ქართველი პარტიზანების აქციას პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდა

ქართველი პარტიზანების აქციას პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდა

    რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა «მიძინებული სიავე» საქართველოს მიმართ კვლავ ქართული პარტიზანული რაზმის, «თეთრი ლეგიონის» მოქმედებამ გამოაფხიზლა.
    როგორც ცნობილია, 16 აგვისტოს მათ ზუგდიდიდან მოიტაცეს ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალების» ორი ოფიცერი და ერთი რიგითი. საინტერესოა, რომ სამივე «მშვიდობისმყოფელი» სწორედ იმ ავადსახსენებელ 345-ე სადესანტო პოლკში მსახურობს, რომელმაც ჯერ 9 აპრილს დაგვამახსოვრა თავი, შემდეგ აფხაზეთის ომის დროს, ახლა კი «სამშვიდობო მისიას» ასრულებს ენგურის სანაპიროზე.
    ქართველი პარტიზანები მოითხოვდნენ ოჩამჩირის რაიონში 14 აგვისტოს გმირულად დაღუპული (სამწუხაროდ, ამის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის) ბოჯგუასა და ხუხუას ცხედართა მათთვის გადმოცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ მძევალთა დახვრეტით. სხვათა შორის, აფხაზურ მხარეს მიეცა შესანიშნავი შანსი, მოეხდინა კონფლიქტის პროვოცირება რუსეთსა და საქართველოს შორის - თუ ისინი ნებისმიერი საბაბით ცხედრებს არ დააბრუნებდნენ, დაპირისპირება მოსკოვსა და თბილისს შორის გამწვავდებოდა.
    სოჭში დასასვენებლად მყოფმა ევგენი პრიმაკოვმა ქართული მხარის წარმომადგენლებს ტელეფონით განუცხადა კიდეც: «თუ მძევლებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს». რას გულისხმობდა ამ «ზომებში» ჩვენი «ძველი მეგობარი», განმარტა გენერალმა დოლია ბაბენკოვმა: «საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას (1996 წელს), რომლითაც რუსეთის სამშვიდობო ძალებს უფლება ეძლევათ, აფხაზურ მხარესთან ერთად განახორციელონ ანტიტერორისტული ოპერაციები გალის რაიონში». იგულისხმებოდა, რასაკვირველია, დამსჯელი ექსპედიცია გალის რაიონის ქართულ სოფლებში. ამ შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა იმ იმედით, რომ რუსი «მშვიდობისმყოფელები» ქართულ სოფლებს დაიცავდნენ აფსუა ფაშისტებისაგან, მაგრამ პირიქით მოხდა: კიდევ ერთხელ მოგვატყუეს - რუსებს ერთი წლის განმავლობაში «თითი თითზე არ დაუკარებიათ» უბედური გალელების დასაცავად, სამაგიეროდ ეს ხელშეკრულება გაახსენდათ უმალვე, როგორც კი მისი საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების შანსი მიეცათ.
    საბედნიეროდ, აფხაზებმა ცხედრები დააბრუნეს და გენერალ ბაბენკოვს აღარ მიეცა მუქარის შესრულების საშუალება. თვით აფხაზური მხარის მოტივაცია (თუ რატომ გამოიჩინეს მათ «კეთილი ნება») ადვილი გამოსაცნობია: ვლადისლავ არძინბას და მის ხროვას იმედი აქვს, რომ საქართველო ხელს მოაწერს «ოქმს» ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. ეს დოკუმენტი მათთვის ძალზე ხელსაყრელია, ამიტომაც ისინი მოერიდნენ ვითარების დაძაბვას, რათა არ ჩაშლილიყო მოსკოვის შეხვედრა ელცინს, შევარდნაძესა და არძინბას შორის (შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბრისათვის იგეგმება).
    სავსებით გასაგებია პარტიზანთა ქმედების შინაარსიც: რუსი სამხედროების მოტაცებით (ამ აქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა) მათ სცადეს ხელისუფლებისათვის მიენიშნებინათ, რომ პარტიზანული მოძრაობის ინტერესთა გაუთვალისწინებლად ნებისმიერი მორიგი შეთანხმება აფხაზებთან იმთავითვე «მკვდრადშობილი» იქნება. მართლაც, ეს ფაქტორი თბილისში ყველამ უნდა გაითვალისწინოს: თუ მაინც მოეწერება ხელი «პროტოკოლს», ანუ აფხაზეთს ვაღიარებთ სუვერენულ სახელმწიფოდ, დავაკანონებთ რუსის ჯარის ყოფნას ენგურზე და (ფაქტობრივად) დავეთანხმებით არძინბას მოთხოვნას რომ მას მიეცეს უფლება შეარჩიოს - ვინ დაბრუნდება აფხაზეთში და ვინ - არა, პარტიზანები ამგვარ «კომპრომისს», რა თქმა უნდა, არ შეეგუებიან და კვლავაც იბრძოლებენ.
    საქართველოს ხელისუფლება კი აღმოჩნდება არასასურველი ალტერნატივის წინაშე: ან დაგმოს პარტიზანთა ქმედება, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება მის ავტორიტეტზე და ფაქტობრივად საკუთარ ხალხთან დააპირისპირებს, ან დაარღვიოს მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი და მისცეს არძინბას საბაბი, ბრალი დასდოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში. ორივე ვარიანტი ძალზე მტკივნეულია.
    რაც მეტი დრო გადის 14 აგვისტოდან, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არძინბას თბილისში ჩამოთრევა და მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან იყო რუსული დიპლომატიის გამარჯვება და სხვა არაფერი. არანაირი შედეგი ამ შეხვედრას არ მოჰყოლია და არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა - უბრალოდ, რუსეთმა დაადასტურა საკუთარი პრიორიტეტი კავკასიაში და კერძოდ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში. პრიმაკოვმა შესანიშნავად უწყოდა, რომ არძინბა იოტისოდენადაც არ დაიხევდა უკან თავისი პოზიციებიდან ზემოთხსენებულ «ოქმთან» დაკავშირებით. სამაგიეროდ, რუსეთმა მოახდინა თავისი გავლენის დემონსტრირება - არაფერი სხვა პრიმაკოვს (ზოგადად - მოსკოვს) ამ შემთხვევაში არ ამოძრავებდა.

სოხუმიდან პირში კოკა-კოლა გამოვლებულნი დავბრუნდით

    აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და მთავრობის რამდენიმე წევრის (ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის მინისტრების), აგრეთვე «კოკა-კოლა კავკასიონის» პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზური მხარისთვის ისევ და ისევ მხოლოდ «დემონსტრაციულ-დეკლარაციული» ფუნქციის მატარებელი იყო. არძინბამ ლეკიშვილი «საპრეზიდენტო ეტიკეტის» სრული დაცვით მიიღო. თავად მაგიდის თავში დაჯდა, ნიკო ლეკიშვილის პირისპირ კი სერგეი ბაღაფში (აფხაზეთის «პრემიერ-მინისტრი») დაუსვა. ეს გახდა ერთადერთი რეალური შედეგი სოხუმში საქართველოს «სამთავრობო დელეგაციის» ჩაბრძანებისა - აფხაზებმა მერამდენედ დააფიქსირეს, რომ თუ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი - პრეზიდენტი მათაც ჰყავთ. საქართველოს «სახელმწიფო მინისტრის» საპირისპიროდ მათაც აქვთ «პრემიერ-მინისტრის» პოსტი, ანუ საქართველო და აფხაზეთი «თანასწორუფლებიანი სახელმწიფოები» არიან. ამ რეალობიდან «ავტონომიამდე», ან თუნდაც «ფედერაციის სუბიექტობამდე» უკვე ნამდვილი უფსკრულია. რაც შეეხება კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს, როგორც ჩანს, არძინბას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს «აფხაზეთშიც იციან თვლა და სურთ, მიუერთდნენ ევრაზიის კორიდორს» - კიდევ ერთი ბლეფია. სინამდვილეში, არძინბას სურვილია ენგურის მარჯვენა სანაპიროზე როგორმე «ჩინეთის კედელი» ააშენოს, რათა საქართველოს სამუდამოდ გაემიჯნოს; ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და სასურველი პარტნიორი რუსეთია.
    ამიტომ, სეპარატისტთა ლიდერი ამჟამად ყოველნაირად ცდილობს «თავი მოიქაჩლოს» ოღონდ კი მიაღწიოს «ბლოკადის მოხსნას» - საქართველოსგან მას სხვა არანაირი «ეკონომიკური დახმარება» არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც ბლოკადა მოიხსნება, სოხუმი კიდევ უფრო «გაამკაცრებს» პოზიციებს. თუ, მაგალითად, ახლა თანახმაა ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მხოლოდ 30 პროცენტი მიიღოს, დანარჩენს კი საქართველოს უთმობს (რაკი საკუთარი სპეციალისტი-ენერგეტიკოსები არ ჰყავს) - მას შემდეგ, რაც საზღვარი რუსეთთან გაიხსნება და ოფიციალურად მიიღებს საშუალებას, ჩრდილო კავკასიიდან ან რუსეთის სხვა რეგიონებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, არძინბა 50-პროცენტსაც არ დათანხმდება. მართალია აფხაზეთს ამდენი ელექტროენერგია არც სჭირდება, მაგრამ რუსული ანდაზაა «მასლომ კაშუ ნე ისპორტიშ». გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, გაყიდის ელექტროენერგიას.
    ტრანსპორტის თვალსაზრისითაც, არძინბას უპირველესი სურვილია, რუსეთთან (და არა საქართველოსთან ან თურქეთთან) აღადგინოს სარკინიგზო ხაზი - ამაში შეიძლება საქართველოც დაეხმაროს, რადგან რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა ჩვენთვისაც საშური საქმეა. ოღონდ აფხაზეთი ამ შემთხვევაშიც საკუთარი მერკანტილური მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. კიდევ ერთი პროექტია «საკურორტო ბიზნესი», რომელშიც, რა თქმა უნდა, უფრო რუსულ კაპიტალს ელიან, ვიდრე ქართულს.
    სასაცილოა იმის იმედად ყოფნა, რომ არათუ თემურ ჭყონია ან ნებისმიერი სხვა ქართველი ბიზნესმენი, არამედ საქართველოს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტიც ამ სფეროში კონკურენციას გაუწევს რუსულ ფინანსურ «ვეშაპებს»: «გაზპრომს», «ლუკოილს», «სვიაზინვესტს» და სხვებს.
    კავშირგაბმულობას რაც შეეხება, ფრიდონ ინჯიას პოზიცია უცვლელია: აფხაზეთი რუსეთთან და მთელს მსოფლიოსთან ილაპარაკებს მხოლოდ თბილისის გავლით.
    აფხაზურმა მხარემ კი ასეთი კომპრომისი შესთავაზა ქართულ დელეგაციას: აღვადგინოთ პირდაპირი სატელეფონო კავშირი რუსეთთან, სამაგიეროდ აფხაზეთის ხელისუფლება აღადგენს სატელეფონო კავშირს საქართველოსთან გალის გავლით, რაც საშუალებას მისცემდა უბედურ ლტოლვილებს, ტელეფონით დაკავშირებოდნენ აფხაზეთში ჩარჩენილ თითო-ოროლა ნათესავსა და ახლობელს. მაგრამ ჯერ ერთი, არძინბას «სიტყვის» იმედად მტერი იქნა, გარდა ამისა, თუ საქართველო დათანხმდება სოხუმის სატელეფონო «გადართვას» სოჭზე, მერე «უკან გადმორთვა» უკვე თითქმის შეუძლებელი გახდება. არძინბას არაგულწრფელობას ისიც ააშკარავებს, რომ, მიუხედავად საქართველოსთან «საერთო სახელმწიფოს» შექმნის დეკლარირებისა, როგორც კი კონკრეტულ საკითხებზე მიდგება საქმე - უმალვე ივიწყებს ამ დეკლარაციას: «საერთო სახელმწიფო» ვითომ სურს, მაგრამ სატელეფონო და ნებისმიერი სხვა კავშირი (რუსეთთან) მაინც «დამოუკიდებლად» უნდა ჰქონდეს.

დასავლეთმა საქართველო კიდევ ერთხელ გაწირა

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის, ბილ რიჩარდსონის ვიზიტმა თბილისში დაადასტურა მწარე რეალობა: ამერიკას არ სურს (ალბათ, ამ ეტაპზე არც შეუძლია) რეალურად დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში და ამ მიზნით დაუპირისპირდეს რუსეთს (რის გარეშეც რეალური დახმარება წარმოუდგენელია).
    რასაკვირველია, ვაშინგტონში მშვენივრად ხედავენ საქართველოსთან გეოპოლიტიკური თანამშრომლობის სარგებლობას, ნავთობსადენის საქართველოზე გატარებაც ხელს აძლევთ, მაგრამ, როდესაც საქმე რეალურ ქმედებაზე მიდგება - ნურას უკაცრავად: გეოპოლიტიკური დივიდენდი სურთ, ოღონდ «თავის აუტკივებლად». საქართველომ ვერ მოახერხა, «ნავთობსადენი» ან თვით «ევრაზიული დერეფანი» ექცია ამერიკის ადმინისტრაციაზე რეალური ზეგავლენის ბერკეტად, რათა აეძულებინა იგი, გარკვეულ რისკზე წასულიყო. ამერიკელ «დემოკრატთა» ლაყე ხელისუფლებას რუსეთთან დაპირისპირება არ სურს - თუნდაც ნავთობსადენის ან «დერეფნის» გამო. რუსული დიპლომატიაც საკმაოდ ეშმაკურად იქცევა და თითქოს არც უშლის ხელს ნავთობსადენის გატარებას საქართველოს ტერიტორიაზე (რომ უშლიდეს, სხვა საქმეა) - რჩება ერთადერთი ვარიანტი: საქართველომ აგრძნობინოს ამერიკას, თუ არ დამეხმარები აფხაზეთის საკითხში, იძულებული ვიქნები, დავიწყო ომი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც ჩაშლის «საუკუნის პროექტს».
    მაგრამ კლინტონს, როგორც ჩანს, ვერც ეს მუქარა გადაადგმევინებს რადიკალურ ნაბიჯს - რუსეთთან დაპირისპირებას ისიც კი ურჩევნია (ამის სიმპტომები უკვე არსებობს), რომ ირანთან გაიუმჯობესოს ურთიერთობა და ამ ქვეყანაზე გაატაროს ნავთობსადენი (უმოკლესი გზით). ბილ რიჩარდსონმა ყოველივე ეს ნამდვილად აგრძნობინა ედუარდ შევარდნაძეს და კვლავ გაიმეორა ამერიკელთა მუდმივი (1992 წლიდან) მოწოდება: «კეთილი ინებეთ და გამონახეთ საერთო ენა რუსებთან». არანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ჭრის: «გამონახეთ საერთო ენა!» მორჩა და გათავდა.
    რიჩარდსონის თქმითვე, საქართველო ვერ გაიტანს გაეროს უშიშროების საბჭოში წინადადებას აფხაზეთში გაეროს ეგიდით «მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის» განხორციელების თაობაზე. რუსეთი ამ წინადადებას უეჭველად ვეტოს დაადებს. უფრო სწორად, ვეტომდე საქმე არც მივა - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები უბრალოდ წინასწარი კონსულტაციების დროს მოილაპარაკებენ, რომ «ამ საკითხის სხდომაზე გატანა არ ღირს».
    რუსეთის ამბიცია გასულ კვირას ბორის ელცინმა დაადასტურა: უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. მან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიაში შეღწევის მცდელობისათვის: ამის შემდეგ რა «თანამშრომლობაზე» შეიძლება იყოს ლაპარაკი კავკასიაში ამერიკასა და რუსეთს შორის? ალბათ უნდა შევურიგდეთ აზრს: პოლიტიკური რეალიები ძალიან ნელა იცვლება. მით უმეტეს, გეოპოლიტიკურ რეალიათა შეცვლას მთელი ისტორიული ეპოქა სჭირდება.

მიტინგი თბილისში: «დესტაბილიზაციის მცდელობა», თუ სასოწარკვეთილთა უმწეო პროტესტი»

    სასტუმრო «ივერიის» მიმდებარე მოედანზე ჩატარებულმა მცირერიცხოვანმა საპროტესტო მიტინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: გაუბედურებულ-განადგურებულ ლტოლვილებს პროტესტის ილაჯი და სურვილიც აღარ აქვთ. გადაიწურა ყოველგვარი იმედი, არ შესრულდა უამრავი დაპირება, მაგრამ ქუჩებში მაინც არავინ გამოდის.
    რაც მთავარია, ლტოლვილები გრძნობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (ვისაც სახლ-კარი არ დაუკარგავს) მართლაც არ სურს ომი. უფრო ზუსტად: აფხაზეთის დაბრუნება ყველას უნდა (არ მეგულება ქართველი, ვისაც ეს არ უნდოდეს), მაგრამ ამ მიზნით რისკზე წასვლას, თავის გადადებას, ძლივს მიღწეული სტაბილურობის სასწორზე შეგდებას ვერავინ ბედავს. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საზოგადოებას. აბსოლუტურად მართალია თამაზ ნადარეიშვილი, როდესაც აცხადებს: «უომრად აფხაზეთის პრობლემა ვერ მოგვარდება». მაგრამ არც მას და არც ლტოლვილთა სხვა ლიდერებს (უპირველესად ბორის კაკუბავას) არ სურთ შეურიგდნენ აზრს, რომ საქართველოში ომი დამთავრდა 1993 წელს. ახალი ომისათვის კი, უპირველესად, ფსიქოლოგიური წინამძღვრები უნდა არსებობდეს. აფხაზებს ამგვარი პრობლემა არა აქვთ. ამდენად, საზოგადოება, რომელიც ფსიქოლოგიურად მზად არის, საკუთარი უფლებების დასაცავად იომოს და სისხლი დაღვაროს, ყოველთვის დაამარცხებს საზოგადოებას, რომელსაც იმავე უფლებებისათვის არც ომი სურს და არც სისხლისღვრა. ესეც კიდევ ერთი მწარე რეალობაა.
    ლტოლვილები იმასაც ნათლად უნდა აცნობიერებდნენ, რომ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა (ისინი სათვალავში ჩასაგდები არც არიან), მათ აქტიურობას საქართველოში არც ერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ფიგურა მხარს არ დაუჭერს. თვით ყველაზე რადიკალური «ქუჩის ოპოზიციონერებიც» კი (აღარაფერს ვამბობ საპარლამენტო ოპოზიციაზე) წინააღმდეგი იქნებიან რევოლუციური მოძრაობის აგორებისა საქართველოში. რევოლუციების ეპოქა დამთავრდა და ისტორიის წყვდიადში თან ჩაიტანა ქართული აფხაზეთიც.

დილის გაზეთი, 25 აგვისტო, 1997 წ.