უბლოკო საქართველო - ბევრად მეტი, ვიდრე სისულელე

უბლოკო საქართველო - ბევრად მეტი, ვიდრე სისულელე

 

მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად ე.წ. „საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის“ საკითხი ვერა და ვერ იქცა. როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს, ადამიანებს უმუშევრობა და სოციალური პრობლემები უფრო აწუხებთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკური დისკურსი მათთვის არსებითი და მნიშვნელოვანი არაა. უბრალოდ,  ქართველ ამომრჩეველს ამ სფეროში ყველაფერი უკვე საბოლოოდ გარკვეულად მიაჩნია და, რაც მთავარია, არც აქვს არავითარი საფუძველი ამგვარ მიდგომაში ეჭვის შეპარვისა, ვინაიდან ქართული „პოლიტიკური კლასი“ ისტორიულად შეთანხმებულია: ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ხოლო მიმდინარე ეტაპზე ამ ბლოკებში ინტეგრაციის შეუძლებლობა არ ნიშნავს და არ გულისხმობს თვით ორიენტაციაზე, ესე იგი ამ მიმართულებით სწრაფვაზე უარის თქმას.

არანაირი ალტერნატივა ამ პოლიტიკური დომინანტისა არ არსებობს: საქართველოში ბოლო დრომდე არ გამოჩენილა არც ერთი სერიოზული და სოლიდური პოლიტიკური ძალა, რომელიც რაიმე არსებით ალტერნატივას შესთავაზებდა ქართველ ამომრჩეველს. წითელი დროშებითა და სტალინ-ლენინის სურათებით მომიტინგე საცოდავი, მოხუცი კომუნისტები, რასაკვირველია, არ ითვლება.

ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინც სცადა ასეთი ალტერნატივის შექმნა და, იმავდროულად, სერიოზულობა-სოლიდურობის (არამარგინალობის) პრეტენზიაც ჰქონდა, იყო ნინო ბურჯანაძე. თუმცა, როგორც იგივე კვლევები  ადასტურებს, მან ეს ვერ მოახერხა, რადგან 5 პროცენტიანი ბარიერი რომც გადალახოს, სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად მისი პარტია ნამდვილად ვერ იქცევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ამ წარუმატებლობას კონკრეტული მიზეზები აქვს. პირველ რიგში ის, რომ ქალბატონი ბურჯანაძის რიტორიკა „ნატო“-სა და რუსეთის თაობაზე არსებითად არ განსხვავდება „ოცნების“ რიტორიკისა და მიდგომისაგან. მაგალითად: ნინო ბურჯანაძეს არც ერთხელ არ უთქვამს პირდაპირ, გადაჭრით და ერთმნიშვნელოვანად, რომ საქართველომ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან მიუხედავად რუსული საელჩოების  არსებობისა ცხინვალსა და სოხუმში. ასევე არ ამბობს ამას „ოცნებაც“. ანუ, პრორუსულად განწყობილი (თუ  „მშვიდობის მოყვარული“) ამომრჩეველი რაიმე არსებით განსხვავებას ვერ ხედავს და რატომ შეიცვლის  არჩევანს? მით უმეტეს, რომ „ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით, ბურჯანაძისადმი სხვა, სრულიად კონკრეტული პრეტენზიებიც არსებობს მის პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ განა „ოცნება“ ამგვარ დიალოგს არ აწარმოებს? კარასინ-აბაშიძის ფორმატმა გახსნა რუსული ბაზარი (ობივატელის თვალში) და სიტუაციის მეტ-ნაკლებ ნორმალიზებას შეუწყო ხელი. ამომრჩეველს კი უკვე არ სჯერა, რომ თუ რაღაც სხვა დონეზე „ავა“ ეს დიალოგი, თუ ბურჯანაძე ჩაერთვება და ა.შ, ამით საქართველო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ დაიბრუნებს.

ამის აღარ სჯერათ, რადგან ახსოვთ 1990-იანი წლები, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ყველაფერი დათმო, ძალოვან მინისტრთა პოსტების ჩათვლით, მაგრამ ქვეყანამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო.

ანუ აქ, ისევ და ისევ, ისმის იგივე კითხვა: რას გააკეთებს ბურჯანაძე სხვაგვარად, ვიდრე აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება? ბურჯანაძეს არც ერთხელ, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ უთქვამს, რომ, მაგალითად, საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს. ამის თქმის ეშინია, ვინაიდან იცის, რომ პოლიტიკური კლასი და მედია ერთსულოვნად დაუპირისპირდება და „პრორუსები“ რომც მიიმხროს ამგვარი პოზიციით, პოლიტისტებლიშმენტისა და შესაბამისი მედიის კონსოლიდირებულ დარტყმას ვერ გაუძლებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმასაც გრძნობს, რომ თუ რაიმე ახალი არ მოიფიქრა, თუ ნოვატორული იდეა არ გააჟღერა, მხოლოდ პუტინთან ორიოდე შეხვედრა ვერ უშველის; ამიტომაც, უკვე ცდილობს რაღაც ახალ პროექტზე მიანიშნოს:  ბოლო დროს ხშირად ახსენებს „უბლოკო სტატუსს“. ანუ, მომხრეებს ჰპირდება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, საქართველო „უბლოკო სტატუსს“ გამოაცხადებს და ამ ფორმით შეეცდება დააბალანსოს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები.

ნეიტრალიტეტზე სხვებიც საუბრობდნენ, თუმცა ნინო ბურჯანაძე, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეს სრულიად მკვდრადშობილი იდეაა, ვინაიდან ქვეყანა ვერ გახდება ნეიტრალური  მხოლოდ საკუთარი სურვილითაუცილებელიამისი მეზობელი სახელმწიფოებიც შეთანხმდნენ ერთმანეთთანრომ პატივს სცემენ საქართველოს ნეიტრალიტეტსრაკი აღიარებენ ამ ტერიტორიას მათ შორის ძალთა გარკვეული ბალანსის წერტილად. სწორედ ასე და ამიტომ გახდა ნეიტრალური თავის დროზე შვეიცარია  და არა იმიტომ, რომ თვით შვეიცარიელებმა მოინდომეს.

გარდა ამისა, დღევანდელ მსოფლიოში „ნეიტრალიტეტის“ ცნებას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს: საქმე ისაა, რომ იალტა-პოტსდამის სამყაროს შემოქმედებმა (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი), მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ამგვარი გეოპოლიტიკური „საფრთხეც“ გაითვალისწინეს. ამიტომ, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა“ და შესაბამისი კონვენციებისგან მყარი წინაპირობა შექმნეს საიმისოდ, რათა მხოლოდ სახელმწიფოს სურვილი არ ყოფილიყო საკმარისი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის დასამტკიცებლად.

საქართველოს კი არანაირი შანსი არ გააჩნია, მიაღწიოს ამ საკითხზე დიდ სახელმწიფოთა კონსენსუსს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის ერთადერთი გამონაკლისია  თურქმენეთი, რომელმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ორი რეგიონული ზესახელმწიფოს (ჩინეთისა და რუსეთის) ინტერესებზე ისე ოსტატურად ითამაშა, ეს საკითხი „გაერომდე“ მიიტანა; შემდეგ კი შესაბამისი რეზოლუციის მიღებასაც მიაღწია უშიშროების საბჭოში, ანუ ვეტო თავიდან აიცილა.

საქართველოს შემთხვევაში, ამის ალბათობა ზუსტად ნულის ტოლია. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და სანამ (თუ) ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ სცნობს, მისი ნეიტრალიტეტის საკითხი არც კი განიხილება.

სამწუხაროდ, „საქართველოს ნეიტრალიტეტის“ მქადაგებელნი ვერ ხვდებიან, რამდენად აბსურდულად გამოიყურება ნეიტრალობაზე იმ ქვეყნის პრეტენზია, რომელიც, იმავდროულად, აცხადებს, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. ოკუპირებული ქვეყანა რეალურად ნეიტრალური როგორ უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს?

ნინო ბურჯანაძე ამას ხვდება. ამიტომ, გარეგნულად მსგავსი, თუმცა, შინაარსობრივად სრულიად სხვა პროექტი შეიმუშავა: „უბლოკო სტატუსის“ შესახებ. მაგრამ ეს კიდევ უარესი და იმაზე მეტადაც კი დამაზიანებელია, ვიდრე „ნეიტრალური საქართველოს“ სიბრიყვემდე გულუბრყვილო იდეა.

„უბლოკო სტატუსში“, ბურჯანაძე, როგორც ჩანს,  არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ საქართველო „ნატო“-ს წევრი არ უნდა გახდეს (ეს თავისთავად) არამედ ფრთხილად მიანიშნებს იმაზეც, რომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ისეთ ბლოკებში გაერთიანებაზე, როგორიცაა ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი.

ეს პირდაპირ ჯერ არ უთქვამს, თუმცა ქარაგმულად მიანიშნა, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მართალია უკრაინამ უარი განაცხადა „ნატო“-ს წევრობაზე (პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს), მაგრამ ამან ვერ უშველა, რაკი „უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებდა უბლოკო სტატუსის შესაბამისადო“. ანუ, იანუკოვიჩმა „ნატო“ - ს წევრობაზე კი თქვა უარი, მაგრამ ამის შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება სცადა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა, მერე მოხდა რევოლუცია, მოვიდა ერთმნიშვნელოვნად  პროდასავლური მთავრობა, მაინც მოაწერა ხელი „ასოცირებას“ და უკრაინამ ყირიმი, აგრეთვე დონბასი დაკარგა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქ ნინო ბურჯანაძე გულისხმობს (და ამაში მართალია), რომ მოსკოვისთვის დიდი განსხვავება არაა, პოსტსაბჭოური ქვეყანა „ნატო-ს წევრი გახდება თუ ევროკავშირისა. ორივე შემთხვევაში (კრემლის აღქმით) ეს ქვეყანა გადის რუსეთის ცივილიზაციური სივრციდან, ხოლო  მისი განვითარების ფუნქცია უკვე რუსეთთან ინტეგრაცია კი არ იქნება, არამედ რუსეთისაგან გამიჯვნა. ამიტომაც ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება ერთნაირად მწვავედ რეაგირებს მის საზღვრებთან არა მხოლოდ „ნატო“-ს, არამედ ევროკავშირის მოახლოებაზე, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების საწინააღმდეგო რიტორიკა, პრეზიდენტ მედვედევის დროიდან მოყოლებული, დიდად არ განსხვავდება ევროკავშირის გაფართოების  საწინააღმდეგო ნარატივისაგან.

თანაც, ამ დისკურსში, ისევ და ისევ მოსკოვის აღქმით, ევროკავშირთან ასოცირება დიდად არ განსხვავდება ოფიციალური წევრობისაგან, ვინაიდან „ასოცირება“ გულისხმობს იმავე  ინტეგრაციულ პროცესებს, ოღონდ პოლიტიკური სტატუსის და შესაბამისი უფლებების (ევროპარლამენტის არჩევა, ევროკომისია და ა.შ) გარეშე.

აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა: რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს საქართველოს „უბლოკო სტატუსს“, თუ არა მხოლოდ „ნატო“ - სა და ევროკავშირის წევრობაზე ვიტყვით უარს, არამედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც გავაუქმებთ. უკრაინის შემთხვევაში სწორედ ასე იყო და საქართველოს მიმართ რატომ ექნება სხვა პოზიცია?

ასეთ პირობებში, საქართველოს  „უბლოკო სტატუსის“ გამოცხადება ნიშნავს  შემდეგს:     „ჩვენ არ აღარ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრებას, ვაუქმებთ „ასოცირებას“, მაგრამ არც „ევრაზიულ კავშირში“ შევდივართ და,  საერთოდ, ვრჩებით არა მხოლოდ რაიმე სამხედრო-პოლიტიკური, არამედ ყოველგვარი ეკონომიკური, ცივილიზაციური, რეგიონული,  საინტეგრაციო პროცესის მიღმა; თუმცა, იმავდროულად, არც (ვერც) ნეიტრალური ქვეყანა ვართ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და საერთოდ რანი ვართ თავად ვერ გაგვიგია“.

 საქართველო, ამ პროექტით,  რჩება გეოპოლიტიკური იდენტობის გარეშე;  შესაბამისად, იქცევა „უფასო ლუკმად“ ნებისმიერი მეზობლისთვის, - საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების  რაიმე გარანტიის გარეშე.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე სრული აბსურდია: „უბლოკო საქართველო“ ისევე შეუძლებელია (უფრო მეტადაც კი) ვიდრე „ნეიტრალური საქართველო“: ჩვენი ქვეყნის რეალობამისი  ადგილი და  მოცემულობა ისე ჩამოყალიბდა ბოლო 25 წლის განმავლობაშირომ  ერთადერთი ალტერნატივა გვაქვს. „ან - ან“:

ან ევრაზიული კავშირი, ან ევროკავშირი; ან „ნატო“ ან „კოლექტიური უსაფრთხოების მოსკოვის ხელშეკრულება“!

ნებისმიერი „საშუალედო“ ვარიანტი უეჭველად გულისხმობს გეოპოლიტიკური იდენტობის, სტატუსის, საერთაშორისო გარანტიებისა და სუბიექტურობის სრულ დაკარგვას, ანუ  საქართველოს საბოლოო ქცევას „უარავისო“, უორიენტაციო, რაღაც გაუგებარ ტერიტორიად, რომლის მიმართ ინტერესი იარსებებს მხოლოდ იმდენად და იმ აზრით, როგორც მგელს აინტერესებს პატარა გემრიელი კრავი;  თუმცა, ასეთ ქვეყანას არ ექნება არანაირი გარანტია, ხოლო საერთაშორისო აქტორებს მის მიმართ არ ექნებათ  არავითარი ვალდებულება ელემენტარული მორიდებისა და პოლიტესის დაცვის თვალსაზრისით იმ დოზით მაინც, როგორსაც მას იცავენ  დღევანდელ მსოფლიოში, სადაც, პუტინის თავხედური, აგრესიული, თუმცა ძალიან წარმატებული ძალისხმევით, ბრუნდება ძალის უფლება, ნაცვლად  საერთაშორისო სამართლისა.

2016