რატომ არ უნდა ამოიღონ სასკოლო პროგრამიდან `დიდოსტატი` და უნდა ამოიღონ `ჯაყოს ხიზნები`.

რატომ არ უნდა ამოიღონ სასკოლო პროგრამიდან `დიდოსტატი` და უნდა ამოიღონ `ჯაყოს ხიზნები`.

აი მართლა არ მესმის, რატომ უნდა ამოიღონ სასკოლო პროგრამიდან კონსტანტინე გამსახურდიას `დიდოსტატის მარჯვენა`?

უკაცრავად და რას აშავებს?

ბავშვებს რას უშავებს?

სიყვარულის და მალბუნი, მთლიანობაში ჯანსაღი პატრიოტული სევდის, სინანულის კეთილშობილი განცდის გარდა რას უტოვებს ბავშვებს?

ეს არის მთავარი კითხვა ხომ?

აბა ჯვარი გვწერია და მის აკრძალვას არავინ მოითხოვს - აქ სასკოლო პროგრამაზეა ლაპარაკი.

ასე ხომ არ შეიძლება არა - ვინმე სტატუსდამკვიდრებულმა რაღაც უჩვეულო თქვას და მთელი კრეატიული კლასის `სვეცკი ჯოგი` ერთხმად აბღავლდეს `უი ეს რა ჭკვიანური და დროული თქვაო`.

ახსნა ხომ უნდა ყველაფერს?

ამოსაღებია?

და რატომ?

ლიტერატორი არა ვარ, მაგრამ ჩემი აზრით გამსახურდიას ტექსტს აქვს საკუთარი, განუმეორებელი სტილი `პროზაული ლექსისა`, საკუთარი ინტონაცია, რომელიც არ გავიწყდება.....გარდა ამისა, პერსონაჟებიც მკაფიოდ გამოკვეთილია:

მახსოვს, დიდი ქალბატონი, დოდო ჯორბენაძე გვეუბნებოდა ბავშვებს, ვინც მასთან ვემზადებოდით: `გიორგი მეფე უარყოფითი პერსონაჟია ხომ თითქოს?.... ჰოდა მკითხველებს უყვართ მაინც...... აბა ამ უცნაურობას დააკვირდითო`.

ჰოდა მე კითხვას ვსვამ: რ ა ტ ო მ?

რას აშავებს და რას უშავებს ეს პროზად დაწერილი რომანტიული და პატრიოტული პოემა ბავშვებს?

ეგება მე ვერ ვხვდები, არ გამოვრიცხავ, ამიხსნას ვინმემ.

და აქვე: სულაც არ მგონია, რომ დაუშვებელია დიდი ნაწარმოების ამოღება სასკოლო პროგრამიდან, იმის მიუხედავად, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს მწერლის ქმნილება.

მაგალითად `ჯაყოს ხიზნები` სასკოლო პროგრამიდან ნამდვილად ამოსაღები იყო!

სწორედ იმიტომ, რომ ალბათ უდიდესი ქართველი პროზაიკოსის უძლიერესი ტექსტია, მაგრამ ბავშვებს ეგზისტენციური ისტორიული კონფლიქტის პირობებში სახიფათო განზოგადოების და შესაბამისი მიდგომის მყარ საზრისულ `ბჯენებს` უქმნის. თან ქსენოფობიური შინაარსის.

ამ ასაკში, როცა იდენტობა და სამოქალაქო პოზიცია ყალიბდება, ეს საშიშია.

და აქვე: იმ ინტერპრეტეციამ, რაც შესაძლოა სრულებით ლეგიტიმური იყო, - თუმცაღა ელიტათა დანიშნულება სახიფათო საზრისთა შეკავებაცაა, - უდიდესი წვლილი შეიტანა ხსენებული ეგზისტენციური კონფლიქტის გაღვივებაში.

და აქ სრულებით უადგილოა (მოდური ტერმინით არარელევანტურია), გულისხმობდა თუ არა ამგვარ ინტერპერტაციას თვით ავტორი.\

ხომ ლიტერატურული `ორჯეორია`, რომ ქმნილება ავტორისგან დამოუკიდებლად არსებობს, როგორც უკვე დაბადებული ადამიანი - მშობლის თვინიერ.

მაგალითად, მე რომ იმ ეროვნების ვყოფილიყავი, თემურ ჩხეიძის დადგმა მარჯანიშვილის თეატრში მეც შემაძულებდა ყოველივე ქართულს.

და.....სხვათა შორის, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ე.წ. `პროვინციელ ფაშისტ` ზვიად გამსახურდიამდე დიდი ხანით ადრე მოხდა. მამამისს კი, მაგალითად, აფხაზებზე სიყვარულის მეტი არაფერი დაუწერია.

თვითონ რას ამბობდა მიტინგებზე, ლიტერატურული თემა არ არის.

დათო

P.S

`დავით აღმაშენებლიდან` ბევრი არაფერი მახსოვს. უფრო სწორად, საერთოდ არაფერი მახსოვს

აი ეს კი მახსოვს 16 წლიდან:

............ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვევოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.

შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი,ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.

დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.

ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.

უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისაგან დაკბენილი შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.

...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.