ციებ-ცხელება ბიუჯეტის გარშემო

ციებ-ცხელება ბიუჯეტის გარშემო

        მიუხედავად ცხარე დებატებისა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს წარმოდგენილი დოკუმენტის მხარდაჭერას, მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაამტკიცოს ბიუჯეტი 15 დეკემბრამდე ან, ყოველ შემთხვევაში, საახალწლო არდადეგების გამოცხადებამდე.
        უახლოეს ხანში ვაშინგტონში უნდა შეიკრიბოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის განახლების შესახებ. საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს, ვინაიდან საქართველომ შეძლო ძირითადი მოთხოვნების შესრულება: შენარჩუნებულია ინფლაციის დაბალი დონე, ივსება სავალუტო რეზერვი, სრულდება საგადასახადო შემოსავლების პარამეტრები, მაგრამ ყველაზე მთავარი პირობა მაინც 2001 წლის ბიუჯეტის მიღებაა.
        თუ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს «მაგიდაზე» არ ექნება» ქართული ბიუჯეტი, იგი არათუ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არამედ არც კი განიხილავს ამ საკითხს: სსფ-ის დირექტორთა საბჭო წელიწადში (როგორც წესი) ორჯერ იკრიბება და ათეულობით საკითხი აქვს განსახილველი.
        25 დეკემბრიდან ამერიკაში და მთელ დასავლეთ სამყაროში იწყება საშობაო არდადეგები. მაშასადამე, მინიმუმ 6 თვით უნდა გამოვემშვიდობოთ ფინანსური დახმარების მიღების პერსპექტივას.
        თავი რომც დავანებოთ ფონდის მორიგ სარეაბილიტაციო კრედიტს და მის მხარდაჭერის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხში, საქართველო ვეღარ მიიღებს მსოფლიო ბანკის 60-მილიონიან ტრანშს, აგრეთვე ევროკავშირისა და ნიდერლანდების შეღავათიან კრედიტებს.
        თავისთავად, ეს უკვე ბიუჯეტის კრახი იქნება – თუ პარლამენტი დეკემბერში არ მიიღებს ბიუჯეტს, მაშინ იანვარსა და თებერვალში შეუძლია იგი არც განიხილოს ან, ყოველ შემთხვევაში, განიხილოს ახალი ბიუჯეტი, ვინაიდან ამჟამინდელ პროექტში ნაგულისხმებია სწორედ ის ტრანშები და კრედიტები (აგრეთვე გრანტები ანუ ფინანსური საჩუქრები), რომელსაც საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ პირობით, თუ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე წარადგენს უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს.
        ამრიგად, «წრე შეიკრა» და გამოსავალი არ არსებობს – ამჟამინდელი პროექტის პარლამენტში დამტკიცება ძალიან რთული იქნება. მმართველი პარტიის ერთი, არცთუ მცირერიხოვანი ნაწილიც მხოლოდ გარკვეული პირობებით აპირებს ბიუჯეტის მხარდაჭერას.
        ეს, პირველ რიგში, ეხება «მაჟორიტარებს». ამ პირობების დაკმაყოფილება კი (ვაშინგტონთან შეთანხმებული პრირობების დაურღვევლად) ძალიან ძნელი იქნება. აქედან უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა: თუ პარლამენტმა დეკემბერში არ დაამტკიცა ბიუჯეტი, მაშინ იანვარ-თებერვალში მას უკვე თვისებრივად ახალი დოკუმენტი უნდა განიხილოს, რომელიც არათუ «სავალუტო ფონდის» რეკომენდაციებს არ დაეფუძნება, არამედ სრულიად ახალი შინაარსისა და ფილოსოფიის გამომხატველი იქნება.
        მაშასადამე, 2001 წლის ბიუჯეტი არის ამჟამინდელი ეკონომიკური და მთლიანად, სახელმწიფოებრივი კურსის საჯილდაო ქვა. ასეთი კრიტიკული ვითარება ამ თვალსაზრისით ჯერ არ ყოფილა. ბიუჯეტის განხილვა უახლოეს დღეებში საპარლამენტო ძალთა ახალ განლაგებასაც გამოავლენს.
        საკვანძო საკითხია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია მობილიზებას. გააჩნია, რამდენად აძლევს მას ხელს სერიოზული რყევა და დესტაბილიზაცია სახელისუფლებო სისტემაში.
        საერთოდ, ბიუჯეტი ყოველთვის აღიქმებოდა ძალიან სერიოზულ ბერკეტად ხელისუფლების წინააღმდეგ ან სახელისუფლებო სისტემაში სერიოზული ცვლილოებების განსახორციელებლად. ჯერ კიდევ 1993 წლიდან, როდესაც იმდროინდელმა პარლამენტმა სწორედ ბიუჯეტი გამოიყენა სიგუას მთავრობის დასამხობად.
        მას შემდეგ, ამ თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, მოქმედებს წინა წლის ბიუჯეტის პარამეტრები. ამგვარი ალბათობა კი ძალზე მცირეა.
        კიდევ ერთი «საბიუჯეტო პერიპეტია», რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, «სავიზო რეჟიმს» უკავშირდება. 2001 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გათვლილია ძველი რეალობის შემსაბამისად, როდესაც რუსეთთან არანაირი «სავიზო რეჟიმი» არ არსებობდა, ხოლო მოსკოვში, აგრეთვე რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ათასობით ქართველს არავინ ერჩოდა და არავინ მოითხოვდა მათგან რუსეთის დატოვებას 1 მარტამდე.
        ფინანსური ნაკადიც თავისუფლად შემოედინებოდა ქვეყანაში, მაგრამ რა მოხდება ფინანსური თვალსაზრისით 2001, ანუ «პირველ სავიზო» წელს?
        ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, როგორ აისახება სავიზო რეჟიმი საქართველოს ბიუჯეტის შესრულებაზე. ერთი მხრივ, რუსეთიდან უეჭველად შემცირდება ფინანსური ნაკადი, მაგრამ, მეორე მხრივ, კონტრაბანდული საქონლის შემოტანაც გართულდება.
        თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასე თუ ისე, 2001 წლის ბიუჯეტზე სავიზო რეჟიმი მაინც აისახება და არ არის გამორიცხული, მომავალ წელს კიდევ ერთხელ გახდეს აუცილებელი ბიუჯეტის სეკვესტრის განხორციელება – უმალვე გამოჩნდება სინამდვილეში რამდენად არის დამოკიდებული საქართველო რუსეთის ბაზარზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკა – რუსეთის ეოკნომიკაზე.
        თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს სამხრეთ კავკასიაში «პროამერიკული საქართველოს» შენარჩუნება, სწორედ ახლა მართებს «შეღავათები» - იმ პირობათა გათვალისწინებით, რაც იქმნება რუსეთის მხრიდან გამოცხადებული ბლოკადის პირობებში.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მოწოდების განახლებაც მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
        ამერიკამ, საქართველოს დასახმარებლად, სავალუტო ფონდის მეტი «მოქნილობაც» უნდა უზრუნველყოს და არც ისეთ ზომებს უნდა მოერიდოს, როგორიცაა, მაგალითად, 100 ათასი «სამუშაო ვიზის» გამოყოფა 3-4 წლით საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ქვეყანაში ვალუტის შემოდინება არ შემცირდეს.

მერიდიანი, 6 დეკემბერი, 2000 წელი