საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2023 წელი

ამჟამად ბევრს მსჯელობენ იმაზე, როდის დაიწყებს (თუ დაიწყებს საერთოდ) რუსეთი დიდ შეტევას უკრაინის წინააღმდეგ.

არსებობს ერთი თარიღი, რომელიც შესაძლოა ნიშან/სვეტად იქცეს.

ეს გახლავთ 29 მარტი, როდესაც გასდის ვადა უკრაინის ხელისუფლების  ულტიმატუმს - ე.წ. `მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ` (Украинская православная церковь Московского патриархата УПЦ(МП).

მოგეხსენებათ, უკრაინის ნამდვილი მართლმადიდებელი ეკლესია უკვე  ავტოკეფალურია. მისი ავტოკეფალია სცნო მსოფლიო საპატრიარქომ ანუ კონსტანტინეპოლმა.

მაგრამ დღემდე სწორედ УПЦ(МП) ფლობს  უკრაინისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სიწმიდეს: კიევო-პეჩორის ლავრას (Киево-Печёрская Лавра) , სადაც ამ სამყაროს წმიდანებია დაკრძალული.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლმა სცნო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ამ ლავრასთან მდებარე ეკლესია მას გადაეცა და იქედან რუსი სამღვდელოება გააძევეს.

მაგრამ ლავრა კვლავ УПЦ(МП)-ს ხელშია.

მისი მესვეურები აცხადებენ, რომ ლავრას არ დატოვებენ 29 მარტამდე და თუ ძალით გააძევებენ, წინააღმდეგობას გაუწევენ.

ნამდვილად ჰყავთ ფანატიკოსები, კიეველი პრორუსები, რომლებიც ძალისმიერ წინააღმდეგობას გასწევენ.

რუსულ სპეცსამსახურებს მომზადებული აქვთ საკომუნიკაციო საშუალებები რათა ლავრადან პირდაპირი ტრანსლაცია აწარმოონ დაპირისპირების დროს და ა.შ.

თან უსირცხვილოდ მიმართავენ ევროპას (!) და...... უკრაინის ხელისუფლებას `დისკრიმინაციაში` ადანაშაულებენ.

როგორც ჩანს იქ ძალის გამოყენება გარდაუვალი ხდება.სხვაგვარად ვერ გამოაგდებ

კიევო-პეჩორის ლავრა რუსებსა და უკრაინელებს შორის `იდენტობითი` კონფლიქტის საკვანძო საკითხია.

უკრაინელები სულ უფრო მტკიცედ აცხადებენ `ძირეულ ნარატივს`, რომ სინამდვილეში ისინი არიან ნამდვილი Русь და არა Московия. და რომ უკრაინული იდენტობა უკავშირდება `კიევის რუსეთს`, რომელიც X-XV საუკუნეებში არსებობდა. შემდეგ კი წარმოიშვა (მონღოლური ურდოს ძალმიცემული) Московия, იგი გადაიზარდა რუსეთის იმპერიაში (XVIII საუკუნიდან), ამ იმპერიამ გადაყლაპა `კიევის რუსეთი`, გადაყლაპა უკრაინული ეკლესია, უწოდა მას რუსეთის ეკლესია და ა.შ.

შესაბამისად, კიევო-პეჩორას ლავრას დაბრუნება, `პოლიტიკური კიევისთვის`, - ანუ თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოსათვის - იქნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის აქტი.

ამიტომაცაა პუტინი გაცოფებული.

კიევო-პეჩორის ლავრა მისთვის ეგზისტენციური თემაა. ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო.

თუ ამ ლავრაში ლოცვა უკრაინულ ენაზე აღევლინა, ყველაფერი დამთავრებულია.

. . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს რესპექტაბელური დასავლური გამოცემა Bloomberg.

ამ რესურსის ცნობით, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის `კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი` (Частная военная компания (ЧВК) «Вагнер») აპირებს წავიდეს უკრაინიდან და იომოს მხოლოდ აფრიკაში.

პრიგოჟინი, თურმე, რეალურად იმით კი არ არის უკმაყოფილო, რომ საბრძოლო მასალებს არ აწვდიან, არამედ იმით, რომ აღარ აძლევენ საშაულებას რუსეთის ციხეებში `დაავერბოვკოს`ახალი მებრძოლები.

მანამდე რეციდივისტებს, ბანდიტებს, მკვლელებს `ავერბოვკებდა`, დიდ ხელფასებს უნიშნავდა და სასჯელისგან ათავისუფლებდა.

ოღონდ ამან რუსეთში გამანადგურებელი სოციალური შედეგი გამოიღო, რაც არავის გაუკვირდება: მკვეთრად გაიზარდა კრიმინალის დონე. განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში.

ბუნებრივია, როდესაც კრიმინალური სამყარო ხედავს, რომ მკვლელობისთვის, ბანდიტიზმისთვის, ძარცვისთვის გასამართლებულნი ციხიდან გამოდიან, ეს სამყაროც თამამდება: აბა რუსეთი, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ომებს და აგრესიას არასდროს შეწყვეტს და......მაშასადამე მუდამ ექნებათ გათავისუფლების შანსი, რომ გარისკონ მძიმე დანაშაულის ჩადენა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ და `სასჯელაღსრულებამ`, ასევე პროკურატურამ,  პუტინი დაარწმუნეს, რომ თუ ეს პროცესები არ შეჩერდებოდა, უმძიმეს სპოციალურ შედეგებს მიიღებდნენ.

თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ პრიგოჟინი იძულებული გახდა სწორედ კოლონიებში და ციხეებში ეძება `რეკრუტები`, არადა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთში უამრავი ყოფილი პროფესიონალი სამხედროა თითქოს.

თვეში 5 000 დოლარად ვითომ არ უნდა გასჭირვებოდა მებრძოლების პოვნა, მაგრამ......უკრაინის ომი იმდენად სისხლიანი და მარცხიანი აღმოჩნდა, არც 5 000 დოლარად უღირს ადამიანს, როდესაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესაძლოა თვეში 1000 დოლარიანი საქმე ჰქონდეს სადმე კრასნოიარსკში ან ვლადივოსტოკში.

აქედან დასკვნა: რუსული საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ბოლო 40 წლის განმავლობაში საბაზრო ეკონომიკამ ასე თუ ისე შეცვალა და თუ პუტინი საყოველთაო ძალისმიერ მობილიზაციას არ გამოაცხადებს, თუ რუსეთში საომარ მდგომარეობის რეჟიმს არ დაამყარებს, მას არმიის შენარჩუნება გაუჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . .

დიდი საბრძოლო მოქედებების მომზადებაზე ხშირად ირიბი ფაქტები მეტყველებენ:

რუსეთის არმიამაც და უკრაინის არმიამაც გაზარდეს `შვებულებების` რაოდენობა.

ანუ სამხედროებს შვებულებებში უშვებენ უფრო ხშირად, ვიდრე ადრე.

ეს ზოგადად ხდება მაშინ, როცა მხარეები რაღაც ძალიან დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა ბახმუტში და `თითქმის ყველაფერი მზად არის უკრაინის კონტრშეტევისთვის` (ციტატის დასასრული)

. . . . . . . . . . . . . . .

`მსოფლიო ბანკმა` განაცხადა, რომ უკრაინას $411 მილიარდი სჭირდება აღსადგენად ანუ რუსული აგრესიით მიყენებული ზარალი ამდენად შეაფასა.

დამკვირვებლები მეტსაც კი ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სტრატეგიული სავალუტო რეზერვი, რაც დასავლეთმა დააპატიმრა უკრაინის წინააღდმეგ აგრესიის შემდეგ $350 მილიარდია დაახლოებით.

თუმცა დასავლეთი ჯერ ვერ ბედავს ამ სახსრების არა მხოლოდ დაპატიმრება/დაყადაღებას, არამედ კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას.

. . . . . . . . . . . . . . .

ჩინური სოციალური ქსელის TikTok ამერიკული განყოფილების უფროსი, შოუ ჩუ როგორც იქნა დაიბარეს ამერიკის კონგრესში და Hearing მოუწყვეს.

`როგორც იქნა` იმიტომ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამერიკელი სოციოლოგები, ასევე სპეცსამსახურთა წარმომადგენლები აფრთხილებენ ამერიკის ხელისუფლებას, რომ ეს ჩინური (!) სოციალური ქსელი იპარავს ამერიკელთა მონაცემებს და აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის ხელისუფლებასთან, მაშასადამე ჩინეთის სპეცსამსახურებთან.

ამერიკაში TikTok-ს 150 მილიონი (!!!) მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად მისი აკრძალვა (რასაც ბევრი კონგრესმენი და სენატორი მოითხოვს) არც ისე ადვილია სერიოზული სოციალური `ბიძგების` გარეშე. მისი ალტერნატივის შექმნაც გვიანია უკვე: ადამიანები მიეჩვივნენ.

როცა Twitter-ზე დაბლოკეს, დონალდ ტრამპმაც ხომ სცადა ალტერნატივა შეექმნა თუმცა ბევრი არაფერი გამოუვიდა - ეს ელემენტარული მარკეტინგული და სოციალური  თავისებურებაა.

თვით შოუ ჩუ-მ Hearing-ისას განაცხადა, რომ ჩინურ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობს და ჩინეთში საერთოდ არ მუშაობს!

მართლაც არ მუშაობს TikTok ჩინეთში; მერედა, რა ამით? -  სრულიად შესაძლებელია ჩინური `კომპარტია` საკუთარ ქევყანაში კრძალავდეს, თუმცა ამერიკაში და ევროპაში ინსტრუმენტად იყენებდეს.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზებმა `ორიგინალური` და `მახვილგონივრული` სქემა მოიგონეს, როგორ ძარცვონ და (ბოდიში ჟარგონისთვის) `გადააგდონ` სასარგებლო იდიოტი რუსი ბიზნესმენები:

რუს ბიზნესმენებს `ასხმევინებენ `ინვესტიციებს ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში, - იქნება ეს სანატორიუმი, მცირე ჰესი და ა.შ. - და როგორც კი რუსი ბიზნესმენი ფულს გადაიხდის, აფხაზეთის `პროკურატურა` ან `ქონების მართვის სააგენტო` პრივატიზებას `უკანონოს` უწოდებს, სასამართლოში ასაჩივრებს, სასამართლო გარიგებას ბათილად აცხადებს და......ის `სასარგებლოდ იდიოტი რუსი ბიზნესმენი` რასაკვირველია ითხოვს ფულის უკან დაბრუნებას, თუმცა ამაზე აფხაზები `მხრებს იჩეჩენ`: ``აბა ჩვენ რა ვიცით სად წავიდა ის ფული, ან/და  უკანონო გარიგებაში დახარჯული ფული რატომ უნდა დაგიბრუინოთო``.

გამწარებული რუსი ბიზნესმენი გარბის მოსკოვში, ჩივის....ჩივის....ჩივის, მოითხოვს მხარდაჭერას, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და მთავრობაშიც პასუხობენ, რომ რუსეთს არ შეუძლია დაძაბოს ურთიერთობა აფხაზეთთან მაშინ, როდესას NATO გვყავს ჩასაფრებული იქვე და ვაითუ აფხაზებმა ორიენტაცია შეცვალონო.

ამიტომ რუსულ პრესაშიც არ უქვეყნებენ მასალებს.

ისღა რჩებათ, სოციალურ ქსელში წერონ გულამოსკვნილი პოსტები:  ``აღარასოდეს ჩავალ აფხაზეთში, იქ რუსებს ძარცვავენ......``

მერედა რა ამით? ნუ ჩავა - მისნაირი კიდევ ათასობით რუსი `ბიზნესმენია`, ვინც მზად იქნება 10 000 ან 50 000 ან 100 000 დოლარი `ჩაასხას`იმ უძირო ქვევრში, რასაც თანამედროვე ბანდიტური `აფხაზური სახელმწიფო` ქვია