ვინ და რატომ დაიჭირა ირაკლი ღარიბაშვილი?
ხელისუფლება და ძალაუფლება
დავწეროთ ღარიბაშვილზე?
კი დავწერ მაგრამ.....მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობა არ მიიღებს და არც დაიჯერებს რასაც დავწერ.
მენტალობასთან და აღქმებთან ომი კი ძნელია. ალბათ შეუძლებელიც.
მაგალითად, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის „დაჭერის“ ინიციატორი და არანაირი „ბრძანება“ მისი „გაფუჭებისა“ არ გაუცია.
„ბიძინამ დააჭერინა....ფული არ მიუტანა......“
ეს არის მტკნარი სისულელე თავიდან ბოლომდე რითაც განსაკუთრებით ის „უთოს“ ე.წ. „ექსპერტი“ ხეირობს (აი უთოს რომ ჩართავ და იქაც ისაა), უკვე 20 წელია დიდებულად რომ მოახერხა ამ სოციუმის მენტალურ ავადმყოფობათა კაპიტალიზაცია გვარიან შემოსავლად.
შევეცდები ავხსნა რა ხდება. თუმცა ძალიან რთული თემაა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიწყოთ იმ გარემოებით, რომ ქართულმა გენიამ ერთმანეთისგან განასხვავა „ხელისუფლება“ და „ძალაუფლება“.
(ინგლისურში Authority და Power)
მიმაჩნია, რომ ეს საკაცობრიო მნიშვნელობის მსოფლმხედველობრივი მიგნებაა!
„ხელისუფლებას“ თან სდევს „ძალაუფლება“.
ოღონდ ეს ორი მაინც განსხვავებული სუბსტანციაა.
„ძალაუფლება“ არის ხელისუფლების უშუალოდ განმახორციელებელი აპარატი, თუ გნებავთ „რეპრესიული აპარატი“, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „მტაცებელი ვეფხვი“, რომელიც ხელისუფლების გვერდით ქშენს და გარემოს აკვირდება.
ეს არის ე.წ. „ძალისმიერი“ ან „სამართალდამცველი“ ბიუროკრატია (Deep state-ის ანუ „გადაწყვეტილების მიმღები “ბიუროკრატიის განუყოფელი და ყველაზე გავლენიანი ნაწილი), რომელიც თვით მისი იმმანენტური, ინსტიტუციური, შინაგანი თვისებრიობითა და ბუნებით მ ო მ ა რ თ უ ლ ი ა იქით, რომ ეძებოს ფ ა ქ ტ ი და როგორც კი (თუკი) ამგვარ ფ ა ქ ტ ს შენიშნავს, სულაც არ არის აუცილებელი, მან წინასწარ ჰკითხოს „ხელისუფალს“, მოახდინოს თუ არა რეაგირება ფ ა ქ ტ ზ ე.
შეუძლია თუ არა ხელისუფალს („ხელისუფლებას“) იგი შეაჩეროს, რეაგირება აუკრძალოს, თუკი ეს რეაგირება არ აწყობს?
რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ......ძალიან დიდი დანაკარგით და რისკით, რაკი „ძალაუფლებას“ (ესე იგი ძალისმიერ ბიუროკრატიას) ზოგადად არ უყვარს, როდესაც „ხელისუფალი“ მას ფ ა ქ ტ ზ ე რეაგირებას უშლის.
თუკი ფ ა ქ ტ ი რეალურია და თვალსაჩინო.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
აი მაგალითი სულ სხვა ეპოქიდან:
„ფოტოგრაფების საქმე“ გახსოვთ?
პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ისარგებლა თავისი მდგომარეობით, ისარგებლა იმით, რომ 2011 წლის 26 მაისს მას (განსხვავებით სხვა ფოტოგრაფებისგან) სპეცდანი მუშაობის, გადაღების საშუელებას აძლევდა, გადაიღო ფოტოები, შემდეგ კი ეს ფოტოები ორი კოლეგის დახმარებით მსოფლიოში გაავრცელა.
„ძალაუფლებამ“ შენიშნა ფ ა ქ ტ ი, რომ ეს რასაკვირველია არ ყოფილა არანაირი „შპიონაჟი“, ოღონდ კანონის სკურპულოზური, თუნდაც ფორმალური მიმდევრობით, ეს იყო „სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით“ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის მხრიდან.
ორი სხვა კოლეგა კი მისი თანამონაწილე გამოდიოდა.
გარწმუნებთ, საქმე რომ მაშინ სასამართლომდე მისულიყო, სს კოდექსის მუხლი სწორედ ეს იქნებოდა და არა „ჯაშუშობა“. დანარჩენი სუფთად PR-ი იყო.
მაგრამ......მიშას არაფრის დიდებით არ აწყობდა ფოტოგრაფების დაჭერა. აბა გაიხსენეთ.
ატყდა სკანდალი. გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, როგორ ეჩხუბება მიშა ამის გამო ადეიშვილს და მერაბიშვილს, “ევროპელები და ამერიკელები ჟურნალისტების დაჭერის გამო მადანაშაულებენო“......საბოლოოდ გამოაშვებინა კიდეც „საპროცესოთი“, ოღონდ......„ძალისმიერი ბიუროკრატია ამით სასტიკად გაანაწყენა (გაიხსენეთ შოთა უტიაშვილის ინვექტივები მოგვიანებით) და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი (არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უდავოდ) იმისა, რაც 2012წელს მოხდა.
იმიტომ, რომ დარღვევა (არა ჯაშუშობა ოღონდ) იყო ფ ა ქ ტ ი და „ხელისუფლებამ“ - „ძალაუფლების“ პრეროგატივა დაარღვია.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
2023 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მან პრიორიტეტად „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ დაასახელა.
„ძალაუფლებამ“ უმალვე დაიწყო ძებნა და შენიშნა ფ ა ქ ტ ი, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ბიზნესი, რასაც მას კანონი უკრძალავდა.
შემდეგ კი პრემიერმა სცადა იმ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის ლ ე გ ა ლ ი ზ ე ბ ა, რასაც ხალხურად „ფულის გათეთრება“ ქვია.
ეს იყო ფ ა ქ ტ ი.
და „ვეფხვმაც“ რეაგირება მოახდინა.
წინასწარ ეტყოდა ხელისუფლებას რომ ფ ა ქ ტ ი აღმოაჩინა და რეაგირებას აპირებდა?
კი, რასაკვირველია ეტყოდა, მაგრამ რაკი ფ ა ქ ტ ი აღმოჩენილი იყო, ძალიანაც რომ „ჰყვარებოდა“ კობახიძეს - ღარიბაშვილი, ამოქმედებული რეპრესიული მანქანის შეჩერებას იგი უკვე ვერ შეძლებდა.
რომც მოენდომებინა მეთქი, თუმცა რატომ უნდა მოენდომებინა?
მეორე ფ ა ქ ტ ი შექმნა ექს-თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქრთამი გადასცა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს.
როგორ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში რეპრესიული აპარატი ანუ „ძალაუფლება?“ კანონით ვალდებულია საქმე აღძრას და ბრალდება წაუყენოს ექს-პრემიერს.!
მერე უკვე, თეორიულად, სასამართლო წყვეტს რამდენად დასაბუთებულია ბრალი და საკმარისია თუ არა დაპატიმრებული მინისტრის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ანუ ისევ და ისევ „ხელის დადება“ საბოლოოდ განაჩენისთვის.
საქართველოში ალბათ საკმარისი იქნება. ქართული ე.წ. „მართლმსაჯულების“ უგვანი „ლოგიკით“: „აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა?“
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალისმიერი, სამართალდამცავი ინსტიტუცია სახელმწიფოში მოქმედებს „თავისთავადად“ როგორც კი ფ ა ქ ტ ს ხედავს.
ასეთია მისი ინსტიტუციური, იმმანენტური ბუნება.
ასეა იგი მ ო მ ა რ თ უ ლ ი როგორც ინსტიტუცია.
როდესაც საშუალო რგოლის „ძალოვანი“ ხედავს ფ ა ქ ტ ს, ის საქმის ყურში აყენებს უშუალო უფროსს მხოლოდ, მაგრამ ამ უშუალო ხელმძღვანელს არ შეუძლია ამოქმედებული რეპრესიული მანქანის შეჩერება, თუკი თავადც ხედავს, რომ ფ ა ქ ტ ი არსებობს, რომ მისმა ხელქვეითმა ეს ფ ა ქ ტ ი კი არ მოიგონა, არამედ იგი რეალურია.
იმიტომ, რომ თავად შემდეგ პასუხისმგებლობის შეეშინდება
ზუსტად ასე მოხდა „ფოტოგრაფების“ საქმეზე.
გამომძიებელი დევნოზაშვილი იძიებდა, თუ საიდან გაჩნდა ფოტოები მსოფლიო მედიაში.
მიაგნო გამავრცელებლებს, ანუ აღმოაჩინა ფ ა ქ ტ ი (სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით), უმალვე მიიჩნია რომ საქმე „გახსნა“ და მხოლოდ ამის შემდეგ მიუტანა მტკიცებულებები უშუალო უფროსს.
რაც შეეხება ინსტიტუციას....მესმის, რომ ძნელად დასარწმუნებელია ეს ყოველივე მკითხველთა დიდი ნაწილისთვის, მაგრამ დააკვირდით, სწორედაც ინსტიტუციური თვალსაზრისით, როგორ არის მოწყობილი დღეს საქართველოში იმავე „ძალაუფლებრივი აპარატის“ ერთ-ერთი განშტოება - პროკურატურა.
დღეს, ამჟამინდელი კანონმდებლობით, გენერალური პროკურორის „მოხსნა/გაშვება“ არათუ პრემიერ-მინისტრს, არათუ პრეზიდენტს, არამედ პარლამენტსაც არ შეუძლია, თუკი ის უკვე დანიშნულია.
ერთადერთი ოფციაა იმპიჩმენტი...... ესეც სისხლის სამართლის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში; აი, მაგალითად მეზობელი რომ მოკლას - „ჩემი ოჯახის წევრს სხვანაირად შეხედეო“.
სხვა შემთხვევაში მას ხელსაც ვერავინ ახლებს
ძალისმიერი ბიუროკრატიის იმმანენტურ ბუნებას, თქვენ წარმოიდგინეთ.....აი სტალინი რომ სტალინია......ისიც კი ითვალისწინებდა გარკვეულწილად.
ანუ თითქმის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე სუბიექტიც კი იძულებული იყო ბიუროკრატიული „თამაშის წესები“ დაეცვა.
მით უმეტეს..... არც ბიძინა და არც ირაკლი კობახიძე „სტალინი“ არ არიან.
მესმის, ბევრისთვის დაუჯერებელია და მიუღებელი ამგვარი ანალიზი და ინტერპრეტაცია.
მაგრამ მე იმათთვის ვწერ, ვისაც უფრო „რთულად აზროვნების“ უნარი აქვს, ვიდრე ჩვენებური „უთოს ექსპერტები“ ნერგავენ ამ ისედაც ავადმყოფ და კოსპიროლოგიისადმი მიდრეკილ სოციუმში .
სხვები საერთოდ ნუ წაიკითხავენ.
აი იმათი კონსპიროლოგიური პრიმიტივიზმი დაიჯერონ, კი ბატონო: „ბიძინამ ფული მოსთხოვა ღარიბაშვილს და.....იმან არ მიუტანა და......“ „ივანიშვილი ღარიბაშვილს კონკურენტად მიიჩნევდა (?), მასზე პოლიტიკურად ეჭვიანობდა, ვაითუ პარტია შექმნასო (??) და........“