მიშა და მისი „ვარდების რევოლუცია“
«ანტინომენკლატურული რევოლუციები» – პოსტსაბჭოურ ელიტათა ლეგიტიმურობის კრიზისი.
ყირგიზეთის რევოლუციით, რომელსაც, მისმა უნიჭო ავტორებმა სახელწოდებაც ვერ მოუძებნეს («ნარცისულიდან» – «ტიტებოვანამდე»), საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ფუკუიამას სქემებით ოპერირება მართლაც კონტრპროდუქტულია, ანუ «ისტორიის დასასრულზე» საუბარი მეტად ნაადრევია. პირიქით, გარკვეული აზრით, ისტორია სწორედ ახლა იწყება და ერთობ საინტერესოც.
აქვე: ცნობილი წყევლა - «შენ გეცხოვროს საინტერესო დროში» - განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანებზეა გათვლილი და მათივე შექმნილია, თორემ საქართველოს უახლესი ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს: საბედნიეროდ, ქართველთა უმრავლესობა სწორედ «საინტერესო დროში» ამჯობინებს ცხოვრებას და «უძრაობის ჭაობს» - «მოძრაობა და მოძრაობა» ურჩევნია.
«ნაჯახით ვერამოჭრილი»
მას შემდეგ, რაც საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესთა «ძირითადი ტენდენცია» მთლიანად დადასტურდა, ხოლო უმწეოდ კომიკური «კბილთა ღრჭენა» სულ უფრო მატულობს, - ალბათ უპრიანია «გარემო სივრცეში» მიმდინარე პროცესთა ანალიზი, რაკი ამ პროცესებს (უდავოდ!) საქართველოს «ვარდების რევოლუციამ» დაუდო სათავე.
ეს საკითხი სჯობს უფრო თეორიულ პრობლემად განვიხილოთ, რაკი იმას, რაც მოხდა და ხდება, ელემენტარულად ახსნა სჭირდება - «რატომ და რის შედეგად». ყოველ შემთხვევაში იმ აზრით მაინც, რომ ადამიანის ბუნებრივი ინტელექტუალური მოთხოვნილებაა ესმოდეს გარემო, რომელშიც ცხოვრობს.
აქვე: ძალზე ნიშანდობლივია მრავალი ცნობილი პოლიტოლოგის (არა მხოლოდ ქართველისა და რუსის) არც თუ იოლად შესამჩნევი გაღიზიანება «ვარდების რევოლუციით», მით უმეტეს, რევოლუციურ პროცესთა ტრიუმფალური სვლით პოსტსაბჭოურ სივრცეზე, - რაკი ბევრი მათგანისათვის ეს ყოველივე აბსოლუტურად მოულოდნელი იყო! უფრო მეტიც – როგორ არ გაღიზიანდებიან, როდესაც ჩვეული აპლომბით გამოთქმული პროგნოზები ხუხულასავით დაენგრათ. არადა, «რაც კალმით დაიწერების . . . .» განა თავად არ ამტკიცებდნენ, რომ «არაფერი მსგავსი საქართველოში უკვე არ შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება მოხდეს არასდროს». შემდგომ «არაფერი მსგავსი იმისა, რაც მოხდა თბილისში, არ შეიძლება მოხდეს ბათუმში იმიტომ რომ . . არ შეიძლება მოხდეს უკრაინაში იმიტომ, რომ . . არ შეიძლება მოხდეს ცენტრალურ აზიაში, რადგან . . .»
დღეს უკვე ერთგვარი თრთოლვით ამბობენ, რომ «ბელორუსია საეჭვოა» ხოლო რუსეთზე «ოცნება თუ შეიძლება». თავის მართლების ინტონაციით გამოთქმული სენტენცია, რომ «პოლიტოლოგიაში პროგნოზები უმადური საქმეა», რეალურად არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა, რადგან სინამდვილეში ის, რაც ხდება, ისტორიაში «ობიექტურ ფაქტორთა» როლის დაკნინება და «შემთხვევითობათა აპოლოგია» კი არ არის, არამედ იმის გამოვლინებაა, რომ პროგნოზთა ავტორები უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ იმ რეალურ ფაქტორებს, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდნენ მრისხანე მასად და ერთ-ერთ უმთავრესს - «ადამიანურ ფაქტორს» თუ ელოდნენ, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება იმ ვითარებაში, როდესაც სხვა ფაქტორების ერთობლივი «მასა» გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს.
ამ საზოგადოებრივ მიმართებებს მთელი მეცნიერება – ისტორიის ფილოსოფია სწავლობს და მოკრძალებულ მიმოხილვით სტატიაში, რა თქმა უნდა, მას ვერ შევბედავთ. ამიტომ მხოლოდ საერთო მახასიათებლის ძიებით შემოვიფარგლოთ და ვცადოთ, «გამორიცხვის მეთოდით» მივაგნოთ იმ «მიზეზ-შედეგობრივ ღერძს», რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საზოგადოებაში, თვისებრივად განსხვავებულ სოციუმებში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებს აერთიანებს.
საერთო მნიშვნელი
საქართველოს (თბილისისა და ბათუმის), უკრაინისა და ყირგიზეთის მოვლენების განზოგადება როგორ არ ხდება, მაგრამ ხდება სქემატურად. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ «უკანა რიცხვით» ცდილობენ პოლიტოლოგიურ «პროკრუსტეს სარეცელში» ესოდენ მრავალფეროვანი და რთული პროცესის ჩაკირვას. შესაბამისად, გამომუშავებული ლოზუნგურ-სენტიმენტალური ტრაფარეტები ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებენ.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუკი წარმატებულ რევოლუციებს – წარუმატებელ ანალოგებს შევუპირისპირებთ. მაგალითად, ერთი შეხედვით ხომ ყველა «ფაქტორი» არსებობდა საიმისოდ, რათა აზერბაიჯანშიც მომხდარიყო რევოლუცია? ანუ არსებობდა ყველა ის პირობა, რამაც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა განაპირობა. მაგრამ იქ «რატომღაც» ვერ განხორციელდა. ქუჩაში გამოსულ «ხალხს» სპეცდანიშნულების რაზმებმა ცხვირპირი დაამტვრიეს და ილხამ ალიევისათვის მამობრივი ხელისუფლების გადაცემა უზრუნველყვეს. არადა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, თითქოს ქუჩაში იმაზე ნაკლები ხალხი გამოვიდა, ვიდრე თბილისში, ან თუნდაც ბიშკეკში. რომ დასცლოდათ, იქაც გამართავდნენ მრავალასეულათასიან მიტინგებს და, საბოლოოდ, შტურმით აიღებდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას.
კი მაგრამ, თუკი «არჩევნების გაყალბება» და «კორუმპირებული კლანური მმართველობა» მთავარი პირობაა, მაშინ უფროსი ალიევის მიერ თავისი შვილისთვის ხელისუფლების გადაცემა რით იყო კუჩმას მიერ იანუკოვიჩისათვის ძალაუფლების გადაბარებაზე «უკეთესი» - არანაკლებ გაყალბებული არჩევნების შედეგად? ნუთუ მთავარი ფაქტორის როლი იმ გარემოებამ შეასრულა, რომ ბიშკეკში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ცხენი გაჭენდება (აჭენებდნენ კიდეც) ანუ ბევრად რთულია შენობისკენ დაძრული მასისთვის «არაცეცხლსასროლი» წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო ბაქოში, ალიევთა რეზიდენციასთან მისვლამდე, ჯიხვი ფეხს მოიმტვრევს? სულელური წვრილმანია? ნუ ავჩქარდებით. და ნურც იმას დავიჯერებთ, თითქოს საქართველოში და აზერბაიჯანში ამერიკას სხვადასხვა ჰიპნოზიტური უნარის მქონე ელჩები ჰყავდა და ჰყავს. ანუ, ბაქოში ამერიკის ელჩმა (რაკი ნავთობმწარმოებელ აზერბაიჯანში დესტაბილიზაცია «არ აწყობდათ») განსაკუთრებული ენერგია «გამოასხივა» და აზერბაიჯანულ «სპეცნაზს» აბობოქრებულ მასათა დარბევის უნარი შემატა. აი, რიჩარდ მაილზმა კი, პირიქით, რაღაც იეზუიტური ინტრიგის შედეგად, საქართველოში რევოლუცია უზრუნველყო, რათა «განსაკუთრებულად რთულ გეოპოლიტიკურ სქემებში ჩვენი ქვეყნის პაიკად ჩართვა» განეპირობებინა.
ეს ყოველივე, რასაკვირველია მტკნარი სისულელეა – სინამდვილეში, მაილზმა ედუარდ შევარდნაძეს ორჯერ შესთავაზა (ადმინისტრაციის სახელით) კომპრომისი (ხელახალი არჩევნები - საპრეზიდენტო სავარძლის 2005 წლამდე შენარჩუნებით), ესე იგი, დაახლოებით ის, რაც მოგვიანებით ხავიერ სოლანამ შესთავაზა ლეონიდ კუჩმას. განსხვავებით შევარდნაძისაგან, კუჩმამ ეს კომპრომისი მიიღო.
«აზერბაიჯანელები ნაკლებ ცივილიზებული და შეგნებული ხალხია, ვიდრე უკრაინელები?» - მაგრამ რომც დავიჯეროთ ეს ნაცისტური ბოდვა, ბუნებრივია კითხვა – ყირგიზებიც? ყირგიზებიც უფრო «შეგნებული ხალხია» და უფრო მეტად აქვთ შესისხლხორცებული დემოკრატიული ღირებულებები, ვიდრე მათ «თანაეთნოსელ» აზერბაიჯანელებს?
ან იქნებ დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობაა განმსაზღვრელი? მაგალითად, მექანიკურ სქემათა ავტორები სულ უფრო ხშირად აპელირებენ ასეთ მსგავსებაზე: «მეხუთე არხი» უკრაინაში». «რუსთავი 2» - საქართველოში. მაგრამ ყირგიზეთში არაფერი მსგავსი არ არსებულა. მიუხედავად ამისა, რევოლუცია მაინც მოხდა;
«ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ კუჩმა ყოფილი კომუნისტური ბიუროკრატიის მაღალჩინოსანნი იყვნენ». მაგრამ ასლან აბაშიძე და ასკარ აკაევი (ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი) ამ კატეგორიას არასდროს გენეკუთვნებოდნენ.
«კორუფციას» რაც შეეხება - არა მგონია კორუმპირებულობის მხრივ პოსტსაბჭოური აზერბაიჯანი და საქართველო დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ამის მიუხედავად, რევოლუცია საქართველოში მოხდა, აზერბაიჯანში კი არა.
თუ «შევარდნაძემ დაკარგა აფხაზეთი» - ალიევმა დაკარგა ყარაბაღი და აზერბაიჯანის ექვსი სხვა რაიონი. კუჩმასა და აკაევს კი საერთოდ არაფერი დაუკარგავთ! მერედა, რა - ამით?
კიდევ ერთი, აშკარად ყალბი სტერეოტიპი მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირეს უკავშირდება: აქაოდა, «ელიტათა განცხრომა მასათა სიდუხჭირის ფონზე თავისთავად ქმნიდა ამ უკანასკნელთა მძვინვარების საფუძველს». რაო, აზერბაიჯანის «პროალიევისტური» ელიტა ვინმეზე ნაკლებ გახრწნილი და გათახსირებული იყო? მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული მასის რეაქცია რატომღაც ნაკლებ «მძვინვარე» აღმოჩნდა. გარდა ამისა, თუ ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლით, საოცარ პარადოქსს წავაწყდებით: პრემიერ-მინისტრმა იანუკოვიჩმა უკრაინაში (რა თქმა უნდა რუსეთის დახმარებით, რომელიც «პრეზიდენტ იანუკოვიჩის» პროექტს ახორციელებდა) წელიწადნახევარში მოახერხა პენსიებისა და ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდა – რაიმე «საპენსიო-სახელფასო დავალიანებაზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის მმართველობის დროს უკრაინელები, მასაში, რაოდენ უცნაური და ცოტა არ იყოს კომიკურიც არ უნდა იყოს, ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ მატერიალურად, ვიდრე პრემიერ ვიქტორ იუშჩენკოს მმართველობისას – მერედა, რა ამით?
ასლან აბაშიძის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადაურიცხავი თანხების წყალობით, აჭარაში არც ერთი თეთრი საპენსიო და სახელფასო დავალიანება არ არსებულა. რეგიონის მოსახლეობა, მთლიანობაში, მატერიალური თვალსაზრისით, ბევრად უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე თბილისში, კახეთში ან გურიაში. ვიმეორებ კითხვას: მერედა, რა ამით? «უშველა» ამან «მცირე ბაბუს» რათა ბათუმიდან ვერ გაეპანღურებინათ? იმაშიც სერიოზულად ეჭვი მეპარება, რომ თბილისის «ვარდების რევოლუცია» უპენსიო-უხელფასობამ განაპირობა. თუ გახსოვთ, 1994-1996 წლებში ათეულობით ათასმა ადამიანმა კერძო ბანკებსა და თაღლითურ ჰოლდინგებში («ქოლორი», «ოქროს თევზი» და სხვა მსგავსი) შეტანილი დიდძალი თანხები დაკარგა. მიუხედავად ამისა, ეს გამწარებული ხალხის უზარმაზარი მასა იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა და რაიმე სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისათვის არ შეუქმნია.
«სამოქალაქო საზოგადოება» საქართველოში ერთობ განვითარებული იყო. ბევრად ნაკლებ გავლენიანი იყო იგი უკრაინაში, მით უმეტეს ყირგიზეთში, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, ხოლო საქართველოდან მივლინებული «დემოკრატიული დესანტი» ამ მხრივ, დიდი და გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ამინდს ვერ შექმნიდა.
«უკრაინასა და საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერები». მაგრამ ყირგიზეთში ხომ, ამ თვალსაზრისით «ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა» (ვერც ახლა სცნობს), – ისევ და ისევ: მერედა, რა ამით?
«ახალმა ელიტამ ჩაანაცვლა ძველი ელიტა და ეს ურყევი კანონზომიერებაა»- კი მაგრამ, რომელი «ახალი ელიტაა» როზა უტუმბაევა? ან ის ნახევრადშეშლილი ნარკოლოგი ექიმი, თავად რომ არის პირველ რიგში სამკურნალო? თუ ანატოლი კინახია «ახალი ელიტა» და ის პარტნომენკლატურულ-კომკავშირული კამარილია, რომელიც იუშენკოს და, განსაკუთრებით ტიმოშენკოს არტყია გარს? არა მგონია აკაევის – ბაკიევით შეცვლა რაიმე სერიოზულ სოციალურ ძვრას ნიშნავდეს. ამ «კანონზომიერებამ» დასრულებულად ტრაგიკომიკური სახე მაშინ შეიძინა, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ სცნო აკაევის პარლამენტის უფლებამოსილება ანუ იმ პარლამენტისა, რომლის «არჩევის გაყალბებამაც» განაპირობა ვითომდაც ყირგიზული რევოლუცია. რაც მთავარია (ნიშანდობლივია), უცნაურად და ალოგიკურად ყირგიზეთში ეს არავის მოჩვენებია. სინამდვილეში ამგვარი რევოლუციისას ახალი ელიტის არსებობა-არასებობა და გავლენიანობა კი არ არის განმსაზღვრელი, არამედ ძველი ელიტის უუნარობა.
«შევარდნაძის ყურება აღარ შეიძლებოდაო» - კი ბატონო, მაგრამ უკრაინელებს არავინ აძალებდა კიდევ თუნდაც წელიწადნახევარი «ეცქირათ» კუჩმასათვის. შევარდნაძისაგან განსხვავებით (რომელიც, ზოგიერთი ნიშნით, არც 2005 წელს აპირებდა სადმე წასვლას) მიდიოდა ის კაცი (კუჩმა) ყველა შემთხვევაში, უკვე არჩევნების შემდეგ, დაჯდებოდა თავისთვის «ხატაში» და დაისხავდა «გარილკას». არც სალას დაამადლიდნენ თითქოს, მაგრამ მაინც «მიაყოლეს წიხლი!»
«შევარდნაძეს გადაადგილება ძლივს შეეძლო და ბებრულ მარაზმში იმყოფებოდაო» - მაგრამ ლეონიდ კუჩმას, მით უმეტეს ასკარ აკაევს ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ. ეს უკანასკნელი, როგორც ამბობენ, კუნ-ფუ-ში «სპარინგობდა» ყოველდღიურად და ქამარიც ჰქონდა.
გეოპოლიტიკურ ინტრიგებს (როგორც ვითომდაც რევოლუციათა მთავარ «აღმძრავ მექანიზმებს») და «გეოპოლიტიკურ შეთქმულებებს» რაც შეეხება, ამ სქემაში, ისევ და ისევ, ყირგიზეთი ეჩხირება ცოტა არ იყოს უხიაგად: უტუმბაევაც, კულოვიც, ბაკიევიცა და ნაზარალიევიც ერთხმად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად აპირებენ განაგრძონ პრეზიდენტ აკაევის ბრძნული საგარეო პოლიტიკური კურსი - რუსეთთან და დასავლეთთან კომპლემენტარული ურთიერთობისა.
- -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ზემოთქმულის მიუხედავად, არსებობს ერთი ნიშანი, ერთი საერთო მნიშვნელი, რომელიც, ამ სხვაობათა მიუხედავად, ურყევად და განუყოფლად აკავშირებს ერთმანეთთან ყველა პოსტსაბჭოურ რევოლუციას – განურჩევლად იმისა, წარმატებულს (უკრაინა, საქართველო, ყირგიზეთი) თუ წარუმატებელს (აზერბაიჯანი): ყველა ეს რევოლუცია უპირველესად სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების სფეროში მწიფდებოდა. მარქსისტულ-ლენინური დოგმების მიუხედავად, რევოლუცია – უმთავრესად საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ატმოსფეროს პროდუქტია.
გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით რა საკვანძო სლოგანები ჟღერდა საქართველოში შევარდნაძის საწინააღმდეგო რევოლუციის მომწიფებისას: «მოყირჭება», «ყავლის გასვლა», «დაჭაობება», «უძრაობა», «დროის მოჭმა», «უიმედობა» და «კმარა» - როგორც მათი აზრობრივი და არსობრივი კვინტესენცია.
დაახლოებით ასეთივე ატმოსფერო სუფევდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რევოლუცია განხორციელდა. მივაქციოთ ყურადღება: არ შეიძლება შემთხვევითი იყოს ესოდენ მნიშვნელოვანი მსგავსება, რომ საქართველოშიც, ყირგიზეთშიც, უკრაინაშიც, უსისხლოდ ძალადობრივი სახალხო, დემოკრატიული რევოლუციები განხორციელდა ისე, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ხელისუფლებამ არათუ ვერ გაბედა (ესეც იყო) არამედ ვერ შეძლო(!) წინააღმდეგობის გაწევა.
სამივე ქვეყანას კიდევ ის «ანათესავებს», რომ მათი ხელისუფალნი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს. ასკარ აკაევი 1990 წლიდან, ედუარდ შევარდნაძე 1992 წლიდან (თუ, რასაკვირველია, კომუნისტურ პერიოდს არ ჩავთვლით, არადა, ესეც სათვალავში ჩასაგდებია), ხოლო ლეონიდ კუჩმა – 1994 წლიდან.
მაგრამ საპპარმურად ნიაზოვი და ისლამ კარიმოვი ხომ კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში მართავენ თურქმენეთსა და უზბეკეთს? აქ მჟღავნდება კიდევ ერთი კანონზომიერება: სამივე «ლიდერმა» რომელმაც ესოდენ სამარცხვინოდ დაასრულა თავისი მოღვაწეობა, სცადა ჩამოეყალიბებინა «ლაითავტორიტარული სისტემა», «ლბილი ავტორიტარიზმი», - «ვირტუალური ხელისუფლება», რომელიც ეყრდნობოდა არა რეალურად მძლავრ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ (მოძველებად) სახელისუფლებო ტექნოლოგიებსა და აპარატულ ინტრიგებს.
სამარცხვინო ფინალმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში, «ლბილი ავტორიტარიზმი» არაქმედუნარიანი სისტემაა, ხოლო სანახევრო-ნაწილობრივი დიქტატურა ისევე შეუძლებელია, როგორც სანახევროდ ორსულობა.
ბუნებრივია, უზბეკეთსა და თურქმენეთში «ხავერდოვან რევოლუციებზე» არავინ საუბრობს, ვინაიდან რეალურ დიქტატურაში ამგვარი რევოლუცია შეუძლებელია – თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ რუმინული ვარიანტი და საზარელი სისხლისღვრა.
მკითხველს შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ კიდევ ერთი საოცარი «დამთხვევაა» (ვითომ მართლაც დამთხვევაა?), რომ ასკარ აკაევის ქალიშვილი და ლეონიდ კუჩმას მეუღლე თავიანთ ქვეყნებში უდიდეს ფიჭურ სატელეფონო ოპერატორებს ფლობდნენ და, «მაგთიკომის» მსგავსად, რეგულარულად აქვეყნებდნენ ცნობებს საგადასახადო შენატანის შესახებ – იმის ნიშნად, თუ რამდენად «გამჭვირვალეა» მათი ბიზნესი. არადა, საქმე ბიზნესის «გამჭვირვალობაში» კი არ არის, არამედ იმაში, თუ საერთოდ რამდენად დასაშვებია ხელისუფლების გამოყენება თუნდაც ყველაზე «გამჭვირვალე» ბიზნესის ასაწყობად.
საერთონაციონალური პროექტი
ედუარდ შევარდნაძეც, ლეონიდ კუჩმაც და ასკარ აკაევიც, მიუხედავად პროფესიულ «ბეგრაუნდთა» სხვაობისა, საბჭოთა ელიტათა წარმომადგენლები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არის იგივე «კომუნისტური ნომენკლატურა» - მისი განუყოფელი შემადგენელით, რომელსაც (დიდი პირობითობით) «ელიტარულ ინტელიგენციას» უწოდებენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ელიტის (საბჭოთა ელიტის) ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან განსხვავებულია მისი როლი და წვლილი სხვადასხვა «საბჭოთა» ერის უახლეს ისტორიაში. თუ, მაგალითად, ქართულმა ელიტამ 1988-1993 წლებში სრული უნიათობა გამოამჟღავნა, ქვეყანას ვერც ერთი საფრთხე თავიდან ვერ ააცილა, ხელისუფლებაში არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო ძალთა მოსვლა დაუშვა, საბოლოოდ სამოქალაქო ომისა და ორი ეთნოკონფლიქტის ჭაობში ჩაგვფლა, - უკრაინულმა და ყირგიზმა ელიტებმა იმ ეპოქაში თავიანთი ისტორიული მისიის შესრულება შეძლეს.
სწორედ უკრაინული (საბჭოთა!) ელიტის დამსახურებაა, რომ ურთულეს ვითარებაში, უამრავი გამოწვევისა და საფრთხის პირობებში, უკრაინამ შეძლო სახელმწიფოებრივი მდგრადობის შენარჩუნება, რუსულენოვანი ყირიმის შემომტკიცება და იქ უკრაინის სუვერენიტეტის რეალურად გავრცელება, რუსეთთან მიზანშეწონილი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის აწყობა, მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვრების აღიარების უზრუნველყოფა (მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინის რუსული რეგიონების კუთვნილებისა), ეთნიკური მშვიდობის შენარჩუნება, შავი ზღვის ფლოტის ნახევრის დასაკუთრება (იმ ვითარებაში, როდესაც ამ ფლოტს 1992 წლისათვის ასი პროცენტით მოსკოვი აკონტროლებდა) და სხვა მრავალი. ლეონიდ კრავჩუკიცა და ლეონიდ კუჩმაც, ამ აზრით, უკრაინის საბჭოთა ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. ისევე, როგორც ასლან აბაშიძე, - აჭარის რეგიონული ელიტისა.
შემდგომ: ყველა საბჭოთა ელიტის საკვანძო ცნება, საბჭოთა კავშირის დაშლიდან – დღემდე, «სტაბილურობა» იყო. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ «სტაბილურობა» იქცა აგრეთვე შევარდნაძის უმთავრეს არგუმენტად მას შემდეგ, რაც მან მოახერხა (ამის უგულვებელყოფა შეუძლებელია) სამოქალაქო ომისა და კრიმინალური ანარქიის ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევა.
სწორედ აქ მივადექით საკვანძო საკითხს: დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ «სტაბილურობა» არ შეიძლება იყოს ნაციონალური პროექტი, რომელიც ელიტისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას განაპირობებს. თანაც, არ შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრვალესობას სწორედ სტაბილურობა სურს და სხვა არც არაფერი აინტერესებს. ეს საკმაოდ რთული პარადოქსია, რომელიც შესწავლას საჭიროებს.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ბალტიის ქვეყნების ელიტებმა (იმავე საბჭოთა ელიტებმა – ადგილობრივი ინტელიგენციის სახით) თავიანთ ხალხებს უმალვე შესთავაზეს მკაფიო საერთონაციონალური პროექტი – არა «სტაბილურობა», არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც გეგმაზომიერად განახორციელეს კიდეც და სწორედ ამ პროექტმა (ჯერ მისმა არსებობამ და შემდეგ, წარმატებით განხორციელებამ) უზრუნველყო სტაბილურობა და სახელმწიფოებრივი მდგრადობა ამ ქვეყნებში.
უკრაინულმა, ქართულმა და იმავე ყირგიზულმა ელიტებმა (და მათ მიერ «კურთხეულმა» ხელისუფლებებმა) კი, ერთის მხრივ, «ლაითდიქტატურათა დაფუძნება» განიზრახეს (ანუ, «სანახევროდ ორსულობა» მოინდომეს) და, იმავე დროს, თავიანთ ხალხებს ვერაფერი შესთავაზეს ნაციონალური პროექტის სახით – ყბადაღებული «სტაბილურობის» გარდა.
სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ დაიწყო საბჭოთა ელიტათა და მისი წარმომადგენელი მმართველი დაჯგუფების თანდათანობითი (მაგრამ განუხრელი და შეუქცევადი) დევალვაციის, დესაკრალიზაციის, დელეგიტიმაციის პროცესი. თანაც, პროცესი (რაც ხაზგასასმელია) ეხებოდა არა მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ ელიტა-ხელისუფლების მიმართებას, რასაც პოლიტოლოგები «რეჟიმს» უწოდებენ. ამიტომაც, საქართველოში დაემხო არა უბრალოდ შევარდნაძის ხელისუფლება, არამედ «შევარდნაძის რეჟიმი», «კუჩმას რეჟიმი» – უკრაინაში, «აკაევის რეჟიმი» და ასე შემდეგ. თვით ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი მმართველობა, რომელიც, ამასთანავე, საზოგადოებას ვერანაირ პროექტს ვერ სთავაზობს სტაბილურობის (მაშასადამე, ფსევდოპროექტის) გარდა, - დროთა განმავლობაში დევალვირდება, სუსტდება, იოლად «დასაჩაგრი» და დასაბრიყვებელი ხდება.
ხანგრძლივი და «უაზრო» მმართველობა სულ უფრო აძლიერებს ანტისახელისუფლებო სტერეოტიპებს; დამაჯერებლობას მატებს ნებისმიერ ანიტსახელისუფლებო არგუმენტს, ნებისმიერი უკმაყოფილო სოციალური სეგმენტის თუ კონკრეტული დაჯგუფების ძალისხმევას; თანადათან ადამბლავებს და აძაბუნებს ბიუროკრატიას, - იმავე «ძალისმიერ ნომენკლატურას», რომელსაც ისღა აღელვებს, როგორ და როდის მოახერხოს ჩაძირვადი გემიდან გადახტომა ან «მომავალ» გემზე გადასვლა («ეს ხომ მაინც წამსვლელია – აბა ცას ხომ არ გამოეკერება?»). დროთა განმავლობაში, საზოგადოებაში აუცილებლად გროვდება ნეგატიური სოციალური მუხტი – თანაც განურჩევლად იმისა, იგი უმცირესობის მახასიათებელია თუ უმრავლესობისა – სოციალურად უკმაყოფილო უმცირესობა ასეთ დროს აქტიურია, ხოლო კმაყოფილი (თუნდაც) უმრავლესობა – პასიური.
(აქვე: გია ნოდიამ ძალიან ზუსტად შენიშნა, რომ შევარდნაძის ეპოქაში «კორუფცია» დაერქვა(!) ხელისუფლების ინსტიტუციურ სისუსტეს. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ «კორუფცია» დაერქვა აგრეთვე ქონებრივ უთანასწორობას და კორუფცია დაერქვა თვით უძრაობას, ანუ, იმავე სტაბილურობას)
დროთა განმავლობაში, ამგვარი რეჟიმი სულ უფრო იხრწნება, სულ ნაკლებ ქმედუნარიანი ხდება; თანდათან ნებისმიერი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების ეშინია და არ შეუძლია ადეკვატურად უპასუხოს თუნდაც ძალზე არამართლზომიერ ქმედებას; დროთა განმავლობაში «აჩვევენ ენას» და «კარგავენ რიდს», - მისი დაცინვა, აბუჩად აგდება, «დაჩმორება» ჩვეულებრივი ამბავი ხდება; საბოლოოდ იკვრება «ჩაკეტილი წრე» - ხელისუფლების არაქმედუნარიანობასა და მდგომარეობის განუხრელ გაუარესებას შორის. სწორედ ამიტომ და ასე «დალპა», «გაუცხოვდა» თანდათანობით შევარდნაძის რეჟიმი, ასლან აბაშიძის რეჟიმი აჭარაში, კუჩმასა და აკაევის რეჟიმები.
თავისი მმართველობის ბოლოს ეს რეჟიმები სრულიად არალეგიტიმურნი იყვნენ. ოღონდ, როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების «დელეგიტიმაციაზე», უნდა ვიგულისხმოთ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმურობა. იურიდიული თვალსაზრისით, ასეთი რეჟიმი რაოდენ ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური დელეგიტიმაცია თავისთავად ქმნის რევოლუციური პროცესის წარმოშობის წინაპირობას. ამგვარი პროცესის დაწყების შემდეგ კი, საკითხს წყვეტს არა «უმრავლესობა-უმცირესობა», არამედ ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგის ხელთ არსებული რესურსების ხარისხი და ოდენობა.
რევოლუციის წარმატებისათვის ნამდვილად არ არის აუცილებელი, მას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდეს მხარს. მაგალითად, 2002-2003 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ შეიძლება დახასიათდეს, როგორც «გულგრილი ზიზღი». თუმცა, ეს უმრავლესობა სულაც არ იყო მზად, «თავი შეეწუხებინა», წვიმასა და სიცივეში მდგარიყო რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, მას აშკარად ეშინოდა ცვლილებების, რადგან ისევ «შეჩვეული ჭირი» ერჩია და არც ალეტრნატივა მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც – იმავე მიზეზის გამო: რაკი ცვლილებების ეშინოდა.
მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ «სულ რაღაც 50 ათასმა ადამიანმა, ვინც რუსთაველზე 22-23 ნოემბერს შეიკრიბა – გადაწყვიტა ერის ბედი» - დიახაც ორმოცდაათი ან ასი ათასი ადამიანი, ხელისუფლების დელეგიტიმაციის პირობებში, უფლებამოსილი ხდება, რევოლუციური ძალისხმევით შეცვალოს ხელისუფლება და თვით რეჟიმიც.
ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა.
ხელისუფლების დელეგიტიმაცია (რაც ვიმეორებ, უაზრო მმართველობის ხანგრძლივობითაა განპირობებული) აყალიბებს ვითარებას, როდესაც აღარავის რჩება არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუნდაც არაკონსტიტუციური მეთოდებით.
დავაკვირდეთ: ასლან აბაშიძის რეჟიმის რეალური დელეგიტიმაცია მაშინ დაიწყო, როდესაც მან მამუკა გიორგაძე და ვახტანგ რჩეულიშვილი, მუხრან მაჭავარიანი და ჯუმბერ პატიაშვილი ერთ საარჩევნო ბლოკში გაიერთიანა. შემდეგ, თანაბლოკელი პატიაშვილის ნაცვლად, 2000 წლის არჩევნებში ისევ ედუარდ შევარდნაძეს დაუჭირა მხარი. ამით აღიარა, რომ თავად კონკრეტული «პროექტი» არ გააჩნდა. უფრო სწორედ პროექტი (აჭარის სეპარატიზება) როგორ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პროექტის ღიად განცხადება, გამოქვეყნება (და ამ გზით თავისი ხელისუფლების ლეგიტიმიზება), ბუნებრივია, ჯერ არ სურდა.
მაშინ ასლან აბაშიძეს ჯერ კიდევ ყოვლისშემძლედ მიაჩნდა თავი, რაკი ნამდვილად არ ეყოფოდა ინტელექტი მიმხვდარიყო, რომ კონკრეტული «პროექტისა» და პოზიციის არარსებობა საბოლოოდ გააკოტრებდა მომხრეთა თვალშიც კი. ალბათ თვითონ უკვირდა მოგვიანებით – რატომ არ გამოვიდა ასეულობით ათასი აჭარელი მის დასახმარებლად და რატომ მისცა საშუალება 20-30 ათას აჭარელ (და თბილისელ) ახალგაზრდას, იგი ლუი-14 სტილში გაწყობილი რეზიდენციიდან გაეძევებინათ.
ალბათ დღემდე უკვირს, რაკი დარწმუნებულია (ამაში არ ცდება), რომ აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სახლში, ტელევიზორთან, სევდიანად ადევნებდა თვალს «მცირე ბაბუს» გაპანღურებას. არადა, ხელისუფლების დელეგიტიმაციის პირობებში, მთავარი ფაქტორი პასიურ («უკვე ხელჩაქნეულ») მომხრეთა ოდენობა კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენადაა მზად ეს (თუნდაც) უმრავლესობა – რეალურად იმოქმედოს(!) რევოლუციური უმცირესობის ძალისხმევის პასუხად.
ზვიად გამსახურდიას დასაცავად, 1991-1992 წლებში ათასობით უიარაღო ზვიადისტი «ტყვიაზე მიდიოდა». იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, რომელსაც მკაფიო ნაციონალური პროექტი (საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება) ჰქონდა და სულ რამდენიმე თვე თუ გააჩნდა ამ პროექტის განხორციელების უნარის დასადასტურებლად – რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლეგიტიმური იყო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე 2003 წლის შევარდნაძე და 2004 წლის ასლან აბაშიძე.
ამიტომაც მოჰყვა ხელისუფლების დამხობას 1991 წელს საზარელი სისხლისღვრა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია ამას 2003-2004 წლებში, როდესაც ხელისუფლება უკვე «გაკოტრებული» (ანუ საბოლოოდ დელეგიტიმიზებული) აღმოჩნდა.
ხელისუფლების დელეგიტიმაცია აუცილებლად წარმოშობს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაიწყებს პოზიციონირებას, როგორც არსებული რეჟიმის თვისებრივი ალტერნატივა. თვისებრივი ალტერნატივეს განხორციელება კი მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზითაა შეასძლებელი. ამიტომ არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა უკრაინელებისათვის, «მიდიოდა» თუ არა ლეონიდ კუჩმა - «მეიდანზე» შეკრებილი ადამიანები ებრძოდნენ არა პირადად კუჩმას, არამედ მთლიანად, მის რეჟიმს, ანუ დელეგიტიმიზებულ ელიტას, რომელსაც იგი ისევე განასახიერებდა, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი.
მაგრამ დელეგიტიმაცია ჯერ კიდევ მექანიკურად არ განაპირობებს ხელისუფლების დამხობას ანუ რევოლუციის წარმატებას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ოღონდ აუცილებელია უამრავი სხვა ფაქტორის ურთიერთქმედება – დაწყებული ისეთი ვითომდაც «სულელური წვრილმანებით», როგორიცაა ვთქვათ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ფიზიკურად ფეხის მოკიდების შესაძლებლობა ან ოპოზიციურ (თუ ხელისუფლების მხარდამჭერ) მიტინგზე გამოსულ საესტრადო ვარსვლავთა პოპულარობა, - დამთავრებული ქარიზმატული ლიდერის არსებობა-არარსებობით, საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის ზოგადი პასიონარულობის დონით, ხელისუფლების დამცვლი ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმით, მეზობელი ქვეყნების პოზიციით, ხელისუფლების მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ინტელიგენციის ავტორიტეტით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სწორედ სხვადასხვა «წონადობის» ამ «პრო» და «კონტრა» ფაქტორთა შეჯერებით გვრჩება «მშრალი ანგარიშით» უმთავრესი – რევოლუციური პროცესის შედეგი.
განახლების სულისკვეთება
რევოლუციური ტალღის შედეგად დამხობილ საბჭოურ ელიტებს (ისინი «პოსტსაბჭოურად» იქცნენ მხოლოდ იმის შედეგად, რომ «პრიხვატიზებული» კაპიტალით გაზავდნენ) ის ანათესავებთ, რომ ვერ შექმნეს ქვეყანაში განახლების, წინსვლის, განვითარების ატმოსფერო(!!!).
მოსახლეობისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მშრალი ციფრები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ სწორედ ეს ატმოსფერო, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმურობის ყოვლად აუცილებელი პირობაა. »უაზრო» მმართველობით «ჩამყაყებულ» ატმოსფეროში ბუნებრივად ჩნდება ადამიანთა მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელსაც უბრალოდ «სული ეხუთება» და «ოღონდ ეს უძრაობის ხანა დამთავრდეს და – რაც უნდა მოხდეს».
რამდენიც არ უნდა ელაპარაკა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ «ერთ სულზე მშპ-ს შეფარდება ამდენი და ამდენი პროცენტით გაიზარდა», რომ «პენსიები გაოთხმაგდა», რომ «საწვავ-საპოხი მასალების ფასმა იკლო და მშრომელებს მეტი საშუალება აქვს საგაზაფხულო სამუშაოთა საწარმოებლად» – ეს ყოველივე იქ სრული სიმართლე იყო, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. შედარებაც კი შეუძლებელია ცხოვრების დონისა, რომელიც უკრაინასა და საქართველოში არსებობდა შევარდნაძისა და კუჩმას მმართველობის ბოლოს. მაგრამ ეს არაა საკმარისი – მასის ფსიქოლოგია ისეთნაირად არის მოწყობილი, რომ იგი მხოლოდ იმას თვლის ლეგიტიმურად, იმას «აღიარებს» იმას მიიჩნევს რეალურად, რასაც თვალნათლივ ხედავს, რასაც შეუძლია «ხელით შეეხოს». ამიტომ, ხსენებული ატმოსფეროს შესაქმნელად არა მხოლოდ რეალური ეკონომიკური წინსვლაა საჭირო ან თუნდაც სოციალური პრობლემების გადაწყვეტა (რასაც, ისევ და ისევ ვიმეორებ, კუჩმა-იანუკოვიჩის ხელისუფლებაც წარმატებით ახერხებდა უკრაინაში) არამედ ხელისუფლების უნარი, თანამედროვე «პი-არ» ტექნოლოგიების მეშვეობით, აქციოს მოსახლეობა ამ პროცესთა უშუალო თანამონაწილედ, შექმნას ერთგვარი «სინერგეტიკული კავშირი» ხელისუფლებასა და ხალხს შორის, უპასუხოს იმპულსებს, რომელიც არა უპირატესად ელიტიდან, არამედ ხალხის წიაღიდან მოდის, ყოველდღიურად დაადასტუროს ხელისუფლების «აქტიურობა», «ქმედითობა» და «ხალხურობა» თუნდაც იმგვარი ჟესტებით, რაც კუდაბზიკა და ქრონიკულად კრიტიკანული ინტელიგენციის მედიდურ უკმაყოფილებას იწვევს. ვთქვათ ისეთი დემარშებითაც კი, როგორიცაა თბილისის ფასადთა სამღებრო სამუშაოებში მონაწილეობა, ან «ერისა და პარლამენტისადმი» მიმართვის დაწერა არა ინტელექტუალთა ვიწრო წრისათვის, არამედ ხალხისათვის გასაგებ(!) ენაზე.
როგორც არ უნდა აღიზიანებდეს ეს ყოველივე ხსენებულ წრეს, რა ისტერიკებშიც უნდა იკრუნჩხებოდეს იგი რისხვითა და გაკიცხვით, რამდენიც არ უნდა იძახოს «მალიარი ხარ ბიჭო?!», «ზაპრავშჩიკი ხარ ბიჭო?!!!» – ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ამ პაროქსიზმებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, ვინაიდან უმთავრესი ამოცანა სწორედ «ჭაობისა» და «უძრაობის», ანუ ხელისუფლების გაუცხოების ატმოსფეროს რეციდივთა ყოველდღიური(!) განადგურებაა. ბუნებრივია, ამის უნარი და საშუალება მხოლოდ ლეგიტიმურ ხელისუფლებას აქვს, თორემ ედუარდ შევარდნაძე რომ სენაკში ბოჩოლებს ეფერებოდა – უკვე გვიან იყო.
ეს ყოველივე მით უფრო აქტუალურია, როდესაც ხელისუფლებას საქმე აქვს «ჰომო სოვიეტიკუსთან», რომელსაც, ძველი ინერციით, დღემდე ჰგონია, რომ ხელისუფლების პირდაპირი დანიშნულება კონკრეტულად მისი ცხოვრების გაუმჯობესებაა.
იმავე მენტალობის კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ მისი მატარებელი ადამიანის აზრით, ცხოვრება რაღაცას უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს და უფრო მეტს ემსახურებოდეს, ვიდრე ცხოვრებას. ეს ძალზე ნიშანდობლივია: თანამედროვე დაასვლური ცივილიზაცია, სიღრმისეულად უკვე იმ «ობივატელის» ცივილიზაციაა, რომლის აღქმითაც, ცხოვრება უბრალოდ ცხოვრებას ნიშნავს და მეტს არაფერს.
სწორედაც არაფერია ამქვეყნად ამ დიად «ტაფტოლოგიაზე» კეთილშობილი და ბუნებრივი – მას ეფუძნება (ვიმეორებ) თანამედროვე სამყარო; სწორედ იგი სძენს მას მდგრადობასა და განვითარების პერსპექტივას.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მაშასადამე, ისევ და ისევ ვუბრუნდებით «ჭაობის შემოქმედი» ხელისუფლების განუხრელი დელეგიტიმაციისა და გარდაუვალ შედეგების პრობლემას.
ადამიანები, რომლებიც «აქა დგანან, სხვაგვარად არ ძალუძთ» და სწორედ რევოლუციების დროს გამოდიან «ჩრდილიდან» - ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე სწრაფად განვითარებად, წარმატებულ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდნენ. ეს სოციოფსიქოლოგიური ფენომენია, მაგრამ ამ კატეგორიას მხოლოდ დელეგიტიმიზებული ხელისუფლების პირობებში შეუძლია ასპარეზზე გამოსვლა. მით უმეტეს წარმატების მიღწევა და წადილის განხორციელება.
მეორეს მხრივ, დელეგიტიმიზებული ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა მეთოდით ხდება ანტისახელისუფლებო ქმედების ლეგიტიმაცია. ანუ იწყება არა მხოლოდ მოწინააღმდეგე რესურსთა, არამედ ლეგიტიმურობის ხარისხთა ჭიდილი. იმ აზრით, რომ რამდენადაც დელეგიტიმიზებულია ხელისუფლება, მით უფრო იზრდება ანტისახელისუფლებო (თუნდაც არაკონსტიტუციური!) ქმედების ლეგიტიმურობა.
მაგალითად, ის, რომ კათალიკოს პატრიარქი არ მივიდა 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის სხდომაზე, ან მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდნენ ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღიარებული იყო არჩევნების გაყალბების ფაქტი, - უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების დელეგიტიმაციას განაპირობებდა, არამედ პოლიტიკურ ლეგიტიმურობას მატებდა ანტისახელისუფლებო ძალისხმევას – მათ შორის პარლამენტიდან იქ შეკრებილი კამარილიის გარეკვას.
პროექტი «მემკვიდრე»
ისმის კითხვა: თუ ასეა, რატომ არ მოჰყვა ანალოგიური შედეგი ალიევების მმართველობას აზერბაიჯანში და რატომ შეძლეს მათ პროექტ «მემკვიდრის» განხორციელება? დელეგიტიმაციის პროცესი იქაც მიმდინარეობდა, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ ჰეიდარ ალიევმა, ჯერ ერთი, თავის ერს კონკრეტული პროექტი (ყარაბაღის დაბრუნება) შესთავაზა და, რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად შეძლო ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ვითარება ქვეყანაში თვალსაჩინოდ, დღითი დღე უმჯობესდებოდა, რაც ქვეყნის მოძლიერებად და ხსენებული პროექტის თანდათანობით განხორციელებად აღიქმებოდა.
თავის მხრივ, ამის საშუალება ალიევებს, რა თქმა უნდა, დასავლურმა «ნავთობდოლარებმა» მისცეს. 1994 წლიდან - 2003 წლამდე აზერბაიჯანში ინვესტიციათა ოდენობამ ჩვენთვის ფანტასტიკური თანხა – 15 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვერც ერთი აზერბაიჯანელი (მით უმეტეს ბაქოელი, არადა რევოლუციის ბედს დედაქალაქი წყვეტს) ვერ იტყვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ უმჯებესდებოდა, გზები არ იგებოდა, სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა, ხელფასები თუ პენსიები არ იზრდებოდა და დროულად არ რიგდებოდა, 24 საათიანი ელექტრომომარაგება ვერ ხერხდებოდა და ასე შემდეგ.
თითქოს ეს დებულება ეწინააღმდეგება ზემოთთქმულს – უკრაინაში უკეთესი სოციალური ვითარების თაობაზე პრემიერ იანუკოვიჩის მმართველობისას. მაგრამ ისევ და ისევ: საუბარია არა სოციალურად უკმაყოფილო სეგმენტის ოდენობაზე, არამედ კონკრეტული ნაციონალური პროექტის არარსებობაზე, რამაც უკრაინაში (განსხვავებით აზერბაიჯანისაგან) ლეგიტიმურობა მიანიჭა ნეგატიური (ოპოზიციური) მუხტის მატარებელი ფენის ამბოხს.
განა ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს აქვს საერთონაციონალური პროექტი? დიახ, აქვს – რუსეთთან ინტეგრაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელია ბელორუსთა უმცირესობისათვის (იმდენად, რომ თავსაც გაწირავენ საწინააღმდეგოდ) და სავსებით მისაღებია ბელორუსთა უმრავლესობისათვის, რომელთაც თავის გაწირვა არ დასჭირდებათ, ვინაიდან ხსენებული უმცირესობის წევრებმა კარგად იციან, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამცველი შეიარაღებული ძალები, «რამე რომ იყოს», ჰაერში სროლას როდი დაიწყებენ.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მთელი ამ დისკურსის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, რომელიც ნებისმიერი ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფოს «სასინჯი ქვაა». ამგვარი მექანიზმის არსებობა, ბუნებრივია, ელიტას საშუალებას მისცემს, არ დაუშვას საზოგადოებაში ნეგატიური მასის იმ ოდენობით დაგროვება, რომ ამან «ორთქლის გამოშვებამდე» გამოიწვიოს გარესისტემური მოქმედების ლეგიტიმაცია.
ურყევი კანონზომიერების მაჩვენებელია, რომ სამივე რევოლუცია არჩევნების შემდეგ მოხდა. ეს კანონზომიერება ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოზე, უკრაინასა და ყირგიზეთზე, არამედ აფხაზეთზე (არძინბასაგან განსხვავებით, ბაღაფშმა ერს რეალობის შესაბამისი ახალი პროექტი შესთავაზა), აზერბაიჯანზე და მოლდოვაზე, რომლის ხელისუფლებამ საქართველოს მეშვეობით შეინარჩუნა ლეგიტიმურობა. ანუ იმით, რომ მიხეილ საკაშვილის დახმარებით დაადასტურა, - აქვს საერთონაციონალური პროექტი რუსეთთან საბოლოო გამიჯვნისა და რუმინეთთან დაჩქარებული ინტეგრაციის სახით.
არჩევნები ერთგვარი «ძალაუფლებრივი წყვეტაა», როდესაც ხელისუფლება, თუ შეიძლება ასე ითქვას, «ჰაერში ეკიდება», - ყველაზე მოწყვლადი და არასტაბილური ხდება. დასავლეთის დემოკრატიათა ძლევამოსილება სწორედ ამ მექანიზმის თითქმის უცდომელ და შვეიცარული საათივით სტაბილურ ფუნქციონირებაში მდგომარეობს. მაგრამ ეს უძვირფასესი მექანიზმი პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივ სისტემათა მდგრადობის განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს მოითხოვს. დაახლოებით ისეთს, როგორიც ბალტიის ქვეყნებმა გამოამჟღავნეს – ევროპულ იდენტობასა და კულტურულ ტრადიციებზე დაყრდნობით.
ყველა სხვა საბჭოთა ელიტამ კი, ამა თუ იმ ფორმით, პროექტ «პირდაპირი მემკვიდრის» განხორციელება სცადა. ზოგან წარმატებით, ზოგან – წარუმატებლად. მაგალითად, უკრაინაში - წარუმატებლად, აზერბაიჯანში – დიდი წარმატებით. მიზეზის თაობაზე მოგახსენეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტი «მემკვიდრე» არანაკლები წარმატებით განახორციელა ბორის ელცინმა. თანაც არა მხოლოდ იმის შედეგად, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანას მკაფიო ნაციონალური პროექტი შესთავაზა (სახელმწიფოს მიმართ არალოიალური ოლიგარქიის განადგურება, ჩეჩნური სეპარატიზმის გასრესა და რუსული დერჟავის აღორძინება), არამედ, რაც უფრო საინტერესოა, იმიტომაც, რომ ვლადიმერ პუტინი ერთდროულად მემკვიდრეც იყო და, იმავდროულად, ელცინის თვისებრივი ალტერნატივაც! ყოველ შემთხვევაში მასობრივი აღქმით.
დაახლოებით ასეთივე პროექტი, 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ქართული საბჭოთა ელიტის ნაწილმა შევარდნაძესაც შესთავაზა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იგი უარყო, ვინაიდან ძალაუფლება საერთოდ არავისთვის ეთმობოდა – მათ შორის არც «ბავშვობის მეგობრის» ქალიშვილისათვის.
აქვე: ხელისუფლებათა ცვლა არ არის ისეთი მარტივი პრობლემა, როგორც ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატებს» ეჩვენებათ. მხოლოდ მათ შეიძლება ეგონოთ, რომ თითქოს «ტრადიციული დემოკრატიის» ქვეყნებში «პროექტი მემკვიდრე» არ ხორციელდება. სინამდვილეში იგი ხორციელდება იმ აზრით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უზრუნველყოფენ სახელმწიფო კურსის მემკვიდრეობითობას. ამ სისტემაში, სტრატეგიული თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვთქვათ, ამერიკაში ჯონ კერი გაიმარჯვებს თუ ჯორჯ ბუში – სახელმწიფოებრივი კურსის მდგრადობა (მემკვიდრეობითობა) მაინც შენარჩუნებულია.
მაგრამ პოსტსაბჭოურ რეალობაში ეს ასე არ არის და ვერც იქნება. არჩევნებისას კვლავინდებურად წყდება არა ტაქტიკური (როგორც, მაგალითად თანამედროვე ბრიტანელ კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს შორის არჩევანის დროს), არამედ სტრატეგიული საკითხები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში არჩევნები ერთი და იმავე ღირებულებისა და ორიენტაციის მატარებელი ელიტის წიაღში ტარდება მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოურ რეალობაში, არჩევნებში მონაწილეობს აბსოლუტურად საპირისპირო ვექტორის მატარებელი, კარდინალურად ურთიერთსაწინააღმდეგო დოქტრინის გამომხატველი დაჯგუფებები. ამიტომ, ყოველი არჩევნები აიეტისა და ფარტაძის პაექრობას ემსგავსება, როდესაც უნდა გადაწყდეს, თუ «რა გზას დაადგება ქვეყანა, გადარჩება თუ არა იგი» და ასე შემდეგ.
კი მაგრამ, ხომ არ შეიძლება ქვეყანა და საზოგადოება ყოველი არჩევნებისას იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც, მაგალითად, იმყოფებოდა კიევის რუსეთი «ვლადიმერ კრასნოე სოლნცეს» დროს, როცა წყდებოდა საკითხი, რუსეთი ქრისტიანობას მიიღებდა თუ ისლამს?!
აქვე: რუსული სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი კრიზისის მაჩვენებლია, რომ ეს ვეებერთელა ქვეყანა 1996 წელს კვლავ დაახლოებით ასეთივე კარდინალური არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. კიდევ კარგი, ბორის ელცინმა, თავისუფალი სამყაროს იმდროინდელი ლიდერის, ბილ კლინტონის მიერ გამოგზავნილი ფი-არ ჯგუფისა და საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება შეძლო.
მაშასადამე, საქართველოში რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ (მას შემდეგ) თუ გახდება მიზანშეწონილი, როდესაც, ბოლოს და ბოლოს საზოგადოება მართლაც შეთანხმდება ძირითად ღირებულებებსა და ორიენტირებზე. ანუ, მოხდება ქვეყნის რეალური მოდერნიზაცია ისე, რომ დღევანდელი სახით «ლეიბორისტები», «იგორ გიორგაძისტები» და «ასლანისტები» თუ «მამა ბასილისტები» მართლა მარგინალებად იქცევიან და არა ანგარიშგასაწევ ალტერნატივად, როგორებიც (მოგვწონს თუ არა) დღეს არიან.
აქვე: გამაოგნებელია, როდესაც გესმის უსასრულოდ ბრიყვული საუბრები იმის შესახებ, რომ «რა ბედნიერება იქნებოდა, თუ საქართველოში პრეზიდენტს ავირჩევთ არა 87, 93 ან 96, არამედ 51 პროცენტით».
კი, რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერება იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ქართველი (!) პოლიტიკოსი, ვინც არჩევნებში 49 პროცენტს მიიღებს, შედეგებს, რა თქმა უნდა, უმალვე აღიარებს, «ბედს შეურიგდება», დამარცხებას პიროვნული ღირსების შელახვად არ აღიქვამს, არჩევნებს «გაყალბებულად» არ გამოაცხადებს, მრავალრიცხოვან მომხრეებს «უზურპატორის» წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, სამოქალაქო ომს არ გააჩაღებს, აპოკალიფსისებრ უბედურებას არ დაგვატეხს თავს და ქვეყანას არ დააქცევს.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ბუნებრივია, ეს არგუმენტაცია ბევრს არ ეპიტნავება საქართველოში. მათ შორის, უპირველესად, იმ მეტად საინტერესო დაჯგუფებას, რომელსაც «სამოქალაქო საზოგადოებას» უწოდებენ და რომელიც ჩვენს ქვეყანაში «საერთო-საკაცობრიო ღირებულებათა» ერთგულების უმთავრეს პედაგოგ-შემფასებლად მიიჩნევა.
აქვე: სხვათა შორის, ის, რასაც ჩვენში «საერთოსაკაცობრიო ღირებულებებს» უწოდებენ, სინამდვილეში არის არა «საერთოსაკაცობრიო,» არამედ ევროპული ღირებულებები. ამ ღირებულებებს მსოფლიოში ბევრი იზიარებს.
არსებობს, რასაკვირველია, საერთოსაკაცობრიო ღირებულებებიც, მაგრამ ეს ბევრად ფართო ცნებაა, ვინაიდან მრავალი მათგანის ერთადერთი სამშობლო ევროპა სულაც არ არის.
რაც შეეხება «სამოქალაქო საზოგადოებას», ეს ტერმინი, პირველად ვაცლავ ჰაველმა გამოიყენა ერთ-ერთ გამოსვლაში. (ოღონდ, არა იმ გამოსვლაში, 1999 წელს, რომელშიც, დასავლეთს მოუწოდებდა, ევროკავშირში ყოფილ სსრკ რესპუბლიკებს ნუღარ მივიღებთ - მთლად «გაეროს» ნუ დავემსგავსებითო).
იგი გულისხმობდა აქტიურ სოციუმს. თანაც, არასტრუქტურიზებულს, ვინაიდან სტრუქტურიზება და ინსტიტუირება თავისთავად ეწინააღმდეგება ამ ცნების არსს. ამიტომაც არ შეიძლება «სამოქალაქო საზოგადოება» ეწოდოს ჩვენებურ «ენჯეოშნიკთა» ნაკრებს, რაკი ეს ტერმინი («სამოქალაქო საზოგადოება») მდგომარეობას ასახავს და არა საგანს.
ამდენად, შინნაზარდი «სამოქალაქო საზოგადოება» რეალურად სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი პარტია – ოღონდ სავსებით განსაკუთრებული ამბიციითა და პრეტენზიით. ამ პარტიის წევრებს გონიათ (სწორედ აქედან მომდინარეობს მათი «გონორი»), რომ ღირებულებებს ქმნიან და იცავენ. სინამდვილეში კი, როგორც საქართველოს უახლესი ისტორია უტყუარად ადასტურებს, ისინი ღირებულებებს კი არ ქმნიან, არამედ პოლიტიკურ დომინანტებს.
ხოლო პოლიტიკა, ნორმალურ ქვეყანაში, «მოდური დიზაინერების», «ძველი ბიჭი – მომპარავი» მომღერლების, «ფოტოგენური მწერლების», «ბოჰემური პოეტებისა» და თვითინტრონიზებული კლინიკური იდიოტების სამოქმედო ასპარეზი არ უნდა იყოს.
მადლობა ღმერთს, საქართველოს პრეზიდენტი მათ ჭკუაზე არ დადის.
ისინი რომ სინამდვილეში (მათდაუნებურად) პოლიტიკურ დომინანტებს ქმნიან (იცავენ) და არა ღირებულებებს, ძალიან იოლი დასამტკიცებელია. მაგალითად, თავად აცხადებენ, რომ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უდიდეს ღირებულებად მიაჩნიათ. გულისამაჩუყებელ სენტენციებსაც აფრქვევენ «ადამიანის წმიდათაწმიდა უფლების შესახებ, - ჰქონდეს საარჩევნო ბიულეტენი». თავსაც გაწირავენ თითქოს ამ ღირებულების დასაცავად და ასე შემდეგ.
მაგრამ საკმარისია კითხვა შეუტრიალო: «თანახმა იქნებით თუ არა, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში შალვა ნათელაშვილი და მისი ე.წ. «ლეიბორისტები» მოვიდნენ?» – ქვას ააგდებენ და თავს შეუშვერენ. ან მოჰყვებიან უღიმღამო დემაგოგიას, რომ «ქართველი ხალხი მათ არ აირჩევს».
არ აირჩევს, ვინაიდან თურმე ქართველ ერს ისე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი ლიბერალური ფასეულობები, რომ სოფელ მაჩხაანში, ბოლო დროს, «დედმამიშვილების» სადღეგრძელომდე ჯონ ლოკის სადღეგრძელოს სვამენ.
ან კითხვა იმავე დისკურსში – თანახმა ხართ თუ არა, რამდენიმე წლის შემდეგ აჭარის მოსახლეობამ თუ არა თვით ასლან აბაშიძე, მაშინ მისი სეპარატისტული ხროვის რომელიმე წარმომადგენელი ან იმავე კურსის გამგრძელებელი აირჩიოს?
«უჰ, მაგათ ვინღა აირჩევსო?!» - გეგონოთ!!!
ხომ უეჭველია, რომ შალვა ნათელაშვილის «ლეიბორისტებს» 2 ნოემბრის არჩევნებში ასეულობით ათასმა ადამიანმა მართლაც მისცა ხმა. მაშ რატომ იყო (არადა, ნამდვილად იყო!-ნ.ი) სამართლიანი მათი პარლამენტიდან გაპანღურება? იმიტომ, რომ ამ კატეგორიის ყოფნა პარლამენტში ხელს შეუშლიდა ქმედითი (რეფორმისტული, ქვეყნის მოდერნიზების უნარის მქონე) ხელისუფლების ჩამოყალიბებას.
ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ის ხალხი, ვინც გაუთავებლად მოითხოვს პოლიტიკაში მიზანშეწონილობის პრინციპის უგულებელყოფას, - თავად ვერ ამჩნევს, რამდენად ეწინააღმდეგება მათი კონკრეტული პოზიცია მათ მიერვე დეკლარირებულ ღირებულებებს.
მათი ლოგიკით გამოდის, რომ 90-იან წლებში, რამდენჯერმე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ქართველ ერს წაერთვა წმიდათაწმიდა უფლება, განეხორციელებინა თავისი მრავალწლიანი ოცნება და საქართველოს პრეზიდენტად ჯუმბერ პატიაშვილი აერჩია. ანუ, «გაშლილი დროშებით», ამაყად დაბრუნებულიყო წარსულში.
ხუმრობა იქით იყოს და, სინამდვილეში, ხელისუფლების ლეგიტიმურობას მის მიერ ქვეყნისთვის შეთავაზებული პროექტის არსი განაპირობებს და არა ბეჭედდასმული ქაღალდი ან ბრბოს ცვალებადი მხარდაჭერა. შევარდნაძის ხელისუფლება არალეგიტიმური გახდა არა იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.
ხოლო ნოემბრის რევოლუციას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის შედეგად მოხერხდებოდა ქვეყნის მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია კი იძულებით განსახორციელებელი პროექტია! მით უმეტეს საქართველოში.
და მაინც, მიუხედავად ამ მარტივი ჭეშმარიტებისა, კაპასი სიჯიუტით მოითხოვენ, მაგალითად, თბილისის მერის პირდაპირი კენჭისყრით არჩევას, რაკი გონიათ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ათეულობით ათასმა ადამიანმა, მტკივნეული, თუმცა აუცილებელი რეფორმების შედეგად სამუშაო ადგილი (უფრო ზუსტად შემოსავალი) დაკარგა – თბილისის მერი (სახელმწიფოში, რეალური გავლენით, მეორე პირი) ისეთი პიროვნება არ გახდება, რომელიც, სამოქალაქო ომის პროვოცირებით, ქვეყნის მოდერნიზაციის ყოველგვარ პროექტს დაასამარებს.
ამ გზით, სულ მალე დავბრუნდებით ისევ იმ პლიურალისტურ მარაზმში, რომელშიც ვცხოვრობდით, - განვითარებისა და წინსვლის ყოველგვარი პექრსპექტივის გარეშე.
ხელისუფლება და იმედი
აბსოლუტურად არანორმალური და არადემოკრატიულია, როდესაც პრესის ფურცლებზე ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრი არ ჩანს. მაგრამ მკითხველი დამეთანხმოს, რომ ასევე არანორმალურია დადებითი აზრის არარსებობაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უდიდესი დამსახურება და მისი ლეგიტიმურობის უმთავრესი წყარო ის არის, რომ მან ქვეყანას შესთავაზა მკაფიო საერთონაციონალური პროექტი: ქვეყნის მოდერნიზება, - მისი (მიზანშეწონილი ხარისხით) ვესტერნიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების განმტკიცების გზით. ბუნებრივია, იგულისხმება ამ სტრუქტურების დემოკრატიული უზრუნველყოფაც.
პროექტის შემადგენელია, მათ შორის, რუსეთის ჯარების გაყვანა, ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, არსებითი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
მისი განუყოფელი ნაწილია, აგრეთვე, საზოგადოებაში ახალი ღირებულებების მიზანმიმართული დანერგვა. მათ შორის იმ ღირებულებებისა, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზოგიერთ ტრადიციულ (და განვითარების შემაფერხებელ) ღირებულებას.
ყველა ამ პირობის (ოღონდ, უკლებლივ ყველა პირობის!) შესრულების გარეშე, საქართველოს «ევროატლანტიკური ინტეგრაცია» ქიმერა და ზღაპარია.
აჭარის «შემომტკიცებით», ბიუჯეტის არსებითად გაზრდით და განათლების სფეროში თვით რევოლუციის მნიშვნელობის ტოლფასი რეფორმის გატარებით, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პროექტის არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ მისი ეტაპობრივი განხორციელებაც.
აქვე: როდესაც დასავლეთში, შევარდნაძის მმართველობისას, საუბრობდნენ საქართველოზე, როგორც «არშემდგარ სახელმწიფოზე», გულისხმობდნენ არა მხოლოდ და არა იმდენად კორუფციას, რამდენადაც იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა თავისი ტერიტორიის ლამის მეოთხედსა და ზღვისპირეთის 61 პროცენტს.
ბუნებრივია, პროექტის განხორციელება მრავალწლიან ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ პირველი წარმატება უკვე მიღწეულია, რაკი ნამდვილად გაჩნდა იმედი.
საქართველოს ბოლო წლების ისტორია კლასიკურ მაგალითს ქმნის იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოების ცხოველმოქმედების საფუძველი და მთავარი პირობა პერსპექტივის შეგრძნებაა. ადამიანს ხომ, მომავლისა და პერსპექტივის განცდის გარეშე არსებობა არ ძალუძს. ადამიანი – იმედია. იგი ყველაფერს მოითმენს, ყველაფერს აიტანს - უიმედობის გარდა! შესაბამისად, ყოველთვის დაუჭერს მხარს იმას, ვინც იმედის გამართლებით გაახარებს.
ხანგრძლივობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ წინსვლის, სიახლისა და წარმატების შეგრძნებას.
«ცხრა წელი» აქ, რა თქმა უნდა, «პოლიტკორექტული» მინიმუმია და ესოდენ რთული პროექტის განსახორციელებლად არც არის საკმარისი. საბედნიეროდ, საქართველოში არ დაილევა ახალგაზრდობა (ღმერთმა ნუ მოლიოს!), რომელიც, უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში, თანამდევი ჟივილ-ხივილით, ქმედით და წარმატებულ გუნდს ქვეყანაში მუდმივი განახლების, წინსვლისა და გამარჯვების ატმოსფეროს შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
«24 საათი», 27-28 მაისი 2005წ