ჯაბა იოსელიანის სასამართლო შემოდგომაზე დაიწყება

ჯაბა იოსელიანის სასამართლო შემოდგომაზე დაიწყება

 

    უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა ცნობით, «მხედრიონის» ლიდერთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა. ბრალდებულებმა თითქმის დაასრულეს საქმის გაცნობა. ამდენად, იგი უახლოეს მომავალში გადაეცემა უზენაეს სასამართლოს, სადაც (დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბრისათვის) დაგეგმილია დაიწყოს ჯაბა იოსელიანის, გიგა გელაშვილის, თემურ ხაჩიშვილისა და სხვათა საქმეების მოსმენა.
    პროცესი ნამდვილად სენსაციური იქნება. «მხედრიონის» ელიტამ სწორი ტაქტიკა აირჩია - საქმის გაცნობა მაქსიმალურად გააჭიანურა იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაწყნარდა, «მხედრიონის» ადრინდელი «იმიჯიც» ოდნავ შერბილდა და რაც მთავარია, შეიქმნა საინფორმაციო ფონი, რომელზეც ჯაბა იოსელიანის თითოეული სიტყვა (პროცესზე) «მეხივით» გავარდება და მნიშვნელოვან ზეგავლენასაც მოახდენს პროცესების განვითარებაზე.
    სხვათა შორის, ანალოგიური ტაქტიკით მოქმედებდა ჯაბა იოსელიანი 1991 წელს, როდესაც იგი ზვიად გამსახურდიას ბრძანებით დააპატიმრეს. მაშინაც «წელავდა» საქმის გაცნობას, რათა ხელსაყრელ ვითარებას დალოდებოდა. ლოდინი დიდხანს არც დასჭირვებია, ვინაიდან ხელისუფლებაში განხეთქილება მოხდა და სიგუა-კიტოვანის ტანდემმა (რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებაში) ხელისუფლება დაამხო - ამის შემდეგ «ბებერი მოჯაჰედინი» ციხიდან გამოუშვეს.
    საეჭვოა, ამგვარი რამ კიდევ ერთხელ განმეორდეს, ვინაიდან შევარდნაძეს ასე ადვილად ვერავინ დაამხობს. მაგრამ ჯაბა იოსელიანს ისღა დარჩენია, ყოველი შანსი გამოიყენოს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად. ალბათ ამჟამად იგი უკვე იმაზე ფიქრობს, რა ტაქტიკა აირჩიოს სასამართლო პროცესზე. არჩევანი კი არც ისე მცირე და მწირია: ჯაბა იოსელიანს შეუძლია უარყოს ყოველგვარი კავშირი ტერორისტულ აქტებთან და განაცხადოს, რომ პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდა; შეუძლია, აქცენტი გააკეთოს პრეზიდენტთან ადრინდელ დამოკიდებულებაზე და ამტკიცოს, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებდა 1992-1994 წლებში, აკეთებდა ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით. თუმცა, საეჭვოა, ამ ტაქტიკამ ბოლომდე გაამართლოს. პრეზიდენტი არც უარყოფს, რომ მართლაც თავად აგზავნიდა დასავლეთში «მხედრიონის რაზმებს», მაგრამ ამ უკანასკნელთათვის მოსახლეობის ძარცვა არ უბრძანებია. ზოგადად კი ამგვარი საქმეების გარჩევა სასამართლოზე ყოველთვის სერიოზულ პრობლემებთან არის ხოლმე დაკავშირებული, ვინაიდან «მხედრიონელებს» თავიანთ თავკაცთან მხოლოდ არაფორმალური კავშირი ჰქონდათ. ბოლო წლებში ჯაბა იოსელიანი უკვე აღარსად ფიგურირებდა, როგორც «მხედრიონის» ან «მაშველთა კორპუსის» ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას კვლავ თავად ხელმძღვანელობდა, არანაირი დოკუმენტი არ ფორმდებოდა და, საერთოდ, ერთადერთი ხერხი რეალურ მტკიცებულებათა მოპოვებისა ამგვარ საქმეებში არის ორგანიზაციის (მხედრიონის) შიგნით ინტერესთა დაპირისპირების პროვოცირება. ამგვარი მცდელობა კი ნამდვილად შესამჩნევია. უკვე «გაჟონა» ინფორმაციამ, რომლის თანახმად, ზოგიერთი «მხედრიონელი» ჯაბას «ადებს ხელს» და ა.შ. თუმცა ეს ყოველივე ჯერ კიდევ გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული. იურიდიული თვალსაზრისით, ფორმალური მტკიცებულებანი «მხედრიონის» თავკაცის წინააღმდეგ შეიძლება შეგროვდეს მხოლოდ «განუცხადებლობის» მუხლით. მაგრამ ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ხელისუფლებას დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ჯაბა იოსელიანის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლების საკითხიც კი დადგეს, რაც «მხედრიონის» მეორედ დაბადებას ნიშნავს.

მერიდიანი 24 ივნისი, 1997 წ.