუნქცია? როგორღა ვიშუამავლო, თუ ორივე მხარეს არ შევხვდი?»
    მაგრამ ეს, რასაკვირველია, დემაგოგია იქნება. სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტმა ხსენებული სპექტაკლი აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის პროცესის განმტკიცებისათვის კი არ მოაწყო (ამისათვის კოზირევიც კმაროდა), არამედ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე (რომელიც სხვათა შორის გაფაციცებით ადევნებს თვალს მის ყოველ სიტყვას, ჟესტს, ნაბიჯს) მოეხდინა შემდეგი პოლიტიკური რეალობის დემონსტრირება: საქართველო სხვაა და აფხაზეთი - სხვა.
    რუსეთის ტელევიზიამ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ აღასრულა თავისი მოვალეობა და მაღალმხატვრულად წარმოაჩინა ეს პოლიტიკური რეალობა ასეულობით მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ.
    ამ სცენას თვალს ადევნებდა რუსეთში მყოფი ყველა ელჩი, რომლებიც არ დააყოვნებენ ამცნონ თავიანთ მთავრობებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად ცნო აფხაზეთი, რაკი თვით პრეზიდენტმა მიიღო მისი ხელმძღვანელი.
    სულ სხვა თემაა, მაგრამ ისიც კარგად ჩანდა, როგორ მოიკუნტა «დასაკლავი ციკანივით» ჩვენთან ესოდენ «ამაყი» ვლადისლავ არძინბა, - რუსეთის მრისხანე იმპერატორის პირისპირ.
    ამ სურათის შემხედვარეს ეჭვიც კი გაგკრავს: მართლაც ღვთაებრივი ხომ არ არის იმპერიული ძალმოსილება - როგორც ამას სახელმწიფოებრიობის რუსულ-ბიზანტიური თეორია ამტკიცებს?
    მაგრამ ამჯერად, სჯობს იმაზე ვიმსჯელოთ, არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი ჩიხიდან და გვაქვს თუ არა შანსი, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო დაშლა-დანაწევრებას.
    პოლიტიკური რეალობის ანალიზი უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ძალიან მცირე შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ამ შანსის რეალიზაცია საქართველოსაგან დიდ პოლიტიკურ კომპრომისს მოითხოვს.
    უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ: «საქართველოს კონფედერაცია» რუსეთს სჭირდება იმისათვის, რათა მიიღოს მტკიცე გარანტიები ჩვენი ქვეყნის ლოიალობისა არ მარტო დღეს, არამედ ისტორიულ პერსპექტივაშიც.
    რუსეთს სურს აიძულოს საქართველო - დადოს კონფედერაციული ხელშეკრულებები აფხაზეთთან და ე.წ. «სამხრეთ ოსეთთან», რათა იურიდიულად გააფორმოს თავისი გავლენა ამ რეგიონებზე და, საჭიროების შემთხვევაში (თუ საქართველო მეტისმეტად გაურჩდა მომავალში), კვლავ ააფეთქოს ეს ნაღმები და «გონს მოგვიყვანოს».
    პროცესი დაახლოებით შემდეგნაირად წარიმართება: აფხაზეთიდან გამოვა საქართველოს ჯარი, აფხაზეთის ხელმძღვანელობა (არძინბასა და მისი ხროვის სახით) დასვამს საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. ასეთი ხელშეკრულება სურთ სეპარატისტებს, რადგან მათ მშვენივრად ესმით: რუსეთს არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა, ეს ძალიან «მძიმე» პრეცედენტი იქნებოდა ჩრდილოეთ კავკასიისათვის.
    გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობაც არ დაუშვებს სეპარატისტთა ამგვარ ტრიუმფს. ამიტომ მათ ურჩევნიათ, ფორმალურად დარჩნენ «კონფედერაციული საქართველოს» შემადგენლობაში, მაგრამ რეალურად ხელთ იგდონ ამ მიწა-წყალზე ზეგავლენის ყველა ბერკეტი.
    სწორედ აქ იწყება საქართველო-რუსეთის ინტერესთა ის თანხვედრა, საიდანაც გამომდინარეობს ზემოთხსენებული მცირე შანსი: აფხაზთა ლიდერებს საკუთარი დიასპორის (მოჰაჯირთა) დაბრუნება უნდათ, რაც კატასტროფული შედეგებით შეიძლება დასრულდეს თვით რუსეთისათვის, რადგან თურქეთში, იორდანიაში, სირიაში მილიონამდე ჩრდილო კავკასიელი მოჰაჯირი ცხოვრობს და «აფხაზური დერეფნით» მათი კავკასიაში დაბრუნების პროცესი შეუქცევადი გახდება.
    ამავე დროს, თუ საქართველო რაიმე სტრატეგიულ კომპრომისზე არ წავა, იმპერია მაინც იძულებული გახდება შეურიგდეს არძინბას გეგმებს, რადგან საქართველოზე ზეგავლენის შენარჩუნების სხვა ბერკეტი უბრალოდ აღარ შერჩება.
    აქედან გამომდინარე: ჩვენ უნდა მივცეთ რუსეთს ისეთი გარანტია რეგიონში თავისი ზეგავლენის შენარჩუნებისა, რომელიც უსარგებლოდ აქცევს მისთვის «აფხაზურ ბერკეტს» და საქართველოს ფედერალიზაციის გეგმაზე ხელს ააღებინებს. ამგვარი «სანაცვლო» გარანტია შეიძლება გახდეს რუსეთის ჯარისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაკანონება.
    თუ რუსეთი ამგვარ ბაზებს მიიღებს, მაშინ მან შეიძლება თანხმობა განაცხადოს იმაზე, რომ აფხაზეთის სტატუსი განისაზღვროს არა ფედერაციული ხელშეკრულებით, არამედ საქართველოს მომავალი კონსტიტუციით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ პრობლემის მოგვარებას სწორედ კონსტიტუციის ფარგლებში, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.
    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობაა. რეალობა შესაძლებელია, გაცილებით უფრო მწარე აღმოჩნდეს, მაგრამ ქართველი კაცისათვის სამშობლოს მთლიანობის დარღვევის საშიშროება იმდენად შემზარავია, რომ ყველა (თუნდაც ძალზე მცირე) შანსი უნდა განვიხილოთ.
    ასეთია, სამწუხაროდ პოლიტიკური სიტუაცია. ამჟამად არავითარი აზრი არა აქვს ვიკამათოთ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა უკეთესი «საწყისი პოზიცია» გვქონოდა და იმ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის.
    თუმცა, ერთი რამ კი მაინც უნდა ითქვას: ქართველებს ისეთივე მიზანსწრაფულობით, ისეთივე რწმენით, ისეთივე ფანატიზმით იმპერიის წინააღმდეგ რომ გვებრძოლა, როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ვიბრძვით, დღეს ჩვენი ქვეყანა ესოდენ ტრაგიკული არჩევანის წინაშე არ აღმოჩნდებოდა.

«ივერია-ექსპრესი», 26 აგვისტო, 1993 წელი.