შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: გახოკიძე-ესებუას პარტია გრძელდება

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: გახოკიძე-ესებუას პარტია გრძელდება

  

    ცნობილია, რომ ნებისმიერი დაპირისპირება ყოველთვის პიროვნულ ნებისყოფათა შეტაკებამდე დაიყვანება; ამჟამად სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში (იგი ისედაც მითოლოგიზებულია ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის გამო) საქართველოს უშიშროების მინისტრი, ჯემალ გახოკიძე ზვიადისტ-ტერორისტთა ლიდერი გოჩა ესებუას ეპაექრება.
   

    გოჩა ესებუა ჯერჯერობით მოულოდნელ ეშმაკობას ამჟღავნებს. თუ იგი ყოველდღიურად არ იღებს ინსტრუქციებს ჭკვიანი და გამოცდილი პატრონებისაგან, მაშასადამე, საქართველოს სინამდვილისათვის ერთობ უჩვეულო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
    თუმცა, ესებუას დასაკარგი არაფერი აქვს. სიკვდილით დასჯის გაუქმებამ მას არჩევანის საშუალებაც მოუსპო. შტურმის შემთხვევაში კი შანსი თითქმის ნულის ტოლი იქნება. გაცილებით რთულ მდგომარეობაშია ჯემალ გახოკიძე.
    მართალია ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა: უშიშროების მინისტრს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვუკავშირდებიო, მაგრამ ძალაუფლების მისეული ტექნოლოგიიდან გამომდინარე, საეჭვოა პრეზიდენტმა გახოკიძეს დაწვრილებითი ინსტრუქციები მისცეს.
    საბოლოოდ, გადაწყვეტილება მაინც მინისტრმა უნდა მიიღოს და პასუხისმგებლობაც (შედეგებზე) თავად იკისროს. თავდაპირველად, გახოკიძის ამოცანა იქნებოდა გამოეცნო, რა სურს პრეზიდენტს, მაგრამ ეს არც თუ იოლია.
    ვიმსჯელოთ თუნდაც მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებით: მასში ნათქვამია, რომ მძევლები «დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ». ამავე დროს, გამოთქმულია მზადყოფნა «ზვიადისტთა» პოლიტიკურ ფრთასთან დიალოგის გამართვისა, მაგრამ სამართალდამცავ ორგანოებს მიეცათ მითითება, შეიმუშავონ მძევალთა გათავისუფლების კონკრეტული გეგმა და საჭიროების შემთხვევაში დაადგინონ ვადებიც. ანუ (ფაქტიურად) ულტიმატუმი წაუყენონ გამტაცებლებს.
    არ შეიძლება არ ითქვას, რომ ამგვარი ულტიმატუმი მსოფლიო პრაქტიკას ეწინააღმდეგება. სად გაგონილა ხელისუფლებამ ტერორისტებს მძევალთა გათავისუფლების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენოს? საქმე ის გახლავთ, რომ თუ მთავრობა კონკრეტულ ვადას დაასახელებს, მაშინ იძულებული იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგ შეტევაზე გადავიდეს და განახორციელოს სპეცოპერაცია (წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი დაკნინდება), მაგრამ ამ შემთხვევაში ტერორისტებს დაახლოებითი სიზუსტით მაინც ეცოდინებათ სპეცოპერაციის დაწყების დრო და, რაც მთავარია, აღარ ექნებათ ილუზია ხელისუფლების განზრახვის თაობაზე - ძალით (და არა დათმობებით) გადაწყვიტოს პრობლემა.
    გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები პერუში, რომლის დედაქალაქში მემარცხენე ტერორისტებმა მძევლად ასეულობით დიპლომატი აიყვანეს.
    პერუს პრეზიდენტ ფუხიმორის, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლია ტერორისტებისათვის ულტიმატუმი წაეყენებინა; პირიქით, ბოლო წუთამდე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს დანებდა, მზადაა ყოველნაირ დათმობაზე წავიდეს და ა.შ. სინამდვილეში სამთავრობო ძალებს მიწისქვეშა გვირაბი გაჰყავდათ და სპეცოპერაციისათვის ემზადებოდნენ.
    როგორც კი დრო მოიხელთა (ტერორისტები სპორტულ დარბაზში მოგროვდნენ და ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებოდნენ) ფუხიმორიმ პირადად გასცა ბრძანება, - სპორტდარბაზი აფეთქდა და სპეცდანიშნულების რაზმებიც ერთდროულად შვიდი სხვადასხვა მიმართულებით შეიჭრნენ საელჩოს შენობაში, სადაც «ტროცკისტები» მძევლებთან ერთად იყვნენ გამაგრებულნი. ტერორისტები ამოწყვიტეს და მძევლები გაათავისუფლეს. დაიღუპა მხოლოდ ერთი მათგანი - ისიც გულის შეტევით.
    ეს ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე კლასიკურადაა მიჩნეული, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩანს, კლასიკას არ ვენდობით: ტერორისტებისათვის ულტიმატუმის წაყენება მძევალთა წინასწარ გაწირვას ნიშნავს. არაა გამორიცხული, ესებუამ (მას, ვიმეორებ, დასაკარგი არაფერი აქვს - დახვრეტა სჯობია იმას, რაც ელის), როგორც კი ულტიმატუმს გაეცნობა, უმალვე გასცეს ბრძანება ერთ-ერთი მძევლის (საფიქრებელია ურუგვაელის) დახვრეტის შესახებ, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობის, ჩეხეთისა და შვედეთის მთავრობათა მწვავე რეაქცია გამოიწვიოს.
    ვაცლავ ჰაველი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი უმალვე მიმართავენ ედუარდ შევარდნაძეს და კატეგორიულად მოსთხოვენ, არ დაუშვას ძალის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ჩეხეთისა და შვედეთის მოქალაქეთა სიკვდილის გამო, საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება და არა ტერორისტებს.

მერიდიანი, 25 თებერვალი, 1998 წ.