ქართლოს ღარიბაშვილი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადვოკატია

ქართლოს ღარიბაშვილი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადვოკატია

  

    თუ არსებობს «გინესის რეკორდთა წიგნში» სპეციალური თავი იურისტთა წარმატების შესახებ, ქართველი ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი უეჭველად მოიპოვებდა პირველ ადგილს - გათავისუფლებული და მართლმსაჯულების კლანჭებიდან დახსნილი ბრალდებულების ოდენობით. იგი, როგორც იტყვიან, პანტა-პუნტით ათავისუფლებს ყველას, ვინც კი მოესურვება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საკმარისია მოინდომოს და ნებისმიერ პიროვნებას გამოაშვებინებს ციხიდან.
    ერთი სიტყვით, «ყველაზე წარმატებულ ქართველ ადვოკატს» პროკურატურა დაბრიყვებული ჰყავს. ეს უკანასკნელი კი «ძველ» ხერხებსა და მეთოდებს ვერ იყენებს ღარიბაშვილის წინააღმდეგ. დღეს სხვა დროა. ახლო წარსულში ადვოკატ შალვა რჩეულიშვილს (მისი მტკიცებით) «გარკვეულმა ძალებმა» იარაღი შეუგდეს სახლში, რათა უამრავი მსჯავრდებულისა თუ ეჭვმიტანილის ციხიდან გამოშვებისათვის სამაგიერო გადაეხადათ. ქართლოს ღარიბაშვილს ამდენს ვერ გაუბედავენ - იგი არა მხოლოდ ცნობილი ადვოკატი, არამედ ცნობილი პოლიტიკური ფიგურაცაა: ახლა უფრო მეტად საცნაური ხდება, რისთვის სჭირდებოდა ღარიბაშვილს «საპრეზიდენტო კამპანია» - რა თქმა უნდა, პოპულარობის გასაზრდელად და ავტორიტეტის მოსაპოვებლად იდეალური იქნებოდა, დეპუტატიც რომ გამხდარიყო, მაგრამ საარჩევნო კანონი ერთდროულად ორ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ იძლეოდა.
    ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი წარმატებათაგან უმნიშვნელოვანესია «მხედრიონის» ერთ-ერთი ლიდერის, თემურ მასხულიას თავდებით გათავისუფლება. რაღაც უცნაური დამთხვევაა, რომ ღარიბაშვილი განსაკუთრებული წარმატებით იცავს სწორედ იმ ხალხს, რომელთაც «პოლიტპატიმრის» იმიჯი აქვს. თავდაპირველად ასეთი «იმიჯი» ჯაბა იოსელიანს ჰქონდა, ახლა თემურ მასხულიას, რომელიც, რასაკვირველია, კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ კავშირს რუსეთთან სამხედრო დაზვერვასთან და ვინმე მარუსინთან.
    უკანასკნელი კავკასიაში რუსული დაზვერვის შეფი იყო და ქართული სპეცსამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, აქტიურად მონაწილეობდა 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის მომზადებაში. ეს, რასაკვირველია, ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ თემურ მასხულიას ან ნებისმიერ სხვა «მხედრიონელს» რუსულ დაზვერვასთან იმაზე მეტი კავშირი ჰქონდა, ვიდრე ზვიად გამსახურდიას დამხობის ნებისმიერ სხვა მონაწილეს. აქ მდგომარეობის სპეციფიურობას განაპირობებს მასხულიას პოლიტიკური ანგაჟირება, მისი იდუმალებით მოსილი კავშირები ახლო წარსულის ბევრ ცნობილ პიროვნებასთან, უდავო გავლენა «მხედრიონში» და წარმატება ბიზნესში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აგრეთვე ქართლოს ღარიბაშვილის განსაკუთრებული დაინტერესების გამო, შეიძლება დავასკვნათ, რომ თემურ მასხულია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და უფრო ხმაურიანი პრესკონფერენციების მთავარი გმირიც გახდება.
    პირველი სენსაცია უკვე შედგა: მასხულიას განცხადებით, მას სდევნის არა ედუარდ შევარდნაძე, არამედ ნუგზარ შევარდნაძე, რომელსაც ნავთობის ბიზნესში სრული მონოპოლიის დამყარება სურს. ეს ბრალდება (ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტოკრატიის მენტალურ თავისებურებათა გათვალისწინებით) ძალზე რადიკალური დემარშია, რომლითაც მასხულია-ღარიბაშვილის ტანდემი თამაშში ძალიან დიდ ფსონს ჩადის. იმ დიდს კი დიდი მოგება-წაგება მოსდევს.

მერიდიანი, 31 ოქტომბერი, 1997 წ.