საერთაშორისო მიმოხილვა. 8 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 დეკემბერი. 2023 წელი

გათავისუფლება 1991 წლის საზღვრებში. მათ შორის ყირიმისა.

უმეროვი ყირიმელი თათარია. მას საკუთარი მოტივაცია აქვს რუსეთს ეომოს, რაკი მისი ბაბუა-ბებია სტალინმა გაასახლა ყირიმიდან ციმბირში 1944 წელს `ნაცისტებთან თანამშრომლობის` საბაბით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ციფრები გამოაქვეყნა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ახალ ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რომელიც მეოთხე თაობისაა და ინოვაციურად ითვლება.

ზოგადად, ჩინეთი ცდილობს დასავლეთს გაუსწროს ამ მეტად პრესტიჟულ სფეროში, რასაც ატომური ენერგეტიკა ჰქვია. 

რუსეთს დიდი ხანია გაუსწრო.

ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მთელი ელექტროენერგიის 10%  გამოიმუშავოს ატომურ ელექტროსადგურებზე 2035 წლისთვის და 18% - 2060 წლისთვის.

ეს ძალიან ბევრია რასაკვირველია, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ მთლიანობაში, მაინც, ატომური ენერგეტიკა კაცობრიობისთვის ჰიდრო და თბურ ენერგეტიკას ვერ ჩაანაცვლებს.

ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ დედამიწაზე ურანის ან სხვა ნუკლეარულად დაშლად ნივთიერების ნაკლებობაა, არამედ სიძვირე ასეთი ელექტროსადგურებისა.

უსაფრთხოება ჯდება მეტისმეტად ძვირი პირველ რიგში. რათა არ განმეორდეს ჩერნობილი და ფუკუსიმა.

ასევე ექსპლუატაციაც ძალიან ძვირია - უამრავი მაღალი კლასის სპეციალისტია მოსამზადებელი.

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წელს უპირველეს ყოვლისა ამ ატომურ ელექტროსადგურზე დასაქმებული პერსონალის დაბალმა კვალიფიკაციამ გამოიწვია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ნეთანიაჰუს გეგმა, რომ ღაზის სექტორში შეიქმნას ე.წ. `ბუფერული ზონა` უსაფრთხოებისა ღაზასა და ისრაელს შორის; იქ შემდეგ ჩასახლდნენ ისრაელის ახალმოსახლეები.

ეს გეგმა თვით ისრაელშიც კრიტიკას იწვევს, რაკი ღაზის სექტორში ასეთი ბუფერული ზონა უკვე არსებობდა და 2005 წელს თვით ისრაელმა (პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა) დაშალა - ებრაელები იმ კიბუცებიდან, რაც ღაზის საზღვარზე იყო, ძალით გამოასახლა.

ისრაელში ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი იმ საშინელებისა, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, არსებული `კედლის` სისუსტე იყო.

ეს კედელი რომ ყოფილიყო დანაღმული მთელს პერიმეტრზე, თხრილებით აღჭურვილი და ა.შ. პალესტინელი (ღაზელი) ტერორისტები ვერ შეძლებდნენ ებრაულ კიბუცებში შეჭრას.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის მიკროდიქტატორის, რამზან კადიროვის ბატალიონმა «Запад-Ахмат» (ახმატ - რამზანის მამის სახელია, რომელიც პუტინმავე ააფეთქა-დ.) რუსეთის ბელგოროდის ოლქში ააფეთქა სარეტრანსლაციო ანძა, რის შედეგადაც ბელგოროდის ოლქის დიდი ნაწილი მობილური და სხვა კავშირგაბმულობის გარეშე დარჩა.

ახლა `ახმატელები` თავს იმართლებენ იმით, რომ ბელგოროდში სწორედ უკრაინელი დივერსანტების საწინააღმდეგოდ გააგზავნეს და რამე ხომ უნდა გაგვეკეთებინა ამ ამოცანის შესასრულებლადო. ესე იგი თვით რუსეთში ააფეთქეს ანძა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა აჩვენეს სიუჟეტი ამერიკული ჯავშანმანქანა M2A2-ODS Bradley-ს შესახებ, რომელიც უკრაინული კონტრშეტევის დროს ნაღმზე აფეთქდა და რუსებმა იგდეს ხელთ.

რუსებმა შეაკეთეს და ახლა პროპაგანდისტულ არხებზე ტრაბახობენ.

ამის პასუხად პენტაგონმა `მხრები აიჩეჩა` - უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად უკრაინამ უამრავი ახალი რუსული იარაღის ნიმუში იგდო ხელთ, ჩვენ გადმოგვცეს შესასწავლად და საამისოდ სპეციალური პროგრამაც გვაქვს, თუმცა ამას პროპაგანდისტულ შოუდ კი არ ვაქცევთო.

აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: რუსები დასავლური ტექნოლოგიის მოპარვას იარაღის სფეროში მუდამ ცდილობდნენ და ცდილობენ. ისევე, როგორც ჩინელები.

ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო ე.წ. `სატანკო ბიათლონის` საერთაშორისო შეჯიბრი.

ბიათლონი, როგორც იცით, ზამთრის სპორტის ერთ-ერთი სახეობაა: ამ `სატანკო ბიათლონის` დროსაც სხვადასხვა ტანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან სისწრაფეში და სიზუსტეში.

მაგრამ რუსულ `სატანკო ბიათლონში` მხოლოდ რუსეთის სატელიტები და კიდევ ჩინეთი მონაწილეობდნენ. ბევრჯერ მიიწვიეს ამერიკელები მათი ტანკებით, გერმანელები მათი ტანკებით, თუმცა მუდამ უარი მიიღეს.

უარის მიზეზი იოლი ასახსნელია: რუსეთის ტერიტორიაზე ამ `სატანკო ბიათლონში` ამერიკელების და ევროპელების შემოტყუებით რუსულ სამხედრო დაზვერვას ტექნოლოგიების მოპარვა სურდა.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტმა` მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს გალის რაიონში მცხოვრებთათვის აფხაზური გვარის მიღებას ანუ ეთნიკური იდენტობის შეცვლას  და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საშუალება, აიღონ ე.წ. `აფხაზური პასპორტი`.

საერთაშორისო სამართლით, ადამიანის ნებისმიერი ფორმით იძულება, შეიცვალოს ეთნიკური იდენტობა, არის გენოციდის ფორმა. თუმცა აფხაზი სეპარატისტები, რუსეთის მხარდაჭერით, ამ პროცესს ახორციელებენ.

ოღონდ  ყველაზე საინტერესო ის გამოდგა, რომ როცა `პარლამენტი` ამ საკითხს განიხილავდა, კანონპროექტის ინიციატორმა,  კან კვარჩიამ განაცხადა: `ძალიან ბევრ აფხაზს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. მათ შორის აფხაზეთის გმირებსაცო`

`აფხაზეთის გმირებად` ითვლებიან 1992-1993 წლის ომის მონაწილენი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ქართული მოსახლეობის მიმართ. ანუ კვარჩია ადასტურებს, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა და ჯიბეში ჩვენი პასპორტი უდევს.

რატომ? საქართველო შეუყვარდათ? რაიმე მოინანიეს? არა რასაკვირველია: საქართველოს პასპორტი აძლევთ საშუალებას , უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში, თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირში და ასე შემდეგ.

ბევრი მათგანი საქართველოში არც ყოფილა, რადგან ვინმემ ხომ შეიძლება იცნოს?

მაშ როგორ აიღეს საქართველოს პასპორტი? ალბათ იმ `დისტანციური სერვისების` მეშვეობით მესამე ქვეყნებიდან, რასაც საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებს.

1996 წელს ვლადისლავ არძინბამ სთხოვა ედუარდ შევარდნაძეს, გაეგზავნა მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ათი ათასი სუფთა ბლანკი. `ჩვენ თვითონ შევავსებთო` - შემოუთვალა.

თბილისში ზოგიერთ `სასარგებლო იდიოტს` იმ დროს  გაუხარდა კიდეც: აფხაზები საქართველოს მოქალაქეობის აღებას დათანხმდნენ, ესე იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენო.

სინამდვილეში კი, არძინბას სურდა საქართველოს პპასპორტები დაერიგებინა იმ აფხაზებისთვის, ვინც მთელს მსოფლიოში ივლიდა აფხაზური სეპარატიზმის იდეის გასავრცელებლად. რუსეთი იმ დროს ჯერ არ არიგებდა რუსულ პასპორტებს აფხაზებისთვის.

საბედნიეროდ, შევარდნაძემ თამაზ ნადარეიშვილს ჰკითხა აზრი და არძინბას პასუხად შეუთვალა: სუფთა ბლანკებს არ გამოგიგზავნით, ვისაც სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მოგვმართოს და ინდივიდუალურად განვიხილავთ საკითხსო.  

ამის შემდეგ არძინბამ და სეპარატისტებმა საკითხისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.

აფხაზ სეპარატისტ დეპუტატ კან კვარჩიას არ დაუსახელებია ვინ არის ის `აფხაზეთის გმირი` ან `გმირები` ვინც აიღო საქართველოს პასპორტი; შესაძლოა ეს თემა დიდი განხეთქილების და დაპირისპირების საგანიც გახდეს აფხაზურ ელიტებში, თუმცა (ვიმეორებ) საქართველოს პასპორტის აღება სეპარატისტთა ლიდერებს მხოლოდ უტილიტარული და მერკანტილური ან პრაგმატული (მათ შორის სეპარატისტული მიზნებისთვის პრაგმატული) მოსაზრებებისთვის სჭირდებათ და ამით საქართველოსთვის ბევრი არაფერი იცვლება.

იმავე სეპარატისტებს რუსეთის პასპორტიც უდევთ ჯიბეში. მაგრამ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ რუსეთის პასპორტი მათთვის პრობლემური გახდაგადაადგილების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხებს ყურადღება არ ექცევა; ისევე, როგორც იმას, რომ სეპარატისტთა დიდი ნაწილი საქართველოდან, - ზუგდიდიდან, თბილისიდან საზრდოობს: ან თვითონ მიაქვთ ყველაფერი რაც სჭირდებათ სეპარატისტული პროექტის მდგრადობისთვის ან გალელ ქართველებს იყენებენ;

ანუ  ენგურის ხიდით ყველაფერი, რაც `სეპარატისტულ სახელმწიფოს` ესაჭიროება, უკონტროლოდ გადადის აფხაზეთში, სადაც ქართველების გენოციდი, ეთნიკური წმენდა და დისკრიმინაცია ხორციელდება.

საპასუხოდ საქართველო იმასაც კი ვერ იღებს, რომ თუნდაც გალის რაიონში ქართველ ბავშვებს ქართულ ენაზე სწავლის საშუალება ჰქონდეთ. `ამ  საკითხს არც კი განვიხილავთო` - გვეუბნებიან.

დღეს გალის რაიონი ქცეულია ქართველების საკონცენტრაციო ბანაკად, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა არის სრულიად უუფლებო - ნაცისტური გერმანიის დროინდელი `ებრაული გეტოების` მსგავსად ევროპის ქალაქებში.