ჭკუასელი ახალი ეკონომიკური დოქტრინით ვაშინგტონს მიემგზავრება

 ჭკუასელი ახალი ეკონომიკური დოქტრინით ვაშინგტონს მიემგზავრება

    რუსეთში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელსაც ამ სახელმწიფოს საბოლოო დამხობა და განადგურება შეიძლება მოჰყვეს, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად შეაშფოთა.
    სრულებითაც არ არის გამორიცხული, ჩვენშიც იგივე პროცესები განვითარდეს, თუ კვლავ გაგრძელდება მოკლევადიანი სახელმწიფო ვალდებულებათაგან «პირამიდების» შენება.
    სწორედ ამ პირამიდამ გასრისა რუბლი და ქვეშ მოიყოლა ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს უპირატესობა ისაა, რომ მან ორი წლით გვიან დაიწყო მოკლევადიანი სახელმწიფო ვალდებულებების გაცემა, თუმცა პირამიდის მწვერვალი მაინც არაა შორს.
    ანალოგიური პრობლემები გვაქვს ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით.
    საქართველოშიც (ისევე, როგორც რუსეთში) თავი იჩინა საგადამხდელო კრიზისმა, დაბალმა საგადასახადო კულტურამ, ამიტომ ბიუჯეტის შევსება სანახევროდაც კი ვერ ხერხდება.
    ბუნებრივია, ასეთ პირობებში შეუძლებელია ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების დროული გაცემა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ხელფასზე, ან მხოლოდ პენსიაზე თითქმის არავინ ცხოვრობს. ამიტომ საეჭვოა, ხელფასებისა და პენსიების გაუცემლობამ სოციალური აფეთქება გამოიწვიოს.
    გარდა ამისა, მოსახლეობა მჭიდროდაა (ტრადიციულად) დაკავშირებული სოფელთან. ამდენად, იგი «შიმშილით არ კვდება». საქართველოში განუვითარებელია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მოსახლეობა იოტისოდენად აღარ ენდობა ბანკებს (მაშასადამე, არ ემუქრება ანაბრებისა დაკარგვა) - ესეც შეიძლება ჩაითვალოს ფაქტორებად, რომლებიც ამსუბუქებენ დარტყმას საქართველოს ეკონომიკაზე.
    მიუხედავად ამისა, მოვლენები ისეთი მიმართულებით ვითარდება, ფინანსური აფეთქება არც ჩვენშია გამორიცხული. ხელისუფლება საშიშროებას გრძნობს. იგი მკაფიოდ აცნობიერებს, რომ საქართველოში ხელისუფლების ტრადიციული სისუსტის გათვალისწინებით, ანალოგიური «აფეთქება» გაცილებით მძიმე შედეგებით დასრულდება. ამიტომ, შევარდნაძე ცდილობს, «დაასწროს» პროცესებს და პრევენციული ზომები მიიღოს.
    საკვანძო პრობლემაა ბიუჯეტის შევსება (აქედან გამომდინარე, ხელფასებისა და პენსიების დარიგება საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლებისათვის). სწორედ ეს პრობლემა იქცა რუსეთში კრიზისის კატალიზატორად. საქართველოში ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, კატასტროფული ვითარებაა. ბიუჯეტის 8 თვის გეგმა (საკუთარი შემოსავლებით) მხოლოდ 30-40 პროცენტითაა შესრულებული. შ
    შემოდგომაზე მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, უფრო ფეთქებადსაშიში გახდეს, - თუ ხელისუფლება ვერ მოახერხებს გაარღვიოს მოჯადოებულიო წრე და გაზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები.
    ეს საუკეთესო მეთოდი იქნებოდა ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების ახალი რაუნდი გამართოს ეკონომიკური კურსის კორექტირების თაობაზე.
    საგანგებო მისიით ვაშინგტონს მივლინებულია ფინანსთა მინისტრი მიხეილ ჭკუასელი, რომელმაც უნდა აწარმოოს დისკუსია მიშელ კამდესიუსთან. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო პიროვნებაა: შესანიშნავი ფინანსისტი, მონეტარისტული დოქტრინის ფანატიკოსი, იმავდროულად დახვეწილი, რაფინირებული და უზადოდ ცინიკური ფრანგი. მოსკოვში განვითარებული პროცესების გამო იგი, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან.
    ელცინის გადაწყვეტილებები დევალვაციისა და ვალების გადახდაზე უარის შესახებ (ასე თავხედურად ვალებზე უარის თქმა მხოლოდ რუსეთს თუ ძალუძს) მიშელ კამდესიუს უეჭველად განარისხებდა, მაგრამ ვაშინგტონი, ბონი, ლონდონი და პარიზი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი დონორები) აიძულებენ მას, უფრო ლმობიერი იყოს ატომური ბომბებითა და რაკეტებით შეიარაღებული ქვეყნის მიმართ.
    საქართველოს კი ატომური ბომბები არ გააჩნია, ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ ჭკუასელის «ახალი დოქტრინა» მონეტარიზმის რომელიმე პრინციპზე უარის თქმას ითვალისწინებს, მას საკმაოდ უკმეხად ეტყვიან უარს და ცივად გამოისტუმრებენ.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდს ლიბერალური რეფორმებისა და ამა თუ იმ ეტაპზე წარმოშობილი ყველა პრობლემის დასაძლევად ერთადერთი (მართლაც ყველაზე სარგებლიანი და ეფექტური) რეცეპტი აქვს: გაზარდეთ საბიუჯეტო შემოსავლები! თანაც შემოსავლების ზრდაში მაინცდამიანც გადასახადების ზრდას როდი გულისხმობენ, არამედ საგადასახადო სისტემის სრულყოფას, საგადამხდელო ბაზის გაფართოებას, საფინანსო ინსპექციის სისტემაში ველური კორუფციის აღმოფხვრას და ა.შ.
    გადასახადები შეიძლება დაბალიც იყოს, მაგრამ მთლიანობაში ბიუჯეტი მაინც ივსებოდეს. სწორედ ეს იქნება ერთადერთი საგანი მოლაპარაკებისა «ორ მიხეილს» შორის.
    «მეორე მიშა» სხვა რაიმე წინადადებას არ განიხილავს და სეხნიას არც დაელაპარაკება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭკუასელს ილუზიები არა აქვს, ამიტომ იგი აპირებს, თხოვნით მიმართოს სავალუტო ფონდს, მოავლინოს საქართველოში სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ან გამოცდილი ფინანსური ექსპერტები, რათა მათ თვალი ადევნონ გადასახადების აკრეფის პროცესს, გამოავლინონ დამალული შემოსავლები.
    აი, მაშინ კი წაუვათ ცუდად საქმე ჩვენს «მარიფათიან ბიზნესმენებს», ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს (ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით) ნამდვილად ვერ მოქრთამავენ.
    მიხეილ ჭკუასელის «ახალი დოქტრინა» ითვალისწინებს ფინანსურ ამნისტიას და გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებასაც. ამ წინადადებებზეც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დასტურს, თუ მას კამდესიუ მიზანშეწონილად, ანუ რაციონალურად ჩათვლის.
    შემდგომ კი გაიმართება «დიდი თამაში» პარლამენტში. მმართველი უმრავლესობა ჭკუასელის პროგრამას მხარს დაუჭერს, ვინაიდან ფინანსთა მინისტრი ამ გუნდის წევრია. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტმა სწორედ ჭკუასელი მიავლინა ვაშინგტონში და არა ლიბერალურ რეფორმათა «მამად» წოდებული თემურ ბასილია, ვინაიდან მასთან «მოქალაქეებს» რთული, შეიძლება ითქვას დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
    ნებისმიერ შემთხვევაში «კვანძის გახსნა» შემოდგომაზე მოხდება, რადგან დრო აღარ ითმენს: 1998 წლის ბიუჯეტი უკვე მეორე კანონია ბიუჯეტის შესახებ, რომელიც არ სრულდება.

მერიდიანი, 2 სექტემბერი, 1998 წ.