ქართველმა პარტიზანებმა აფხაზებს არჩევნები ჩაუშხამეს

ქართველმა პარტიზანებმა აფხაზებს არჩევნები ჩაუშხამეს

 

    შაბათს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, აფხაზეთში ჩატარდა სეპარატისტული არჩევნები, რომლითაც არძინბას ხროვამ საბოლოოდ შექმნა იურიდიული წინაპირობა აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის.
    ფაქტობრივად, აფხაზეთი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ თითქმის ყველა პირობა-პრინციპს აკმაყოფილებს: აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას; თავისი ძალებით იცავს საზღვრებს, რომლებიც მკვეთრად არის დაფიქსირებული და გააჩნია ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები. ერთადერთი, უკანასკნელი ნაბიჯია აფხაზეთის ცნობა სხვა სახელმწიფოების მიერ. საბჭოთა კავშირის არსებობასაც არ ცნობდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ეცნოთ, ვინაიდან ეს სახელმწიფო ფაქტობრივად არსებობდა და მისი იურიდიული იგნორირება კომიკურ იერსახეს იძენდა.
    ერთადართი საშუალება, საქართველომ ხელი შეუშალოს ანალოგიური პროცესის განვითარებას აფხაზეთში და ამ სახელმწიფოს (დიახ, ფაქტობრივად უკვე სახელმწიფოს) იურიდიულ აღიარებას, არის აფხაზეთის ტერიტორიაზე პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირება პარტიზანული რაზმების მეშვეობით. ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის თვით «დე-ფაქტო» არსებობა განუწყვეტლივ იდგება ეჭვქვეშ. გაუთავებელი აპელირება იურიდიულ არგუმენტებზე, აფხაზური «დამოუკიდებლობის» იურიდიულ უკანონობაზე არ მოიტანს არანაირ შედეგს, პარტიზანთა მოქმედებით კი მართლაც დადგება ეჭვქვეშ ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც უფრო მნიშვნელოვანი და ქმედითია, ვიდრე «გაეროში», «ევროთათბირსა» თუ სხვა «საერთაშორისო ორგანიზაციაში» გაგზავნილი ტონობით ქაღალდი.
    როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება თანდათან აცნობიერებს ამ გარემოებას და ხელს უწყობს პარტიზანთა მოქმედებას გალის რაიონში, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის ყველაზე «სუსტი წერტილია». 23 ნოემბერს, «არჩევნების» დღეს, გალსა და მიმდებარე სოფლებში ქართველი პარტიზანების მიერ განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დივერსიული აქტი, - აფეთქებულია ადმინისტრაციის შენობა, ლიკვიდირებულია რამდენიმე აფხაზი «პოლიციელი», რომელიც ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას. შედეგად კი, აფხაზებმა ვერ შეძლეს, ნორმალურად ჩაეტარებინათ «არჩევნები» გალის რაიონში და დაეფიქსირებინათ ამ რეგიონის მოსახლეობის ლოიალობა აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ. თუმცა, არჩევნები ჩატარდა აფხაზეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე, სადაც ჯერჯერობით ვერ ვრცელდება ქართველ პარტიზანთა მოქმედება.
    რუსეთის ტელევიზიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა; უკვე არჩეულია 30 დეპუტატი - 35-დან; 5 დეპუტატის გამოსავლენად დამატებითი კენჭისყრა იქნება საჭირო. რასაკვირველია, დეპუტატთა პარტიულ კუთვნილებას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს; თუმცა აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს ძირითადად «მემარცხენე ძალებმა», «კომუნისტებმა» და «სახალხო პარტიის» წევრებმა. ოღონდ, «საქართველოსთან დამოკიდებულების» თვალსაზრისით აფხაზური პარლამენტის პარტიულ შემადგენლობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
    ამავე დროს, საქართველოშიც, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ჩატარდა პლებისციტი ლტოლვილთა შორის, რის შედეგადაც დაფიქსირდა, რომ აფხაზეთიდან გამოდევნილია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი - პლებისციტში მონაწილეობა მიიღო 221 ათასმა ლტოლვილმა. მაშასადამე, ლტოლვილთა საერთო რაოდენობა მართლაც აღწევს 300 ათას ადამიანს; ეს თავისთავად მნიშვნელოვანი იურიდიული არგუმენტია (ომამდელი აფხაზეთის მოსახლეობა 530 ათასს შეადგენდა), მაგრამ მხოლოდ ეს არგუმენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერმანენტული დაძაბულობის შექმნის, პარტიზანული რაზმების მოქმედების გარეშე ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.

«მერიდიანი», 26 ნოემბერი, 1996 წელი.