გალის ტრაგედია
გაცოფებული ქოფაკი
გალის რაიონში შექმნილი ვითარება კვლავ უმძიმეს გამოცდად იქცა ქართული საზოგადოებისათვის. ძნელია, ემოციებს არ აჰყვე, თავი შეიკავო და არ დაკარგო რაციონალური განსჯის უნარი - მართლაც, ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი, მათ შორის მშვიდობიანი, უბედური ქართული მოსახლეობის ტანჯვა-წამებასაც?! და ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც გალში დისლოცირებულია სამი ათასამდე რუსი ჯარისკაცი - რუსეთის არმიის ელიტარული, სადესანტო ნაწილებიდან. მათ, რასაკვირველია, სულ ადვილად შეუძლიათ გადაკეტონ თუნდაც გალის რაიონის საზღვრები და მდინარე ღალიძგის მარცხენა ნაპირზე არ შემოუშვან სისხლმოწყურებულ აფხაზ ავაზაკთა ხროვები, რომლებიც ქართულ მოსახლეობას ხოცავენ. იმ ქვეყნის «სამშვიდობო ძალები» კი, რომელმაც მოსკოვში სეპარატისტთა წარმომადგენლობა გააუქმა საქართველოს მოთხოვნით და, ასევე საქართველოს მოთხოვნით, აფხაზეთს ვითომდაც ბლოკადა გამოუცხადა - არაფერს აკეთებენ გენოციდის ახალი ტალღის შესაჩერებლად.
თითქოს პარადოქსია, მაგრამ. . . არძინბა, უბრალოდ, გაცოფებული ქოფაკია მოსკოვის ხელში. ეს უკანასკნელი მყარად ფლობს საბელს და, საკუთარი საჭიროებისამებრ, ხან «მიუშვებს» მას, ხან «დაამოკლებს» - იმისდა მიხედვით, ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში როგორ მიმდინარეობს მისი «მოლაპარაკება» საქართველოსთან «სტრატეგიულ კომპრომისთა» თაობაზე.
სომხეთის პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა უკვე მოაწერა ხელი მოსკოვში ხელშეკრულებას რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე. ახლა «ჯერი» საქართველოზეა. კრემლის პოლიტიკა კვლავ უნაცვლებს ერთმანეთს «მათრახსა» და «ტკბილეულს» - ამიტომაცაა, რომ მოსკოვში არძინბას წარმომადგენლობის გაუქმების პარალელურად მიმდინარეობს ეთნოწმენდის, ძარცვა-გლეჯის, მკვლელობის, არაადამიანური წამების ახალი ტალღის აგორება გალში.
…ჩეჩნეთში სისხლისმღვრელი ომის დაწყებამ ბევრს აფიქრებინა, რომ მოსკოვი ახლა მაინც შეცვლიდა «ორმაგი სტანდარტის» პოლიტიკას და უფრო «პატიოსნად» მოექცეოდა СНГ-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - კაცმა რომ თქვას, არც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინაიდან «ორმაგი სტანდარტი» პოლიტიკაში ძალის იმპერატიულობიდან გამომდინარეობს. ზნეობასა და სხვა «ჰუმანიტარულ» კატეგორიებს კი მხოლოდ რეალობის ცნობადაკარგული იდეალისტები ანიჭებენ საგანგებო მნიშვნელობას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ზესახელმწიფოს სტრატეგიულ, გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეხება.
ჩეჩნეთის კრიზისმა მხოლოდ კომუფლიაჟი შეცვალა ელცინის პოლიტიკისა - მისი შინაარსი კი უცვლელი დარჩა. მაგალითად კმარა რუსეთის რეაქცია ყირიმში შექმნილ ვითარებაზე. როგორც ცნობილია, ეს ნახევარკუნძული უკვე სამ წელზე მეტია ავლენს სეპარატისტულ მისწრაფებებს - რუსულ (თუ რუსულენოვან) მმართველ ელიტას ამ ტერიტორიის უკრაინისაგან «მოგლეჯა» და მისი რუსეთთან მიერთება სურს. თავად რუსეთი კი ოსტატურად იყენებს დაპირისპირებას, რათა თვით უკრაინაში გააღვივოს სამოქალაქო ანტაგონიზმი «ზომიერებსა» და «რადიკალებს» - «კუჩმას მომხრეებსა» და «კრავჩუკის» მომხრეებს შორის. ანუ, საქმე როგორმე მიიყვანოს სისხლისღვრამდე, შეურიგებელ, თვისობრივ შეჯახებამდე - რასაც უეჭველად მოჰყვება აფეთქება რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინაში და სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცება.
ჩეჩნეთში ვითარების გამწვავებამ საშუალება მისცა უკრაინის მმართველ ელიტას უფრო რადიკალურად ემოქმედა, - უმაღლესმა საბჭომ გააუქმა ყირიმის კონსტიტუცია და თანამდებობიდან გადააყენა ყირიმის პრეზიდენტი.
ნახევარკუნძულზე გაიგზავნა უკრაინის სპეციალური დანიშნულების პოლიციის რაზმი, - მიღებულ გადაწყვეტილებათა ხორცშესასხმელად. თითქოს, ყოველივე ამას რუსეთი მშვიდად უნდა შეხვედროდა, რაკი უკრაინა ამ შემთხვევაში იმავეს აკეთებს, რასაც თავად რუსეთი-ჩეჩნეთში: იცავს თავისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განუყოფლობის პრინციპს და სურს აღკვეთოს სეპარატიზმი. მაგრამ რუსეთის რეაქცია «ნორმალური» იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, მის პოლიტიკას (და საერთოდ პოლიტიკას - როგორც ასეთს) ზნეობისა და სინდისიერების ნასახი რომ ეცხოს. რეალურად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ «სერიოზული შეშფოთება გამოთქვა» ყირიმში შექმნილი ვითარების გამო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ (სწორედ იმ მინისტრისა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და ყველას არწმუნებს - ჩეჩნეთში ძალის გამოყენების გარდაუვალობაში) განაცხადა, რომ ყირიმთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს «სერიოზული გართულებანი ორმხრივ ურთიერთობებში».
რადიო «თავისუფლების» კორესპონდენტმა, რომელიც სერგეი კრილოვს (კოზირევის მოადგილეს) ინტერვიუს ართმევდა, როგორც ჩანს, ვერ მოითმინა და «პროვოკაციული» შეკითხვა დაუსვა რესპოდენტს: «ხომ არ იქონიებს რაიმე ზეგავლენას ყირიმის კრიზისის გადაჭრაზე რუსეთის რეაქცია - ჩეჩნეთის კონფლიქტზე?». როგორ გგონიათ, დაიბნა კრილოვი და ვერ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი? ან აღიარა, რომ ყოველ სახელმწიფოს, ისევე როგორც თავად რუსეთს, აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა? არავითარ შემთხვევაში! მისი პასუხი შემდეგი იყო: «ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ანალოგია არაკორექტულია: ჩეჩნეთსა და ყირიმს შორის დიდი განსხვავებაა - ჩეჩნეთი, ფაქტობრივად, კრიმინალური ოაზისი იყო, საიდანაც კრიმინალური შხამი მთელს რუსეთში ვრცელდებოდა და წამლავდა მას. ყირიმი კი - სხვა საქმეა - იქ უფრო კანონთა შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე. ანუ ყირიმისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონების შეუთავსებლობასთან».
იგულისხმება: რაკი უკრაინასა და ყირიმს შორის მხოლოდ «კანონთა შეუთავსებლობაა», მაშასადამე «მხარეები ვალდებულნი არიან, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შეათანხმონ ეს კანონები ერთმანეთთან». უფრო ზუსტად, უკრაინაა ვალდებული «შეათანხმოს», დაარწმუნოს ყირიმი. მერე რა, თუ ყირიმი გაჯიუტდება და არ «დარწმუნდება» ანუ განაგრძობს სეპარატისტულ ზრახვათა განხორციელებას - ვალდებული ხარ, გააგრძელო მოლაპარაკება. ხოლო თუ მაინც გადაწყვეტ ძალის გამოყენებას, მაშინ კრილოვის აზრით «შავი ზღვის ფლოტი ვერ დარჩება გულგრილი და ძალაუნებურად (ანუ ბრძანების გარეშე, ისევე როგორც გუდაუთის 345-ე სადესანტო პოლკი-ავტ.) აღმოჩნდება ჩათრეული საბრძოლო მოქმედებებში».
აი, ასე! შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება რუსეთის პოზიცია იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო გადაწყვეტს ძალით გადაჭრას «აფხაზური კვანძი» და რუსეთის ჯარების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას მოითხოვს. ჯერ ერთი, რეალურად ის ჯარი ენგურის მარჯვენა ნაპირიდან არსადაც არ წავა, მაგრამ რუსული პროპაგანდა შესაბამის «პროპაგანდისტულ საფუძველსაც» დაეყრდნობა.
უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბათ გამოთქვამს «გულისტკივილს» იმის გამო, რომ «მოხდა წყვეტა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებების პროცესში» - არადა, მიზანი ხომ სულ ახლოს იყო! აკი განაცხადა არძინბამ «ყველა პრობლემის დიალოგის მეშვეობით გადაჭრის აუცილებლობის» თაობაზე. კვლავ მიუთითებენ «თვალში საცემ სხვაობაზე» (разительное различие) ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებასა და აფხაზეთში არსებულ სიტუაციას შორის: «აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო - აგერ, გალის რაიონში უკვე ასეულობით ლტოლვილი დაბრუნდა, არის სხვა პერსპექტივებიც, მაშინ როდესაც საომარი გზა სრულიად უპერსპექტივოა. ეს მხოლოდ ახალ სისხლისღვრას გამოიწვევს და არ შეუწყობს ხელს პრობლემის გადაწყვეტას - გაცილებით სჯობს მშვიდობიანი მოლაპარაკების გაგრძელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დაიძაბება ვითარება, ისევ გამოეშურებიან აფხაზეთისაკენ ჩრდილოკავკასიელი «ბოევიკები», რომელთაც რუსეთი ვერ აკონტროლებს. . .» და ა.შ.
ზემოთ «ემოციურობაზე» მოგახსენეთ. ემოცია ცუდი მრჩეველია, ხოლო თუ პრობლემას ცივი გონებით გავაანალიზებთ და სასურველს - რეალურად არ მივიჩნევთ, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ჩეჩნეთის კრიზისისა, რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებს პრობლემის გადაწყვეტას საქართველოსათვის ხელსაყრელი შედეგით და საქართველოსათვის ხელსაყრელ პირობებზე.
ესეც შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ აფხაზური პრობლემის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთისათვის ხელსაყრელი შედეგებით და რუსეთისათვის ხელსაყრელ პირობებზე.
სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ვერ ავლენს იმ უმთავრეს თვისებას, რომელიც ქვეყნის გადარჩენისათვის არის აუცილებელი - სახელმწიფოებრივ ნებას. ყოვლად წარმოუდგენელია, დაკვირვებულმა კაცმა (მით უმეტეს დიდმა პოლიტიკოსმა) ვერ შენიშნოს კავშირი გალში მომხდარ მოვლენებსა და «ბაზების საკითხს» შორის. არც ის არის ძნელი შესამჩნევი, რომ თვით ედუარდ შევარდნაძე რუსეთის ბაზების საქართველოში დამკვიდრებას გადაწყვეტილად მიიჩნევს. მაშ, რაღას ელის? როდემდე შეიძლება იტანჯოს აფხაზეთის მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელ ლიდერს უკვე გადაწყვეტილი ნაბიჯის რეალურად გადადგმისა ეშინია? ან თუ სხვა ალტერნატივა არსებობს, ესეც პირდაპირ უნდა ითქვას. ყოველ შემთხვევაში, იმ საშინელების მოთმენა, რაც გალში ხდება, უკვე აღარ შეიძლება!
მანამდე კი, სისხლით დამთვრალი, გაცოფებული ქოფაკი კვლავ «გლეჯს» საბელს და აფხაზეთში შემთხვევით გადარჩენილ ქართველთა საბოლოოდ აღსაგველად მოიწევს.
«ივერია-ექსპრესი», 21 მარტი, 1995 წელი.